საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია

  • Word
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 21/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000287
  • Word
11/11/1997
გაურკვეველი, -, 16/11/1999
000000430.00.003.000287
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის

საკონსულო კონვენცია

 

საქართველო და ყაზახეთის რესპუბლიკა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განვითარებისა და თავიანთი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების უფრო ეფექტური დაცვის სურვილით,

საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს დაედოთ ეს კონვენცია და შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

განსაზღვრებანი

ამ კონვენციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;

2. „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას;

3. „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს, იმოქმედოს ამ სახით;

4. „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურს; რომელსაც ევლება საკონსულო ფუნქციები ამ სახით შეასრულოს;

5. „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც ევალება საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურება;

6. „მოსამსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობას ასრულებს;

7. „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;

8. „საკონსულო პერსონალის მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს (საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა), აგრეთვე საკონსულოს მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;

9. „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკის კერძო სამსახურშია;

10. „ოჯახის წევრი“ ნიშნავს საკონსულო დაწესებულების მუშაკის მეუღლეს, მის შეიძლებსა და მშობლებს, ასევე მისი მეუღლის მშობლებს, რომლებიც ცხოვრობენ მათთან ერთად და იმყოფებიან მათ კმაყოფაზე;

11. „საკონსულოს კარ-მიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების მომსახურე მიწის ნაკვეთს, იმის მიუხედავად, ვისი საკუთრებაა იგი;

12. „საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, ვიდეო- და აუდიოჩანაწერს, დისკეტსა და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებისა და კოდების, კარტოთეკებისა და მათი დაცვისა თუ შენახვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საავეჯო საგნების ჩათვლით;

13. „მოქალაქე“ ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ერთ-ერთ სახელმწიფოში;

14. „წარმდგენი სახელმწიფოს გემი“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, სამხედრო ხომალდების გარდა, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობის უფლება და რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში;

15. „წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ საფრენ აპარატს, სამხედრო საფრენი აპარატების გარდა, რომელიც რეგისტრირებულია წარმდგენ სახელმწიფოში და აქვს უფლება, ჰქონდეს ამ სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნები.

მუხლი 2

საკონსულო დაწესებულებათა გახსნა

1. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი, საკონსულო ოლქი და საკონსულო თანამდებობის პირთა რაოდენობა განისაზღვრება წარმდგენი და ადგილსამყოფელი სახელმწიფოების შეთანხმებით.

3. წარმდგენ სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის ან საკონსულო თანამდებობის პირთა რაოდენობის შემდგომი შეცვლა შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა აგრეთვე მაშინაც, თუ რომელიმე გენერალურ საკონსულოს ან საკონსულოს სურს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო იმ დასახლებული პუნქტის გარეთ, სადაც იგი თვითონ იმყოფება.

5. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წინასწარ გარკვეულად გამოთქმული თანხმობა აგრეთვე აუცილებელია, როცა უნდა გაიხსნას კანცელარია, რომელიც შეადგენს არსებული საკონსულო დაწესებულების ნაწილს, მაგრამ ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის გარეთ იმყოფება.

მუხლი 3

საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა

1. წარმდგენი სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური ან სხვა შესაბამისი არხებით საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნამდე მიღებული უნდა იყოს შეთავაზებულ პირზე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა.

2. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ იძლევა საკონსულო დაწესებულების მეთაურად რომელიმე პირის დანიშვნის თანხმობას, იგი ვალდებული არ არის წარმდგენ სახელმწიფოს განუმარტოს ასეთი უარის მოტივები.

3. წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატიური არხებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა ანალოგიურ დოკუმენტს საკონსულო მეთაურის დასანიშნავად. ამ დოკუმენტში აღინიშნება საკონსულო დაწესებულების მეთაურის სრული სახელი, გვარი, მისი მოქალაქეობა, საკონსულო ოლქი და ადგილსამყოფელი.

4. საკონსულო, დაწესებულების მეთაურის დასანიშნავად, საკონსულო პატენტის ან სხვა ანალოგიური დოკუმენტის მიღების შემდეგ, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურზე გასცემს ნებართვას, რა ფორმაც უნდა ჰქონდეს ასეთ ნებერთვას, რომელსაც ეგზეკვატურა ეწოდება. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო უარს აცხადებს ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემაზე, იგი ვალდებული არ არის აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს ასეთი უარის მოტივები.

5. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი ფუნქციების შესრულებას, მხოლოდ ასეთი ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემის შემდეგ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით და მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

6. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია თანხმობა მისცეს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები ეგზეკვატურის ან სხვა სახის ნებართვის გაცემამდე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის დებულებანი.

7. როგორც კი საკონსულო დაწესებულების მეთაური შეუდგება, თუნდაც დროებით, თავისი ფუნქციების შესრულებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს. გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულების მეთაურმა შეძლოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება და ისარგებლოს ამ კონვენციიდან გამომდინარე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.

მუხლი 4

საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი შესრულება

1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები, ან თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, წარმდგენმა სახელმწიფომ შესაძლოა უფლებამოსილება მიანიჭოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ ამ ან სხვა საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს, დროებით შეასრულოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციები.

2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელის სრულ სახელსა და გვარს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს ატყობინებს წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ან, თუ ამ სახელმწიფოს არ აქვს ასეთი წარმომადგენლობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, საკონსულო დაწესებულების მეთაური, ან, თუ მას არა აქვს ამის საშუალება, წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი კომპეტენტური ორგანო. როგორც წესი, ასეთი შეტყობინება უნდა მოხდეს წინასწარ.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ეხმარებიან და იცავენ საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, სანამ იგი საკონსულო დაწესებულებას მეთაურობს, მასზე ამ კონვენციის დებულებანი ისევე ვრცელდება, როგორც შესაბამისი საკონსულო დაწესებულების მეთაურზე.

4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ნიშნავს, იგი კვლავ სარგებლობს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არის.

მუხლი 5

საკონსულო პერსონალის მუშაკთა დანიშვნა

1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლად დანიშნოს საკონსულო პერსონალის მუშაკები, ამ კონვენციის მე-2, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.

2. წარმდგენი სახელმწიფო წინასწარ აცნობებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ყველა საკონსულო თანამდებობის პირის სრულ სახელსა და გვარს, კატეგორიასა და კლასს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, იმისათვის, რომ ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეძლოს, თუ ამას მოისურვებს, განახორციელოს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თავისი უფლებები.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოში არსებული წესის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს პირადობის მოწმობას, რითაც ადასტურებს მათ, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრების სტატუსს.

მუხლი 6

საკონსულო თანამდებობის პირთა მოქალაქეობა

საკონსულო თანამდებობის პირი უნდა იყოს მხოლოდ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე.

მუხლი 7

„persona non grata“-დ გამოცხადებული პირები

1. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნებისიმიერ დროს დიპლომატიური არხებით აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს, რომ ესა თუ ის საკონსულო თანამდებობის პირი არის „persona non grata“, ან საკონსულო პერსონალის ნებისმიერი მუშაკი ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში წარმდგენმა სახელმწიფომ შესაბამისად უნდა გაიწვიოს ეს პირი ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები საკონსულო დაწესებულებაში.

2. თუ წარმდგენი სახელმწიფო უარს განაცხადებს შეასრულოს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია შესაბამისად გააუქმოს ამ პირის ეგზეკვატურა ან სხვა სახის ნებართვა, ან აღარ ჩათვალოს იგი საკონსულო პერსონალის მუშაკად.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკად დანიშნული პირი შეიძლება მიუღებლად გამოცხადდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩასვლამდე ან, თუ ის უკვე იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მანამდე, სანამ შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას საკონსულო დაწესებულებაში. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში წარმდგენი სახელმწიფო აუქმებს მის დანიშვნას.

4. ამ მუხლის პირველი და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებული არ არის აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს თავისი გადაწყვეტილების მიზეზი.

მუხლი 8

ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის დანიშვნის, ჩასვლისა და გამგზავრების შეტყობინება

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს ატყობინებენ:

a) საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნის, დანიშვნის შემდეგ საკონსულო დაწესებულებაში მათი ჩასვლის, საბოლოო გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტისა და ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;

b) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევებში იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის ასეთი წევრი;

c) კერძო შინამუშაკების ჩასვლის, საბოლოო გამგზავრების და სათანადო შემთხვევებში მათი ამ სახით მუშაობის შეწყვეტის შესახებ;

d) ამ პირთა დაქირავებისა და გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცხოვრობენ როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკები ან კერძო შინამუშაკები და აქვთ უფლება პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე.

2. შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ შეძლებისდაგვარად უნდა გაკეთდეს წინასწარ.

მუხლი 9

საკონსულოს კარ-მიდამოსა და საცხოვრებელი სათავსების შეძენა

1. წარმდგენ სახელმწიფოს თავისი სახელით ან მისი რწმუნებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად და ამ სახელმწიფოს თანხმობით, უფლება აქვს:

a) შეიძინოს საკუთრებად ან იქირაოს საკონსულოს კარ-მიდამოსათვის შენობა ან შენობათა ნაწილები, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენცია, აგრეთვე საცხოვრებელი სათავსი საკონსულო თანამდებობის ნებისმიერი პირისა და საკონსულო დაწესებულების ნებისმიერი მოსამსახურისათვის, რომელიც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან არა აქვს ამ სახელმწიფოში მუდმივი საცხოვრებელი;

b) ააშენოს ან ამ მიზნით შენობები მისთვის სასყიდლით სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია აგრეთვე გააუმჯობესოს საკონსულოს კარ-მიდამო, საცხოვრებელი სათავსები ან მიწა.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო შესაბამის დახმარებასა და მხარდაჭერას უწევს წარმდგენ სახელმწიფოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უფლებების განხორციელებისას.

4. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა განიმარტოს, როგორც წარმდგენი სახელმწიფოს გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები, რომლებიც აწესრიგებენ შენობათა განლაგებასა და კონსტრუქციას, აგრეთვე ქალაქის დაგეგმარებასა და დარაიონებას.

მუხლი 10

საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები

თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე შეთანხმდება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნაზე, ისინი ატარებენ ერთობლივ კონსულტაციებს ამ კონვენციის დებულებათა და ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე შესაბამისი შეთანხმებების დადების საკითხზე იმ რეჟიმის განსაზღვრის მიზნით, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირების მიმართ.

მუხლი 11

საკონსულო დაწესებულებებისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დაცვა და მათი პირობებით უზრუნველყოფა

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პირობას საკონსულო დაწესებულების ფუნქციათა შესრულებისათვის.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო სათანადო პატივისცემით ეპყრობა საკონსულო თანამდებობის პირებს და ყველა ღონეს ხმარობს მათი ან საკონსულო დაწესებულების სხვა მუშაკთა, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და არ სარგებლობენ ამ სახელმწიფოში უცხოელის სტატუსით, რომელსაც, კანონის თანახმად, აქვს მუდმივად ცხოვრების უფლება, აგრეთვე ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ პირთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების, პიროვნების, თავისუფლების ან ღირსების რაიმე სახით ხელყოფის თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 12

სახელმწიფო დროშა და გერბი

1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს, გამოიყენოს თავისი სახელმწიფო დროშა და გერბი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად.

2. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს, აღმართოს სახელმწიფო დროშა და დაამაგროს თავისი სახელმწიფო გერბი საკონსულო დაწესებულების შენობაზე, მის შესასვლელ კარზე, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციასა და მის სატრანსპორტო საშუალებებზე, როდესაც ეს სამსახურებრივ შესრულებასთან არის დაკავშირებული.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა განხორციელებისას წარმდგენი სახელმწიფო იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს, წესებსა და ჩვეულებებს.

მუხლი 13

საკონსულოს კარ-მიდამოს ხელშეუხებლობა

1. საკონსულოს კარ-მიდამო ხელშეუხებელია

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ არ შეუძლიათ საკონსულო დაწესებულების იმ ნაწილში შესვლა, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაობისათვის გამოიყენება, თუ მათ არა აქვთ საკონსულო დაწესებულების მეთაურის, წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის თანხმობა.

საკონსულოს კარ-მიდამოში ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც ემუქრება მოქალაქეების უსაფრთხოებასა და საკონსულოს კარ-მიდამოსთან ახლოს არსებულ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ქონებას, ასეთი თანხმობა გაიცემა უმოკლეს ვადებში.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ეკისრება სპეციალური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვას საკონსულოს კარ-მიდამო ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან და თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.

4. საკონსულოს კარ-მიდამო, მისი ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება, აგრეთვე მისი გადაადგილების საშუალებები იმუნიტეტით სარგებლობს სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ყველა სახის რეკვიზიციისაგან.

მუხლი 14

საკონსულო არქივისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა

საკონსულო არქივები და საკონსულო დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად.

მუხლი 15

საკონსულოს კარ-მიდამოს გათავისუფლება გადასახადებისაგან

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან:

a) საკონსულოს კარ-მიდამოსა და საკონსულო დაწესებულების მუშაკთა საცხოვრებელ სათავსებს, რომელიც შეძენილია წარმდგენი სახელმწიფოს სახელით ან მისი წარმომადგენლის მიერ, აგრეთვე ხელშეკრულებებსა და აქტებს, რომლებიც შეეხება ამ ქონების შეძენას;

b) მოძრავ ქონებას და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც კანონიერად არის საკონსულო დაწესებულების მიერ ოფიციალური მიზნებისათვის შეძენილი, აგრეთვე მათ შეძენას ,ფლობას ან შენახვას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საგადასახადო შეუვალობა არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე, ბაჟსა და გადასახადზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უნდა გადაიხადონ პირებმა, რომელთაც ხელშეკრულება დადეს წარმდგენ სახელმწიფოსთან ან მისი სახელით მოქმედ პირთან.

მუხლი 16

გადაადგილების თავისუფლება

რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება კანონებსა და წესებს ზონების შესახებ, სადაც შესვლა აკრძალული ან შეზღუდულია სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის გადაადგილებისა და მიმოსვლის თავისუფლებას.

მუხლი 17

ურთიერთობათა თავისუფლება

1. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას და ნება დართოს ყოველგვარი ოფიციალური მიზნით საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზების და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით, თუმცა საკონსულო დაწესებულებას რადიოგადამცემის დადგმა და მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულისხმება მთელი კორესპონდენცია, რომელიც ეხება საკონსულო დაწესებულებას და მის ფუნქციებს.

3. საკონსულო ვალიზის შემადგენელ ყველა შეკვრას უნდა ჰქონდეს მისი ხასიათის აღმნიშვნელი გარეგნული ნიშანი და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტებს ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს.

4. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება გახსნას და დაკავებას, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ აქვთ სერიოზული საფუძველი ივარაუდონ, რომ ვალიზა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშული კორესპონდენციის, დოკუმენტების ან ნივთების გარდა შეიცავს სხვა რამესაც, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის გახსნა წარმდგენი სახელმწიფოს რწმუნებული წარმომადგენლის თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხელისუფალნი უარს განაცხადებენ ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ვალიზას აბრუნებენ იმ ადგილზე, საიდანაც ის გაიგზავნა.

5. საკონსულო კურიერი შეიძლება იყოს მხოლოდ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, საკონსულო კურიერს ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც მიეთითება საკონსულო ვალიზის სტატუსი და ადგილების რაოდენობა. თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო კურიერს იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იგი სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება არანაირი ფორმით დაპატიმრებასა და დაკავებას.

6. წარმდგენ სახელმწიფოს, მას დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულო დაწესებულებებს შეუძლიათ დანიშნონ სპეციალური საკონსულო კურიერები „ad hoc“. ამ შემთხვევებში აგრეთვე გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებანი, იმ გამონაკლისით, რომ მასში აღნიშნული იმუნიტეტები წყვეტენ მოქმედებას ამ კურიერის მიერ მისთვის მინდობილი საკონსულო ვალიზის დანიშნულების ადგილას მიტანისთანავე.

7. საკონსულო ვალიზა შეიძლება მიანდონ გემის ან სამოქალაქო თვითმფრინავის მეთაურს, რომელიც მიემართება იმ ნავსადგურსა ან აეროპორტში, სადაც ჩასვლა ნებადართულია. მას ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრების რაოდენობა, მაგრამ იგი არ ითვლება საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს, გააგზავნოს ერთ-ერთი მუშაკი, რომელსაც შეუძლია უშუალოდ და დაუბრკოლებლად გემის ან თვითმფრინავის მეთაურისაგან მიიღოს და აგრეთვე გადასცეს მას ასეთი ვალიზა.

მუხლი 18

საკონსულო თანამდებობის პირთა პირადი ხელშეუხებლობა

1. საკონსულო თანამდებობის პირები არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას ან წინასწარ დაკავებას, გარდა მძიმე დანაშაულის ჩადენისას კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, არ შეიძლება საკონსულო თანამდებობის პირთა სატუსაღოში ჩასმა, არც არანაირი სხვა ფორმით მათი პირადი თავისუფლების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

3. თუ საკონსულო თანამდებობის პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იგი ვალდებულია გამოცხადდეს კომპეტენტურ ორგანოებში. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოებისას პატივისცემით უნდა მოეპყრონ მისი ოფიციალური მდგომარეობის გამო, და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეუშალონ ხელი საკონსულო ფუნქციების განხორციელებაში. როცა აუცილებელი ხდება საკონსულო თანამდებობის პირის დაკავება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მის წინააღმდეგ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დაიწყოს სასამართლო დევნა.

მუხლი 19

იმუნიტეტი იურისდიქციისაგან

1. საკონსულო თანამდებობის პირები სარგებლობენ იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქცისაგან, გარდა შემდეგი სახის სამოქალაქო სარჩელებისა:

a) რომლებიც გამომდინარეობენ საკონსულო თანამდებობის პირების მიერ დადებული ხელშეკრულებებიდან, რომლის თანახმადაც, ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გამოდიან წარმდგენი სახელმწიფოს სახელით;

b) რომელიც წარმოიქმნება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საგზაო-სატრანსპორტო საშუალებათა, გემის ან სამხედრო ხომალდის მიერ ზარალის მიყენებისაგან, რომლის ანაზღაურებაც მოითხოვა მესამე მხარემ;

c) რომელიც შეეხება ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებას, თუ ისინი არ ფლობენ მას წარმდგენი სახელმწიფოს სახელით საკონსულო მიზნებისათვის;

d) რომლებიც ეხება მემკვიდრეობას, როცა ისინი გამოდიან ანდერძის აღმსრულებლად, სამკვიდრო ქონების მზრუნველად, მემკვიდრედ ან საანდერძო დანაკისრის მიმღებად, როგორც კერძო პირები და არა წარმდგენი სახელმწიფოს სახელით;

e) რომლებიც შეეხება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათ მიერ თავიანთი ფუნქციების მიღმა განხორციელებულ ნებისმიერ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას.

2. იმ შემთხვევაში, როცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო ახორციელებს აღმასრულებელ ღონისძიებებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშულ დებულებათა შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირთა პირადი ხელშეუხებლობა და მათი საცხოვრებელი სათავსების ხელშეუხებლობა არ უნდა იქნეს შელახული.

3. საკონსულოს მოსამსახურეები და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ იურისდიქციას მათი სამსახურებრივი საქმიანობისას, იმ სამოქალაქო სარჩელების გარდა, რაც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის a) და b) ქვეპუნქტებში.

მუხლი 20

მოწმის ჩვენების მიცემის მოვალეობა

1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მოწმედ სასამართლო ან ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების დროს. თუ საკონსულო თანამდებობის პირი უარს აცხადებს მოწმობის ჩვენების მიცემაზე, მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ან დასჯის რაიმე ღონისძიება.

2. ორგანო, რომელსაც ესაჭიროება საკონსულო თანამდებობის პირის ჩვენება, ვალდებულია თავიდან ააცილოს მას თავისი ფუნქციების განხორციელების ხელშემშლელი ყველა დაბრკოლება. მას შეუძლია, როდესაც ეს შესაძლებელია, მოისმინოს ჩვენება ამ პირის ბინაში ან საკონსულო დაწესებულებაში, ან მიიღოს მისგან წერილობითი ჩვენება.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება თავისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ან წარადგინონ ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია და დოკუმენტები, ისინი აგრეთვე არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება, რომელიც განმარტავს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

მუხლი 21

პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე უარის თქმა

1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ამ კონვენციის მე-18, მე-19 და მე-20- მუხლებით გათვალისწინებულ საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ან მათი ოჯახის წევრთა ნებისმიერ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ასეთი უარი ყოველთვის უნდა იყოს გარკვევით გამოთქმული და წერილობით ეცნობოს იგი ადგილსამყოფელ სახელმწიფოს.

3. საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულოს მოსამსახურის მიერ საქმის აღძვრა იმ შემთხვევაში, როცა მას შეეძლო მე-19 მუხლის თანახმად იურისდიქციისადმი იმუნიტეტის გამოყენება, ართმევს მას უფლებას, ძირითად სარჩელთან უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე შეგებებული სარჩელის მიმართ იმუნიტეტი გამოიყენოს.

4. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე უარის თქმა არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად აღმასრულებელი მოქმედებებისადმი იმუნიტეტზე უარის თქმას. ასეთ მოქმედებათა მიმართ აუცილებელია ცალკე უარი.

მუხლი 22

უცხოელთა რეგისტრაციისა და ცხოვრების ნებართვის მიღებისაგან გათავისუფლება

1. საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულოს მოსამსახურეები და მათთან ერთად მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი ვალდებულებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უცხოელთა რეგისტრაციის მიმართ, და ცხოვრების ნებართვის მიღებისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება საკონსულოს ნებისმიერი მოსამსახურის მიმართ, რომელიც არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მუდმივი მოსამსახურე, აგრეთვე ასეთი მოსამსახურის ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ.

მუხლი 23

მუშაობის ნებართვის მიღებისაგან გათავისუფლება

1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რაც შეეხება წარმდგენი სახელმწიფოსათვის სამუშაოს შესრულებას, თავისუფლდებიან მუშაობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებისაგან, რომელიც დადგენილია უცხოელთა სამუშაოზე დაქირავების შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით.

2. საკონსულო თანამდებობის პირების და საკონსულოს მოსამსახურეთა კერძო შინამუშაკები, თუ ისინი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არავითარ სხვა სამუშაოს არ ეწევიან შემოსავლის მიღების მიზნით, თავისუფლდებიან ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვალდებულებებისაგან.

მუხლი 24

შეუვალობა, რომელიც სოციალურ უზრუნველყოფას განეკუთვნება

1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ არ ვრცელდება საკონსულო დაწესებულების მუშაკებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე, იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომელიც სრულდება წარმდგენი სახელმწიფოსათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა აგრეთვე ვრცელდება კერძო შინამუშაკებზე, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკებს ემსახურებიან, იმ პირობით, თუ:

a) ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და არ ცხოვრობენ იქ მუდმივად;

b) მათზე ვრცელდება წარმდგენ ან მესამე სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა, რომლებიც დაიქირავებენ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა, უნდა შეასრულონ დამქირავებელზე დაკისრებული მოვალეობანი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული შეუვალობა ხელს არ უშლის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას იმ პირობით, თუ ასეთი მონაწილეობა ნებადართულია ამ სახელმწიფოს მიერ.

მუხლი 25

საგადასახადო შეუვალობა

1. საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურეები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი თუ ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადისაგან, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, გარდა:

a) არაპირდაპირი გადასახადისა, რომელიც ჩვეულებრივ შედის საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში;

b) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებაზე მოსაკრებლებისა და გადასახადებისა, ამ კონვენციის მე-15 მუხლში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით;

c) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ სამემკვიდრეო ქონებაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე, ანდა მის გადაცემაზე დაწესებული გადასახადებისა, ამ კონვენციის 27-ე მუხლის „b“ პუნქტში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით;

d) კონკრეტული მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადებისა;

e) სარეგისტრაციო, სასამართლო და რეესტრული ბაჟისა, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებლებისა, ამ კონვენციის მე-15 მუხლში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით.

2. მომსახურე პერსონალის მუშაკები თავისუფლდებიან გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან ხელფასზე, რომელსაც იღებენ თავიანთი სამუშაოსათვის.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომლებიც დაიქირავებენ პირებს, რომელთა ხელფასი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, ასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დამქირავებლისათვის განსაზღვრულ მოვალეობებს, რომლებიც შეეხება საშემოსავლო გადასახადის გადახდას.

მუხლი 26

საბაჟო გადასახადებისა და საბაჟო შემოწმებისაგან გათავისუფლება

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს შემოზიდონ და ათავისუფლებს ყველა სახის საბაჟო გადასახადების, გამოსაღებისა და მასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურების გაწევისათვის დადგენილი მოსაკრებლებისა:

a) საკონსულო დაწესებულების ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს;

b) საკონსულო თანამდებობის პირის ან მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს, მისი მოწყობისათვის საჭირო საგნების ჩათვლით. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების უშუალო მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.

2. საკონსულოს მოსამსახურეები სარგებლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და შეღავათებით იმ საგნების მიმართ, რაც შემოზიდულია მათი თავდაპირველი საყოფაცხოვრებო მოწყობის დროს.

3. საკონსულო თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი ბარგი, რომელიც თან მოაქვთ ამ პირებს, თავისუფლდება შემოწმებისაგან, მისი შემოწმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ბარგი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტში აღნიშნულისაგან განსხვავებულ საგნებს, ან საგნებს, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან თუ ეს საგნები ექვემდებარება საკარანტინო კანონებსა და წესებს. ასეთი შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის თანდასწრებით.

მუხლი 27

საკონსულო დაწესებულების მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა სამემკვიდრო ქონება

საკონსულო დაწესებულების მუშაკის ან მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო:

a) ნებას რთავს, გატანილ იქნეს გარდაცვლილის მოძრავი ქონება, გარდა იმ ქონებისა, რომელიც იყო შეძენილი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და რომლის გატანა აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისათვის;

b) არ ახდევინებს არანაირ სახელმწიფო, რაიონულ თუ მუნიციპალურ სამემკვიდრო გადასახადს ან იმ მოძრავი ქონების სამემკვიდრო ბაჟს, რომელიც არსებობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვლილი პირი ამ სახელმწიფოში იმყოფებოდა როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი.

მუხლი 28

პირადი ბეგარისა და დაბეგვრისაგან გათავისუფლება

ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია გაათავისუფლოს საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები ყოველგვარი შრომითი და სახელმწიფო ბეგარისაგან, მათი ხასიათის მიუხედავად, აგრეთვე ისეთი სახის სამხედრო ბეგარისაგან, როგორიც არის რეკვიზიცია, კონტრიბუცია და ბინის გადაცემა ჯარის სადგომად.

მუხლი 29

საკონსულო პრივილეგიებისა და იმუნიტეტების დაწყება და დამთავრება

1. საკონსულო დაწესებულების თითოეული მუშაკი ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს იმ მომენტიდან, როდესაც იგი ჩადის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, ან, თუ უკვე იმყოფება ამ ტერიტორიაზე, თავისი მოვალეობის შესრულების მომენტიდან.

2. საკონსულო დაწესებულების მუშაკთან მცხოვრები ოჯახის წევრები და მისი კერძო შინამუშაკები, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები, სარგებლობენ ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით იმ მომენტიდან, როდესაც მათ მიენიჭებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ჩამოსვლის მომენტიდან, ან იმ მომენტიდან, როცა ისინი მისი ოჯახის წევრები ან კერძო შინამუშაკები გახდნენ, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა უფრო ადრე.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციების შეწყვეტისას, მისი, აგრეთვე მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრებისა და მისი კერძო შინამუშაკის პრივილეგიები და იმუნიტეტები ჩვეულებრივ წყდება იმ მომენტში, როცა ეს პირი დატოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ან ამისათვის საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმისდა მიხედვით, თუ ამ მომენტებიდან რომელი დადგება უფრო ადრე, ამ დრომდე კი მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები ძალაში რჩება თვით შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი. რაც შეეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირებს, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება, როცა ისინი აღარ იქნებიან საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები ან დატოვებენ მასთან სამსახურს იმ პირობით, რომ, თუ ასეთი პირნი აპირებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებას გონივრული ვადის განმავლობაში, მაშინ მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები უნარჩუნდებათ გამგზავრების მომენტამდე.

4. მაგრამ საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულოს მომსახურე პირის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედების მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტი გრძელდება ვადის შეუზღუდავად.

5. საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მასთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან წასვლის მომენტამდე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან წასასვლელად საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ ამ მომენტებიდან რომელი დგება უფრო ადრე.

მუხლი 30

ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების პატივისცემა

1. ყველა ის პირი, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ვალდებულია მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, ისინი აგრეთვე ვალდებულნი არიან არ ჩაერიონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

2. საკონსულოს კარ-მიდამო არ უნდა იქნეს გამოყენებული საკონსულო ფუნქციათა შესრულებასთან შეუთავსებელი მიზნებისათვის.

3. საკონსულო დაწესებულება, საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევასთან მიმართებაში.

მუხლი 31

მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანისაგან დაზღვევა

საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა უნდა დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნა ამ ზიანის დაზღვევის მიმართ, რომელიც შეიძლება მიადგეს მესამე პირს ყოველგვარი საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემით ან თვითმფრინავით სარგებლობასთან დაკავშირებით.

მუხლი 32

შემოსავლის მიღების მიზნით კერძო საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალური დებულებანი

1. საკონსულო თანამდებობის პირები, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ უნდა ეწეოდნენ რაიმე პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას, შემოსავლის მიღების მიზნით.

2. ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ენიჭებათ:

a) საკონსულოს მოსამსახურეებს ან მომსახურე პერსონალის მუშაკებს, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ეწევიან კერძო საქმიანობას, შემოსავლის მიღების მიზნით;

b) იმ პირის ოჯახის წევრებს, რომლებზედაც საუბარია ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტში, ან მის კერძო შინამუშაკებს;

c) საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრებს, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ეწევიან კერძო საქმიანობას, შემოსავლის მიღების მიზნით.

მუხლი 33

ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და მასში მუდმივად მცხოვრები პირები

საკონსულო დაწესებულების მუშაკები, საკონსულო თანამდებობის პირების გარდა, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე კერძო შინამუშაკები სარგებლობენ მხოლოდ ისეთი უპირატესობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებსაც ანიჭებთ მათ ადგილსამყოფელი. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს თავისი იურისდიქცია ამ პირებზე ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება საკონსულო დაწესებულების ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 34

საკონსულო ფუნქციების შესრულება

საკონსულო ფუნქციები სრულდება საკონსულო დაწესებულებების მიერ. მათ ასრულებენ აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად.

მუხლი 35

საკონსულო ფუნქციების შესრულება დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ

1. დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შემთხვევაში, ამ კონვენციის დებულებები გამოიყენება იმდენად, რამდენადაც ეს გამომდინარეობს კონტექსტიდან.

2. დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომელსაც მიუთითებს ეს სამინისტრო.

3. საკონსულო ფუნქციათა შესრულებისას დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს როგორც ადგილობრივ, ისევე ცენტრალურ ხელისუფლებას იმ ფარგლებში, რომელიც ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, წესებითა და ჩვეულებებით.

4. დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული თანამშრომლების პრივილეგიები და იმუნიტეტები კვლავ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რომლებიც დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხება.

მუხლი 36

საკონსულო ფუნქციების შესრულება საკონსულო ოლქის ფარგლებში და საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთ, მესამე სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოს სახელით

1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში შეასრულოს ამ კონვენციით გათვალისწინებული საკონსულო ფუნქციები.

2. საკონსულო თანამდებობის პირს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით შეუძლია შეასრულოს საკონსულო ფუნქციები თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთ.

3. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია, შესაბამისი სახელმწიფოების შეტყობინების შემდეგ, დაავალოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გახსნილ საკონსულო დაწესებულებას საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოში, თუ არ არსებობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულად გამოხატული უარი.

4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამისი შეტყობინების შემდეგ, მესამე სახელმწიფოს თხოვნით, საკონსულო დაწესებულებას, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო წინააღმდეგი არ არის, შეუძლია შეასრულოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციები მესამე სახელმწიფოს სახელით.

მუხლი 37

საკონსულო ფუნქციები

ამ კონვენციის სხვა მუხლების დებულებების გათვალისწინებით საკონსულო ფუნქციებს წარმოადგენს:

a) დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების ინტერესები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში;

b) ხელი შეუწყოს წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო კავშირების განვითარებას, აგრეთვე მათ შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და სხვა საშუალებებით ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად;

c) ყველა კანონიერი გზით გაერკვეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ცხოვრების პირობებსა და მოვლენებში, აცნობოს მათ შესახებ წარმდგენ სახელმწიფოს მთავრობას და ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს;

d) გასცეს, ვადა გაუგრძელოს, გააუქმოს პასპორტები, აგრეთვე სხვა სამგზავრო დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეზე, აგრეთვე ვიზები ან შესაბამისი დოკუმენტები პირებზე, რომელთაც სურთ გაემგზავრონ წარმდგენ სახელმწიფოში;

e) დაეხმაროს და ხელი შეუწყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს;

f) დახმარება მიიღოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ადგილსამყოფლის დადგენის საკითხში, როდესაც საქმე ეხება მათ კეთილდღეობას ან სხვა ჰუმანიტარულ მოსაზრებებს;

g) დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლება ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან სასწრაფო გამგზავრებაზე იმ პირობით, რომ:

h) განსაკუთრებული ვითარების წარმოშობის შემთხვევაში შესრულებული იქნება ადმინისტრაციული ან სასამართლო პროცედურები იმ პირის მიმართ, რომელსაც სურს გამგზავრება;

i) გამგზავრების მსურველი პირის მიერ შესრულებული იქნება გამგზავრებასთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ფორმალობები, თუ რომ ამ მოთხოვნის შესრულება არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს და არ გამოიყენება სასწრაფო გამგზავრების დასაბრკოლებლად.

j) შეასრულოს ზოგიერთი ადმინისტრაციული ხასიათის ფუნქცია იმ პირობით, რომ ამ შემთხვევაში არაფერი ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

k) დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე „mortis causa“-ს მემკვიდრეობითობის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად;

l) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დადგენილ ფარგლებში დაიცვას არასრულწლოვანთა და სრულ ქმედუნარიანობას მოკლებულ პირთა ინტერესები, რომლებიც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მათზე მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესება;

m) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიღებული პრაქტიკისა და წესების დაცვით, წარმოადგინოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები ან უზრუნველყოს ისინი სათანადო წარმომადგენლობით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა დაწესებულებებში, ამ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დამცავი წინასწარი ღონისძიებების შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად ინფორმაციის მიღების მიზნით, თუ ამ მოქალაქეებს არყოფნის ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ დროულად განახორციელონ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

n) გადასცეს სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტები, შეასრულოს სასამართლო დავალებანი ან წარმდგენი სახელმწიფოს სასამართლოებისათვის ჩვენებათა მიცემის დავალებანი მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, ან ასეთი შეთანხმებების არ არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა წესით, რაც არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

o) განახორციელოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ინსპექციის უფლებები, წარმდგენი სახელმწიფოს ეროვნული გემების და ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული თვითმფრინავების, აგრეთვე მათი ეკიპაჟის მიმართ;

n) დაეხმაროს ამ მუხლის „m“ პუნქტში აღნიშნულ გემებსა და თვითმფრინავებს და მათ ეკიპაჟებს, მიიღო განცხადებები გემების ნაოსნობის თაობაზე, შეამოწმოს და გააფორმოს გემების დოკუმენტები და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთა უფლებების შეულახავად გამოარკვიოს გზაში მომხდარი ნებისმიერი შემთხვევა და გადაწყვიტოს კაპიტანს, მეთაურთა შემადგენლობასა და მენზღვაურებს შორის დავა, რამდენადაც ამას ითვალისწინებს წარმდგენი სახელმწიფოს კანონები და წესები;

q) შეასრულოს ყველა სხვა ფუნქცია, რომელიც წარმდგენი სახელმწიფოს მიერ ეკისრება საკონსულო დაწესებულებას, რომელიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან რომლის შესრულების წინააღმდეგი არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფო ან რომელიც გათვალისწინებულია წარმდგენ სახელმწფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

მუხლი 38

საკონსულო ურთიერთობა

1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეთ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან და შეხვდნენ მათ. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები სარგებლობენ ასეთივე თავისუფლებით საკონსულო თანამდებობის პირებთან ურთიერთობისას და მათთან შეხვედრისას.

2. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ წარმდგენი სახელმწიფოს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძებნის მიზნით დახმარებისათვის მიმართონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ.

მუხლი 39

დაპატიმრებასა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ფუნქციები

1. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე დაპატიმრების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ, ოთხი დღის ვადაში ატყობინებენ ამის შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას.

2. პატიმრობაში მყოფი წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებებისათვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ საკონსულო დაწესებულებას.

3. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს მოინახულოს წარმდგენი სახელმწიფოს დაპატიმრებული მოქალაქე, რათა ესაუბროს მას, აგრეთვე გადასცეს ან მიიღოს მისგან კორესპონდენცია და ამანათები და განახორციელოს მისი იურიდიული წარმომადგენლობებისათვის საჭირო ღონისძიებები. პირველ შეხვედრაზე თანხმობა უნდა გაიცეს განცხადების შეტანიდან სამი დღის ვადაში. შემდგომ შეხვედრებზე ნებართვა გაიცეს დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ.

4. საკონსულო თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ დაპატიმრებული მოქალაქის სახელით ნებისმიერი ღონისძიების მიღებისაგან, თუ ეს მოქალაქე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით აშკარად ეწინააღმდეგება ასეთ მოქმედებას.

5. ადგილსამყოფელი სახელმწიფო გააცნობს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან, გასამართლებას ან სხვა სახის განხილვას ექვემდებარებიან, ამ მუხლის დებულებებს, რის შესახებაც სისხლის სამართლის საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

6. ამ მუხლში ნახსენები „დაპატიმრებული პირი“ მოიცავს დატუსაღებულ, დაპატიმრებულ ან სხვა ფორმით პირად თავისუფლებაშეზღუდულ პირს, სასამართლო განხილვის მოლოდინში წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს, ან პირს, რომელიც სასჯელს იხდის ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

7. ამ მუხლში მოცემული უფლებები ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს კანონები და წესები ხელს უწყობენ იმ მიზნების სრულ მიღწევას, რომლებისთვისაც ეს უფლებებია განკუთვნილი.

მუხლი 40

მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე იმ პირის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ამ ორგანოებისათვის ცნობილია როგორც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, აგრეთვე აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს სამემკვიდრო ქონების, ანდერძის არსებობის შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან წარმოდგენილი პირი დანიშნულია ამ ქონების განმკარგულებლად.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დატოვებული სამემკვიდრეო ქონების შესახებ, იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე ან საანდერძო დანაკისრის მიმღები არის წარმდგენი სახელმწიფო ან პირი, რომელიც კომპეტენტური ორგანოებისათვის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქედაა ცნობილი.

3. თუ საკონსულო თანამდებობის პირი პირველი შეიტყობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალებას ან წარმდგენი სახელმწიფოს გარდაცვლილი მოქალაქის მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დატოვებული სამემკვიდრეო ქონების არსებობას, იგი ამის შესახებ ატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

4. საკონსულო თანამდებობის პირს ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული სამემკვიდრო ქონების საკითხებთან დაკავშირებით და იმდენად, რამდენადაც ეს დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, აქვს უფლება:

a) სთხოვოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს განახორციელოს ღონისძიებანი ან პირადად უზრუნველყოს ამ სამემკვიდრო ქონების დაცვა და შენახვა;

b) დაესწროს ან რაიმე სხვა სახით მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომლებიც აღნიშნულია ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტში;

c) უზრუნველყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის წარმომადგენლობა, რომელსაც აქვს კანონიერი ინტერესი ამ ქონებისადმი და რომელიც არ იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და არ ჰყავს იქ წარმომადგენელი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის 4 „c“ პუნქტის შესაბამისად ხორციელდება ღონისძიებები წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, ეს წარმომადგენლობა მოქმედებს მანამ, სანამ ამგვარად წარმოდგენილი პირები არ აღნიშნავენ თავიანთ წარმომადგენელს ან თავად არ იკისრებენ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის პასუხისმგებლობას.

6. თუ წარმდგენი სახელმწიფოს რომელიმე მოქალაქე გარდაიცვალა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის დროს, ამასთან, არ გააჩნდა ამ სახელმწიფოში მუდმივი საცხოვრებელი, საკონსულო თანამდებობის პირს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონის გათვალისწინებით შეუძლია მფლობელობაში მიიღოს და განკარგოს დოკუმენტები, ფული და გარდაცვლილის სხვა პირადი ქონება იმ პირობით, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ არსებობს პირი, რომელსაც აქვს ამ დოკუმენტებზე, ფულსა და პირად ქონებაზე პრეტენზიის უფლება დოებითი მფლობელობის უფლება გადაეცემა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების გათვალისწინებით სათანადოდ დანიშნულ განმკარგულებელს ან სხვა უფლებამოსილ პირს.

7. წარმდგენი სახელმწიფო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო ხელს უწყობენ მემკვიდრეობის გადაცემას:

a) სამემკვიდრო ქონების შემადგენელი ნაწილის ნივთების გატანასა და შემოტანაზე ნებართვის გაცემის გზით იმ შემთხვევაში, თუ ამ ნივთების გატანა ან შემოტანა პირდაპირ არ არის აკრძალული იმ სახელმწიფოების კანონებითა და წესებით, რომლებმაც უნდა გასცენ გატანის ან შემოტანის ნებართვა;

b) სამემკვიდრო ქონების ნებისმიერი ნაწილის გაყიდვაზე ნებართვის გაცემის გზით, რომელიც გატანას არ ექვემდებარება ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად;

c) ასეთი რეალიზაციის შედეგად მიღებული გასამრჯელოების, გადასახადებისა და ბაჟის დაქვითვის შემდეგ მიღებული სუფთა ამონაგების წარმდგენი სახელმწიფოს ვალუტით ან სხვა კონვერტირებადი ვალუტით საანდერძო დანაკისრის მიმღებისათვის მის მუდმივსაცხოვრებელ სახელმწიფოში გადარიცხვაზე ნებართვის გზით.

8. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, თუ ეს მოქალაქე არ იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სასამართლოებისაგან, ხელისუფალთა ან ცალკეული პირებისაგან მიიღოს ფული ან სხვა საკუთრება, რომელზეც ამ მოქალაქეს აქვს უფლება რომელიმე პირის გარდაცვალების შედეგად, სამემკვიდრო ქონების, უბედური შემთხვევებისათვის დაწესებული კომპენსაციების შესახებ კანონების შესაბამისად და აგრეთვე სიცოცხლის სადაზღვევო პოლისების დადგენილი სადაზღვევო თანხების ჩათვლით.

მუხლი 41

მოქალაქეობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქციები

1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

1) წარმდგენი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად მიიღოს შუამდგომლობა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

2) აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა აღრიცხვა;

3) რეგისტრაციაში გაატაროს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება, სახელის, გვარის, მამის სახელის გამოცვლა, მამობის დადგენა, შვილად აყვანა წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად და გასცეს შესაბამისი მოწმობები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დებულებანი დაინტერესებულ პირებს არ ათავისუფლებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დაცვის აუცილებლობისაგან.

მუხლი 42

ნოტარიული დამოწმება და ლეგალიზაცია

1. წარმდგენი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

1. ნებისმიერი პირის თხოვნით, მისი მოქალაქეობის მიუხედავად, გასცეს მასზე წარმდგენ სახელმწიფოში გამოსაყენებელი სხვადასხვა დოკუმენტები, თუ ასეთი დოკუმენტების გაცემა არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

2. წარმდგენ სახელმწიფოს მოქალაქეთა თხოვნით გასცეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან მის ფარგლებს გარეთ გამოყენებისათვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტები, თუ ასეთი დოკუმენტების გაცემა არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;

3. თარგმნოს დოკუმენტები სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ოფიციალურ ენებზე და დაადასტუროს თარგმანის სისწორე;

4. მოახდინოს წარმდგენი სახელმწიფოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია;

5. შეადგინოს, დაამოწმოს და შესანახად მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ანდერძი;

6. შეადგინოს ან დაამოწმოს აქტები და წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის დადებული გარიგებანი, თუ ეს აქტები და გარიგებანი არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას და არ ეხება უძრავ ქონებაზე უფლებების შეძენას ან გადაცემას;

7. შეადგინოს და დაამოწმოს, ერთი მხრივ, წარმდგენი და, მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის დადებული აქტები და გარიგებანი, თუ ეს აქტები და გარიგებანი ეხება მხოლოდ წარმდგენ სახელმწიფოში არსებულ ქონებასა და უფლებებს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებიც ექვემდებარება ამ სახელმწიფოში განხილვას იმ პირობით, რომ ეს აქტები და გარიგებანი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება;

8. დაამოწმოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე;

9. შეინახოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ქონება და დოკუმენტები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას;

10. შეასრულოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნოტარიული ფუნქციები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შედგენილი, დამოწმებული და თარგმნილი დოკუმენტები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განიხილება ისეთივე იურიდიული მნიშვნელობისა და მტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტებად, როგორც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა და დაწესებულებათა მიერ შედგენილი, დამოწმებული და თარგმნილი დოკუმენტები, იმ პირობით, რომ ისინი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას შეესაბამება.

თუ ეს აუცილებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, დოკუმენტები უნდა იქნეს ლეგალიზებული.

მუხლი 43

მეურვეობასა და მზრუნველობასთან დაკავშირებული ფუნქციები

1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ისინი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ კომპეტენტურ საკონსულო დაწესებულებას ყოველი შემთხვევის შესახებ, როდესაც მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა შეესაბამება არასრულწლოვნის ან სხვა სრულ ქმედუნარიანობას მოკლებული პირის ინტერესებს და ეს პირი წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეა.

2. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს შესთავაზოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შესაფერისი პირები, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ წარმდგენი სახელმწიფოს არასრულწლოვან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქეთა მეურვეებად ან მზრუნველებად.

მუხლი 44

გემებისათვის დახმარების გაწევა

1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს საჭირო დახმარება გაუწიოს და ხელი შეუწყოს წარმდგენი სახელმწიფოს გემს, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში ან ღუზასადგომზე ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შიდა და ტერიტორიულ წყლებში.

2. საკონსულო თანამდებობის პირს უფძლება აქვს შეხვდეს კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს, ურთიერთობა დაამყაროს მათთან გემზე და ნებსიმიერ სხვა ადგილას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა დაწესების შესაბამისად.

3. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს და სთხოვოს მათ დახმარება წარმდგენი სახელმწიფოს გემთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის, აგრეთვე კაპიტანთან, ეკიპაჟის წევრებსა და ტვირთთან დაკავშირებული საკითხების მიმართ მისი ფუნქციების განხორციელებაში.

მუხლი 45

კაპიტნისა და ეკიპაჟისათვის დახმარების გაწევა

1. რამდენადაც ქვემოთ აღნიშნული მოქმედება არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

a) გამოარკვიოს წარმდგენი სახელმწიფოს გემზე მომხდარი ნებისმიერი ინციდენტი, ასეთ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოკითხოს კაპიტანი და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი, შეამოწმოს გემის დოკუმენტები, მიიღოს ინფორმაცია გემის სვლაგეზისა და დანიშნულების პუნქტის შესახებ, აგრეთვე აღმოუჩინოს დახმარება გემის შესვლასთან და გასვლასთან, აგრეთვე ნავსადგურში მის ყოფნასთან დაკავშირებით:

b) გადაწყვიტოს დავა კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, ხელფასსა და შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების ჩათვლით;

c) შეასრულოს კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების დაქირავებასა და დათხოვნასთან დაკავშირებული ფორმალობები;

d) უზრუნველყოს გემის კაპიტნის, ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების სამედიცინო მკურნალობა და განახორციელოს წარმდგენ სახელმწიფოში მათი დაბრუნებისათვის საჭირო ღონისძიებანი;

e) მიიღოს, შეადგინოს, დაამოწმოს ან მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებისმიერ განცხადებას ან სხვა დოკუმენტს, რომელიც წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებულია წარმდგენი სახელმწიფოს გემისა და მისი ტვირთის მიმართ;

f) განახორციელოს სხვა ღონისძიებანი სავაჭრო ნაოსნობის მიმართ წარმდგენი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესრულებისათვის.

2. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, თან ახლდეს გემის კაპიტანს ან ეკიპაჟის ნებისმიერ წევრს სასამართლოში ან ადგილმყოფელი სახელმწიფოს სხვა ორგანოებში მათთვის დახმარების გაწევის მიზნით.

მუხლი 46

ინტერესების დაცვა გემზე გამოძიების ჩატარების შემთხვევაში

1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს განზრახული აქვთ განახორციელონ იძულებითი ღონისძიებები ან ჩაატარონ გამოძიება წარმდგენი სახელმწიფოს გემზე, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა და ტერიტორიულ წყლებში ან შიდა წყალსავალ გზებზე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ხელისუფლებმა წინასწარ უნდა შეატყობინონ ამის შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს ასეთი ღონისძიებების განხორციელებას. თუ საკონსულო თანამდებობის პირი არ ესწრება ასეთი ღონისძიებების განხორციელებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მისი თხოვნით წერილობითი ფორმით ატყობინებენ მას ამის შესახებ, თუ ღონისძიებების ჩატარების სასწრაფო ხასიათი არ იძლევა საკონსულო თანამდებობის პირის წინასწარი შეტყობინების საშუალებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წერილობითი ფორმით ატყობინებენ ამ ფაქტის და ჩატარებული ღონიძიებების შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს მისი შესაბამისი თხოვნის გარეშეც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გამოიძახებენ წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანს ან ეკიპაჟის რომელიმე წევრს ნაპირზე გემთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მისაცემად.

3. იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს ხორციელდება საკონსულო თანამდებობის პირის ან წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტნის თხოვნით ან ნებართვით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანოები არ ერევიან წარმდგენი სახელმწიფოს გემის საშინაო საქმეებში, რომლებიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ეკიპაჟის წევრებს შორის ურთიერთობა, შრომითი ურთიერთობა, დისციპლინა გემზე და გემთან დაკავშირებული სხვა შიდა ხასიათის ღონისძიებები, თუ ამასთანავე არ ირღვევა კანონები და წესები, რომლებიც ეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სიმშვიდისა და უშიშროების უზრუნველყოფას.

4. მაგრამ ამ მუხლის დებულებანი არ ეხება საბაჟო შემოწმებასთან, საპასპორტო და სანიტარიულ კონტროლთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ღონისძიებებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებსაც ახორციელებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ზღვაზე ნავიგაციის უსაფრთხოებისათვის ან ზღვის გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად. ეს მუხლი არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.

მუხლი 47

დახმარება გემების დაზიანების შემთხვევაში

1. თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა მარცხი განიცადა, თავთხელზე გაირიყა ან სხვაგვარად დაზიანდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში ატყობინებენ ამის შესახებ საკონსულო თანამდებობის პირს და აცნობებენ მას გემის მგზავრებისა და ეკიპაჟის, გემის და მისი ტვირთის გადასარჩენად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

2. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია დახმარება გაუწიოს წარმდგენი სახელმწიფოს გემს, მისი ეკიპაჟის წევრებს და იმ მგზავრებს, რომლებიც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან სთხოვოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ასეთი დახმარების გაწევა.

3. თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემის მფლობელს, კაპიტანს ან სხვა უფლებამოსილ პირს არა აქვთ საშუალება განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები გემისა და მისი ტვირთის დაცვისა და გადარჩენის უზრუნველსაყოფად ან განსაკარგავად, წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირი მფლობელის სახელით ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებსაც გემის ან ტვირთის მფლობელი განახორციელებდა ასეთ შემთხვევაში, ან თხოვნით მიმართავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, განახორციელოს ასეთი ღონისძიებანი.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებანი გამოიყენება აგრეთვე წარმდგენი სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქის კუთვნილი საგნების მიმართ, რომლებიც ნაპოვნია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წყლებში ან ნაპირზე ან მიტანილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში.

5. წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას უწევენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს გემის გადარჩენასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას.

6. წარმდგენი სახელმწიფოს გემი, რომელიც დაზიანდა, აგრეთვე მისი ტვირთი და ქონება თავისფლდება საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და ბაჟისაგან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გარდა, როცა გემი ან მისი ტვირთი დატოვებულია ამ სახელმწიფოში ბაჟის გადასახდელად.

მუხლი 48

საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული ფუნქციები

ამ კონვენციის 44–47 მუხლები აგრეთვე გამოიყენება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიმართ იმდენად, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო ავიაციის შესახებ ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მხარეებსაც წარმოადგენს ორივე სახელმწიფო.

მუხლი 49

ურთიერთობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან

თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მიმართოს:

a) თავისი საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ადგილობრივ ორგანოებს;

b) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ცენტრალურ ორგანოებს, რამდენადაც ეს დაშვებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, წესებითა და ჩვეულებებით ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

მუხლი 50

საკონსულო მოსაკრებელი

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულებას შეუძლია აკრიფოს საკონსულო მოსაკრებელი და საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხები და ასეთი თანხების მიღების ქვითრები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს საკონსულო დაწესებულებას ასეთი სახით მიღებული თანხები შეიტანოს თავის ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 51

საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ფუნქციების შეწყვეტა

საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ფუნქციები წყდება, კერძოდ:

a) წარმდგენი სახელმწიფოს მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინებით იმის შესახებ, რომ მისი ფუნქციები წყდება;

b) წარმდგენი სახელმწიფოს მიერ მე-3 მუხლის შესაბამისად გაცემული ეგზეკვატურის ან სხვა ნებართვის გაუქმებით;

c) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ წარმდგენი სახელმწიფოს შეტყობინებით იმის შესახებ, რომ ადგილსაყოფელი სახელმწიფო აღარ თვლის მას საკონსულო პერსონალის მუშაკად.

მუხლი 52

ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან გამგზავრება

ადგილსამყოფელი სახელმწიფო, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, ვალდებულია მისცეს დრო და შეუქმნას პირობები საკონსულო დაწესებულების მუშაკებს და კერძო შინამუშაკებს, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი მოქალაქეები ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები უცხოელები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, რათა მათ შეძლონ გასამგზავრებლად მომზადება და გამგზავრება შესაბამისი მუშაკების ფუნქციების შეწყვეტიდან შესაძლო მოკლე ვადაში. კერძოდ, იგი ვალდებულია აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ისინი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც საჭიროა მათთვის და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შეძენილი მათი ქონებისათვის, რომლის გატანაც აკრძალული არ არის გამგზავრების მომენტისათვის.

მუხლი 53

საკონსულოს კარ-მიდამოსა და არქივების, აგრეთვე წარმდგენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა განსაკუთრებულ ვითარებაში

1. ხელშემკვრელ მხარეებს შორის საკონსულო ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში:

a) ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი პატივი უნდა სცეს და დაიცვას საკონსულოს კარ-მიდამო, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების ქონება და არქივი;

b) წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია საკონსულოს კარ-მიდამოს, აგრეთვე იქ არსებული ქონებისა და საკონსულო არქივის დაცვა მიანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის;

c) წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია თავისი და თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა მიანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის.

2. საკონსულო დაწესებულების დროებით ან საბოლოო დახურვის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულებები, გარდა ამისა:

a) თუ წარმდგენ სახელმწიფოს ადგილსამყოფელ საელმწიფოში არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მაგრამ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქვს სხვა საკონსულო დაწესებულება, აღნიშნულ საკონსულო დაწესებულებას შეიძლება დაეკისროს დახურული საკონსულო დაწესებულების კარ-მიდამოს/იქ არსებული ქონებისა და საკონსულო არქივის დაცვა და, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო ფუნქციათა შესრულება ამ საკონსულო ოლქში;

b) თუ წარმდგენ სახელმწიფოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა და სხვა საკონსულო დაწესებულება, გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის b) და c) ქვეპუნქტების დებულებები.

მუხლი 54

დამატებები და ცვლილებები

აუცილებლობის შემთხვევაში მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძულიათ შეიტანონ ამ კონვენციის ტექსტში ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შევა ამ კონვენციის 55-ე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 55

ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

1. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შევა მხარეთა მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს.

2. ეს კონვენცია ძალაში რჩება ექვსი თვის მანძილზე იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხებით წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს ამ კონვენციის მოქმედება.

შესრულებულია ქ. ალმატიში, 199 წლის 11 ნოემბერს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ კონვენციის დებულებათა განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს სახელით                                    ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით

                           (ხელმოწერილია)                                                          (ხელმოწერილია)