შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის დარგში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის დარგში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 09/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 03/02/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000014
  • Word
-
03/02/1997
გაურკვეველი, -, 09/12/1997
000000430.00.003.000014
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის დარგში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის

რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის დარგში

ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდეგში მხარეებად” წოდებულნი

- სურთ რა ხელი შეუწყონ მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს შორის:

- სურთ რა განავითარონ თანამშრომლობა თავდაცვის დარგში;

ქართული და ფრანგული კანონმდებლობების ფარგლებში, რომლებიც მოქმედებენ თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი I

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ყალიბდება თანამშრომლობა.

ეს თანამშრომლობა განხორციელდება შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული საერთო ინტერესის სფეროებში და ნათლად გამოკვეთილი საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

 

    მუხლი II

თანამშრომლობა შეიძლება შეეხოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში მყოფ სხვადასხვა სფეროთა ნებისმიერ ასპექტს, განსაკუთრებით კი შემდეგ სფეროებს:

2.1 – თავდაცვისა და უშიშროების კონცეფციები.

2.2 შეიარაღებული ძალების, მათი თადარიგის და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ორგანიზაციისა და აღჭურვილობის ტიპები.

2.3 – სამოქალაქო და სამხედრო კადრების ადმინისტრირება და მართვა.

2.4 – მაღალი და დაბალი რანგის ოფიცერთა და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის განათლება (მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება).

2.5 – კომუნიკაცია და ინფორმაცია ჯარებში.

2.6 – სამხედრო კანონმდებლობა და წესდებები.

2.7 – სამხედრო ისტორია.

2.8 – სპორტული საქმიანობა სამხედრო სპორტის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში.

    მუხლი III

3.1 – ეს თანამშრომლობა განხორციელებულ იქნება ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი ფორმით:

1. ოფიციალური დელეგაციების ვიზიტები სამინისტროებისა და ჯარების პასუხისმგებელ პირთა დონეზე.

2. სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტაჟიორების მიღება თითოეული მხარის პროცედურების გათვალისწინებით.

3. ვიზიტები გენერალურ შტაბებსა და ჯარების შენაერთებს შორის, სამხედრო სკოლების გასაცნობი მოგზაურობები, გავლითი ვიზიტები.

4. კონსულტაციები და გამოცდილების გაზიარება კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოქვიუმების, სემინარების ფორმით.

5. ინფორმაციის, დოკუმენტაციის გაცვლა.

6. სპორტული ღონისძიებები სამხედრო სპორტის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში.

3.2. ოფიციალური ვიზიტები, ასევე თანამშრომლობის სხვა ფორმები ხორციელდება ორივე მხარის მიერ მიჩნეული საჭიროების გათვალისწინებით.

    მუხლი IV

უმაღლესი ხელისუფლების დონეზე ურთიერთგაგებისა და ურთიერთნდობის განმტკიცების მიზნით, მხარეები რეგულარული ინტერვალებით განახორციელებენ ვიზიტებს სამინისტროს პასუხიმგებელი პირების, ჯარების ან ჯარის გენერალური შტაბების ან ტოლფასი სამსახურების მეთაურების დონეზე.

    მუხლი V

მხარეები ვალდებულებას იღებენ არ გაუმხილონ მესამე მხარეს ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნება წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისას და მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ იმ ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალურობა, რომელიც ერთი ან მეორე მხარის მიერ მიჩნეულია როგორც საიდუმლო ან დაცული.

    მუხლი VI

ამ თანამშრომლობის დაფინანსების პრინციპები შემდეგია:

6.1. გამგზავნი მხარე თავის თავზე იღებს ტრანსპორტის ხარჯებს ორივე მიმართულებით, გამგზავრების ადგილიდან დანიშნულების იმ ადგილამდე, რომელსაც მიუთითებს მიმღები მხარე.

6.2. მიმღები მხარე თავის თავზე იღებს:

- დელეგაციებისათვის და მოკლევადიანი სტაჟიორებისათვის, გარდა სამხედრო სკოლებისა, სამსახურებრივი ტრანსპორტის ხარჯებს მის ტერიტორიაზე შეთანხმებული დანიშნულების ადგილიდან, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს, თვით საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (შეკრებები, სტაჟირება) და კულტურული ღონისძიებების ხარჯებს, აგრეთვე სამსახურებრივი კავშირის ხარჯებს გამომგზავნი მხარის მიმართულებით;

- სამხედრო სკოლებსა თუ ინსტიტუტებში გრძელვადიანი სტაჟიორებისათვის, სტაჟირების და ცხოვრების ხარჯებს, მიმღები მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

6.3. სამხედრო ჯანდაცვის მომსახურების უფლებები და მისი ფინანსური ანაზღაურება ექვემდებარება საფრანგეთში და საქართველოში მომქმედ კანონებსა და წესებს.

    მუხლი VII

წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.

    მუხლი VIII

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. იგი იდება სამი წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ყოველწლიურად ავტომატურად გაგრძელდება ერთწლიანი პერიოდით.

მხარეებს აქვთ უფლება, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს წერილობითი ცვლილებანი შეიტანონ წინამდებარე შეთანხმებაში.

თითოეულ მხარეს აქვს წინამდებარე შეთანხმების დენონსაციის უფლება წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ეს დენონსაცია ძალაში შედის მეორე მხარისათვის შეტყობინებიდან 90 დღის შემდეგ.

 

ხელმოწერილია ქ. პარიზში, 1997 წლის 3 თებერვალს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ირაკლი მენაღარიშვილი

(ხელმოწერილია) 

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

ერვე დე შარეტი

(ხელმოწერილია)