დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/10/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 16/11/1999 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/02/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000280 |
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
სურთ რა განამტკიცონ მეგობრობისა და ურთიერთგაგების ურთიერთობები,
ისწრაფვიან რა გააფართოონ თანამშრომლობა სამართლებრივ სფეროში,
გათვითცნობიერებული აქვთ რა ორივე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესახებ ურთიერთინფორმირების გაუმჯობესებისათვის ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები აღიარებენ სამართლებრივი აქტების ორმხრივი საინფორმაციო გაცვლის აუცილებლობას იმ საკითხებზე, რომლებიც აღნიშნულია ნორმატიული სამართლებრივი აქტების ნუსხაში (თან ერთვის), ექვემდებარებიან სახელმწიფოთაშორის გაცვლას, დაშვებულნი არიან პუბლიკაციისათვის.
ზემოაღნიშნულ ნუსხაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 2
თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას გადასცეს მეორე მხარეს მოთხოვნილი ინფორმაცია ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებზე.
ერთი მხარის მიერ თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს მხოლოდ იმ მხარის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია.
თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარეების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მუხლი 3
მხარეები, ეროვნული საინფორმაციო რესურსების გამოყენებით, შექმნიან სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლისათვის მონაცემთა საკუთარ ეტალონურ ბაზებს.
მუხლი 4
მხარეები, ახორციელებენ რა შეთანხმებულ ზომებს სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის სისტემის შესაქმნელად, შესაბამისად განსაზღვრავენ:
ინფორმაციის მომხმარებელი სუბიექტების ჩამონათვალს;
ინფორმაციის სამართლებრივ რეჟიმს: ნორმატიულად დადგენილი წესები, რომლებიც განსაზღვრავენ ინფორმაციის გახსნის ხარისხს, დოკუმენტირების, მოპოვების, შენახვის, გავრცელებისა და დაცვის წესს.
მუხლი 5
მხარეები განსაზღვრავენ იუსტიციის სამინისტროებს, როგორც სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლისა და სისტემის შექმნის სამუშაოების კოორდინატორებს.
მუხლი 6
მხარეები უზრუნველყოფენ სამართლებრივი ინფორმაციის ეროვნული რესურსების ხელმისაწვდომობას, რომელიც განსაზღვრულია ერთობლივი სარგებლობისათვის (მონაცემთა ეტალონურ ბაზებს), ინარჩუნებენ მათ საკონტროლო მდგომარეობაში და პასუხს აგებენ საინფორმაციო მონაცემების მიწოდების სისრულეზე, ნამდვილობასა და დროულობაზე.
მუხლი 7
სამართლებრივი ინფორმაცია წარედგინება რუსულ ენაზე და უსასყიდლოდ. მასალებისა და სასწრაფო შეტყობინებების გადაცემისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს კავშირის ელექტრონული, ფაქსიმილური და სხვა საშუალებები.
მუხლი 8
მხარეები მიიჩნევენ აუცილებლად მონაცემთა ბაზების გაცვლის დროს წარუდგინონ ერთმანეთს ნორმატიული სამართლებრივი აქტების კლასიფიკატორები. განახორციელონ სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლა სისტემების მოქმედი საინფორმაციო საკომუნიკაციო რესურსებით, აგრეთვე კონფიდენციალური კავშირის ახლად შექმნილი სისტემებით. სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9
ეს შეთანხმება არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
მუხლი 10
ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა შეთანხმებით.
ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება ოქმებით, რომლებიც გახდება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.
მუხლი 11
მხარეთა შორის დავები და უთანხმოება გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების საფუძველზე.
მუხლი 12
ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ მიმდინარე ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე ერთ-ერთი მხარე არ მიიღებს მეორე მხარის წერილობით შეტყობინებას მისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება.
შესრულებულია ქ. თბილისში 1998 წლის 22 ოქტომბერს ორ პირად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
ამ შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია)
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
დოკუმენტის კომენტარები