შეთანხმება შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ

  • Word
შეთანხმება შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/09/2002
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2002
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.109.000427
  • Word
-
02/04/2001
გაურკვეველი, -, 18/09/2002
480140000.02.109.000427
შეთანხმება შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შეთანხმება

შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ

ბულგარეთის რესპუბლიკა, საქართველო, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთის რესპუბლიკა, უკრაინა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ადასტურებენ რა თავიანთ ერთგულებას გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპებისადმი,

თვლიან რა, რომ თანამშრომლობა და დიალოგი შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სამომავლოდ უნდა განვითარდეს,

ისწრაფვიან რა, წვლილი შეიტანონ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში და ხელი შეუწყონ კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას,

სურთ რა, განავითარონ თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი I. დაარსება

მხარეები აარსებენ შავი ზღვის სამხედრო - საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფს ( BLACKSEAFOR).

მუხლი II. პრინციპები

1. მხარეები თანხმდებიან, რომ BLACKSEAFOR-ის ღონისძიებები შეესაბამება გაეროს ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს.

2. BLACKSEAFOR-ის საქმიანობა არ არის მიმართული რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიზნად არ ისახავს შექმნას სამხედრო ალიანსი ნებისმიერი სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის წინააღმდეგ.

3. BLACKSEAFOR-ის ღონისძიებები მიმართულია ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაძლიერებისაკენ.

4. BLACKSEAFOR არის რეგიონალური, დამოუკიდებელი და იმავე დროს ტრანსპარენტული წარმონაქმნი.

5. ამ ხელშეკრულების დებულებები არ ეხება მხარეთა მიერ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

6. BLACKSEAFOR-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მხარეთა კონსენსუსის საფუძველზე.

7. BLACKSEAFOR-ი, როგორც წესი, ამოქმედდება გამოძახებით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

8. მხარეები პატივს სცემენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და BLACKSEAFOR-ის ღონისძიებების ჩატარებისას ყველა ზომას მიიღებენ გარემოს დაცვისათვის.

მუხლი III. განსაზღვრებანი

 მოცემულ შეთანხმებაში გამოყენებულია შესაბამისი ტერმინოლოგია, განსაზღვრებები და აბრევიატურები. აღნიშნული ტერმინოლოგია, განსაზღვრებები და აბრევიატურები წარმოდგენილია შეთანხმების დანართ -ში.

მუხლი IV. მიზნები და ამოცანები

1.BLACKSEAFOR-ის დაარსების მიზანია, ხელი შეუწყოს შავი ზღვის ქვეყნებს შორის მეგობრობის, კეთილი ურთიერთობებისა და მხარეთა შორის ნდობის შემდგომ გაძლიერებას, ამასთანავე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებ ს, საზღვაო ძალების თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის გაღრმავების მიზნით.

2.BLACKSEAFOR-ის ამოცანებია:

(ა) სამძებრო და სამაშველო ოპერაციები;

(ბ) ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციები;

(გ) განაღმვის ოპერაციები;

(დ) გარემოს დაცვის ოპერაციები;

(ე) კეთილი ნების ვიზიტები;

(ვ) მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი სხვა ღონისძიებები;

3.BLACKSEAFOR-ი უზრუნველყოფს წვრთნების ჩატარებას ზემოაღნიშნული ამოცანების ეფექტურად წარმართვ სა და მხარეთა ურთიერთთავსებადობის გაღრმავების მიზნით.

მუხლი V. შემადგენლობა

1.BLACKSEAFOR შედგება მხოლოდ საზღვაო ელემენტებისაგან, საჰაერო და საჯარისო შენაერთების გარეშე. საჭიროებისამებრ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა სახეობები.

2.ჯგუფის დაქვემდებარებაში მყოფი შენაერთები განლაგებულნი არიან მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე და შეიკრიბებიან მხარეებს შორის შეთანხმებული პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების დროს, ერთიანი შენაერთის ჩამოყალიბების მიზნით.

3.BLACKSEAFOR შედგება მონაწილე მხარეების კუთვნილი მინიმუმ 4-6 ხომალდისაგან, მათ შორის, ერთი სამეთაურო და მართვის ხომალდისაგან.

4.ჯგუფის ხომალდების ძირითადი კატეგორიებია:

ა. ფრეგატი/გამანადგურებელი;

ბ. კორვეტი/საპატრულო კატარღა;

გ. გამნაღველი;

დ. სადესანტო ხომალდები;

ე. დამხმარე ხომალდები.

5.აღნიშნული შეთანხმების მიზნებისათვის შექმნილია BLACKSEAFOR-ის დროშა და ლოგო. მათი აღწერილობა და გამოსახულება მოცემულია შეთანხმების დანართ -ში.

მუხლი VI. პოლიტიკური და სამხედრო კონსულტაციები და გადაწყვეტილებების მიღება

1. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება საგარეო საქმეთა/თავდაცვის მინისტრების, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების შეხვედრებზე.

2. საგარეო საქმეთა/თავდაცვის მინისტრების, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების შეხვედრებზე განიხილება BLACKSEAFOR – ის საქმიანობის პოლიტიკურ საკითხები, ასევე შავი ზღვის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობის (BSNC-ის) კომიტეტის საქმიანობა. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრებზე კონსენსუსის პრინციპით განიხილება სხვა ქვეყნების ჯგუფთან მიერთების სურვილი და შესაძლებლობა. საჭიროების შემთხვევაში მინისტრებს ასევე შეუძლიათ ჩამოაყალიბონ საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალი დონის ექსპერტებისაგან შემდგარი დროებითი მუშა ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ სპეციფიკურ საკითხებზე.

3. პოლიტიკური კონსულტაციები ტარდება მხარეების მთავრობათა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. მაღალი დონის სამხედრო კონსულტაციები ტარდება გენერალური შტაბების უფროსების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.

4. მინისტრების, გენერალური შტაბების უფროსების, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების შეხვედრები ტარდება ყოველწლიურად და/ან რომელიმე მხარის მოწვევის საფუძველზე.

5. BSNC-ი წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს BLACKSEAFOR – ის საქმიანობის კონტროლს, ძალების განლაგებასა და სხვა ღონისძიებებს. BSNC-ის უფლება-მოვალეობები მოცემულია შეთანხმების დანართ „ა“-ში.

მუხლი VII. განლაგება და საქმიანობა

1. BLACKSEAFOR -ის საქმიანობა ძირითადად ვრცელდება შავ ზღვაზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გავრცელებულ იქნეს შავი ზღვის ფარგლებს გარეთ, მხარეთა კონსენსუსის საფუძველზე.

2. წლიურ ღონისძიებათა პროგრამა მტკიცდება საგარეო საქმეთა/თავდაცვის მინისტრების, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების შეხვედრებზე.შეხვედრის არჩატარების შემთხვევაში იგი დამტკიცდება უსიტყვო თანხმობის პრინციპით.

3. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს პროგრამით გაუთვალისწინებელი ღონისძიების ჩატარება. აღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა კონსენსუსის პრინციპით. ძალების განლაგების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარეები ვალდებულები არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ (შეძლებისდაგვარად) BLACKSEAFOR – ის სარდლის, ან BLACKSEAFOR – ის ოპერაციების ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებულ ვადაში. ამგვარ სპეციფიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება თითოეული მხარის პრეროგატივაა.

4. BLACKSEAFOR – ის საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს გაეროს ან ეუთოს მანდატით გამართულ ოპერაციებში. მას ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვა სახის საერთაშორისო ღონისძიებებში, BLACKSEAFOR – ის ამოცანებისა და მიზნების გათვალისწინებით. ამგვარ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს თითოეული მხარე თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მხარეები, რომლებიც გადაწყვეტენ BLACKSEAFOR – ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ გაეროს ან ეუთოს მანდატით გამართულ ღონისძიებებში, ვალდებულნი არიან შეასრულონ გაეროს ან ეუთოს წესდებით გათვალისწინებული ყველა ოფიციალური პროცედურა.

6. ღონისძიებების მსვლელობის პერიოდში თითოეულ მხარეს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს თავისი შენაერთის და/ან პერსონალის მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში იგი წინასწარ აცნობებს ამის შესახებ ყველა დანარჩენ მხარეს.

მუხლი VIII. ხელმძღვანელობა და კონტროლი

1. BLACKSEAFOR -ის შემადგენლობაში მყოფი ხომალდები რჩებიან თავიანთი ქვეყნების სრულ დაქვემდებარებაში. ამასთან, მხარეებს აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი ხომალდები BLACKSEAFOR -ის შემადგენლობიდან, საკუთარი ეროვნული მიზნების განსახორციელებლად, ყველა მხარის ინფორმირების შემდეგ.

2. BLACKSEAFOR -ის ოპერატიულ კონტროლს ახორციელებს შავი ზღვის საზღვაო ძალების სარდალთა კომიტეტი (BSNC), რომელიც პასუხისმგებელია BLACKSEAFOR -ის ღონისძიებების დაგეგმვაზე.

3. BSNC-ი გადასცემს ოპერატიული მართვის უფლებას უფროს ოფიცერს, რომელსაც ეწოდება OPBLACKSEAFOR -ი და წარდგენილია იმ ქვეყნის მიერ, რომელსაც წარმოადგენს BLACKSEAFOR -ის მეთაური.

4. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის მსვლელობის პერიოდში BLACKSEAFOR -ის მეთაური გარკვეული მიზეზის გამო გამოიწვია საკუთარმა ქვეყანამ, მათ შორის, გაეროს ან ეუთოს მანდატით მიმდინარე ოპერაციიდან, BLACKSEAFOR – ის ოპერატიული მართვის ხელმძღვანელის ფუნქციას როტაციის პრინციპის საფუძველზე შეასრულებს შემდეგი მხარის წარმომადგენელი.

5. BLACKSEAFOR – ის ტაქტიკური ხელმძღვანელობა ხორციელდება BLACKSEAFOR – ის მეთაურის მიერ.

6. BLACKSEAFOR – ის სამეთაურო სტრუქტურა და წლიური სამუშაო პროგრამა მოცემულია შეთანხმების დანართ „დ“-ში.

მუხლი IX. BLACKSEAFOR – ის მეთაური და შტაბი

1.BLACKSEAFOR – ის მეთაური წარმოადგენს შესაბამისი მხარის კონტრ-ადმირალის ან კაპიტნის წოდების მქონე საზღვაო ოფიცერს, რომელიც ინიშნება BSNC-ის მიერ, მეთაურის განხორციელებისა და ოპერაციების დაგეგმარებისათვის. BLACKSEAFOR – ის მეთაური ინიშნება 1 წლის ვადით. აღნიშნული თანამდებობა გადაეცემა როტაციის პრინციპით შემდეგ მხარეს ანბანის მიხედვით. BLACKSEAFOR – ის მეთაური ანგარიშვალდებულია OPBLACKSEAFOR – ის წინაშე.

2.BLACKSEAFOR – ის მეთაური განაგებს საერთაშორისო შტაბს (მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლობით დაკომპლექტებული აპარატი). BLACKSEAFOR – ის მეთაურის თანაშემწე საზღვაო ოფიცერია და წარმოადგენს BLACKSEAFOR – ის შტაბის უფროსს (COS). შტაბის უფროსი ინიშნება იმ მხარის მიერ, რომელიც მომავალი BLACKSEAFOR – ის მეთაურის ქვეყანას წარმოადგენს, თუ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღეს მხარეებმა. COS-ი ინიშნება ერთი წლის ვადით. შტატის პერსონალი დაკომპლექტებულია თითო ოფიცრით ცალკეული მხარისაგან.

მუხლი X. ენა და დოკუმენტები

1.BLACKSEAFOR – ის სამუშაო ენა არის ინგლისური

2.BLACKSEAFOR – ის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს დაგეგმარების ჯგუფი და ამტკიცებს BSNC-ი.

3.დაგეგმარების ჯგუფის მიერ მომზადებულ ღონისძიებებს, წვრთნებს და ოპერაციებს, რომლებსაც ამტკიცებს BSN-ი, მოცემულია შეთანხმების დანართ „ბ” –ში.

მუხლი XI. ინფორმაციის დაცვა

1.კონფიდენციალური ინფორმაცია გადაიცემა მხოლოდ დიპლომატიური არხებით ან მხარეთა მიერ დამტკიცებული უფლებამოსილი პირების მეშვეობით. ამგვარ ინფორმაციას ენიჭება საიდუმლო ინფორმაციის ხარისხი.

2.ყველა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ან გაიცვლება ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, იქნება შენახული, გადაცემული, დამუშავებული და დაცული მიმღები მხარის ეროვნული უშიშროების წესების, კანონების და აგრეთვე გადმომცემი მხარის გასაიდუმლოების ხარისხის შესაბამისად.

3.მხარეები არ გადასცემენ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღებულ ან გამოყენებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას რომელიმე მესამე მხარეს, ყველა მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.

4.რომელიმე მხარის უფლებამოსილების შეწყვეტის ან მოცემული ხელშეკრულების დასრულების შემთხვევაში ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღებული ან გამოყენებული კონფიდენციალური ინფორმაცია დაცული იქნება, გადმომცემი მხარის მიერ მითითებული ვადით.

მუხლი XII. ზურგის სამსახური

BLACKSEAFOR – ის მხარეების ზურგის უზრუნველყოფა მონაწილე მხარეების ვალდებულებაა. ყოველი მხარე პასუხისმგებელია თავისი მხარის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე სრული ურთიერთთავსებადობის მისაღწევად.

მუხლი XIII. სამართლებრივი საკითხები

1. BLACKSEAFOR – ის ძალების სტატუსი განსაზღვრულია შეთანხმების დანართ “გ” –ში.

2. BLACKSEAFOR – ის შავი ზღვის ფარგლებს გარეთ ამოქმედების შემთხვევაში ჯგუფის ძალების სტატუსი განისაზღვრება სპეციალური შეთანხმებით.

მუხლი XIV. ფინანსური საკითხები

1. BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გარდა ამ მუხლის 3-6 თავებში აღნიშნული შემთხვევებისა, გაიღებენ მონაწილე მხარეები.

2. საწვავის, წყლის, ნავთობის, საკვების და სატელეფონო ხარჯები დაფარული იქნება მხარეთა მიერ მხარეებს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

3. მეკავშირე ოფიცრების განთავსებისა და კვების ხარჯებს გაიღებს BLACKSEAFOR – ის ოპერაციების ხელმძღვანელი (OPBLACKSEAFOR) მხარე, როგორც წესი, OPBBLACKSEAFOR – ის შტაბში ყველა მონაწილე ქვეყნიდან წარმოდგენილია ერთი ოფიცერი.

4. სამეთაურო ხომალდზე COMBLACKSEAFOR – ის შტაბის განთავსება და კვება უფასოა.

5. COMBLACKSEAFOR – ის ყველა სახის სოციალური ღონისძიებებისა და საოფისე აღჭურვილობისათვის საჭირო თანხებს უზრუნველყოფს COMBLACKSEAFOR – ის მხარე.

6. პორტებში ვიზიტების დროს მასპინძელი მხარე დაფარავს შემდეგ ხარჯებს:

ა. ნაპირთან მიდგომა, ტივტივების განლაგება ან ნაპირზე გადასვლა;

ბ. პილოტირება, ბაგირებითა და შესაბამისი აღჭურვილობით მომსახურება;

გ. სანიტარიული მომსახურება;

დ. ნავმისადგომის გამოყენება და ამწეკრანებით მომსახურება.

7. BLACKSEAFOR – ის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულ იქნება დაგეგმარების ჯგუფის მიერ.

მუხლი XV. სადავო საკითხების გადაწყვეტა

1. ამ შეთანხმების განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები გადაწყვეტილი იქნება მხარეებს შორის კონსულტაციების საშუალებით, სხვა კანონმდებლობით გამოყენების გარეშე.

2. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარეს მიაჩნია, რომ სხვა მხარე არ ასრულებს, ან არ შეუძლია შეასრულოს ამ შეთანხმებაში მოცემული პირობები, აქვს უფლება საკითხი განსახილველად წამოწიოს BSNC-ის შეხვედრაზე, ან BSNC-თან შეთანხმებით მიმართოს აღნიშნული შეთანხმების მე –6 მუხლში მოცემულ უფლებამოსილ პირებს. მხარეებს შორის კონსულტაციები დაიწყება ოფიციალური წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.

მუხლი XVI. რატიფიკაცია, დეპოზიტარი, ძალაში შესვლა და დროებითი გამოყენება

1. შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას ხელმომწერი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.

2. შეთანხმება ძალაში შევა 30 დღის შემდეგ იმ მხარეებისათვის, რომლებმაც გაიარეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. ამისათვის საკმარისია მას ხელი მოაწერონ ოთხმა მონაწილე ქვეყანამ.

3. დანარჩენი ხელმომწერი მხარეებისათვის იგი ძალაში შევა მათი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების შესრულებიდან 30 დღის შემდეგ.

4. აღნიშნული შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 თავის „ა“-ე პუნქტებში მოცემული ღონისძიებების განხორციელებისათვის, მისი დებულებები წინასწარ იქნება გამოყენებული. აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება ამ მუხლის პირველი თავისა და მონაწილე ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად.

5. რატიფიკაციის სიგელები გადაეცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც შემდგომში მოხსენებულია როგორც დეპოზიტარი.

6. დეპოზიტარი შეატყობინებს ხელმომწერ მხარეებს რატიფიკაციის სიგელების მიღებისა და შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ.

7. დეპოზიტარი აცნობებს გაერო-ს გენერალურ მდივანს ამ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ და სთხოვს რომ იგი იქნეს რეგისტრირებული გაეროს ქარტიის 102-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი XVII. შესწორებები

1. მხარეებს აქვთ უფლება ნებისმიერ დროს შეიტანონ შესწორებები შეთანხმების ტექსტსა და მას დამატებებში, დეპოზიტარის შეტყობინების შემდეგ, რომელიც თავის მხრივ გადასცემს განსახილველად დანარჩენ მონაწილე ქვეყნებს.

2. შეთანხმებაში შეტანილი ნებისმიერი შესწორება უნდა მიღებულ იქნეს ყველა მხარის მიერ დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე 90 დღის განმავლობაში შემოთავაზებული შესწორების მიღების შემდეგ, ან შეთანხმების მე-6 მუხლის პირველ თავში მოცემულ შეხვედრებზე.

3. ამ მუხლის მე-2 თავის შესაბამისად მიღებული შესწორება წარმოადგენს რატიფიკაციის საგანს და ძალაში შევა დეპოზიტარისადმი სარატიფიკაციო სიგელების ჩაბარებიდან 30 დღის შემდეგ.

მუხლი XVIII. ხანგრძლივობა, გახანგრძლივება და ხელშეკრულების შეწყვეტა

1. შეთანხმება ძალაშია ათი წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ მონაწილე მხარეების მინიმალური რაოდენობა არის შავი ზღვის აუზის ოთხი ქვეყანა. შეთანხმება ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ ათი წლის ვადით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.

2. მხარეებს ნებისმიერ დროს უფლება აქვთ გამოვიდნენ შეთანხმებიდან.

3. გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი ფორმით უნდა გადაეცეს დეპოზიტარს მინიმუმ ექვსი თვით ადრე, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სხვა მხარეებს ამის შესახებ.

4. შეთანხმებიდან გამოსვლა დაიწყება იმ დღიდან, როცა შემწყვეტი მხარე აცნობებს დეპოზიტარს ამის შესახებ. შეთანხმება ძალას კარგავს იმ მხარისათვის რომელმაც იგი დატოვა, მაგრამ იგი ძალაში რჩება დანარჩენი მონაწილე მხარეებისათვის ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად.

5. თუ შეთანხმებიდან გამოსვლის პერიოდში ჯერ კიდევ არსებობს გადაუწყვეტელი ფინანსური საკითხი ან პრეტენზია, რომელიც შეეხება შეთანხმებიდან გამსვლელ ქვეყანას, ძალაში დარჩება ამ შეთანხმების გარკვეული დებულებანი, სანამ ყველა საკითხი და პრეტენზია საბოლოოდ არ გადაწყდება.

6. ამ შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში ძალაში დარჩება დამატება „გ“-ს დებულებანი სანამ ყველა საკითხი და პრეტენზია საბოლოოდ არ გადაწყდება.

მუხლი XIX. მესამე სახელმწიფოების მონაწილეობა BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებში

1. ეს შეთანხმება ღიაა სხვა სახელმწიფოების მიერთებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ თავიანთი წვლილის შეტანა BLACKSEAFOR – ი ამოცანების განხორციელებაში.

2. სხვა ქვეყნების მიერ BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა შესაბამისი უფლებამოსილების პირების გადაწყვეტილების შესაბამისად.

3. მესამე მხარის მიერ მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შეთანხმების მე-2 მუხლის მე-6 თავის შესაბამისად.

4. BSNC- ი კონსენსუსის საფუძველზე განიხილავს სხვა ქვეყნის BLACKSEAFOR-თან თანამშრომლობის საკითხს, აგრეთვე შესაძლებელია ნებისმიერი მესამე ქვეყნის მოწვევა BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

5. სხვა ქვეყნების მონაწილეობის საკითხები განხილული და შეთანხმებული იქნება შეთანხმების მონაწილე მხარეებსა და ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებს შორის.

მუხლი XX. დანართები

შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ შემდეგი დანართები:

დანართი ა: BSNC – ის უფლება-მოვალეობანი;

დანართი ბ: დაგეგმარების ჯგუფის უფლება-მოვალეობანი;

დანართი გ: CS R –ის ძალთა სტატუსი;

დანართი დ: ხელმძღვანელობის სტრუქტურის სქემა და წლიური სამუშაო პროგრამა;

დანართი ე: BLACKSEAFOR – ის დროშისა და ლოგოს აღწერილობა და გამოსახულება;

დანართი ვ: განსაზღვრებანი და აბრევიატურები.

მუხლი XXI.ტექსტი

წინამდებარე ხელშეკრულება შესრულებულია ბულგარულ, ქართულ, რუმინულ, რუსულ, თურქულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე, რომელთაგან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია, ხელმოწერილია ქ. სტამბოლში, 2001 წლის 2 აპრილს და შენახული იქნება დეპოზიტარის არქივში. შესაბამისად, დამოწმებული ასლები დეპოზიტარის მიერ გადაეგზავნება ყველა მხარეს. გაურკვევლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

დანართი – ა

შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალთა კომიტეტის უფლება-მოვალეობანი

მუხლი I. შესავალი

1. BSNC-ი შედგება შეთანხმების მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლებისაგან, მათი შტაბის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ შეხვედრებში.

2. BSNC-ი სამდივნო უზრუნველყოფს BSNC-ი შეხვედრებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტას.

მუხლი II. მიზნები

BSNC-ი უზრუნველყოს COMBLACKSEAFOR – სა და დაგეგმარების ჯგუფს BLACKSEAFOR – ის ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო გეგმებითა და მასალებით, აგრეთვე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს BLACKSEAFOR – ის ღონისძიებების საერთო დაგეგმარების, კოორდინირების და აღსრულების საკითხებზე.

მუხლი III. ვალდებულებები

1. BSNC-ი ახორციელებს სრულ კონტროლს შეთანხმებაში გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად BLACKSEAFOR – ის საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის.

2. BSNC-ი

ა. ამტკიცებს COMBLACKSEAFOR-ს, COS-ს მხარეთა მიერ წარდგენილ შტაბის წევრებს;

ბ. ამტკიცებს BLACKSEAFOR – ის ღონისძიებების ყოველწლიურ პროგრამას;

გ. უზრუნველყოფს BLACKSEAFOR – ის მომავალი წლის ღონისძიებებისათვის საჭირო დაგეგმარების პროცესის, კოორდინირებისა და აღსრულების კონტროლს;

დ. კოორდინაციასა და ორგანიზების უწევს BLACKSEAFOR – ის ეკიპაჟის წვრთნებს, რათა მხარეთა შორის მიღწეულ იქნეს სრული ურთიერთავსებადობა;

ე. ახორციელებს მონიტორინგს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რეკომენდაციებს უწევს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილებას, პროგრამის მექანიზმსა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანას, BLACKSEAFOR – ის მომავალი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ვ. ხელს უწყობს დიალოგს სამოქალაქო ინსტიტუტებსა და უწყებებს შორის BLACKSEAFOR – ისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაღრმავების მიზნით.

4. გარდა ზემოაღნიშნულისა BSNC-ი უფლებამოსილია:

ა. დაამტკიცოს დაგეგმარების ჯგუფის მიერ მომზადებული BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებთან დაკავშირებული საჭირო გეგმები ოპერაციების პროგრამები;

ბ. ჩამოაყალიბოს BLACKSEAFOR – ის წვრთნებისათვის საჭირო სტანდარტები;

გ. დაამტკიცოს და თუ საჭიროა ხელახლა განიხილოს COMBLACKSEAFOR-ის, და COS –ის უფლება-მოვალეობები (TOR);

დ. თვალყური ადევნოს BLACKSEAFOR – ის მხარდაჭერისათვის საჭირო საქმიანობას.

4. BSNC ყოველწლიურად მოამზადებს ანგარიშს საგარეო საქმეთას თავდაცვის მინისტრების, მხარეთა გენერალური შტაბების უფროსების სახელზე. საჭიროების შემთხვევაში ამგვარი ანგარიშები მომზადდება მხარეთა უფლებამოსილი პირებისათვის.

5. BSNC-ის შეხვედრებთან დაკავშირებული საკონფერენციო და სხვა ადმინისტრაციული გადასახადები, გარდა მგზავრობისა და განთავსების ხარჯებისა, დაფარულ იქნება მასპინძელი მხარის მიერ.

მუხლი IV. პროცედურები

1.მასპინძელი მხარე BSNC-ის თავმჯდომარის სახით წარმომადგენელი იქნება ერთი წლის ვადით.

2.BSNC-ი შეხვედრები გაიმართება წელიწადში ერთხელ, მხარეთა შორის როტაციის წესით, ანბანის მიხედვით. მხარეებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ, მასპინძელი მხარე ადგენს შეხვედრის დღის წესრიგს, განსაზღვრავს შეხვედრის თარიღსა და ადგილს. BSNC-ი ის პირველი შეხვედრა შედგება დეპოზიტარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

3.BSNC-ი ის შეხვედრებზე სამდივნოს უზრუნველყოფა მასპინძელი მხარის ვალდებულებაა, საჭიროების შემთხვევაში მასში წარმოდგენილნი იქნებიან სხვა მხარის წარმომადგენლები.

4.BSNC-ის სამდივნოს შეხვედრაზე განხილულ იქნება BSNC-ის შეხვედრის შედეგები და მომავალი შეხვედრის დღის წესრიგი.

5.სამდივნო და BSNC-ის შეხვედრებთან დაკავშირებულ საჭირო მომსახურებას უზრუნველყოფს მასპინძელი მხარე.

6.BSNC-ი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დააარსოს მუშა ჯგუფები

7.BLACKSEAFOR – ის ეფექტური ფუნქციონირებისათვის BASNC-ი ადგენს ცნობარს, რომელიც მტკიცდება შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 თავის შესაბამისად.

8.ცალკეულ შემთხვევაში BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებზე შესაძლებელია დამკვირვებლების მოწვევა BNC-ის მიერ.

 

დანართი –ბ

დაგეგმარების ჯგუფის უფლება-მოვალეობანი

მუხლი I. შესავალი

1. დაგეგმარების ჯგუფი ექვემდებარება BSNC-ის და პასუხისმგებელია BLACKSEAFOR –ის ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტების შექმნაზე.

2. დაგეგმარების ჯგუფის ხელმძღვანელს ამტკიცებს მასპინძელი მხარე.

მუხლი II. შემადგენლობა

1. ყოველი მხარე დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრისათვის წარადგენს წარმომადგენელს მრჩეველი ექსპერტის თანხლებით დაგეგმარების ჯგუფის დღის წესრიგის მიხედვით.

2. დაგეგმარების ჯგუფის ხელმძღვანელს საჭიროების შემთხვევაში მონაწილე მხარეებთან შეთანხმების შედეგად შეუძლია დაანაწილოს შეხვედრა ქვეჯგუფებად.

3. დაგეგმარების ჯგუფს შეუძლია შექმნას ქვეჯგუფები, რომლისთვისაც მხარეები წარადგენენ ერთ ან მეტ წარმომადგენელს.

4. COMBLACKSEAFOR-ი წარმოდგენილი იქნება მონაწილე ქვეყნების დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრებზე და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს შეხვედრის მსვლელობაში.

მუხლი III. მიზნები და ვალდებულებები

დაგეგმარების ჯგუფი ვალდებულია:

1. მოამზადოს BLACKSEAFOR – ის სამოქმედო გეგმა და სამდივნოს მეშვეობით გადასცეს იგი BSNC-ის დასამტკიცებლად.

2. შეადგინოს BLACKSEAFOR – ის ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტები. მოაგვაროს ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხები.

3. განიხილოს მხარეთა შესაძლებლობა BLACKSEAFOR – ის შესაბამისი ძალების სტრუქტურის შესაქმნელად და გადასცეს BSNC-ის დასამტკიცებლად.

4. მხარეთა შტაბების დისლოკაციის ადგილის განსაზღვრა და მისი გადაცემა BSNC-თვის დასამტკიცებლად.

5. გაანალიზოს BLACKSEAFOR – ის ღონისძიებების შედეგები და მოახსენოს BSNC-ს.

6. მოამზადოს BSIVC-თვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

მუხლი IV. შეხვედრები

1. დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრები შედგება გარკვეული ინტერვალებით, BSNC-ის საქმიანობისათვის საჭირო სამუშაოების დასრულების მიზნით. დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრა შედგება BSNC-ის შეხვედრის წინ, სამი დღით ადრე მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

2. დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრა ასევე შედგება რომელიმე მონაწილე მხარის მოთხოვნით. მთავარ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხის წამოჭრისას. შეხვედრას მასპინძლობს მომთხოვნი მხარე.

3. დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები, გარდა მგზავრობისა და განთავსებისა, უნდა გაიღოს მასპინძელმა მხარემ.

 

დანართი გ

ძალთა სტატუსი

მუხლი I

წინამდებარე დანართში გამოყენებულია გამოთქმები:

ა. „ძალა” – მონაწილე ხარის მიერ BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სამხედრო ელემენტები .შენაერთები, რომლებიც განლაგდებიან სხვა მხარის ტერიტორიაზე BLACKSEAFOR – ის ამოცანების განხორციელებისათვის;

ბ. „ძალის წევრები” – ძალის კუთვნილი პერსონალი;

გ. „სამოქალაქო პირი” – სამოქალაქო პერსონალი, რომელიც თან ახლავს მხარის ძალას, არის მონაწილე მხარის რომელიმე სამსახურის თანამშრომელი, უნდა იყოს BLACKSEAFOR – ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნის მოქალაქე და არ შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე იმ ქვეყნისა, სადაც განლაგებულია BLACKSEAFOR – ის ძალები;

დ. „დამოკიდებული პირი” – ძალის წევრის ან სამოქალაქო პირის მეუღლე ან შვილი, რომელიც მასზეა დამოკიდებული;

ე. „წარმგზავნი მხარე” – მხარე, რომელსაც ეკუთვნის ძალა;

ვ. „მიმღები მხარე” – მხარე, რომლის ტერიტორიაზეც BLACKSEAFOR – ის ღონისძიების მსვლელობის დროს მდებარეობს ძალა ან სამოქალაქო პირი;

ზ. „წარმგზავნი მხარის სამხედრო უფლებამოსილი პირები” – წარმგზავნი მხარის უფლებამოსილი პირები, რომლებიც მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან მოქმედებაში მოიყვანონ სამხედრო ღონისძიებები ძალის წევრებისა თუ სამოქალაქო პირების უფლებების დაცვით.

მუხლი II

ძალა, მისი სამოქალაქო პირები და მათზე დამოკიდებული პირები მოვალენი არიან პატივი სცენ და გაიზიარონ მიმღები მხარის კანონმდებლობა და თავი შეიკავონ ნებისმიერი სხვა ქმედებებისაგან, რომელიც არ არის გათვალისწინებული მოცემული შეთანხმებით. გამგზავნი მხარე, თავის მხრივ, ვალდებულია გარკვეული ზომები მიიღოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მუხლი III

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობების და მიმღები მხარის კანონმდებლობის საფუძველზე ძალის წევრები მიმღები მხარის ტერიტორიაზე შესვლა-გასვლისას თავისუფლდებიან საპასპორტო, სავიზო, საიმიგრაციო, საინსპექციო და უცხოელთა სარეგისტრაციო კონტროლისაგან.

2. ძალის წევრებს მოეთხოვებათ შემდეგი დოკუმენტები:

ა. გამგზავნი მხარის მიერ გაცემული პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა, სადაც მითითებული იქნება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, წოდება (თუ აქვს) და ფოტოსურათი;

ბ. ინდივიდუალური და კოლექტიური სამივლინებო ბრძანება, გამგზავნი მხარის ენაზე და ინგლისურ ენაზე, რომელიც გაცემული იქნება გამგზავნი მხარის შესაბამისი სამსახურის მიერ და ადასტურებს პიროვნების ან ჯგუფის, როგორც “ძალის წევრობასა” და სამივლინებო ბრძანებას. მიმღებმა ქვეყანამ შეიძლება მოითხოვოს, რომ სამივლინებო ბრძანება მისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ იყოს დამტკიცებული.

3. სამოქალაქო და მათზე დამოკიდებულმა პირებმა უნდა იქონიონ პასპორტი და, თუ აუცილებელია, მიმღები მხარის ვიზა.

4. გამგზავნი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ წინასწარ უნდა გადასცეს მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობებისა და პასპორტების ოფიციალური სია.

5. მიმღები მხარე იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს თავის ქვეყნის ტერიტორიაზე გამგზავნი ქვეყნის არასასურველი პირის შემოსვლაზე ან მოითხოვოს მისი უკან გაბრუნება. ამის შესახებ მიმღები მხარე წინასწარ აცნობებს გამგზავნი მხარის კომპეტენტურ პირებს.

მუხლი IV

BLACKSEAFOR – ის ღონისძიებების პერიოდში მიმღები მხარის ტერიტორიაზე მყოფი ძალის წევრები ატარებენ ფორმას მათი ეროვნული წესდების შესაბამისად.

მუხლი V

ძალის წევრებს შეუძლიათ ატარონ იარაღი იმ პირობით, თუ ისინი უფლებამოსილნი არიან მიმღები მხარის მიერ.

მუხლი VI

1. როგორც ძირითადი პრინციპი, მიმღები მხარის პასუხისმგებელ პირებს უფლება აქვთ ძალის წევრები, სამოქალაქო და მათზე დამოკიდებული პირები დაუქვემდებარონ ადგილობრივ კანონმდებლობას, მიმღები მხარის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის დასასჯელად.

2. გამგზავნი მხარის პასუხისმგებელ პირებს აქვს ექსკლუზიური უფლება, განავრცონ თავისი კანონმდებლობა ძალის წევრებსა ან სამოქალაქო პირებზე შემდეგ შემთხვევებში:

ა. თუ დანაშაული ჩადენილია გამგზავნი მხარის საკუთრების ან უსაფრთხოების მიმართ ან იმ მხარის ძალის წევრის, სამოქალაქო და მათზე დამოკიდებული პირების ან საკუთრების წინააღმდეგ;

ბ. თუ არსებობს დანაშაულებრივი ქმედება ან დაუდევრობა მოვალეობის შესრულების დროს.

3. მხარეთა უფლებამოსილმა პირებმა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობონ ერთმანეთს გამგზავნი მხარის ძალის წევრის, სამოქალაქო ან მათზე დამოკიდებული პირების მიმართ საკუთარი კანონმდებლობის გამოყენების შესახებ.

4. როდესაც ძალის წევრი, სამოქალაქო ან მასზე დამოკიდებული პირი ისჯება მიმღები მხარის იურისდიქციით, მას აქვს შემდეგი უფლებები:

ა. სწრაფი და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება:

ბ. სასამართლოს მიერ წინასწარ იქნეს ინფორმირებული, თუ რა ბრალდება არის მის წინააღმდეგ წაყენებული;

გ. დაუპირისპირდეს მის მოწინააღმდეგე მოწმეებს;

დ. მის სასარგებლოდ მოწმეების დასწრება, თუ ისინი არიან მიმღები მხარის იურისდიქციის ქვეშ;

ე. მას აქვს უფლება თვითონ აირჩიოს ადვოკატი ან იყოლიოს უფასო ადვოკატი, რომელსაც გამოყოფს მიმღები მხარე;

ვ. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კომპეტენტური თარჯიმნის დახმარება;

ზ. დაუკავშირდეს გამგზავნი მხარის მთავრობის წარმომადგენელს და თუ სასამართლოს წესები დართავენ ნებას, იყოლიოს დამცველი თავისი სასამართლოდან.

5. მოცემული შეთანხმების მონაწილე მხარეებმა არ უნდა გამოიტანონ სასიკვდილო განაჩენი სხვა წევრი მხარის ძალის რომელიმე წევრის მიმართ, თუ ასეთი სასჯელი არ არის გათვალისწინებული წარმგზავნი მხარის კანონმდებლობაში.

მუხლი VII

1. მხარეებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ რომელიმე მხარის სამხედრო ძალის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება, თუ ამგვარი ზარალი:

ა. გამოწვეულია BLACKSEAFOR –ის ოპერაციებთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებისას;

ბ. წარმოიქმნება სხვა მხარის კუთვნილი და მისი სამხედრო ძალების მიერ გამოყენებული საზღვაო, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას და ეს საშუალებები გამოიყენებოდა BLACKSEAFOR – ის ოპერაციების მსვლელობის დროს, ან თუ ზარალი მიყენებულ იქნა ამ ოპერაციაში გამოყენებულ აღჭურვილობაზე.

2. ერთი მხარის მიერ საზღვაო ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა უარყოფილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება ან ბარგი ეკუთვნოდა მონაწილე მხარეს, გამოიყენებოდა მის მიერ და დაზიანებული იქნა BLACKSEAFOR – ის ოპერაციების ჩატარებისას.

3. ა. იმ შემთხვევაში, თუ ზარალის მიყენება მხარის საკუთრების მიმართ გამოწვეულია 1 პარაგრაფში აღნიშნული მიზეზებით, სხვა ნებისმიერი მხარის ვალდებულების საკითხი და ზარალის გამოთვლა უნდა მოხდეს მოსამართლის მიერ, რომელიც დაინიშნება ამ პარაგრაფის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ;

ბ. წინამდებარე პუნქტში აღნიშნული მოსამართლე არჩეული იქნება მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე, მიმღები მხარის მოქალაქეებისაგან, რომელსაც აქვს მაღალ სასამართლო ინსტანციებში მუშაობის გამოცდილება;

გ. მოსამართლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება საბოლოო და საერთოა ყველა მხარისათვის;

დ. თუ ზარალი 1000 აშშ დოლარს არ აღემატება, მოცემული მხარე უარს აცხადებს სარჩელზე.

4. გარდა ამ შემთხვევებისა, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნულ თავებში, მიყენებული ზარალის შესახებ სარჩელი შეტანილ იქნება იმ მხარის უფლებამოსილ ორგანოებში, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ზიანის მიყენება.

5. მხარეებს არ აქვთ სარჩელის შეტანის უფლება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის ძალის წევრი დაზიანდა ან გარდაიცვალა მისი ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროს.

6. წარმგზავნი და მიმღები ქვეყნები ითანამშრომლობენ მტკიცებულებების შეგროვების პროცესში, რათა ხელი შეუწყონ სამართლიან სასამართლო პროცესს და სასამართლო დავის გადაწყვეტას.

მუხლი VIII

საჭიროების შემთხვევაში მიმღები მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას ძალის წევრები, სამოქალაქო ან მათზე დამოკიდებული პირები სარგებლობენ სამედიცინო, სტომატოლოგიური და ჰოსპიტალით მომსახურებით იმავე პირობებით, რომლითაც სარგებლობს მიმღები მხარის მომსახურე პერსონალი.

მუხლი IX

1. ძალის წევრები და სამოქალაქო და მათზე დამოკიდებული პირები დაექვემდებარებიან მიმღები მხარის საბაჟო სამსახურის წესებსა და კანონებს.

2. BLACKSEAFOR – ის საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციებისათვის განკუთვნილი აპარატურის, სატრანსპორტო საშუალებების, მასალების, იარაღის, დამხმარე ნაწილების, საწვავისა და საკვების მიმღები ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე შეტანა და უკან გატანა გათავისუფლებული იქნება საბაჟო გადასახადებისაგან.

 

 

დანართი ე2

BLACKSEAFOR – ის დროშისა და ლოგოს აღწერილობა

მუხლი I. ძირითადი აღწერილობა

1. შავი ზღვა გამოსახულია იასამნისფრად და ჩასმულია ყვითელ ჰორიზონტალურ ოვალურ წრეში.

ა. ოვალური წრე არის სიცოცხლის სიმბოლო;

ბ. იასამნისფერი არის შავი ზღვის წყლის დამახასიათებელი ფერი;

გ. ყვითელი ფონი არის ნათელი მზის სიმბოლო.

2. ექვსი ეროვნული დროშა წარმოადგენს ექვს სახელმწიფოს, რომლებიც ქმნიან BLACKSEAFOR – ის და არიან განლაგებული ღუზების ირგვლივ იმ ადგილებზე, სადაც ეს ქვეყნები უერთდებიან შავ ზღვას.

3. ორი დიაგონალურად გადაკვეთილი ოქროსფერი ადმირალის ღუზა მდებარეობს ზღვის ზედაპირზე. ორი გადამკვეთი ღუზა აღნიშნავს საზღვაო თანამშრომლობას და მათი ფერი აღნიშნავს კეთილშობილურ განზრახვებს და სახელმწიფოთა მშვიდობიან ურთიერთთანამშრომლობას, რომლებიც არ არიან მიმართულნი ერთმანეთის წინააღმდეგ.

მუხლი II. ლოგო

BLACKSEAFOR – ის ლოგო შეიძლება გამოყენებულ იქნეს დოკუმენტებისათვის, რომელიც დაკავშირებული არიან BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებთან.

მუხლი III. დროშა

1. BLACKSEAFOR – ის დროშა, რომელიც მდებარეობს ლოგოს გარშემო იქნება თეთრი.

2. დროშის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად იქნება იგი გამოყენებული. BLACKSEAFOR – ის დროშის ზომა არ აღემატება ეროვნული დროშის ზომას, თუ იგი გამოიყენება ეროვნულ დროშასთან ერთად იმავე ადგილას და იმავე დროს.

3. დროშის სიგანე ყოველთვის იქნება მისი სიგრძის 20%.

4. BLACKSEAFOR – ის დროშა ეროვნულ დროშასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარეთა მიერ მხოლოდ BLACKSEAFOR – ის ღონისძიებების ჩატარების დროს.

 

დანართი – ვ

განსაზღვრებები და აბრევიატურები

ამოქმედება

BLACKSEAFOR – ის ხომალდების შეკრება პორტში ან ზღვაზე ღონისძიებების ჩატარებისათვის.

ამოქმედების პერიოდი

ღონისძიებების დაწყებისა და დასრულებისათვის წინასწარ დაგეგმილი დრო.

ამოქმედების პროგრამა

დაგეგმილი და დამტკიცებული ღონისძიებანი, რომელთა ამოქმედება წინასწარ იქნება ორგანიზებული.

COMBLACKSEAFOR

BLACKSEAFOR – ის მეთაური.

კონფიდენციალობა

ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გასაიდუმლოების ხარისხს და გამოიყენება მხარეებს შორის მხოლოდ BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებისათვის.

კონსენსუსი

გადაწყვეტილებათა მიღების დროს ყველა მონაწილე მხარის თანხმობა.

COMBLACKSEAFOR

BLACKSEAFOR – ის შტაბის უფროსი.

წვრთნები

BLACKSEAFOR – ის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები და მანევრები, ასევე საზღვაო ოპერაციები, რომელთა მომზადება და დაგეგმარება ხდება წინასწარ.

ძალა

BLACKSEAFOR – ის სამხედრო ელემენტები/შენაერთები, რომელთა საქმიანობა მიმართულია BLACKSEAFOR – ის მიზნების განსახორციელებლად.

ხელმძღვანელობა

მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლისა და ოფიცრის უფლებამოსილება გასცეს განკარგულებები. ეს შეეხება ოპერაციებთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ასპექტს და ვრცელდება მხოლოდ ეროვნული სამსახურების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, BLACKSEAFOR – ის მეთაურს არ გააჩნია სრული სამეთაურო უფლება BLACKSEAFOR – ის განკარგულებაში მყოფ ყველა ძალაზე.

OPBLACKSEAFOR – ის –ის შტაბბინა

ხელმძღვანელი ოფიცრის შტაბბინა, რომელიც ასრულებს BLACKSEAFOR – ის ოპერაციულ კონტროლს.

მასპინძელი მხარე

მხარე, რომლის ტერიტორიაზეც ტარდება BLACKSEAFOR – ის ღონისძიებები.

გასაიდუმლოების ხარისხი

სხვადასხვა ფორმით გადმოცემული ოფიციალური ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა.

ზურგის უზრუნველყოფა

ღონისძიებების უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

ურთიერთთავსებადობა

შენაერთების, სისტემებისა და ძალების ეფექტური და ერთიანი მოქმედებებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება.

დამკვირვებელი

სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მოწვევით ესწრებიან BLACKSEAFOR – ის ღონისძიებებს.

OPBLACKSEAFOR

OPBLACKSEAFOR (BLACKSEAFOR-ის ოპერატიული მართვის ხელმძღვანელი) წარმოადგენს BLACKSEAFOR-ის მართვის სტრუქტურაში მყოფ მაღალი რანგის ოფიცერს, რომელიც ვალდებულია კონტროლი გაუწიოს BLACKSEAFOR-ის ოპერაციებს.

ოპერაცია

BLACKSEAFOR-ის ამოცანების შესრულება

ოპერატიული ხელმძღვანელობა

მეთაურისადმი მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეც მას შეუძლია დასახოს სამხედრო ნაწილების მიზნები ან ამოცანები, დანიშნოს ძალები და საჭიროების შემთხვევაში შეინარჩუნოს ან გადასცეს ოპერატიული ან/და ტაქტიკური მართვა. ეს უფლებამოსილება არ ითვალისწინებს პასუხიმგებლობას ადმინისტრაციულ საკითხებსა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. მას ასევე შეუძლია გადასცეს მეთაურს ძალების მართვა.

ოპერატიული კონტროლი

მეთაურისადმი მინიჭებული უფლებამოსილება, რომლითაც მას შეუძლია მოქმედებაში, ადგილმდებარეობაში და დროში შეზღუდული სპეციფიკური მისიებისა და ამოცანების შესრულება. ასევე, მას შეუძლია შესაბამისი ნაწილების გამოყვანა. ტაქტიკური მართვის (TACON) შენარჩუნება ან გადაცემა. მაგრამ ეს უფლებამოსილება არ ითვალისწინებს შესაბამისი ნაწილების კომპონენტების დასაქმებას, ადმინისტრირებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ოპერატიული დოკუმენტები

შეთანხმებული დოკუმენტები და სახელმძღვანელოები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციების ჩატარების დროს.

ოპერატიული პროგრამა

რიგი ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების, რომლებიც უნდა განხორციელდეს ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

როტაციის პრინციპი

პრინციპი, რომელიც არეგულირებს BLACKSEAFOR-ის შტაბის წევრების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნებს.

სამდივნო

ორგანო, რომელიც შედგება მხარეთა წარმომადგენლებისაგან BSNC-ის შეხვედრების ჩასატარებლად.

მონაწილე ხომალდები

მხარეების მიერ გამოყოფილი ხომალდები BLACKSEAFOR-ის ოპერაციების ჩატარების დროს.

სიჩუმის პროცედურა

წარმოდგენილი საკითხების დამტკიცება, თუ დროის განსაზღვრულ პერიოდში არ იქნება წარმოდგენილი რაიმე დამატება ან შენიშვნა.

ტაქტიკური ხელმძღვანელობა

უფლებამოსილება, რომელიც მინიჭებული აქვს მეთაურს, რომლის ძალით მას შეუძლია მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალებისათვის ამოცანების დასახვა, უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული მისიების შესასრულებლად.

ტაქტიკური კონტროლი

დასახული ამოცანების შესრულებისათვის მანევრებზე გადაადგილების მართვა, ადგილმდებარეობის განსაზღვრა და სხვა ღონისძიებების ჩატარება.

ტაქტიკური სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც შედგენილია გამართული საზღვაო წვრთნების გამოცდილების საფუძველზე, ტაქტიკურ სახელმძღვანელოში მოცემული დოქტრინები, ინსტრუქციები და სხვა პროცედურები, რომლებიც დაკავშირებული არიან ყველა სამხედრო-საზღვაო შენაერთების კონტროლთან წვრთნების ჩატარების პერიოდში.

უფლება-მოვალეობები

დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირებისა და სხვადასხვა ორგანოების უფლება-მოვალეობანი.

საწვრთნელი ღონისძიებები

სამხედრო-საზღვაო ძალების შესაბამის სტანდარტებთან მოყვანა, პრაქტიკული მეცადინეობების, ინსტრუქტაჟითა და წვრთნების გზით.

დაუგეგმავი ღონისძიებები

ნებისმიერ სახის დამატებითი ღონისძიება, რომელიც არ არის წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაში, მის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მხარეთა კონსენსუსის საფუძველზე.

სამუშაო ენა

ენა, რომელიც გამოიყენება დაგეგმილი ოპერაციების, წვრთნების, საწვრთნელი ღონისძიებების და ოპერაციების დროს ზღვაზე და პორტში.

აბრევიატურები

AWP- წლიური სამუშაო პროგრამა;

BLACKSEAFOR-შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მუშა ჯგუფი;

BSNC – შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო სარდალთა კომიტეტი;

COCC- ხელმძღვანელის შეცვლის ცერემონიალი;

CO MBLACKSEAFOR- შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელი;

COMBLACKSEAFOR - შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის შტაბის უფროსი.

MFA- საგარეო საქმეთა სამინისტრო ;

MOD- თავდაცვის სამინისტრო;

OPBLACKSEAFOR- შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის ოპერატიული მართვის ხელმძღვანელი;

OSCE- ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია;

PG- დაგეგმარების ჯგუფი;

UN- გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

 

ბულგარეთის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)

 

რუმინეთის სახელით

(ხელმოწერილია)

 

თურქეთის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)

 

საქართველოს სახელით

(ხელმოწერილია)

 

რუსეთის ფედერაციის სახელით

(ხელმოწერილია)

 

უკრაინის სახელით

(ხელმოწერილია)