შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 07/05/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000048
  • Word
-
02/11/1992
გაურკვეველი, -, 25/12/1997
000000430.00(0).003.000048
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას, რომლებსაც შემდგომში „მხარეები“ ეწოდებათ,

შეგნებული აქვთ საქართველოს რესპუბლიკასა და უნგრეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობა,

სურთ ხელი შეუწყონ ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო მრავალმხრივ ურთიერთობასა და მსოფლიო მეურნეობის პროცესებთან, აგრეთვე საერთაშორისო ბაზრის პრაქტიკასა და ნორმებთან მათ დაახლოებას,

ისწრაფვიან მსოფლიო სამეურნეო ურთიერთობებსა და, უპირველეს ყოვლისა, ევროპულ ეკონომიკურ სტრუქტურებში საქართველოს რესპუბლიკისა და უნგრეთის რესპუბლიკის ეკონომიკის თანდათანობითი ინტეგრირებისაკენ.

ხელმძღვანელობენ ეკონომიკური ურთიერთკავშირების განხორციელებისას თანასწორუფლებიანობის, ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

კარი 1

მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას პირდაპირი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შექმნისა და განვითარებისათვის.

მხარეები, შემდგომ სუბიექტებად წოდებულნი, ხელს შეუწყობენ საგარეო ეკონომიკური კავშირების მონაწილეთა შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, თითოეული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

კარი 2

მხარეები, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გამარტივების მიზნით, ერთმანეთს შეუქმნიან ნებისმიერი მესამე ქვეყნისათვის მინიჭებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს.

კარი 3

ამ შეთანხმების მე-2 კარის დებულებანი არ ვრცელდება უპირატესობებზე:

ა) რომლებიც ერთ-ერთმა მხარემ სხვა მეზობელ ქვეყნებს მიანიჭა ან შეიძლება მიანიჭოს სასაზღვრო ვაჭრობის გამარტივების მიზნით;

ბ) რომლებიც შეთანხმებაზე ხელმომწერ ერთ-ერთ მხარეს მიენიჭა ან შეიძლება მიენიჭოს თავისუფალი ვაჭრობის ზონაში, საბაჟო კავშირებსა ან სხვა რეგიონულ შეთანხმებებში მონაწილეობისას.

კარი 4

საქონლის მიწოდება და მომსახურება განხორციელდება, ერთი მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის სუბიექტებისა და, მეორეს მხრივ, უნგრეთის რესპუბლიკის სუბიექტების მიერ დადებული კონტრაქტების საფუძველზე.

კარი 5

ანგარიშსწორებასა და გადახდას სუბიექტები ახორციელებენ თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით მსოფლიო ფასებისა და საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსურ პრაქტიკაში მიღებული პირობების გამოყენებით.

მხარეთა შეთანხმებით ამ შეთანხმების შესაბამისი ანგარიშსწორება საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული ნებისმიერი ფორმით ხდება.

კარი 6

სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განხორციელების მიზნით მხარეებმა შეიძლება შეათანხმონ ერთმანეთისათვის მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურების ინდიკატორი ნუსხები, რომლებსაც არ ექნებათ შემზღუდავი ხასიათი.

ამ ნუსხათა შესაბამისად მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ნომენკლატურა გაფორმდება ოქმით.

კარი 7

მხარეთა უფლებამოსილებით აღჭურვილი ბანკები ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 90 დღის განმავლობაში შეაჯერებენ და დაადგენენ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების საბანკო უზრუნველყოფის აუცილებელ ტექნიკურ წესს. ამ მიზნით ზემოხსენებული ბანკები დებენ ურთიერთსაბანკო ხელშეკრულებას.

კარი 8

მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ვაჭრობის გარდა ამგვარი თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს პირდაპირი საწარმოო კავშირების დამყარებას და გაფართოებას, წარმოების კოოპერირებას, ერთობლივი საწარმოების, ორმხრივი გაერთიანებებისა და ორგანიზაციების შექმნას, საგარეო ეკონომიკური კავშირების მონაწილეთა წარმომადგენლობებისა და ფილიალების გახსნას, აგრეთვე მსოფლიოს ეკონომიკურ პრაქტიკაში მიღებული თანამშრომლობისა და გაცვლის სხვა პროგრესული ფორმების განვითარებასა და დანერგვას.

კარი 9

მხარეები აწესებენ, რომ ამ შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასა და შესრულებასთან დაკავშირებული აზრთა სხვაობა, აგრეთვე შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა სხვა საკითხი გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკების გზით.

კარი 10

მხარეების უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები შეთანხმების შესრულების განსახილველად საჭიროებისამებრ რიგრიგობით შეხვდებიან თბილისსა და ბუდაპეშტში.

კარი 11

ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეების ურთიერთშეთანხმებით.

კარი 12

ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

ეს შეთანხმება შეიძლება გაუქმდეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ნებისმიერი მხარის განცხადების საფუძველზე და ძალას კარგავს განცხადების თარიღიდან 6 თვის გავლის შემდეგ. ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მისი დებულებანი გამოიყენება ყველა იმ კონტრაქტის მიმართ, რომელთა ვალდებულებანი წარმოიშვა მისი მოქმედების პერიოდში და შეთანხმების მოქმედების ვადის შეწყვეტის მომენტისათვის არაა შესრულებული.

კარი 13

ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან.

შესრულებულია 1992 წლის 02 ნოემბერს, დედანთა ორ-ორ პირად, თითოეული ქართულ, უნგრულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს ერთნაირი ძალა აქვს. ამ შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან და შესრულებასთან დაკავშირებულ აზრთა სხვაობის შემთხვევაში მხარეები სახელმძღვანელოდ გამოიყენებენ შეთანხმების რუსულ ტექსტს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)