დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/09/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43(50), 21/09/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.000.000.05.001.000.677 |
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., მაისი, №012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნოტარიუსის თანამდებობა ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად, ნოტარიუსის მდივნად ანდა კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.“.
2. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ნოტარიუსთა წევრობაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის საწყისებზე.“.
3. 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ნოტარიუსთა პალატის წევრთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.“.
4. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის შემადგენლობა და სხდომა
1. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით 3 წლის ვადით ირჩევს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
2. თუ ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებამ ზედიზედ ორჯერ არ აირჩია იუსტიციის მინისტრის მიერ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი, ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება ორი კვირის ვადაში ირჩევს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს.
3. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილესა და გამგეობის სამ წევრს 3 წლის ვადით ირჩევს ნოტარიუსთა საერთო კრება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
4. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის სხდომა ტარდება, როგორც წესი, თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს გამგეობის თავმჯდომარე.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 8 სექტემბერი.
№2363–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები