შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო ურთიერთმიმოსვლის წესის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო ურთიერთმიმოსვლის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 26/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 29/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000054
  • Word
-
29/09/1997
გაურკვეველი, -, 26/12/1997
000000430.00(0).003.000054
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო ურთიერთმიმოსვლის წესის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო ურთიერთმიმოსვლის წესის შესახებ

საქართველოს მთავრობა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა სურვილით, ხელი შეუწყონ მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცებას,

სურთ რა ხელი შეუწყონ იმ მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას, რომლებსაც გააჩნიათ სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტები,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლისათვის განკუთვნილი სასაზღვრო პუნქტებიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა, გასვლა, ტრანზიტად გადაადგილება და დროებით ყოფნა, მოცემული შეთანხმებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესვლის მომენტიდან ოცდაათ დღეს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები აპირებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ოცდაათ დღეზე მეტი ვადით დარჩენას, იმ სახელმწიფოს დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობების წერილობითი თხოვნით, რომლის მოქალაქეებიც არიან ეს პირები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თითოეული ხელშემკვრელი მხარის ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, შეუძლია მოქალაქეებს გაუგრძელოს ყოფნის ვადა 90 დღემდე, ქვეყანაში შესვლის მომენტიდან.

    მუხლი 2

1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობების თანამშრომლები, უფლება აქვთ სამსახურებრივი საქმიანობის მთელ პერიოდში უვიზოდ შევიდნენ, გავიდნენ და იმყოფებოდნენ მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

2. პირველ პუნქტში მითითებული უფლებებით სარგებლობენ ორივე სახელმწიფოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არიან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა წარმომადგენლობებიც განლაგებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან მსახურობენ მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებში და არიან დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.

3. პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული პირების ოჯახის წევრები, მათი სამსახურებრივი საქმიანობის მთელ პერიოდში სარგებლობენ პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებებით, თუ ისინი არიან ქართული ან უნგრული დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები და თუ მათი ბავშვები ჩაწერილი არიან მშობლების დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებში.

    მუხლი 3

1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს ვალდებული არიან დაიცვან ამ მხარის მოქმედი კანონები და წესები.

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, უარი განუცხადოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეს თავის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა, თავისი გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.

3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მოცემული შეთანხების მოქმედება.

აღნიშნული ზომების მიმღები ხელშემკვრელი მხარე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, დიპლომატიური არხებით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს აღნიშნული ზომების მიღებისა და, შესაბამისად, მათი გაუქმების შესახებ.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეების საგარეო საქმეთა სამინისტროები შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს თხუთმეტი დღისა შეთანხმების ძალაში შესვლამდე, დიპლომატიური არხებით გაცვლიან იმ მოქმედი პასპორტების ნიმუშებს, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმების მოქმედება, აგრეთვე ახალი პასპორტების შემოღებიდან არაუმცირეს ოცდაათი დღისა, გადასცემენ ერთმანეთს მათ ნიმუშებს.

    მუხლი 5

1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელმა მოქალაქემ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში, უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე ხელშემკვრელ მხარის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

2. პირველ პუნქტში მოხსენიებული დაკარგული ან გაფუჭებული სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ, იმ სახელმწიფოს დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, რომლის მოქალაქეც არის ეს პირი, გასცემს მასზე ახალ სამგზავრო დოკუმენტს. აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტებით გასვლა ნებადართულია მიმღები მხარის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ.

    მუხლი 6

ამ შეთანხმების რეალიზაციისას დავის ან უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები წყვეტენ მათ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.

    მუხლი 7

1. შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერიდან ოცდამეათე დღეს.

2. ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში დარჩება, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე დიპლომატიური არხებით წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მისი შეწყვეტის სურვილის შესახებ. ამ შემთხვევაში ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან შეტყობინების მიღებიდან მესამოცე დღეს.

3. ხელშემკვრელი მხარეებისათვის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ძალას კარგავს 1978 წლის 24 ნოემბერს ქ. ბუდაპეშტში უნგრეთის სახალბო რესპუბლიკის მთავრობასა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმება უვიზო ურთიერთმიმოსვლის პირობების შესახებ და მისი დამატებითი აქტები.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 29 სექტემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უნგრულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულებათა განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში. გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)