ევროპული კონვენცია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ (ETS N 85)

  • Word
ევროპული კონვენცია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ (ETS N 85)
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/1975
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 09/08/2002
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 480150000.02.002.000425
  • Word
-
15/10/1975
გაურკვეველი, -, 09/08/2002
480150000.02.002.000425
ევროპული კონვენცია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ (ETS N 85)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ETS N 85

ევროპული კონვენცია

ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ

1975 წლის 15 ოქტომბერი

ქვემორე ხელის მომწერნი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრთა შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა, განსაკუთრებით კანონმდებლობის სფეროში საერთო წესების მიღებით;

აღნიშნავენ, რომ მრავალ წევრ სახელმწიფოში გადადგუმლია ან იდგმება ნაბიჯები ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებისათვის, მათსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივ სტატუსებს შორის იმ განსხვავებათა შემცირებით, რომლებიც იწვევენ პირველთა სამართლებრივ თუ სოციალურ ნაკლოვანებებს.

აღიარებენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს წევრ სახელმწიფოთა ამ სფეროსთან დაკავშირებულ კანონმდებლობებს შორის დიდი განსხვავებები.

სწამთ, რომ ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს და მათ სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული საერთო წესების ფორმულირება ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას და იმავდროულად წვლილს შეიტანს ამ სფეროში წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობების ჰარმონიზაციაში.

ამასთან, ითვალისწინებენ, რომ იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ვერ შეძლებენ წინამდებარე კონვენციის გარკვეული წესების ერთბაშად მიღებას, აუცილებელია დაშვებულ იქნას წინასწარი ეტაპები,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი I

თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს თავისი კანონმდებლობის შესაბამისობა წინამდებარე კონვენციის დებულებებთან და შეატყობინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ამ მიზნით მიღებული ზომების თაობაზე.

    მუხლი II

ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის დედობის დადგენა დაფუძნებული იქნება მხოლოდ ბავშვის დაბადების ფაქტზე.

    მუხლი III

ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

    მუხლი IV

მამობის ნებაყოფლობითი აღიარება არ შეიძლება იყოს გასაჩივრებული ან ეჭვქვეშ დაყენებული, თუ შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულ პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პიროვნება, რომელსაც სურს აღიაროს ან უკვე აღიარა ბავშვი, არ არის ბავშვის ბიოლოგიური მამა.

    მუხლი V

მამობის დადგენასთან დაკავშირებულ მოქმედებაში მეცნიერული მტკიცებულებანი, რომლებსაც ძალუძთ ხელი შეუწყონ მამობის დადგენას ან უარყოფას იქნება დაშვებული.

    მუხლი VI

1. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში.

2. როდესაც კანონიერად დაბადებული ბავშვის ზრუნვაზე იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მამისა და დედის ოჯახის გარკვეულ წევრებს, ასეთი პასუხისმგებლობა ასევე გამოიყენება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის სასარგებლოდაც.

    მუხლი VII

1. როდესაც ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მიკუთვნება დადგენილია ორივე მშობელთან მიმართებაში, მშობლის უფლებები არ შეიძლება ავტომატურად მიეკუთვნოს მხოლოდ მამას.

2. იარსებებს საშუალება მშობლის უფლებების გადაცემისა; გადაცემის საკითხები მოწესრიგდება შიდა კანონმდებლობით.

    მუხლი VIII

როდესაც ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამას ან დედას არ გააჩნია ბავშვზე მშობლის ან მეურვეობის ვალდებულება, მშობელს შეუძლია მიიღოს უფლება ბავშვთან ურთიერთობისა შესაბამის შემთხვევაში.

    მუხლი IX

ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვს გააჩნია მამისა და დედის ქონებაზე მემკვიდრეობის ისეთივე უფლება, როგორც მას ექნებოდა კანონიერად დაბადების შემთხვევაში.

    მუხლი X

ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამისა და დედის ქორწინება მიანიჭებს ბავშვს კანონიერად დაბადებული ბავშვის სამართლებრივ სტატუსს.

    მუხლი XI

1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ ინსტრუმენტები დეპონირებული იქნება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მესამე ინსტრუმენტის დეპონირების დღიდან 3 თვის შემდგომ დღეს.

3. იმ ხელმომწერ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც შემდგომში მოახდენს რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, კონვენცია ძალაში შევა რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ ინსტრუმენტის დეპონირების დღიდან 3 თვის შემდეგ.

    მუხლი XII

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომინტეტს წინამდებარე კონვენციასთან მისაერთებლად შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფო.

2. ასეთი მიერთება განხორციელდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მიერთების შესახებ ინსტრუმენტის დეპონირების გზით, რომელიც ძალაში შევა დეპონირების თარიღიდან 3 თვის შემდეგ.

    მუხლი XIII

1. ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ინსტრუმენტის დეპონირების დროს შეუძლია დააზუსტოს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდება წინამდებარე კონვენცია.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ინსტრუმენტის დეპონირების დროს ან ნებისმიერ შემდგომ დროს, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით გაავრცელოს წინამდებარე კონვენცია, განცხადებაში მოყვანილ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე და რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე იგი პასუხისმგებელია ან ვისი სახელითაც იგი უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებანი.

3. წინა პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ასეთ განცხადებაში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება იქნას გაუქმებული წინამდებარე კონვენციის მე-15 მუხლში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

    მუხლი XIV

1. ნებისმიერ სახლმწიფოს ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთეის შესახებ ინსტრუმენტის დეპონირების დროს ან წინამდებარე კონვენციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განცხადების გაკეთების დროს, შეუძლია გააკეთოს არაუმეტეს 3 დათქმისა კონვენციის მეორედან მეათე მუხლის დებულებებთან დაკავშირებით. საერთო ხასიათის დათქმები არ დაიშვება, თითოეული დათქმა არ შეიძლება უკავშირდებოდეს ერთ დებულებაზე მეტს.

2. დათქმა ძალაშია შესაბამისი ხელშემკვრელი მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით. შესაძლებელია მისი განახლება მომდევნო 5-წლიანი ვადით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე წინა ვადის ამოწრუვამდე გაკეთებული განცხადების გზით.

3. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადებით, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს ზემოხსენებული პუნქტების შესაბამისად მის მიერ გაკეთებული დათქმა. ასეთი გაუქმება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ განცხადების მიღების დღიდან.

    მუხლი XV

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რამდენადაც ეს მასთან არის დაკავშირებული, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინებით მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია.

2. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობნიების მიღების თარიღიდან 6 თვის შემდეგ.

    მუხლი XVI

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და წინამდებარე კონვენციასთან მიერთებულ ნებისმიერ სახელმწიფოს შეატყობინებს:

a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b) რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ნებისმიერი ინსტრუმენტის დეპონირების თაობაზე;

c) მე-11 მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის თაობაზე;

d) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომელიც მიღებულია პირველი მუხლის დებულებების შესაბამისად;

e) ნებისმიერი განცხადების შესახებ, რომელიც მიღებულია მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებების შესაბამისად;

f) ნებისმიერი დათქმის შესახებ, რომელიც გაკეთებულია მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად;

g) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად, ნებისმიერი დათქმის განახლების შესახებ;

h) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად, ნებისმიერი დათქმის გაუქმების შესახებ;

i) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომელიც მიღებულია მე-15 მუხლის დებულებათა შესაბამისად, და დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღის თაობაზე.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელის მომწერებმა, რომელთაც გააჩნიათ ამისათვის შესაბამისი უფლებამოსილება, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია სტრასბურგში, 1975 წლის 15 ოქტომბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდული ძალა, თითოეული მათგანი შესრულებულია ერთ ეგზემპლარად და დეპონირდება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დადასტურებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს.