შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 28/12/1998
ძალაში შესვლის თარიღი 14/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 000430003.00.000.000233
22/04/1997
გაურკვეველი, -, 28/12/1998
000430003.00.000.000233
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი,

არიან რა 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მონაწილენი,

აღიარებენ რა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მნიშვნელობას, როგორც ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის დამყარებისა და შენარჩუნების საშუალებას,

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარების მიზნით,

აქვთ რა სურვილი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ თავიანთ შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ ფარგლებს გარეთ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ტერმინთა განსაზღვრებანი

ამ შეთანხმების გამოყენებისა და განმარტების მიზნით, თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ტექსტიდან:

a) ტერმინი „კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს, ქ. ჩიკაგოში ხელმოწერისათვის გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და შეიცავს კონვენციის ნებისმიერ დანართს იმდენად, რამდენადაც ასეთი დანართი და შესწორება ძალაშია ხელშემკვრელი მხარეებისათვის და კონვენციის ნებისმიერ შესწორებას მიღებულს კონვენციის 94-ე მუხლის თანახმად, რატიფიცირებულს შესაბამისად საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ;

b) ტერმინი ,,საავიაციო ხელისუფლება” ნიშნავს:

 საქართველოსთან მიმართებაში - ტრანსპორტის სამინისტროს და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, უფლებამოსილს განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სრულდება ამ სამინისტროსა და დეპარტამენტის მიერ.

ყირგიზეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში-ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, უფლებამოსილს განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სრულდება ამ სამინისტროს მიერ;

c) ტერმინი ,,დანიშნული ავიასაწარმო” ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნული და უფლებამოსილია ამ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად;

d) ტერმინი ,,ტერიტორია” სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს სახმელეთო ზედაპირს, ტერიტორიულ და შიდა წყლებს და საჰაერო სივრცეს მათ ზევით, რომლებიც მდებარეობენ ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ;

e) ტერმინებს: ,,საჰაერო მიმოსვლა”, ,,საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, ,,ავიასაწარმო” და ,,გაჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები;

f) ტერმინი ,,შეთანხმება” ნიშნავს ამ შეთანხმებას, მისი დამატებებისა და ნებისმიერი შესწორებების ჩათვლით.

g) ტერმინი ,,დადგენილი მარშრუტები” ნიშნავს შეთანხმების დანართში დადგენილ და დასადგენ მარშრუტებს;

h) ტერმინი ,,შეთანხმებული ხაზები” ნიშნავს დადგენილი მარშრუტებით ექსპლუატირებულ საერთაშორისო ავიახაზებს ამ შეთანხმების დანართის შესაბამისად;

i) ტერმინი ,,ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადატანის ღირებულებას და ამ ღირებულების ამოღების პირობებს გადასახადის თანხის, სააგენტო და სხვა სახის მომსახურების ჩათვლით, საფოსტო გადაზიდვების ღირებულებისა და პირობების გამოკლებით;

j) ტერმინი ,,ტევადობა” ,,შეთანხმებული ხაზების” მიმართ ნიშნავს ამ ავიახაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს დროის გარკვეულ პერიოდში ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული რეისების სიხშირეზე მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.

    მუხლი 2. უფლებათა მინიჭება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, დანართით განსაზღვრულ მარშრუტებზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სარგებლობს შემდეგი უფლებებით:

a) განახორციელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე.

b) განახორციელოს დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით იმ პუნქტებში, რომლებიც მითითებულია ამ შეთანხმების დანართში ;

c) განახორციელოს დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ შეთანხმების დანართში აღნიშნულ პუნქტებში საერთაშორისო მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომისა და (ან) გადმოსხდომის, ფოსტისა და ტვირთის ჩატვირთა-გადმოტვირთვის მიზნით.

3. აღნიშნულ მუხლში არაფერი არ იქნება განხილული, როგორც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსათვის უფლების მინიჭება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების პირობებით, საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ფოსტა და ტვირთი ამავე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტებში გადაყვანის მიზნით.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ადგენს თავის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდების მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის მარშრუტებსა და სახელმწიფო საზღვრების გადაფრენის პუნქტებს.

5. საჰაერო ხომალდების ფრენასთან, შეთანხმებულ ავიახაზებზე მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვებთან, საჰაერო ხომალდების მიწისზედა ტექნიკურ მომსახურებასა და ფინანსური ანგარიშსწორების წესებთან დაკავშირებული ტექნიკური და კომერციული საკითხები გადაწყვეტილი იქნება დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ურთიერთშეთანხმების გზით და წარედგინება დასამტკიცებლად ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს.

    მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმო(ები) დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, რის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს.

2. ამ შეტყობინების მიღებისთანავე, მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების შესაბამისად, დაუყოვნებლივ წარუდგენს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ფრენის შესაბამის ნებართვას.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ, ფრენის ნებართვის გაცემამდე, შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას შეუძლია შეასრულოს ის პირობები, რომლებიც დაწესებულია იმ წესებითა და კანონებით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამ ხელისუფალთა მიერ საერთაშორისო საჰაერო ბაზების ექსპლუატაციის დროს და კონვენციის დებულებებით.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭებაზე ან ამ შეთანხმების მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობით და მასზე რეალური კონტროლის უფლებებით სარგებლობენ ამ ავისაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქეები.

5. ამგვარად დანიშნული და მიღებული ნებართვის შედეგად ავისაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის შეთანხმებული ფრენის განრიგი, დამტკიცებული ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთა მიერ და ტარიფები, რომლებიც დადგენილია ამ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, შესულია ძალაში.

    მუხლი 4. ფრენის ნებართვების გაუქმება ან შეჩერება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება ექნება გააუქმოს ფრენის ნებართვა ან შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსადმი მინიჭებული უფლებები ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, ან მოსთხოვო ისეთი პირობების დაცვა, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის ამ უფლებების გამოყენების დროს:

a) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის არ არის დარწმუნებული, რომ უპირატესი მფლობელობა ან მასზე რეალური კონტროლი ეკუთვნის იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო ან მის მოქალაქეებს; ან

b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც მიანიჭა მას ეს უფლება; ან

c) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავისაწარმო რაიმე სხვაგვარი სახით არ იცავს პირობებს, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.

2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმება, უფლებებით სარგებლობის შეჩერება ან პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, რომელიც უნდა შედგეს მოთხოვნის დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში.

    მუხლი 5. საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება

1. საჰაერო ხომალდები, რომლებიც ექსპლუატირებულია შეთანხმებულ ხაზებზე ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, ასევე მათი სატაბელო ქონება, საწვავის მარაგი, საპოხი მასალები და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (სურსათის, სასმელის და თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით) თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახადებისაგან და სხვა ამგვარი მოსაკრებლებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე.

2. ასევე გათავისუფლებულ იქნებიან ასეთივე მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან, გარდა გაწეული მომსახურებისათვის:

a) საბორტო მარაგი, აღებული ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და გამიზნული მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის;

b) სათადარიგო ნაწილები, რომელიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექმომსახურებისა და რემონტისათვის;

c) საწვავი და საპოხი მასალები განკუთვნილნი საჰაერო ხომალდისათვის და გამოყენებული შეთანხმებულ ხაზებზე ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მარაგი გამოყენებული იქნება მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელიც არის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ისინი ატანილია ბორტზე;

d) დოკუმენტები, გამოყენებული ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ავიაბილეთების, ავიაზედნადებების, ასევე სარეკლამო მასალების ჩათვლით, უფასოდ ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, ასევე ქონება, მოწყობილობა და დოკუმენტები, აღნიშნულნი ამ მუხლის მე-2 პუნქტში, მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო ხელისუფალთა კონტროლის ან ზედამხედველობის ქვეშ.

4. საბორტო სატაბელო ქონება, მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, რომლებიც იმყოფება ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის ნებართვით. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება განთავსებულ იქნეს აღნიშნულ ხელისუფალთა კონტროლის ქვეშ, სანამ არ იქნება უკან გატანილი და არ მიიღებენ სხვა დანიშნულებებს საბაჟო წესების შესაბამისად.

5. გადასახადებისაგან გათავისუფლება, რომელთა შესახებაც ლაპარაკია ამ მუხლის 1-ლ პუნქტში, გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაშიც, როცა ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ კონტრაქტი დადო სხვა ავიასაწარმოსთან, ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ქონების დროებითი სარგებლობისა და გადაცემის შესახებ, იმ პირობით, რომ ეს სხვა ავიასაწარმო სარგებლობს გათავისუფლების ისეთივე უფლებით საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

    მუხლი 6. ტარიფები

1. ტარიფები, რომლებიც დაწესებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ავისაწარმოთა მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან გადაყვანა-გადაზიდვებისათვის, უნდა დადგენილ იქნეს გონივრულად, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, სხვა ავისაწარმოს საექსპლუატაციო ხარჯების, სათანადო მოგებისა და ტარიფების ჩათვლით. ხელშემკვრელი მხარეები მიუღებლად თვლიან ტარიფებს, რომლებიც გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, რომლებიც ხელოვნურად შემცირებულია ავისაწარმოს დაცვის მიზნით პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის ხარჯზე დისკრიმინაციული ფასების აღკვეთის და ფასებისაგან მომხმარებლის დაცვის პრაქტიკის გამოყენების მიზნით.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ტარიფები შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს შეთანხმებული ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის და ასეთი შეთანხმება შეძლებისდაგვარად მიღწეული უნდა იქნეს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ტარიფების დადგენის მექანიზმის გამოყენებით.

3. ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ტარიფების ძალაში შესვლისაათვის შემოთავაზებულ თარიღამდე ორმოცდახუთი (45) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნეს აღნიშნული ხელისუფლებების შეთანხმებით.

4. თანხმობა ტარიფების გამოყენებაზე შეიძლება იქნეს მიცემული კონკრეტული პასუხის გზით. თუ შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებები ტარიფების წარდგენის მომენტიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ გამოხატავენ უთანხმოებას მათთან, მაშინ ტარიფები ჩაითვლება დამტკიცებულად. თუ მცირდება მე- 3 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პერიოდი, მაშინ საავიაციო ხელისუფალთ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ შეტყობინების ვადა იქნება ოცდაათ დღეზე ნაკლები.

5. თუ ვერ მოხერხდა ტარიფების შეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ან თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ არ ეთანხმება ამ მუხლის მე- 2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად შეთანხმებულ რომელიმე ტარიფს, მაშინ ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები უნდა შეეცადონ ასეთი ტარიფის დადგენას მათ შორის ურთიერთშეთანხმებით.

6. თუ საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ შეთანხმდნენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად წარმოდგენილ ნებისმიერ ტარიფზე ან ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი ტარიფის განსაზღვრაზე, უთანხმოება უნდა გადაიჭრას ამ შეთანხმების მე-18 მუხლის დებულებათა შესაბამისად.

7. ტარიფი, დადგენილი ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, ძალაში რჩება იმ დრომდე, ვიდრე არ დამტკიცდება ახალი ტარიფი. მიუხედავად ამისა ამავე პუნქტის თანახმად, ტარიფის გამოყენების ვადა არ შეიძლება გაგრძელებულ იქნეს ტარიფის არაუმეტეს 12 თვისა იმ დღიდან, რომლიდანაც ტარიფი ითვლება ძალადაკარგულად.

8. ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები ყოველ ღონეს იხმარენ, რათა მათ მიერ დანიშნულმა ავიასაწარმოებმა დაიცვან შეთანხმებული ტარიფები, რომლებიც დამტკიცებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების მიერ და რომ არც ერთმა ავიასაწარმომ არავის არ მისცეს უფლება მოახდინოს ასეთი ტარიფების შემცირება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით საავიაციო ხელისუფალთა მიერ დამტკიცების გარეშე, რომელიც შეიძლება გაცემულ იქნეს საერთო საფუძვლებზე ან რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში, ან მთელ რიგ შემთხვევებში.

    მუხლი 7. წარმომადგენლობა

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ურთიერთანხმობის საფუძველზე ეძლევა უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები და კომერციული, ოპერატიული და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც აუცილებელნი არიან შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის. ზემოაღნიშნული პერსონალი უნდა შედგებოდეს ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეებისაგან.

 2. მოთხოვნები, წაყენებული ამ პერსონალის მიმართ, დანიშნული ავიასაწარმოს სურვილის მიხედვით შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნეს საკუთარი პერსონალის ხარჯზე ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ორგანიზაციების, კომპანიების ან ავიასაწარმოების მომსახურეობის გამოყენების გზით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასწიონ ამგვარი მომსახურეობა.

3. წარმომადგენლებზე და პერსონალზე ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები, და ასეთი კანონებისა და წესების შესაბამისად თითოეული ხელშემკვრელი მხარე ურთიერთთანხმობის საფუძველზე მინიმალური შეფერხებებით, წარმომადგენლებსა და პერსონალს მიანიჭებს აუცილებელ ნებართვებს სამუშაოზე, ვიზებს შრომითი მოწყობისათვის ან სხვა მსგავს დოკუმენტებს, რომლებზედაც მოხსენებულია ამ მუხლის 1-ლ პუნქტში.

    მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ თავის ტერიტორიაზე იმ საჰაერო ხომალდების დაშვებას ან აფრენას, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო ფრენებს, ექსპლუატაციას, ან ამ ხომალდების ნავიგაციას თავის ტერიტორიის ფარგლებში მათი ყოფნის პერიოდში, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდებზე.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის ჩამოსვლასა და გამგზავრებას, და კერძოდ ის ფორმალობები, რომლებიც ეხება საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარიულ წესებს გამოყენებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ მათი აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დროს.

    მუხლი 9. მოწმობების და ლიცენზიების აღიარება

1. ფრენის ვარგისიანობის მოწმობა, კვალიფიკაციის მოწმობები და მოწმობები, გაცემული ან აღიარებული ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, აღიარებულ იქნებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირობით, რომ ასეთი გაცემული ან აღიარებული მოწმობები ნამდვილად შეესაბამება კონვენციით დადგენილ სტანდარტებს და რომ მათი მოქმედების ვადები არ გასულა.

2. მიუხედავად ამისა თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, არ აღიაროს კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, რომლებიც გაცემულია მის მოქალაქეებზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის ტერიტორიაზე ფრენების განხორციელების მიზნით.

    მუხლი 10. საავიაციო უშიშროება

1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთის მიმართ აღებული ვალდებულებების შესაბამისად ადასტურებენ, რომ დაიცავენ სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას უკანონო ჩარევისაგან. ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის ,,სამოქალაქო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთი სხვა ქმედებათა შესახებ” დებულებების შესაბამისად და 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის ,,საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის ,,სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართული კანონსაწინააღმდეგო ქმედობებთან ბრძოლის შესახებ”, 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმის ,,საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობრივ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ” დებულებების შესაბამისად.

2. მათი მოთხოვნების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს უწევენ აუცილებელ დახმარებას საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებისა და სხვა არაკანონიერი ქმედობების თავიდან ასაცილებლად, რომელნიც მიმართულნი არიან საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ეკიპაჟების, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების წინააღმდეგ, ასევე, ნებისმიერი სხვა მუქარის თავიდან ასაცილებლად, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ.

3.ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ საავიაციო უშიშროების დებულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გათვალისწინებული სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დანართების სახით, იმდენად რამდენადაც ასეთი დებულებანი და მოთხოვნილებანი გამოიყენება ხელშემკვრელი მხარეების მიმართ; ისინი მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილმდებარეობა და მუდმივი განლაგება არის მათ ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე მყოფ საერთაშორისო აეროპორტების ექსპლუატანტებს იმოქმედებენ საჰაერო უშიშროების აღნიშნულ დებულებათა და მოთხოვნათა შესაბამისად.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ეთანხმება იმას, რომ მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მე-3 პუნქტის ავიაციის უშიშროების შესახებ დებულებები და მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის და ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჰაერო ხომალდების დასაცავად, მგზავრების, ეკიპაჟების, პირადი ნივთების, ბარგის, ტვირთის და საჰაერო ხომალდის მარაგის შემოწმებას ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე კეთილგანწყობით განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ მოთხოვნას კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით უშიშროების სპეციალური ზომების მიღების შესახებ.

5. როდესაც ადგილი აქვს ინციდენტს ან ინციდენტის მუქარას სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უკანონოდ ხელში ჩაგდებასთან ან სხვა რაიმე უკანონო აქტებთან დაკავშირებით, მიმართულს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტისა და საჰაერო სანავიგაციო საშუალებების უშიშროების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები ასეთი ინციდენტისა და მისი მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთის მიზნით, დახმარებას უწევენ ერთმანეთს კომუნიკაციის გამარტივების გზით და შესაბამისი ზომების გატარებით.

    მუხლი 11. ანგარიშსწორება, შემოსავლების გადარიცხვა და გადაზიდვების გაყიდვა

1. დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ანგარიშსწორება წარმოებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ანგარიშსწორებისა და გადასახადის მოქმედი შეთანხმების შესაბამისად.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს აძლევს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის ნამატი გასავალზე.

3. ასეთი გადარიცხვა უნდა განხორციელდეს იმ შეთანხმებების დებულებების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ ფინანსურ ურთიერთობებს  ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ასეთი შეთანხმების ან მასში შესაბამისი დებულებების არარსებობის შემთხვევაში გადარიცხვა უნდა განხორციელდეს თავისუფალ კონვერტირებულ ვალუტაში, ოფიციალური კურსით იმ სავალუტო გაცვლის წესების შესაბამისად, რომლებსაც იყენებენ ხელშემკვრელი მხარეები.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს ავიაგადაზიდვების გაყიდვა უშუალოდ ან აგენტების მეშვეობით, ამ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად.

    მუხლი 12 .გადასახადებისაგან გათავისუფლება

შემოსავლები, მიღებული ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის შედეგად, გათავისუფლებული იქნებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დაბეგვრისაგან, რომლებიც ამ ხელშემკვრელი მხარის წესების შესაბამისად უნდა ან შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო.

    მუხლი 13. ტევადობა და ფრენების განრიგი

1. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ შესაბამის ტერიტორიებს შორის დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სამართლიანი და თანაბარი პირობები.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას მხედველობაში უნდა მიიღოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესები ისე, რომ არ მიაყენოს ზიანი ამ უკანასკნელი ავიასაწარმოს მიერ განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვებს იგივე მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.

3. შეთანხმებული ხაზები, რომლებზედაც ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები ახორციელებენ მომსახურებას, უნდა შეესაბამებოდნენ მარშრუტზე გადაზიდვების საზოგადოებრივ მოთხოვნებს და ყველა ავიასაწარმოს უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ისეთი ტევადობის უზრუნველყოფა, რომელიც დატვირთვის გონივრული კოეფიციენტის არსებობის შემთხვევაში უპასუხებს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებს შორის მგზავრების გადაყვანის, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვების არსებულ და გონივრულ მოთხოვნებს.

4. ტევადობები დადგენილ მარშრუტებზე არსებითად თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნენ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები.

5. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ფრენების დაწყებამდე არაუგვიანეს სამოცი (60) დღით ადრე უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად სავარაუდო განრიგი, ფრენის სიხშირის, საჰაერო ხომალდის ტიპის, კომპონირებისა და გაყიდვისათვის შეთავაზებული სავარაუდო ადგილთა რაოდენობის ჩვენებით.

 6. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმოები ვერ შეძლებენ ფრენის განრიგის შესახებ შეთანხმების მიღწევას, მაშინ ეს საკითხი გადაწყდება უშუალოდ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ მოლაპარაკების გზით.

7. ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლების დამტკიცების გარეშე, ფრენების განრიგი არ შეიძლება შევიდეს ძალაში. მათი ნებისმიერი შემდგომი ცვლილებები უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს.

    მუხლი 14. მომსახურების საშუალებები და გადასახადები

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააწესოს ან უფლება მისცეს დაწესდეს აეროპორტებისა და სხვა საავიაციო საშუალებების გამოყენებისათვის სამართლიანი და გონივრული გადასახადები იმ პირობით, რომ ეს გადასახადები არ აღემატება გადასახადებს, რომლებსაც მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისათვის სხვა ავიასაწარმოები იხდიან.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს კონსულტაციების ჩატარებას მათ კომპეტენტურ დამბეგრავ ორგანიზაციებს და დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ მომსახურებით და საავიაციო საშუალებებით და სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია ამ დანიშნული ავიასაწარმოების წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მეშვეობით. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს დროული შეტყობინება არსებულ გადასახადებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნებისმიერი წინადადების შესახებ იმისათვის, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, სანამ ეს ცვლილებები იქნება შეტანილი.

3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან შედარებით, რომელიც ასრულებს მსგავს საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებს, საბაჟო, საიმიგრაციო, საკარანტინო და სხვა მსგავსი წესების ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი აეროპორტების, საჰაერო მარშრუტების, ავიაგადაზიდვების მომსახურების და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას.

    მუხლი 15. ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა

თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, მისი მოთხოვნის შესაბამისად აწვდის პერიოდულ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს გონივრულად მოთხოვნილი პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს შეთანხმებულ ხაზებზე შესრულებული გადაყვანა-გადაზიდვების მოცულობის განსაზღვრის მიზნით.

    მუხლი 16. პირდაპირი ტრანზიტი

მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომლებიც პირდაპირი ტრანზიტით გადიან ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და არ ტოვებენ ამ მიზნისათვის გამოყოფილ აეროპორტის ტერიტორიას, გაივლიან მხოლოდ გამარტივებულ კონტროლს. პირდაპირი ტრანზიტის ბარგსა და ტვირთზე არ ვრცელდება საბაჟო და სხვა სახის გადასახადები.

    მუხლი 17. კონსულტაციები

ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის შეიძლება პერიოდულად ჩატარდეს კონსულტაციები.

    მუხლი 18. სადავო საკითხების მოგვარება

1. ამ შეთანხმების გაგებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ მხარეთა შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები პირველ რიგში შეეცდებიან დავა მოაგვარონ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.

2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხელისუფალნი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა მოგვარებული იქნება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ზემოხსენებული საშუალებებით, მაშინ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით დავა გადაცემული იქნება სასამართლოში (აქ და შემდგომში ,,საარბიტრაჟო სასამართლო”) განსახილველად, რომელიც სამი არბიტრისაგან შედგება და რომელთაგან ორი ინიშნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ, ხოლო მესამე, ორი დანიშნული არბიტრის მიერ.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში, დღიდან, როდესაც რომელიმე ხელშემკვრელი მხარე, დიპლომატიური არხის მეშვეობით, მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიიღებს მოთხოვნას, დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის თაობაზე და მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს ან მესამე არბიტრი არ იქნება დანიშნული აღნიშნულ ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროებისდა მიხედვით.

5. მესამე არბიტრი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებების შესაბამისად, უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქე და ასრულებდეს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.

6. საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას.

7. საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯები, არბიტრების ხარჯების ჩათვლით, თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის.

8. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ სასამართლოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.

9. თუ იმ დრომდე, ვიდრე ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიღებულს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეზღუდოს, შეუჩეროს ან გამოითხოვოს ამ შეთანხმების შესაბამისად მინიჭებული უფლებები და პრივილეგიები იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს.

    მუხლი 19. შეთანხმების შეცვლა

თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე შესთავაზებს ამ შეთანხმების ან მისი დანართის პირობების ცვლილებებს, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტარდება კონსულტაციები ამ სავარაუდო ცვლილებებთან დაკავშირებით. კონსულტაციები დაიწყება მისი ჩატარების მოთხოვნის თარიღიდან სამოცი 60 დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალნი არ შეთანხმდებიან ამ პერიოდის გაგრძელების შესახებ, ამ შეთანხმების შესწორებები ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით მათი მიღების შესახებ ნოტების გაცვლის შემდეგ.

დანართის შესწორებები შეიძლება მიღებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების გზით.

    მუხლი 20. შეთანხმების რეგისტრაცია

ეს შეთანხმება და მისი ნებისმიერი შემდგომი შესწორება რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

    მუხლი 21. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა

1.ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი პერიოდით.

2. თითოეული ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხის მეშვეობით შეუძლია ნებისმიერ დროს შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამ შემთხვევაში შეთანხმება თავის მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღების თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის შემდეგ, თუ აღნიშნული შეტყობინება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე არ იქნება უკან გამოთხოვილი ხელშემკვრელი მხარეების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზემოაღნიშნული ვადის გასვლამდე.

    მუხლი 22. ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება გამოიყენება მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში შედის ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დიპლომატიური არხებით მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

ამის დასტურად ქვემორე ხელის მომწერებმა, რომლებიც სათანადო უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 22 აპრილს, ორ ორიგინალ პირად, ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 დანართი

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება განახორციელონ შეთანხმებული ხაზების რეგულარული ექსპლუატაცია შემდეგ მარშრუტებზე:

 

საწყისი პუნქტები

შუალედური პუნქტები

დანიშნულების პუნქტები

პუნქტები ყირგიზეთის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ

პუნქტები საქართველოში

 

პუნქტები ყირგიზეთის რესპუბლიკაში

 

 

2. ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება განახორციელონ შეთანხმებული ხაზების რეგულარული ექსპლუატაცია შემდეგ მარშრუტებზე:

 

საწყისი პუნქტები

შუალედური პუნქტები

დანიშნულების პუნქტები

პუნქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ

პუნქტები ყირგიზეთის რესპუბლიკაში

პუნქტები საქართველოში

 

 

 

3. ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე კონკრეტული პუნქტები დადგენილი იქნება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთშეთანხმების გზით.

4. შუალედური პუნქტები და საქართველოს საზღვრებს გარეთ და ყირგიზეთის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ პუნქტები დადგინდება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

5. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის და მესამე ქვეყნების პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანის, ტვირთის და ფოსტის გადაზიდვის უფლების მინიჭების საკითხი არის ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების ცალკე შეთანხმების საგანი.