დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/02/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 09/12/1997 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000017 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდეგში მხარეებად წოდებულნი,
სურთ რა განავითარონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის დარგში, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. შეთანხმებები ტრანსპორტის დარგში
სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ხელმოწერის მიზნით, თითოეული მხარის კომპეტენტურ ორგანოებს დაევალათ უმოკლეს ვადებში აწარმოონ მოლაპარაკებები საჰაერო, საზღვაო და საერთაშორისო საავტომობილო სასაქონლო გადაზიდვების სფეროებში.
მუხლი 2. ურთიერთობები სატრანსპორტო საწარმოებს შორის
ხელი შეეწყობა საქართველოს და საფრანგეთის სატრანსპორტო საწარმოებს შორის თანამშრომლობის ურთიერთობებს.
მხარეები მოუწოდებენ საჰაერო კომპანიებს, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთობლივად შეიმუშაონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო მიმოსვლის, მომსახურების, ექსპლუატაციის პირობები.
მუხლი 3. ტექნიკური თანამშრომლობა
მხარეები ესწრაფვიან განავითარონ ტექნიკური თანამშრომლობა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის, მათ შორის სარკინიგზო გზებისა და საავტომობილო გზების სფეროში. სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში მხარეები ვალდებულებას იღებენ ერთობლივად შეისწავლონ კავკასიის გავლით სატრანსპორტო კორიდორის პერსპექტივები ევროკავშირის პროგრამა – TRACECA–სთან მიმართებაში; ისინი წაახალისებენ კონტაქტებს საწარმოებსა და მეწარმეთა შორის სარკინიგზო სფეროში თანამშრმლობისათვის. კერძოდ, ეს გაცვლები შეეხება ქსელების მართვის მოდერნიზაციას, ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციასა და მოვლას.
საზღვაო და საპორტო სფეროში მხარეები ყოველ ღონეს იხმარენ, რათა შექმნან საზღვაო გზით საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები, წაახალისებენ მათი საპორტო საწარმოებს შორის გაცვლებს, კერძოდ, ხმელთაშუაზღვისა და შავი ზღვის პორტებს შორის ტრანსპორტის მონაცემების ინფორმატიკული დამუშავების სფეროში;
სახმელეთო გზების სფეროში ორი მხარის შესაბამისი ადმინისტრაციები გააგრძელებენ კონტაქტებს არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში და განავითარებენ უკვე დაწყებულ თანამშრომლობას სახმელეთო გზის იმ მიმართულებების განვითარების საქმეში, რომლებიც ყველაზე უკეთ დააკავშირებენ რეგიონის ყველა ქვეყანას შავი ზღვის პორტებთან. ეს თანამშრომლობა მიმდინარეობს მსფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, საქართველოს სახმელეთო გზების რეაბილიტაციის დაწყებული პროგრამის პარალელურად.
მუხლი 4. თანამშრომლობის პირობები
ზემოთ აღნიშნული მიზნების განხორციელება შეიძლება წარიმართოს შემდეგი ფორმებით:
- ინფორმაციის გაცვლა;
- ექსპერტების მივლინება;
- სპეციალური ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ad hoc შექმნა;
- საქმიანობა კადრების მომზადების მიზნით;
- პილოტური პროექტების შემუშავება;
- კერძო და სახელმწიფო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- თანამშრომლობა ნებისმიერი სხვა ფორმით მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე;
ორმხრივი შეთანხმებით პერიოდულად განსაზღვრული თანამშრომლობის პროგრამები შეირჩევა მათი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების არსებულ შესაძლებლობათა გათვალისწინებით, თითოეული მხარის საბიუჯეტო შესაძლებლობების ფარგლებში. ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში კრედიტების გარდა, ხელმომწერი მხარეები ცდილობენ მათი ერთობლივი პროექტების მხარდასაჭერად მოახდინონ არსებული მრავალმხრივი ფინანსური საშუალებების მობილიზაცია (ევროკავშირის პროგრამა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი).
მუხლი 5. ძალაში შესვლა – დენონსაცია
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მისი დენონსაცია შეიძლება მოახდინოს ორივე მხარემ ნებისმიერ დროს.
ხელმოწერილია ქ. პარიზში, 1997 წლის 3 თებერვალს, ორ დედნად, ქართულ და ფრანგულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს მთავრობის სახელით საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი ბატონი ერვე დე შარეტი
საგარეო საქმეთა მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრი
დოკუმენტის კომენტარები