ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციას შორის საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის სამართლებრივი სტატუსის შესახებ

  • Word
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციას შორის საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის სამართლებრივი სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 29/10/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000218
  • Word
-
30/01/1996
გაურკვეველი, -, 29/10/1998
000000000.00.000.000218
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციას შორის საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის სამართლებრივი სტატუსის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ხელშეკრულება

საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციას შორის

საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის სამართლებრივი სტატუსის შესახებ

საქართველოს მთავრობა (აქ და შემდგომში წოდებული „მთავრობად“) და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია (აქ და შემდგომში წოდებული „ფედერაციად“),

მიესალმებიან რა საქართველოში ფედერაციის მიერ მისი დელეგაციის (შემდგომში „მისია“) დაფუძნებას საქართველოში მისი ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის მიზნით,

მიიჩნევენ რა საჭიროდ დაიდოს ოფიციალური ხელშეკრულება, რათა განისაზღვროს ასეთი მისიის და მისი თანამშრომლების სტატუსი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი საქმიანობის ეფექტური წარმართვა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ფედერაცია როგორც იურიდიული პირი

1. საქართველო ცნობს ფედერაციას, როგორც საერთაშორისო იურიდიულ პირს, რომლის მანდატი ჩამოყალიბებულია საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის კონსტიტუციაში, რომლებიც მიღებულია წითელი ჯვრის XXV საერთაშორისო კონფერენციის მიერ (ჟენევა, 1986) და აღნიშნულია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის წესდებაში.

2. თავისი ფუნქციებისა და მიზნების განხორციელებისათვის მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სარგებლობს იურიდიული პირის კონტრაქტის დადების, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენისა და განკარგვის და სამართალწარმოების დაწყების სრული უფლებამოსილებით.

3. ფედერაცია საქართველოში ისარგებლებს საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მსგავსი იმუნიტეტებით, პრივილეგიებით, შეღავათებითა და გამონაკლისებით, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით.

4. ფედერაცია და მისია საქართველოში მოქმედებენ ამ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2. ფედერაციის საქმიანობის სფერო და მოქმედების თავისუფლება

1. მისია თავისი ჰუმანიტარული მისიის წარმართვის მიზნით ახორციელებს თავის საქმიანობას მისი წესდებისა და საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და თავისი საქმიანობის განხორციელებისას სარგებლობს მოქმედების თავისუფლებით. ამასთან, მისია თანამშრომლობს და მხარს უჭერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას.

2. მისია იქნება განლაგებული ქ.თბილისში, საქართველოს მთავრობის თანხმობით, ფედერაციას შეუძლია შექმნას ქვემისიები სხვადასხვა ნაწილებში.

    მუხლი 3. ხელშეწყობა

1. მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ფედერაციისა და განსაკუთრებით მისი მისიის ჰუმანიტარულ საქმიანობას. იგი ხელს შეუწყობს მისიის ტრანსნაციონალურ ღონისძიებებს, კონტაქტებსა და კავშირებს. მისიის მიმართ მთავრობა, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად გამოიყენებს წითელი ჯვრის 23–ე საერთაშორისო კონფერენციის VI რეზოლუციას (ბუქარესტი, 1977) „საერთაშორისო დახმარების აღმოჩენის ზომების შესახებ“, რომელიც დადასტურებული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის A/RES/32/56/(1977) რეზოლუციით.

2. მისია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ისარგებლოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემით.

    მუხლი 4. შენობა–ნაგებობების, ქონებისა და არქივების ხელშეუხებლობა

1. მისია, მისი ქონება და აქტივები ადგილმდებარეობისა და განმკარგავის მიუხედავად, სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი სამართალწარმოებისაგან, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევისა, როცა იგი ამბობს უარს თავის იმუნიტეტზე. მისიის ქონება და აქტივები, მათ შორის გადაადგილების საშუალებები, სარგებლობენ იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციისა და ზემოქმედების სხვა ფორმებისაგან, რომლებიც ხორციელდება აღმასრულებელი ადმინისტაციული, სასამართლო თუ საკანონმდებლო მოქმედების გზით.

2. მისიის შენობა-ნაგებობები, არქივები და საერთოდ მისი კუთვნილი ყველა დოკუმენტი ხელშეუხებელია ადგილმდებარეობის მიუხედავად.

 მთავრობა ღებულობს ყველა შესაძლო ზომას დელეგაციის შენობების დასაცავად, რათა არ იქნას დაშვებული დელეგაციის შენობა-ნაგებობების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.

    მუხლი 5. საფინანსო ოპერაციების განხორციელების თავისუფლება

არ არის რა შეზღუდული, ფინანსური კონტროლით, რომელიც არეგულირებს ვალუტის გადაცვლას, მასთან დაკავშირებულ საკითხებს ან მორატორიუმებს, მისიას:

1. შეუძლია ფლობდეს ნებისმიერ ფონდებს ან ნებისმიერი სახის ვალუტას და განაგებდეს ანგარიშებს ნებისმიერ ვალუტაში.

2. უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე და ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაგზავნოს თავისი ფონდები და ვალუტა და მის მფლობელობაში არსებულ ვალუტას კონვერტირება გაუკეთოს ნებისმიერ სხვა ვალუტაში.

    მუხლი 6. გადასახადებისაგან გათავისუფლება

მისია, მისი აქტივები, შენობა-ნაგებობანი, შემოსავალი და სხვა ქონება:

1. გათავისუფლებულია ყველა პირდაპირი გადასახადისაგან, გარდა საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახადისა.

2. თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან, ექსპორტ-იმპორტზე აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან იმ პუბლიკაციებსა და საგნებზე, რომლებიც მისიის ოფიციალური სარგებლობისთვისაა განკუთვნილი დახმარების ოპერაციებისა და მათი განვითარების განხორციელებისათვის.

3. როდესაც მისია ოფიციალური სარგებლობისათვის იძენს აუცილებელ ქონებას ან დახმარების საშუალებებს, რომელთაც უკვე დაეკისრათ გადასახადები ან შეიძლება ასეთი დაეკისროს, მთავრობა ღებულობს სათანადო ადმინისტრაციულ ზომებს, რათა შეამციროს ან საერთოდ გაათავისუფლოს უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე დაწესებული აქციზების ან გადასახადების ოდენობა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გადასახდელი ღირებულების ნაწილს (როგორიცაა დამატებითი ღირებულების გადასახადი).

    მუხლი 7. კავშირგაბმულობის თავისუფლება

1. მისია თავისი ოფიციალური მიზნებისათვის კავშირგაბმულობის ქსელით სარგებლობისას, მთავრობასთან შეთანხმებით, სარგებლობს არანაკლები ხელშეწყობის პირობებით, ვიდრე სხვა დიპლომატიური მისიები, ისეთი, როგორიცაა საფოსტო, სატელეგრაფო, სატელექსო, ფაქსით და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული პრიორიტეტები, ტარიფები და გადასახადები, ასევე პრესისათვის მიწოდებული ინფორმაციისათვის დადგენილი ტარიფები.

2. მისიის ოფიციალური მიმოწერა ან სხვა ოფიციალური საკომუნიკაციო კავშირები ცენზურას არ ექვემდებარება.

3. მისია თავისუფლად სარგებლობს ეროვნული და საერთაშორისო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

4. მისია უფლებამოსილია გაგზავნოს და მიიღოს კორესპოდენცია საკუთარი კურიერის ან დალუქული საფოსტო ჩანთების საშუალებით, რომელთა მიმართაც ვრცელდება ისეთივე იმუნიტეტი და პრივილეგიები, როგორც დიპლომატიურ კურიერებსა და ჩანთებზე. მათზე მკაფიოდ არის გამოსახული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემა ფედერაციის სახელწოდებით.

    მუხლი 8. მისიის წევრები

1. მისიის წევრები არიან:

- ფედერაციის გენერალური მდივნის მიერ დანიშნული დელე­გატები;

- ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, რომელიც ადგილობ­რივი მოსახლეობიდან არის დანიშნული ფედერაციის გენერალური მდივნის ან მისიის მიერ.

2. ფედერაციის გენერალური მდივანი აცნობებს საქართველოს რესპუბლიკას საგარეო საქმეთა სამინისტროს მისიის ხელმძღვანელის სახელს მის მიერ მისიაში თანამდებობის დაკავებისთანავე. მისიის ხელმძღვანელი კი თავის მხრივ ატყობინებს ხელისუფლებას იმავე ორგანოს მისიის სხვა წარმომადგენლების სახელებს, როგორც კი შეუდგებიან ისინი თავიანთი ფუნქციების შესრულებას.

    მუხლი 9. მისიის წევრების სტატუსი

1.

a. სარგებლობენ პირადი ხელშეუხებლობით;

b. სარგებლობენ სასამართლო იმუნიტეტით ყოველივე თქმულის, დაწერილის ან ჩადენილი ქმედების მიმართ.

c. თავისუფლდებიან ფედერაციის მიერ გაცემულ ხელფასებსა და გასამრჯელოზე გადასახადების დაწესებისაგან;

d. მეუღლეებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სარგებლობენ იმუნიტეტით საემიგრაციო შეზღუდვებისა და უცხოელთა რეგისტრაციისაგან;

e. ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებით სარგებლობენ ისეთივე პრივილეგიებით, რა პრივილეგიებითაც სარგებლობენ დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგისა და თანამდებობის პირები;

f. ეროვნული და საერთაშორისო კრიზისის დროს მეუღლეებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სარგებლობენ რეპატრიაციის ისეთივე საშუალებებით, რაც გააჩნიათ დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგისა და თანამდებობის პირებს;

g. თავიანთი თანამდებობის დაკავებისას სარგებლობენ უფლებით ქვეყანაში პირველ ჯერზე გადასახადების გარეშე შემოიტანონ საკუთარი ქონება და ავეჯი;

h. საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით;

i. თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ”a”, “f”, “d”, და “g” ქვეპუნქტები არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებზე.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის “i” ქვეპუნქტი ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სახელებიც შეტანილია მისიის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილ სიაში და რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. მთავრობა ხელს უწყობს ასეთი ოფიციალური პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დროებით გადავადებას, რაც აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობის უწყვეტი განხორციელებისათვის.

4. რადგანაც აღნიშნული პრივილეგიები და იმუნიტეტები მინიჭებულია არა პირადი სარგებლობისათვის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ფედერაციის გენერალური მდივანი, ან მისი არ ყოფნის დროს მისი სახელით მოქმედი ნებისმიერი თანამდებობის პირი, უფლებამოსილი და ვალდებულია მისიის ნებისმიერ წევრს მოუხსნას იმუნიტეტი იმ შემთხვევაში, როცა მისი აზრით, იმუნიტეტის არსებობა ეწინააღმდეგება სამართლიანობის დადგენას და მისი მოხსნა შეიძლება ფედერაციისა და მისი მისიის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

5. მთავრობა იღებს ყველა სათანადო ზომას, რათა უზრუნველყოს მისიის ყველა წევრის მიმართ, რომელიც ფლობს ფედერაციის გენერალური მდივნის მიერ სათანადო წესით ხელმოწერილ ფედერაციის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და რომელთა სახელებიც გადაეცემა სათანადო ორგანოს 8.2 მუხლის შესაბამისად, გავრცელდეს ამ მუხლის 1-ნაწილით დადგენილი წესები. კერძოდ, მთავრობა მისიის წევრებს უზრუნველყოფს მგზავრობისათვის საჭირო დოკუმენტებით ან სხვა სახის მოწმობებით და საჭიროებისდა მიხედვით აძლევს სათანადო ვიზებს მაქსიმალურად მცირე ვადაში, ისევე როგორც სწრაფი გადაადგილების საშუალებებს.

    მუხლი 10. ფედერაციის ოფიციალური პირებისა და ოფისის წარმომადგენლების სტატუსი

1. მიუხედავად ეროვნებისა, ფედერაციის თანამდებობის პირები, რომლებიც მისიის წევრები არ არიან და ფედერაციის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვთ, რასაც თან ერთვის საბუთი, რომ ისინი მოგზაურობენ ფედერაციის საქმეზე, საქართველოში თავიანთი მისიის განმავლობაში და თავიანთი ფუნქციების განხორციელების მანძილზე სარგებლობენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, როგორც 9.1 პუნქტითაა გათვალისწინებული მისიის წევრებისათვის.

2. 9.4 პუნქტის დებულებანი თანაბრად შეეხება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენებ პირებსაც.

3. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი იმუნიტეტისა და პრივილეგიების გარდა ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ან ოფისის ნებისმიერი წარმომადგენელი, ან ოფიციალური პირი, რომელიც მათი სახელით მოქმედებს მათი არყოფნის დროს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ იმ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, შეღავათებითა და გადასახადებისაგან გათავისუფლებით, რასაც საერთაშორისო სამართალი ადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურთან მიმართებაში.

4. მთავრობა იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს ამ მუხლის 1-ლ და მე-3 პუნქტებში ნახსენებ პირებზე იმავე პუნქტებით განსაზღვრული წესების გავრცელება. კერძოდ, მთავრობა უზრუნველყოფს მათ საჭირო ვიზებით, სამგზავრო საბუთებით და სხვა აუცილებელი მოწმობებით. მათ უნდა მიეცეთ შეღავათები სწრაფი გადაადგილებისათვის.

    მუხლი 11. ოფისი, საცხოვრებელი სახლი და გადაადგილების საშუალებანი

1. მთავრობა ხელს უწყობს მისიის ოფისისათვის სათანადო შენობა-ნაგებობებისა და მისიის წევრებისათვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები, შესაბამისი საცხოვრებელი სახლების დაქირავებას.

2. მთავრობა დელეგაციის გადაადგილების საშუალებებს რეგისტრაციაში გაატარებს, როგორც დიპლომატიური მისიის გადაადგილების საშუალებებს.

    მუხლი 12. ღონისძიებანი ხელშეკრულების დებულებათა ცხოვრებაში გასატარებლად

მთავრობა დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს ამ შეთანხმების დებულებების ცხოვრებაში გატარება. ამასთან ერთად, მთავრობა ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს აძლევს სათანადო ინსტრუქციებს.

    მუხლი 13. განმარტება, დავის გადაწყვეტა

1. ნებისმიერი საკითხი, რაც მოცემული არ არის ამ ხელშეკრულებაში, უნდა გადაიჭრას 1947 წელს გაეროს მიერ მიღებული სპეციალიზებული დაწესებულებების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის ან საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.

2. ამ შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსაბამობის გადაჭრა, თუ იგი არ მოხერხდა მოლაპარაკების გზით, ერთ-ერთი მხარის თხოვნით გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შედგება სამი არბიტრისაგან, რომელთაგან ერთს ნიშნავს ფედერაცია, მეორეს-საქართველოს მთავრობა, ხოლო მესამეს-ორივე მხარე შეთანხმებით. ამ გზით შექმნილი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

    მუხლი 14. ხელშეკრულების ძალაში შესვლა, დამატებანი, მოქმედების შეწყვეტა

1. ხელშეკრულება ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან.

2. ამ ხელშეკრულების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის წერილობითი შეტყობინებით, ასეთი შეტყობინება უნდა გაკეთდეს 6 თვით ადრე. ამ ვადის გასვლისთანავე ხელშეკრულება ძალას კარგავს.

3. ამ ხელშეკრულების შეცვლა ან მასში დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობასა და ფედერაციას შორის სათანადო წერილების გაცვლის გზით.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერნმა ხელი მოაწერეს და ბეჭდით დაადასტურეს ეს ხელშეკრულება.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 30 იანვარს, ორ პირად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი ავთენტურია.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ფედერაციის სახელით

(ხელმოწერილია)