დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 170211, 17/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016035 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №140
2011 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა’’ და „ნ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005 წ., №34, მუხ. 344) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია:
ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
გ) დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველო.
1. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; დეპარტამენტის თავმჯდომარის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა; ოფიციალური დელეგაციების, სტუმრების ვიზიტების, დეპარტამენტის მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზემდგომი ორგანოებიდან მიღებული და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული საკონტროლო დავალებების, ბრძანებების შესრულების კონტროლი; დეპარტამენტის საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; დეპარტამენტის თავმჯდომარის ოპერატიული თათბირის ორგანიზება და თათბირის ოქმების შედგენა; ოპერატიული ინფორმაციის მიღება და გაცემა; დეპარტამენტში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ადმინისტრირება; დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი.
2. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება; კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა; სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების წესის კონტროლი; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება; კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლი, თავისი დანაყოფების მეშვეობით „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის კერძო დაცვითი ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება; დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზაცია; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დეპარტამენტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; დეპარტამენტში არსებული კომპიუტერული ქსელის მართვა.
3. დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ობიექტების დაცვის ორგანიზება; ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა დაცვა მათი ინკასირების დროს; მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილება; ფიზიკურ პირთა დაცვა; დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციების შემუშავება, პრაქტიკულ საქმიანობაში მათი დანერგვა და კონტროლი შესრულებაზე, დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფა, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვა და მონტაჟი; ობიექტის მოზიდვის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.’’.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები