დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/04/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 08/03/2001 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 480150000.03.030.000406 |
კონვენცია
ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ
პრეამბულა
ქვემორე ხელის მომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, სხვა სახელმწიფოები და ევროპის გაერთიანება,
ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას;
ითალისწინებენ რა 1950 წლის 5 ნოემბრის კონვენციას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ;
ითვალისწინებენ რა 1961 წლის 18 ოქტომბრის ევროპის სოციალურ ქარტიას;
ითვალისწინებენ რა 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და საერთაშორისო პაქტს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ;
ითვალისწინებენ რა 1981 წლის 28 იანვრის კონვენციას პირადი მონაცემების ავტომატიზებულ დამუშავებასთან დაკავშირებით პიროვნების დაცვის შესახებ;
ითვალისწინებენ რა 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ;
აღიარებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია წევრებს შორის უფრო მჭიდრო ერთიანობის მიღწევა, რისი ერთ -ერთი საშუალებაა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თვისუფლებების განმტკიცება და შემდგომი რეალიზაცია;
აცნობიერებენ რა ბიოლოგიის და მედიცინის მზარდ განვითარებას;
დარწმუნებული არიან რა, რომ აუცილებელია ადამიანის, როგორც ინდივიდის და საზოგადოების წევრის, პატივისცემა და აცნობიერებენ რა ადამიანის ღირსების დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას;
აცნობიერებენ რა, რომ ბიოლოგიის და მედიცინის მიღწევების არასწორად გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ღირსებას;
ადასტურებენ რა, რომ ბიოლოგიისა და მედიცინის პროგრესი გამოყენებული უნდა იქნეს ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ;
ხაზს უსვამენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას, რათა მთელმა კაცობრიობამ შეძლოს ბიოლოგიის და მედიცინის მიღწევებით სარგებლობა;
აღიარებენ რა ბიოლოგიასა და მედიცინასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვისათვის ხელშეწყობის და მისი შედეგების მნიშვნელობას;
სურთ რა, საზოგადოების თითოეულ წევრს შეახსენონ მისი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ;
ითვალისწინებენ რა ამ დარგში საპარლამენტო ასამბლეის მიერ გაწეულ მუშაობას, მათ შორის, 1160 (1991 წ.) რეკომენდაციას ბიოეთიკის დარგში კონვენციის მომზადების შესახებ;
გადაწყვიტეს რა ბიოლოგიასა და მედიცინაში პიროვნების ღირსებისა და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამცავი ღონისძიებების გატარება;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მიზანი და ამოცანა
კონვენციის მონაწილე მხარეებმა უნდა დაიცვან თითოეული ადამიანის ღირსება და ინდივიდუალობა, ყოველგვარი დისკირიმინაციის გარეშე უზრუნველყონ მათი ხელშეუხებლობა და სხვა უფლებები და ძირითდი თავისუფლებები ბიოლოგიასა და მედიცინაში.
თითოეულმა მხარემ თავის კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს ამ კონვენციის დებულებების განხორციელებისათვის საჭირო ცვლილებები.
მუხლი 2. ადამიანის უზენაესობა
ადამიანის ინტერესები და კეთილდღეობა უზენაესია საზოგადოების და მეცნიერების ინტერესებთან შედარებით.
მუხლი 3. ჯანმრთელოის დაცვის სისტემის თანაბარი ხელმისაწვდომობა
მხარეებმა, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვაზე მოთხოვნილების და არსებული რესურსების გათვალისწინებით, უნდა გაატარონ სათანადო ღონისძიებები შესაფერი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის თანაბარი ხელიმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 4. პროფესიული სტანდარტები
ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში, სამეცნიერო კვლევის ჩათვლით, უნდა განხორციელდეს სათანადო პროფესიული ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად.
თავი II. თანხმობა
მუხლი 5. ზოგადი წესი
ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ.
პირს წინასწარ უნდა მიეცეს შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, აგრეთვე შედეგებისა და საფრთხის შესახებ.
პირს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს უარი თქვას ადრე გაცხადებულ თანხმობაზე.
მუხლი 6. იმ პირთა დაცვა, რომელთაც არ შეუძლიათ თანხმობის გაცხადება
1. პირს, რომელსაც არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი, ჩარევა შეიძლება ჩაუტარდეს, თუ ეს მას პირდაპირ სარგებლობას მოუტანს; აღნიშნული საკითხი, აგრეთვე, რეგულირდება მე-17 და მე-20 მუხლებით.
2. იმ შემთხევაში, როცა მცირეწლოვანს, კანონის შესაბამისად, არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი, ჩარევა შეიძლება ჩატარდეს მისი წარმომადგენლის ან კანონით განსაზღვრული ხელისუფლების ან პირის ან დაწესებულების ნებართვით.
ასაკის მატებისა და მომწიფების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას მცირეწლოვანის აზრს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
3. იმ შემთხვევაში, როცა მოზრდილს, კანონის შესაბამისად, არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი ფსიქიკური მოშლილობის, დაავადების ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო, ჩარევა შეიძლება განხორციელდეს მისი წარმომადგენლის ან კანონით განსაზღვრული ხელისუფლების ან პირის ან დაწესებულების ნებართვით.
პირმა შეძლებისდაგვარად უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.
4. მე-2 და მე-3 პუნქტებში მოხსენიებულ წარმომადგენელს, ხელისუფლებას, პირს ან დაწესებულებას უნდა მიეწოდოს, იმავე პირობების დაცვით, მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.
5. მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ნებართვა შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს, პირის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 7. ფსიქიკურად დაავადებულ პირთა დაცვა
კანონით განსაზღვრული დამცავი მექანიზმების, ზედამხედველობისა და გასაჩივრების პროცედურების ჩათვლით, ქვეშ მყოფი მძიმე ხასიათის ფსიქიკური დაავადების მქონე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაუტარდეს ამ დაავადების მკურნალობასთან დაკვშირებული ჩარევა მისი თანხმობის გარეშე, როდესაც ამ ჩარევის გარეშე მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
მუხლი 8. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს შეუძლებელია სათანადო თანხმობის მიღება, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა უნდა დაუყოვნებლივ ჩატარდეს პირის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად.
მუხლი 9. ადრე გამოხატული ნება
იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო ჩარევისას პაციენტს არა აქვს უნარი გამოხატოს თავისი სურვილი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მის მიერ ადრე გამოხატული ნება.
თავი III. პირადი ცხოვრება და ინფორმაციის მიღების უფლება
მუხლი 10. პირადი ცხოვრება და ინფორმაციის მიღების უფლება
1. ყველას აქვს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასთან მიმართებით.
2. ყველას აქვს უფლება მიიღოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს პირის სურვილი არ მიიღოს ასეთი ინფორმაცია.
3. გამონაკლის შემთხვევებში, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმა შეიძლება დაუშვას მე-2 პუნქტში მოხსენიებული უფლების შეზღუდვები.
თავი IV. ადამიანის გენომი
მუხლი 11. დისკრიმინაციის დაუშვებლობა
აკრძალულია პირის ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაცია გენეტიკური მემკვიდრეობის მიხედვით.
მუხლი 12. გენეტიკური პროგნოზირების ტესტები.
გენეტიკური დაავადების განვითარების შესაძლებლობის ან დაავადების განმაპირობებელი გენის, ან დაავადებისადმი წინასწარგანწყობის ან მიდრეკილების განსაზღვრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიზანია ჯანმრთელობის დაცვა ან ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა, და საჭიროებს სათანადო კონსულტაციას გენეტიკის საკითხებზე.
მუხლი 13. მანიპულაციები ადამიანის გენომზე
ადამიანის გენომის მოდიფიცირებისათვის განსაზღვრული ჩარევა დასაშვებია მხოლოდ დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პრევენციის მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ითვალისწინებს პაციენტის შთამომავლობის გენომის ნებისმიერი სახით შეცვლას.
მუხლი 14. სქესის შერჩევის დაუშვებლობა
დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია სქესთან დაკავშირებული მძიმე მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება.
თავი V. სამეცნიერო კვლევა
მუხლი 15.
სამეცნიერო კვლევა ბიოლოგიასა და მედიცინაში უნდა ჩატარდეს ნებაყოფლობით, ამ კონვენციის დებულებების და ადამიანის უფლებების დამცავი სხვა დოკუმენტების შესაბამისად.
მუხლი 16.
ადამიანზე სამეცნიერო კვლევა შეიძლება ჩატარდეს, თუ დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
i) განზრახულ სამეცნიერო კვლევას არ გააჩნია მსგავსი ეფექტის მქონე ალტერნატივა;
ii) კვლევასთან დაკავშირებული საფრთხე განუზომლად მცირეა მოსალოდნელ დადებით შედეგებთან შედარებით;
iii) კვლევის გეგმა დამტკიცებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, გეგმის სამეცნიერო ღირებულების დამოუკიდებლად შესწავლის, მათ შორის კვლევის მიზნების მნიშვნელობის და მისი ეთიკურობის მრავალდარგობრივი შეფასების შემდეგ;
iv) კვლევის მონაწილე პირებს ეცნობათ მათი უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმების შესახებ;
v) მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა გაცხადებულია მკაფიოდ, კონკრეტულად და ფიქსირებულია წერილობით. თანხმობის ნებაყოფლობითი გაუქმება შეიძლება ნებისმიერ დროს.
მუხლი 17. პირების დაცვა, რომელთაც არა აქვთ კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობის გაცხადების უნარი
1. მე-5 მუხლში აღნიშნული წესის მიხედვით თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე პირების კვლევაში მონაწილეობა შესაძლებელია, თუ დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
i) შესრულებულია მე-16 მუხლის „i“ – „iv“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირობები;
ii) კვლევის შედეგები პირდაპირი სარგებლობის მომტანი იქნება მათი ჯანმრთელობისათვის;
iii) შესაბამისი ეფექტის მქონე კვლევის ჩატარება შეუძლებელია თანხმობის გაცხადების უნარის მქონე პაციენტებზე;
iv) მე-6 მუხლით გათვალისწინებული ნებართვა მიცემულია კონკრეტული ფორმით და წერილობით, და
v) პირი, რომელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა კვლევაში, არ არის ამის წინააღმდეგი.
2. იმ შემთხვევაში, როცა კვლევას არ მოაქვს პაციენტის ჯანმრთელობისათვის პირდაპირი სარგებლობა, გამონაკლისის სახით და კანონით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმების გამოყენებით, კვლევა შეიძლება ჩატარდეს მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი, i, ii, iv და v ქვეპუნქტებში ასახული და შემდეგი დამატებითი პირობების გათვალისწინებით:
i) კვლევის მიზანია ინდივიდის მდგომარეობის, დაავადების ან ჯანმრთელობის რაიმე სხვა მოშლილობის შესახებ მეცნიერული ცოდნის მნიშვნელოვანი გაღრმავებით, მაქსიმალურად გამოიყენონ შედეგები ამ პირის ან სხვა იმავე ასაკის ან იგივე დაავადებით ან მოშლილობით შეპყრობილი ან ისეთივე მდგომარეობაში მყოფი პირების სასარგებლოდ;
ii) კვლევის შედეგად პირს ექმნება მინიმალური საფრთხე და სიმძიმე.
მუხლი 18. ემბრიონზე in vitro კვლევა
1. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონით დაშვებულია ემბრიონზე in vitro კვლევის ჩატარება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ემბრიონის ადეკვატური დაცვა.
2. აკრძალულია კვლევის ჩატარების მიზნით ადამიანის ემბრიონის შექმნა.
თავი VI. ტრანსპლანტაციის მიზნით ცოცხალი დონორებისაგან ორგანოების ან ქსოვილების აღება
მუხლი 19. ზოგადი წესი
1. ტრანსპლანტაციის მიზნით ცოცხალი პირისაგან ორგანოს ან ქსოვილის აღება დასაშვებია მხოლოდ მიმღები პირის მკურნალობისათვის და როდესაც არ არის გარდაცვლილი ადამიანისაგან შესაფერისი ორგანოს ან ქსოვილის აღების საშუალება და არ არსებობს შესაბამისი ეფექტის მქონე მკურნალობის სხვა მეთოდი.
2. მე-5 მუხლში აღნიშნული აუცილებელი თანხმობა გაცხადებული უნდა იქნეს გარკვევით და კონკრეტულად – წერილობითი ან ოფიციალური ორგანოს წინაშე.
მუხლი 20. პირების დაცვა, რომელთაც არ შეუძლიათ ორგანოს აღებაზე თანხმობის გაცხადება
1. დაუშვებელია ორგანოს ან ქსოვილის აღება პირისაგან, რომელსაც არა აქვს მე-5 მუხლში აღნიშნული თანხმობის გაცხადების უნარი.
2. გამონაკლისის სახით და კანონით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რეგენერაციის უნარის მქონე ქსოვილის აღება პირისაგან, რომელსაც არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი, შეიძლება შემდეგი პირობების დაცვით:
i) არ არის შესაფერისი დონორი, რომელსაც აქვს თანხმობის გაცხადების უნარი;
ii) მიმღები პირი არის დონორის და ან ძმა;
iii) გადანერგვის მიზანია მიმღები პირის სიცოცხლის გადარჩენა;
iv) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ნებართვა მიცემულია გარკვევით, წერილობით, კანონის შესაბამისად და დამოწმებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;
v) პოტენციური დონორი არ არის წინააღმდეგი.
თავი VII. ფინანსური სარებლობის აკრძალვა და ადამიანის სხეულის ნაწილების განკვარგვა
მუხლი 21. ფინანსური სარგებლობის აკრძალვა
ადამიანის ორგანიზმი ან მისი ნაწილები არ შეიძლება გახდეს ფინანსური სარგებლობის წყარო.
მუხლი 22. ადამიანის სხეულის აღებული ნაწილის განკარგვა
ჩარევის პროცესში ადამიანის სხეულიდან ნებისმიერი ნაწილის აღების შემთხვევაში, ეს ნაწილი შეიძლება შენახული ან გამოყენებული იქნეს სხვა, აღებისაგან განსხვავებული მიზნისათვის მხოლოდ შესაფერსი ინფორმაციის მიწოდებისა და თანხმობის პროცედურების დაცვის შემთხვევაში.
თავი VIII. კონვენციის დებულებების დარღვევა
მუხლი 23. უფლებების ან პრინციპების დარღვევა
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ კონვენციაში ასახული უფლებებისა და პრინციპების სათანადო სამართლებრივი დაცვა უკანონო დარღვევის თავიდან აცილებისა ან აღკვეთის მიზნით.
მუხლი 24. კომპენსაცია არასწორი ქმედებით მიყენებული ზარალისათვის
პირს უფლება აქვს ჩარევის შედეგად მიყენებული ზარალისათვის მიიღოს სამართლიანი კომპენსაცია კანონით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით.
მუხლი 25. სანქციები
კონვენციაში ასახული დებულებების დარღვევისათვის მხარეებმა უნდა დააწესონ შესაფერისი სანქციები.
თავი IX. ურთიერთობა ამ კონვენციასა და სხვა დებულებებს შორის
მუხლი 26. შეზღუდვა უფლებების განხორციელებაზე
1. ამ კონვენციაში ასახული უფლებებისა და დამცავი დებულებების შეზღუდვა დაუშვებელია, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა და თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, დანაშულის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ან სხვა პირების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
2. წინა პუნქტში აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მე-11, მე-13, მე-14, მე-16, მე-17, მე-19, მე-20 და 21–ე მუხლებს.
მუხლი 27. დაცვის გაფართოება
ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ კრძალავს და სხვაგვარად არ ზრუდავს რომელიმე მხარის შესაძლებლობას ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების მიზნით, უზრუნველყოს დაცვის ფართო ზომები, ვიდრე ეს დადგენილია კონვენციით.
თავი X. საჯარო განხილვა
მუხლი 28. საჯარო განხილვა
კონვენციის მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბიოლოგიისა და მედიცინის მიღწევები საზოგადოების განსჯის საგანია, განსაკუთრებით შესაბამის სამედიცინო, სოციალურ, ეთიკურ და იურიდიულ სფეროებში და მათი გამოყენების შესაძლებლობა უნდა გახდეს სათანადო განხილვის საგანი.
თავი XI. კონვენციის განმარტება და შესრულების მეთვალყურეობა
მუხლი 29. კონვენციის განმარტება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეუძლია, განხილვის პროცესში მყოფი საკითხებისაგან დამოუკიდებელად, გამოთქვას მოსაზრებები ამ კონვენციის სამართლებრივი ასპექტების განმარტების შესახებ, თუ მას მიმართავს:
– რომელიმე მხარის მთავრობა, მას შემდეგ, რაც შეატყობინებს სხვა მხარეებს,
– 32-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტი, რომლის წევრები არიან მხოლოდ კონვენციის მხარეთა წარმომადგენლები, ხმების ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 30. შეტყობინებები კონვენციის შესრულების შესახებ
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოთხოვნისამებრ, ნებისმიერმა მხარემ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია, თუ რამდენად უზრუნველყოფს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა კონვენციის ნებისმიერი დებულების ეფექტურ შესრულებას.
თავი XII. ოქმები
მუხლი 31. ოქმები
გარკვეულ სფეროებში კონვენციაში ასახული პრინციპების სრულყოფის მიზნით, 32-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება დაიდოს ოქმები.
ოქმები ღია იქნება კონვენციის ხელმომწერ მხარეებისათვის ხელმოსაწერად. ისინი ექვემდებარებიან რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. არ შეიძლება ოქმის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება კონვენციის წინასწარი ან ერთდროული რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების გარეშე.
თავი XIII. კონვენციის შესწორებები
მუხლი 32. კონვენციის შესწორებები
1. მოცემული და 29-ე მუხლით „კომიტეტისათვის“ განსაზღვრული დავალებები შესრულდება ბიოეთიკის მუდმივმოქმედი კომიტეტის (მბკ) მიერ ან მინისტრთა კომიტეტის მიერ განსაზღვრული შესაბამისი კომიტეტის მიერ.
2. ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, აგრეთვე ამ კონვენციის ხელმომწერ მხარეს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი, შეუძლია კომიტეტში ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი ხმის უფლებით, კომიტეტის მიერ მოცემული კონვენციით დაკისრებული ამოცანების შესრულების დროს.
3. 33-ე მუხლში ნახსენები ან 34-ე მუხლის დებულებების შესაბამისად კონვენციასთან შეერთებისათვის მოწვეული სახელმწიფო, რომელშიც არ არის კონვენციის მხარე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს კომიტეტში დამკვირვებლის სტატუსით. ევროპის გაერთიანება, თუ ის არ არის კონვენციის მხარე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს კომიტეტში დამკვირვებლის სტატუსით.
4. მეცნიერების განვითარების მონიტორინგის მიზნით, კომიტეტმა უნდა გადაამოწმოს მოცემული კონვენცია არაუგვიანეს ხუთი წლისა მისი ძალაში შესვლიდან და შემდეგ, კომიტეტის მიერ განსაზღვრულ დროის ინტერვალებში.
5. ნებისმიერი მხარის, კომიტეტის ან მინისტრთა კომიტეტის მიერ წარდგენილი ნებისმიერი განაცხადი კონვენციაში შესწორების შეტანის, ოქმის დადების ან ოქმში შესწორების შეტანის შესახებ უნდა მიეწოდოსო ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ხოლო ამ უკანასკნელმა უნდა გადაუგზავნოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას, ყველა ხელმომწერ მხარეს, ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც, 33-ე მუხლის შესაბამისად, მოწვეულია კონვენციის ხელმოსაწერად ან, 34-ე მუხლის შესაბამისად, მოწვეულია შეუერთდეს კონვენციას.
6. კომიტეტმა, მე-5 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად, გენერალური მდივნის მიერ გადაგზავნილი განაცხადი უნდა განიხილოს მიღებიდან არაუადრეს ორი თვისა. კომიტეტის ხმების ორი მესამედით მიღებული ტექსტი დასამტკიცებლად უნდა გადაეცეს მინისტრთა კომიტეტს. დამტკიცების შემდეგ ტექსტი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცებისათვის უნდა დაეგზავნოს მხარეებს.
7. იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც ის მიიღეს, ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა მომდევნო თვის პირველ დღეს, როცა გავა ერთთვიანი ვადა მას შემდეგ, რაც ხუთი ხელმომწერი მხარე, მათ შორის ევროსაბჭოს არანაკლებ ოთხი სევრისა, გენერალურ მდივანს შეატყობინებს შესწორების მიღების შესახებ.
თავი XIV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 33. ხელმოწერა, რატიფიკაცია და ძალაში შესვლა
1. კონვენციას შეიძლება ხელი მოაწერონ ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა, სახელმწიფოებმა, რომელბმაც მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტის შემუშავებაში და არ არიან ევროპის საბჭოს წევრები, და ევროპის გაერთიანებამ.
2. კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელები შესანახად უნდა გადაეცეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
3. კონვენცია ძალაში შევა იმ მომდევნო თვის პირველი დღიდან, როცა გავა სამთვიანი ვადა მას შემდეგ, რაც ხუთი ხელმომწერი მხარე, მათ შორის, ევროსაბჭოს არანაკლებ ოთხი წევრისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განაცხადებს თანხმობას შეუერთდეს კონვენციას.
4. ნებისმიერი ხელის მომწერი მხარის მიმართ, რომელმაც შემდგომში განაცხადა თანხმობა შეუერთდნენ კონვენციას, ის ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 34. არა–წევრი სახელმწიფოები
1. კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, ევროპის საბჭოს წესდების მე-20 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, ხმების უმრავლესობით და მინისტრთა კომიტეტში შემავალი ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლების ერთსულოვანი კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ხელმომწერ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მოიწვიოს ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოები შეუერთდნენ კონვენციას.
2. იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც შეუერთდნენ კონვენციას, კონვენცია ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, რატიფიკაციის მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 35. ტერიტორიები
1. ნებისმიერ ხელმომწერ მხარეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების გენერალური მდივნისთვის შესანახად ჩაბარების დროს, განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა მიმართაც იმოქმედებს ეს კონვენცია.
2. ყოველ მხარეს შეუძლია მოგვიანებით, გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების მეშვეობით შეუძლია გაავრცელოს ამ კონვენციის მოქმედება განცხადებაში მითითეული ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობაზეც ის არის პასუხისმგებელი ან რომლის სახელითაც აქვს ვალდებულებების აღების უფლება. ამ ტერიტორიის მიმართ კონვენცია ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, გენერალური მდივნის მიერ განცხადების მიღებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, მასში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, შეიძლება უკან იქნას გამოთხოვილი გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების გზით. გამოთხოვა ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 36. დათქმები
1. ევროპის საბჭოს ნებისმიერ სახელმწიფოს და ევროპის გაერთიანებას შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის გენერალური მდივნისათვის გადაცემის დროს, გააკეთოს დათქმა კონვენციის შესაბამისი კონკრეტული დებულების მიმართ, თუ ამ დროისათვის მის ტერიტორიაზე მოქმედი რომელიმე კანონი არ შეესაბამება ამ დებულებას. ამ მუხლის შესაბამისად დაუშვებელია ზოგადი ხასიათის დათქმების გაკეთება.
2. ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებულ დათქმას თან უნდა ახლდეს მოკლე განცხადება შესაბამისი კანონის შესახებ.
3. ნებისმიერ მხარეს, რომელიც განავრცობს კონვენციის მოქმედებას 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ განცხადებაში განსაზღვრულ ტერიტორიაზე, შეუძლია გააკეთოს დათქმა ამ ტერიტოტიის მიმართ, წინა პარაგრაფების დებულებების შესაბამისად.
4. ნებისმიერ მხარეს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის შესაბამისად, შეუძლია გამოითხოვოს იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების გზით. უკან გამოთხოვა ძალაში შევა მომდევნო თვის პირველ დღეს, გენერალური მდივნის მიერ განცხადების მიღებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 37. დენონსაცია
1. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოახდინოს ამ კონვენციის დენოსაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეტყობინების გზით.
2. დენონსაცია ძალაში შევა მომდევნო თვის პირველ დღეს, გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 38. შეტყობინებები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას, ყოველ ხელმომწერ მხარეს, ყოველ მხარე სახელმწიფოს და სახელმწიფოს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა კონვენციის შემუშავებაში ან მოწვეულია შეუერთდეს მას:
a. ყოველი ხელმოწერის შესახებ
b. სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის მიღების შესახებ;
c. 33-ე და 34-ე მუხლების შესაბამისად კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს;
d. 32-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ყოველი შესწორების ან ოქმის და მათი ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
e. 35-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი განცხადების შესახებ;
f. 36-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული დათქმის ან მისი გაუქმების შესახებ;
g. ამ კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების, შეტყობინების ან ურთიერთობის შესახებ.
ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, არიან რა სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ოვიედოში (ასტურია), 1997 წლის 4 აპრილს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, ერთ პირად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, ევროპის გაერთიანებას, არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მოცემული კონვენციის შემუშავებაში და ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მოწვეულია შეუერთდეს კონვენციას.
დოკუმენტის კომენტარები