დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/03/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 08/12/2006 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 480200000.03.030.000621 |
შეთანხმება
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ
საქართველო და რუსეთის ფედერაცია, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,
მოქმედებენ რა კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით,
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ასევე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული შეთანხმებებით,
ითვალისწინებენ რა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის მატერიალურ-ტექნიკურ და საკადრო უზრუნველყოფაში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
წინამდებარე შეთანხმება, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე და 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიის გავლით პერსონალის, პერსონალის ოჯახის წევრებისა და სამხედრო ტვირთების ტრანზიტის განხორციელების წესს.
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
„ტრანზიტი” – საქართველოს ტერიტორიის გავლით, საჰაერო სივრცის ჩათვლით, 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის ინტერესების გათვალისწინებით, პერსონალის, პერსონალის ოჯახის წევრებისა და სამხედრო ტვირთების გადაადგილება, რომელიც იწყება და სრულდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
„პერსონალი”:
ა) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზაზე;
ბ) სამოქალაქო პერსონალი – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზაზე;
გ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც მივლინებულნი არიან რუსეთის მხარის მიერ 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზაზე;
„პერსონალის ოჯახის წევრები” – მეუღლეები, შვილები, მშობლები, ასევე სხვა პირები, რომლებიც ცხოვრობენ პერსონალთა ერთად და იმყოფებიან მათ კმაყოფაზე;
„სამხედრო ტვირთები” – შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალები და სხვა მატერიალური საშუალებანი, რომლებიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას და განკუთვნილია 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მხარდასაჭერად, ასევე მისი ქმედუნარიანობისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
„თანმხლები ჯგუფი” – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი, რომელიც დანიშნულია სამხედრო ტვირთების გასაცილებლად;
„სამხედრო ტრანსპორტი” – რკინიგზის ტრანსპორტი (არანაკლებ ერთი ვაგონისა (კონტეინერისა), საავტომობილო ტრანსპორტი (არანაკლებ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა), ან საჰაერო ხომალდი;
„საშიში ტვირთი” – სამხედრო ტვითი, რომელიც მისი თვისებებიდან გამომდინარე გარკვეულ პირობებში გადატანის, სამანევრო ან დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელებისა და შენახვის დროს შეიძლება გახდეს აფეთქების, ხანძრის, ქიმიური ან სხვა სახის მოწამვლის მიზეზი, ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ტექნიკური საშუალებების, მოწყობილობის, აღჭურვილობისა და ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაზიანება, ასევე ზიანი მიაყენოს გარემოს და მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
„პირადი ქონება” – პერსონალისა და პერსონალის ოჯახის წევრების ქონება, რომელიც განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის და არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან;
„საავტომობილო კოლონა” – საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა, სამხედრო ტვირთის, პერსონალის, პერსონალის ოჯახის წევრებისა და მათი პირადი ქონების ტრანზიტით გადაზიდვის მიზნით;
„დაცვის ჯგუფი” – საქართველოს მხარის შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომელიც განკუთვნილია იმ სამხედრო ტვირთების დასაცავად და იმ თანხლები ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც გადაადგილდებიან ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიის გავლით.
მუხლი 2
წინამდებარე შეთანხმების შესრულება ეკისრებათა მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს:
საქართველოს მხრიდან – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სათავო ორგანო), ასევე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;
რუსეთის მხრიდან – რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს.
მუხლი 3
ტრანზიტი ხორციელდება საავტომობილო, საჰაერო ან/და სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენებით.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტები და გადაკვეთის ადგილები, მათ შორის საქართველოს საზღვაო პორტების გამოყენების ჩათვლით იმ მიზნებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით, განისაზღვრება საქართველოს მხარის მიერ რუსეთის მხარის წინადადებათა გათვალისწინებით.
ტრანზიტი საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება იმ საავტომობილო კოლონის ან ცალკეული ავტომობილის გამოყენებით, რომელთაც აქვთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნები, მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წინასწარ შეთანხმებული მარშრუტებით.
ტრანზიტი სარკინიგზო ტრანსპორტით ხორციელდება სატვირთო ან/და სამგზავრო ვაგონებით, საერთაშორისო სარკინიზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ 1951 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღისათვის, და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების, ლატვიის რესპუბლიკის, ლიტვის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის 1997 წლის 1 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის (შსსმ) შესახებ შეთანხმების ცალკეული ნორმების გამოყენების თავისებურებების თაობაზე.
ტრანზიტი საჰაერო ტრანსპორტით ხორციელდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საჰაერო ხომალდებით.
რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია, საჰაერო სივრცის ჩათვლით, ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების, მასობრივი განადგურების იარაღის, მისი კომპონენტებისა და მიწოდების საშუალებების ტრანზიტის მიზნებისათვის.
მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრისა შეათანხმებენ იმ სატრანზიტო გადაზიდვების მაქსიმალურ მოცულობას, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წლის განმავლობაში, სამხედრო ტვირთების სახეობების მიხედვით.
მუხლი 4
1. ტრანზიტი სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება საქართველოს მხარის მიერ ტრანზიტზე გაცემული ნებართვების საფუძველზე.
2. მოთხოვნა ტრანზიტის განხორციელების ნებართვის მიღების შესახებ მიეწოდება რუსეთის მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს მხარის უფლებამოსილ ორგანოს დიპლომატიური არხებით, იმ თვის დაწყებამდე არაუგვიანეს 45 დღისა, როდესაც განხორციელდება შესაბამისი სამხედრო ტვირთის გაგზავნა.
სამხედრო ტვირთების, მათ შორის თანმხლებ ჯგუფთან ერთად ტრანზიტის ნებართვის გაფორმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რუსეთის მხარის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.
3. რუსეთის მხარის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნაზე პასუხი გაცემული იქნება საქართველოს მხარის მიერ მოთხოვნის მიღების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 დღისა იმ თვის დაწყებამდე, როდესაც განხორციელდება შესაბამისი სამხედრო ტვირთის გაგზავნა.
4. საქართველოს მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე, თუ:
ა) დადგენილია, რომ სამხედრო ტვირთისა და პერსონალის გადაადგილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე სახელმწიფო და კერძო ობიექტებს და გარემოს;
ბ) საბოლოო დანიშნულების პუნქტი განლაგებულია კონფლიქტის ზონაში ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება.
5. საქართველოს მხარე უფლებამოსილია გააუქმოს ადრე გაცემული ტრანზიტის ნებართვა, თუ:
ა) რუსეთის მხარემ დაარღვია წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ტრანზიტის პირობები;
ბ) ტრანზიტის განხორციელებისას წარმოიშობა გარემოებები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში;
გ) ტრანზიტის ნებართვის მიღების მოთხოვნაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს.
თუ ტრანზიტის ნებართვის გაუქმება ხდება ტრანზიტის განხორციელების დროს, რუსეთის მხარე გაიღებს იმ სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საპირისპირო მიმართულებით ტრანსპორტირების ხარჯებს, რომელთა ტრანზიტის ნებართვა გაუქმებულია.
6. რუსეთის მხარის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნა ტრანზიტის ნებართვის მიღების შესახებ განიხილება, თუ მასში მოცემულია შემდეგი მონაცემები:
ა) სამხედრო ტვირთების ჩამონათვალი, ტვირთის დასახელების, რაოდენობისა და წარმოშობის ქვეყნის მითითებით;
ბ) გადაზიდვის დაგეგმილი ვადები;
გ) სამხედრო ტვირთის დანიშნულების პუნქტი, სამხედრო ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული დაგეგმილი გამშვები პუნქტები;
დ) საშიშ ტვირთთან დაკავშირებით - ნივთიერების ან ნაკეთობის დასახელება, ნომერი გაეროს სიის მიხედვით, მონაცემები ტარასა და შეფუთვის შესახებ, საავარიო ბარათის ნომერი, ტრანსპორტის უზრუნველყოფა ხანძარსაქრობი საშუალებებით, აგრეთვე გადასაზიდი საშიში ტვირთების მავნე ზეგავლენის ნეიტრალიზაციისა და დეგაზაციის საშუალებებით და ტვირთის თანმხლები პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. თუ გაეროს სიაში არ არსებობს მონაცემები ტვირთის ან ნაკეთობების შესახებ იმ მოცულობით, რომელიც გათვალისწინებულია ნივთიერების კლასიფიკაციის ან რეკლასიფიკაციის მიზნით გაეროში წარსადგენი საინფორმაციო ბარათით, აგრეთვე წარდგენილი იქნება საშიში ტვირთების გადაზიდვის შესახებ გაეროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ე) სამხედრო ტვირთთან დაკავშირებით, რომლის გადაზიდვა ხორციელდება ღია მოძრავი შემადგენლობით – გაბარიტული ზომები, მასა, მოძრავი დეტალების ან კვანძების, სამაგრების კვანძების არსებობა, მონაცემები გადაზიდვის წესების შესახებ (ამწეთი ან თავისი სვლით).
7. რუსეთის მხარის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნა დაცვისა და გაცილების შესახებ, რომელიც ხორციელდება დაცვის ჯგუფის მიერ, ერთვის ტრანზიტზე შესაბამის მოთხოვნას. გადაწყვეტილებას დაცვის ჯგუფის მიერ გაცილებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ იღებს საქართველოს მხარის უფლებამოსილი ორგანო. სამხედრო ტვირთები, რომელთა გადაზიდვა ხორციელდება თანმხლებ ჯგუფთან ერთად, ექვემდებარება დაცვის ჯგუფის მიერ სავალდებულო გაცილებას.
8. რუსეთის მხარე იხდის საქართველოს ტერიტორიის გავლით სარკინიგზო ტრანსპორტით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის სატრანზიტო გადაზიდვის ხარჯებს, საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის განაკვეთების შესაბამისად, წინასწარი გადახდის პირობებით.
მუხლი 5
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას პერსონალის, პერსონალის ოჯახის წევრების, თანმხლები ჯგუფების, მათი პირადი ქონებისა და სამხედრო ტვირთების სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე დროს, საქართველოს მხრიდან არ ხდება საბაჟო გადასახადების, ბაჟისა და მოსაკრებლების, ასევე სალიცენზიო მოსაკრებლების აკრეფა.
მუხლი 6
პერსონალის და პერსონალის ოჯახის წევრების ტრანზიტი ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე. თანმხლები ჯგუფის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება სპეციალური ლითონის ყუთებით.
თანმხლები ჯგუფის უფროსი და საქართველოს მხარის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისას თანმხლები ჯგუფის ვაგონში ან ავტოტრანსპორტში ერთობლივად დალუქავენ საქართველოს მხარის პლომბით სპეციალურ ლითონის ყუთებს, რომლებშიც მოთავსებულია თანმხლები ჯგუფის იარაღი და საბრძოლო მასალა.
დაცვის ჯგუფის და თანმხლები ჯგუფის განთავსდება ხდება ცალ-ცალკე.
საქართველოს მხარის დაცვის ქვეშ მიმავალი სამხედრო ტვირთის ურთიერთმიღება და გადაცემა ხორციელდება ჩამკეტი/დასაპლომბი მოწყობილობის შესაბამისობისა და დაუზიანებლობის, ბეჭდების ამონაბეჭდების და ტარის (შეფუთვის) შემოწმებისა და შესაბამისი აქტის შედგენის გზით.
დაცვის ჯგუფი ახორციელებს სამხედრო ტვირთებისა და თანმხლები ჯგუფების დაცვას და უსაფრთხოებას იმ ზომით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს მხარის სამხედრო ტვირთებისათვის.
სამხედრო ტექნიკის ტრანზიტი ხორციელდება საბრძოლო მასალის გარეშე, საწვავის იმ მარაგით, რომელიც არ აღემატება საწვავის ბაკების ტევადობას.
მუხლი 7
საქართველოს მხარე უზრუნველყოფს სამხედრო ტრანსპორტის მოძრაობის მართვას საქართველოს ტერიტორიაზე და თავისი უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით აწვდის რუსეთის მხარის უფლებამოსილ ორგანოს ინფორმაციას, ამ ორგანოს მოთხოვნისამებრ, მისი მოძრაობის შესახებ.
მუხლი 8
1. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება საჰაერო ტრასებით, საქართველოში მიღებული ფრენის წესების შესაბამისად და საქართველოს მხარის ნებართვების საფუძველზე. რადიოკავშირს აწარმოებენ რუსულ ან ინგლისურ ენებზე.
2. რუსეთის მხარის უფლებამოსილი ორგანო დიპლომატიური არხებით უგზავნის საქართველოს მხარის უფლებამოსილ ორგანოს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საჰაერო ხომალდების მიერ საქართველოს სივრცის გამოყენების შესახებ ფრენის განხორციელებამდე არაუგვიანეს 8 სამუშაო დღისა.
მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნისამებრ, საქართველოს მხარის მიერ გაიცემა პასუხი მოთხოვნის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ ფრენის განხორციელებამდე არა უგვიანეს 24 საათისა.
საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა ძალაშია დაგეგმილი გაფრენის დროიდან 24 საათის განმავლობაში. 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ფრენის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ტექნიკური ან მეტეოროლოგიური მიზეზების გამო, აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება სადისპეტჩერო არხებით იმ ვადით, რომელიც არ აღემატება 48 საათს და არ საჭიროებს ახალ შეთანხმებას დიპლომატიური არხებით.
3. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საჰაერო ხომალდების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს შემდეგი მონაცემები:
ა) საჰაერო ხომალდის ტიპი, სარეგისტრაციო ნომერი და კუთვნილება, მაქსიმალური ასაფრენი მასა (MTOW);
ბ) რადიოგამოძახების სიგნალი;
გ) საჰაერო ხომალლდის მეთაურის გვარი და ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა;
დ) ფრენის მიზანი;
ე) საჰაერო ხომალდის მოძრაობის მარშრუტი და ფრენის განხორციელების დრო;
ვ) მგზავრთა რაოდენობა, სამხედრო ტვირთის შემადგენლობა საგნების მასისა და რაოდენობის მითითებით;
ზ) სამხედრო ტვირთის დანიშნულების აეროდრომი;
თ) ინფორმაცია იარაღის, ფოტოგრაფიული მოწყობილობის შესახებ, საჰაერო ხომალდზე მათი არსებობის შემთხვევაში;
ი) საშიშ ტვირთთან დაკავშირებით – ნივთიერების ან ნაკეთობების დასახელება, ნომერი გაეროს სიის მიხედვით; თუ გაეროს სიაში არ არსებობს მონაცემები ნივთიერებების ან ნაკეთობების შესახებ იმ მოცულობით, რომელიც გათვალისწინებულია ნივთიერებების კლასიფიკაციის ან რეკლასიფიკაციის მიზნით, გაეროში წარსადგენი საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ასევე წარედგინება საშიში ტვირთების გადაზიდვის შესახებ გაეროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
4. რუსეთის მხარე ახორციელებს საჰაერო გზით ტრანზიტის გადახდას იმ კონკრეტული მომსახურებისათვის, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ფრენასთან, აერონავიგაციური მომსახურების ჩათვლით.
5. საქართველოს მხარეს უფლება აქვს უარი თქვას საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვების გაცემაზე, თუ:
ა) დადგენილია, რომ ტვირთისა და პერსონალის გადაადგილება შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის;
ბ) საბოლოო დანიშნულების პუნქტი განლაგებულია კონფლიქტის ზონაში ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც იმყოფება საომარ მდგომარეობაში;
გ) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მხარეს აქვს იმ კონკრეტული მომსახურების დავალიანება, რომელიც წარმოიშვა რუსეთის მხარის მიზეზით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საჰაერო ხომალდების გადაფრენასთან დაკავშირებით, აერონავიგაციური მომსახურების ჩათვლით.
მუხლი 9
რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას არ გადასცეს მესამე მხარეს ის სამხედრო ტვირთები, რომელთა გადაზიდვა ხორციელდება ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიის გავლით.
მუხლი 10
მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს, ასევე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს იმ მატერიალურ ზარალს, რომელიც მიყენებულია განხორციელებული საქმიანობის შედეგად, წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით.
ერთი მხარის საქმიანობის (უმოქმედობის) შედეგად მეორე მხარისადმი მიყენებული ზიანის ზომების და მექანიზმის დადგენა ხდება მხარეების მიერ სამი თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში ვერ იქნება მიღწეული შეთანხმება, ზიანის ანაზღაურება განხორციელდება სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად.
მუხლი 11
პერსონალი და პერსონალის ოჯახის წევრები, ასევე ის პირები, რომლებიც შედიან თანმხლებ ჯგუფებში, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებისას, გადაკვეთენ სახელმწიფო საზღვარს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის მოქმედი წესის შესაბამისად.
მუხლი 12
1. პერსონალი და პერსონალის ოჯახის წევრები, ასევე ის პირები, რომლებიც შედიან თანმხლები ჯგუფების შემადგენლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს, იცავენ მის კანონმდებლობას, არ ერევიან მის შიდა საქმეებში და არ იღებენ მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ შიდა კონფლიქტებში.
2. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს, პერსონალზე და პერსონალის ოჯახის წევრებზე, ასევე პირებზე, რომლებიც შედიან თანმხლები ჯგუფების შემადგენლობაში, ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია წინამდებარე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში.
3. პერსონალზე და პერსონალის ოჯახის წევრებზე, ასევე იმ პირებზე, რომლებიც შედიან თანმხლები ჯგუფების შემადგენლობაში, არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, თუ მათ მიერ ჩადენილია დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რუსეთის ფედერაციის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ქონების მიმართ.
4. პერსონალსა და პირებზე, რომლებიც შედიან თანმხლები ჯგუფების შემადგენლობაში, მათ მიერ უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, ვრცელდება რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია.
მუხლი 13
მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა ან უთანხმოება წყდება მხარეების მიერ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გამართვის გზით.
მუხლი 14
მხარეთა ურთიერთთანხმობის შესაბამისად მოცემულ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები.
მუხლი 15
წინამდებარე შეთანხმება დროებით გამოიყენება მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში შედის წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომელიც ეხება მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებას.
წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება მომდევნო ერთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე მიმდინარე პერიოდის დასრულებამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე, დიპლომატიური არხებით წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება.
შესრულებულია ქ. სოჭში, 2006 წლის „31” მარტს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს სახელით რუსეთის ფედერაციის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
შეწყვიტა მოქმედება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 1 ნოემბრის წერილი №3/3006-14
დოკუმენტის კომენტარები