დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საწარმოო კოოპერაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 05/01/1999 |
ძალაში შესვლის თარიღი | 11/11/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).030.000242 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საწარმოო კოოპერაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
აცნობიერებენ რა, რომ ეკონომიკური, სამრეწველო და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობა წარმოადგენს სტაბილური და გრძელვადიანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან და აუცილებელ ელემენტს,
ითვალისწინებენ რა მათი სახელმწიფოების საწარმოო და სამეცნიერო–ტექნოლოგიურ პოტენციალებს შორის არსებულ ტექნოლოგიურ ურთიერთკავშირებს,
აღიარებენ რა საბაზრო ურთოერთობების საფუძველზე ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნაში ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების პირდაპირი საწარმოო ურთიერთობების გადამწყვეტ როლს,
ისწრაფვიან რა უზრუნველყონ ხელსაყრელი პირობები დაწესებულებებსა და დარგებს შორის საწარმოო კოოპერაციის მხარდაჭერისა და ურთიერთსასარგებლო განვითარების ხელშეწყობისათვის,
ეყრდნობიან რა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთქმედების მიღწეულ დონეს,
გამოხატავენ რა მზადყოფნას, ხელი შეუწყონ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის განმტკიცებას და განავითარონ ურთიერთობები ვაჭრობის სფეროში ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმების და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად,
ხელმძღვანელობენ რა განუხრელი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის, თავიანთ მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების, დასაქმების ზრდის, მატერიალური და ადამიანთა რესურსების ეფექტური გამოყენებისა და გარემოს დაცვის მიზნებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
ხელშემკვრელი მხარეები, ხელს შეუწყობენ საკუთრების ნებისმიერი ფორმის საწარმოებს, დარგობრივსა და დარგთაშორის კომპლექსებს შორის პირდაპირი საწარმოო კავშირების საფუძველზე კოოპერაციის განხორციელებასა და განვითარებას.
მუხლი 2
ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს წარმოების საერთაშორისო სპეციალიზაციისა და წარმოების კოოპერაციის განვითარების, მათი განხორციელების პირობების უზრუნველყოფის, მრეწველობის დარგებში პრიორიტეტების განსაზღვრის, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის წარმოების კოორდინაციის განსახორციელებლად, თავდაცვითი კონვერსიის სფეროს ჩათვლით.
მუხლი 3
ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ:
– კოოპერაციის საშუალებით საქონლის მიწოდებაში იგულისხმება ნედლეულის, მასალების, კვანძების, დეტალების, სათადარიგო ნაწილების, ნაკეთობების, ნახევარფაბრიკატების, დარგობრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობის მაკომპლექტებელი და სხვა ტექნოლოგიურად ურთიერთდაკავშირებული და საბოლოო ერთობლივი პროდუქციის დამზადებისათვის აუცილებელი ნაწარმის მიწოდება.
– მომსახურების გაწევაში იგულისხმება საპროექტო, სარემონტო სამუშაოები, ტექნიკური მომსახურება და ტექნოლოგიური ოპერაციები,
– საქონლის საბაჟო რეჟმის ფარგლებში გადამუშავების მიწოდებებში იგულისხმება საქონლის მიწოდება ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით.
მუხლი 4
ხელშემკვრელი მხარეები საწარმოო კოოპერაციისა და პირდაპირი კავშირების ძირითად პრინციპად თვლიან ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს), რომლებიც იდება სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების მიერ შესაბამისი დარგობრივი და დარგთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე.
მუხლი 5
ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ საწარმოო კოოპერაციის შესახებ დარგობრივი და დარგთაშორისი შეთანხმებების დადებას.
მუხლი 6
ხელშემკვრელი მხარეები პრიორიტეტულად თვლიან საწარმოო კოოპერაციის შესახებ შეთანხმებების დადებას შემდეგ დარგებში:
– სათბობ–ენერგეტიკული კომპლექსი;
– მეტალურგიული, ქიმიური, ნავთობ–ქიმიური მრეწველობა;
– მანქანათმშენებლობისა და თავდაცვის მრეწველობა;
– ტრანსპორტი;
– სამედიცინო და ფარმაცევტული მრეწველობა;
– სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა;
მუხლი 7
საწარმოო კოოპერაციის შესახებ დარგობრივ და უწყებათშორის შეთანხმებებში დადგენილ იქნება ჩამონათვალი იმ საწარმოებისა და ორგანიზაციებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კოოპერაციაში და ინარჩუნებენ პროდუქციის წარმოების (მომსახურების გაწევის) სპეციალიზაციას, აგრეთვე პროდუქციის (მომსახურების გაწევის) კოოპერირებული მიწოდებების ნომეკლატურა და მოცულობა.
მუხლი 8
საწარმოო კოოპერაციის შესახებ დარგობრივი და დარგთაშორისი შეთანხმებების რეალიზაცია განხორციელდება ამ შეთანხმების საფუძველზე, ხელშემკვრელ მხარეთა საწარმოებს შორის მათ შორის ხელშეკრულების (კონტრაქტები) დადების გზით, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო საზღვარზე პროდუქციის საბაჟო გაფორმებისა და გატარების საფუძველს.
საწარმოო კოოპერაციის ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის (მომსახურების) დეკლარირება და აღრიცხვა ხორციელდება მხარეთა საბაჟო ორგანოების მიერ, მათი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9
გადაცემული ნედლეულისაგან კოოპერაციით წარმოებული პროდუქციის მიწოდება განხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა ქვეყნებში ნედლეულის ოპერაციების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10
საწარმოო კოოპერაციის ფარგლებში მიწოდებული ნედლეული, მასალები და მაკომპლექტებელი ნაწარმი, არ ექვქმდებარება რეექსპორტს მესამე ქვეყნებში, იმ ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი წერილობითი თანხმობის გარეშე, რომლის ტერიტორიიდან იქნა მიწოდებული ნედლეული, მასალები და მაკომპლექტებელი ნაწარმი.
წარმოების სფეროში ინტეგრაციული პროცესების განვითარების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, თანმიმდევრული მუშაობა ჩაატარონ სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების დაწესებულებებისა და დარგების კოოპერაციული კავშირების დარეგულირების ნაწილში, თავიანთი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის ნორმების კოორდინაციისა და დაახლოებისათვის.
მუხლი 11
ხელშემკვრელი მხარეები საჭიროების შემთხვევაში შეათანხმებენ კრედიტებისა და ინვესტიციების გამოყოფის პირობებს, რომლებიც წაახალისებს კოოპერაციის განვითარებას მეცნიერებადტევად წარმოებებსა და საექსპორტოდ ორიენტირებულ დარგებში, აგრეთვე, იმპორტშემცვლელი პროდუქციის გამოშვებაში.
მუხლი 12
ხელშემკვრელი მხარეები ორგანიზაციას გაუწევენ ქვემოთჩამოთვლილი პრობლემების ერთობლივ შემუშავებას, რომელთა გადაწყვეტა დაევალება დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს:
– მარკეტინგული, ლიზინგური გამოკვლევების ჩატარება და გამოფენების ორგანიზაცია, მომსახურების გაწევა.
– თავიანთ ქვეყნებს შორის თანამედროვე საინფორმაციო კომუნიკაციების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფენ დახმარებას პარტნიორების მოძებნაში, ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მომზადებაში, დადებასა და შესრულებაში.
– სპეციალისტების მოსამზადებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.
მუხლი 13
ეს შეთანხმება შეიძლება იქნას შევსებული ან შეცვლილი მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 14
ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები გადაწყვეტილ იქნება მონაწილე მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 15
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.
შეთანხმება მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.
შეთანხმების მოქმედების ვადა ავტოამტურად გრძელდება ყოველი შემდგომი ხუთწლიანი პერიოდით, თუ ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარე ექვსი(6) თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის განზრახვას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის „......“ ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების განმარტების მიზნით უპირატესობა გააჩნია ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
დოკუმენტის კომენტარები