შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 13/11/2000
ძალაში შესვლის თარიღი 25/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 480170000.02.002.000385
  • Word
-
07/12/1998
გაურკვეველი, -, 13/11/2000
480170000.02.002.000385
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი,

იღებენ რა მხედველობაში ორ სახელმწიფოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს,

სურთ რა განავითარონ სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა,

აღიარებენ რა, რომ ასეთი თანამშრომლობის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სამრეწველო საკუთრების ეფექტიანი და ადექვატური დაცვა,

აცნობიერებენ რა ავტორთა და სამრეწველო საკუთრების მფლობელთა უფლებების დაცვისათვის ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ამ შეთანხმების მიზნებისათვის ცნება “სამეწარმეო საკუთრება” განიმარტება სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის 1967 წლის 14 ივლისის ქ. სტოკჰოლმში გადასინჯული და 1979 წლის 2 ოქტომბერს შეცვლილი კონვენციის 1 – ლ მუხლში მითითებული მნიშვნელობით.

მხარეები ახორციელებენ და ავითარებენ თანამშრომლობას გამოგონებებზე, სამრეწველო ნიმუშებზე, სასაქონლო ნიშნებსა და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტებზე უფლებების დაცვისა და გამოყენების სფეროში ურთიერთსარგებლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე, ამ შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებად არიან ან გახდებიან.

    მუხლი 2

მხარეთა თანამშრომლობა მიმართული იქნება:

სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვასა და გამოყენებასთან დაკვშირებული საკითხების რეგულირებისაკენ;

სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში ეროვნული სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციისაკენ;

სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში ინფორმაციის, ნორმატიული და სხვა დოკუმენტების, აგრეთვე, გამოცდილებისა და სპეციალისტების გაცვლისაკენ;

სამრეწველო საკუთრების უფლებათა დაცვის შესახებ საერთაშორისო მრავალმხრივ ხელშეკრულებებში თითოეული მხარის მონაწილეობის, ასევე ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ვალდებულებები შესრულების მიმართებაში საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისაკენ;

მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებული თანამშრომლობის სხვა ფორმებისაკენ.

    მუხლი 3

სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში ერთი სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირები მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისარგებლებენ ისეთივე უფლებებითა და უპირატესობებით, რომლებიც ამ დროისათვის მინიჭებული აქვთ, ან მიენიჭებათ ამ მეორე სახელმწიფოს სამართლებრივი აქტებით საკუთარ ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე სამართლებრივი დაცვის ისეთივე საშუალებები, იმავე საფუძვლითა და იმავე მოცულობით, როგორითაც სარგებლობენ საკუთარი ფიზიკური და იურიდიული პირები.

ამასთან იმ საკითხებზე, რომლებიც ამ შეთანხმებით არ არის მოწესრიგებული, მხარეები გამოიყენებენ სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის დებულებებს, რომელიც გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს და შეცვლილია 1979 წლის 2 ოქტომბერს.

    მუხლი 4

საქართველოს ან უკრაინის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელმაც სსრკ საავტორო მოწმობის (მოწმობის) გაცემაზე ან სსრკ საავტორო მოწმობაზე (მოწმობაზე) გაცხადებით ნაციონალური პატენტის გაცემაზე შუამდგომლობის წარდგენის თარიღამდე კეთილსინდისიერად თავისი საქმის ან თავისი საწარმოს ინტერესებში გამოიყენა საქართველოში ან უკრაინაში გამოგონება (სამრეწველო ნიმუში) ან ამისათვის სათანადოდ მოემზადა, ინარჩუნებს უფლებას გააგრძელოს გამოგონების (სამრეწველო ნიმუშის) გამოყენება ან გამოიყენოს იგი ასეთი მომზადებების შესაბამისად სალიცენზიო ხელშეკრულების დადების გარეშე.

ამასთან, მითითებული პირი ახდენს გამოგონების (სამრეწველო ნიმუშის) ავტორებისათვის გასამრჯელოს ანაზღაურებას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ გამოყენებას ან მომზადებას.

    მუხლი 5

მხარეები ცვლიან საქონლის წარმოშობას გეოგრაფიული დასახელებების სიებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება შესაბამისი მხარის მეწარმეების მიერ, მათი სასაქონლო ნიშნად უკანონო რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით.

    მუხლი 6

მხარეები იღებენ ვალდებულებას ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებებში სამრეწველო საკუთრების ობიექტების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ დებულებების ჩართვის თაობაზე.

    მუხლი 7

ერთი სახელმწიფოს ეროვნულ განმცხადებლებს, მისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესით, ნაცვალგების პრინციპების საფუძველზე შეუძლიათ წარმართონ საქმიანობა დამცავი დოკუმენტების მიღებისა და მათი ძალაში შენარჩუნებისათვის უშუალოდ მეორე სახელმწიფოს საპატენტო უწყებასთან.

    მუხლი 8

გადასახდელის გადახდა, რომელიც გათვალისწინებულია მხარეთა მოქმედი კანონმდებლობით სამრეწველო საკუთრების უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე, წარმოებს იმ წესითა და მოცულობით, რომელიც მხარეთა მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილია ეროვნული განმცხადებლებისათვის, რომლის საპატენტო უწყება ახორციელებს ამ მოქმედებას.

    მუხლი 9

შეთანხმების რეალიზაციის დროს მხარეების მიერ ერთმანეთისადმი გაგზავნილი ყველა დოკუმენტი შედგენილ იქნება რუსულ ენაზე.

    მუხლი 10

ამ შეთანხმებიდან ან მისი შესრულებიდან გამომდინარე უთანხმოების წარმოქმნის შემთხვევაში, მხარეთა წარმომადგენლები გამართავენ სათანადო კონსულტაციებს და მიიღებენ აუცილებელ ზომებს ასეთი უთანხმოების მოსაწესრიგებლად.

მხარეთა ურთიერთთანხმობით შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას დამატებები და ცვლილებები.

    მუხლი 11

ეს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოებთან სამრეწველო საკუთრების დაცვის ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში მხარეთა მონაწილეობას.

    მუხლი 12

ამ შეთანხმების რეალიზაციაზე პასუხისმგებელნი არიან საპატენტო უწყებები:

საქართველოში – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”;

უკრაინაში – უკრაინის სახელმწიფო საპატენტო უწყება.

საპატენტო უწყებების თანამშრომლობის წესები და პირობები განისაზღვრება მათ შორის სპეციალური შეთანხმებებით.

    მუხლი 13

შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუ ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხების საშუალებით არ აცნობებს მეორე მხარის თავისი განზრახვის თაობაზე შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. ამ შემთხვევაში შეთანხმების მოქმედება შეწყდა ერთ-ერთი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ შეეხება იმ დამცავი დოკუმენტების მოქმედებას, რომლებიც გაცემულია ან გაიცემა ორივე სახელმწიფოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე.

შესრულებულია ქ. თბილისში 1998 წლის 7 დეკემბერს ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა.

შეთანხმების ტექსტის განმარტებისას უთანხმოების წამოჭრის შემთხვევაში, მხარეთა მიერ გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს აღმასრულებელი უკრაინის მინისტრთა

ხელისუფლების სახელითკაბინეტის სახელით