კონვენცია გერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ

  • Word
კონვენცია გერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/1946
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 05/02/2008
ძალაში შესვლის თარიღი 17/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000685
  • Word
-
13/02/1946
გაურკვეველი, -, 05/02/2008
480610000.03.030.000685
კონვენცია გერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ

(მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვალს)

ვინაიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 104-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ორგანიზაცია მისი თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობს სამართალსუბიექტის იმგვარი უფლებებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების განხორციელებისათვის და მისი მიზნების მისაღწევად, და

ვინაიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 105-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ორგანიზაცია მისი თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიზე სარგებლობს ისეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რაც აუცილებელია მისი მიზნების მიღწევისათვის და, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების წარმომადგენლები და ორგანიზაციის თანამდებობის პირები ასევე სარგებლობენ იმგვარი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რაც აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის,

შედეგად გენერალურმა ასამბლეამ, 1946 წლის 13 თებერვალს მიღებული რეზოლუციით, დაამტკიცა შემდეგი კონვენცია და იგი შეერთებისათვის წარუდგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითოეულ წევრ სახელმწიფოს.

    მუხლი I. ქმედუნარიანობა

ნაწილი 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გააჩნია ქმედუნარიანობა. მას აქვს უფლებამოსილება:

a) დადოს კონტრაქტები;

b) შეიძონოს და განკარგოს უძრავი და მოძრავი ქონება;

c) აღძრას სასამართლოში საქმე.

    მუხლი II. ქონება, ფონდები და აქტივები

ნაწილი 2 . გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მისი ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვის მფლობელობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი სასამართლო ჩარევისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თვითონ ორგანიზაცია, რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში, პირდაპირ არ იტყვის უარს იმუნიტეტზე, რაც ვრცელდება ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელთან დაკავშირებითაც მან უარი განაცხადა იმუნიტეტზე, თუმცა, იგულისხმება, რომ იმუნიტეტის არცერთი მოხსნა არ ვრცელდება სასამართლოს აღსრულების ზომაზე.

ნაწილი 3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაგებობები ხელშეუხებელია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვის მფლობელობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს,სარგებლობს იმუნიტეტით რეკვიზიციისაგან, კონფისკაციისაგან, ექსპროპრიაციისაგან და აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლო ან საკანონმდებლო ჩარევის სხვა ფორმებისაგან.

ნაწილი 4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივები და, ზოგადად, მისი კუთვნილი ან მის განკარგულებაში არსებული ყველა დოკუმენტი, ხელშეუხებელია, მიუხედავად მათი მდებარეობისა.

ნაწილი 5. ფინანსური კონტროლით, წესებით ან მორატორიუმით რაიმე სახით შეზღუდვის გარეშე,

a) გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უფლება აქვს, ფლობდეს ფონდებს, ოქროს ან ნებისმიერ ვალუტას და ახორციელებდეს ოპერაციებს ნებისმიერ ვალუტაში;

b) გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავისუფალია გადარიცხოს მისი ფონდები, ოქრო ან ვალუტა ერთი ქვეყნიდან მეორეში ან რომელიმე ქვეყნის ფარგლებში, და მოახდინოს მის ხელთ არსებული ვალუტის კონვერტაცია რომელიმე სხვა ვალუტაში.

ნაწილი 6. მე-5 ნაწილის თანახმად მისი უფლებების განხორციელებისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს წევრი სახელმწიფოს მთავრობის მოსაზრება, რამდენადაც ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამგვარი მოსაზრება შეიძლება იქნას გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

ნაწილი 7. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მისი აქტივები, შემოსავალი და სხვა ქონება:

a) თავისუფლება ყველა პირდაპირი გადასახადისაგან, თუმცა იგულისხმება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მოითხოვს იმ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც წარმოადგენს კომუნალური მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს;

b) თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან და იმპორტის და ექსპორტის აკრძალვებისაგან და შეზღუდვებისაგან იმ საგნებთან დაკავშირებით, რომლებიც შემოტანილია ან გატანილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მისი ოფიციალური მოხმარებისათვის. თუმცა, იგულისხმება, რომ ამ შეღავათიანი პირობებით შემოტანილი საგნები არ იქნება რეალიზებული იმ ქვეყნებში, სადაც ისინი იქნა იმპორტირებული, გარად ამ ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად;

c) მის გამოცემებთან დაკავშირებით თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან და იმპორტის და ექსპორტის აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან.

ნაწილი 8. თუმცა, როგორც წესი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ ითხოვს აქციზისა და იმ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც დაკავშირებულია მოძრავი და უძრავი ქონების შესყიდვასთან, რომელიც შედის გადასახდელ ფასში, მიუხედავად ამისა, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ოფიციალური გამოყენებისათვის ახორციელებს ქონების მნიშვნელოვან შესყიდვებს, რომელიც დაბეგრილია ან დაბეგვრას ექვემდებარება, წევრები, როდესაც ეს შესაძლებელია, გადასახადებისაგან გათავისუფლების ან უკან დაბრუნების მიზნით მიიღებენ შესაბამის ადმინისტრაციულ ზომებს.

    მუხლი III. საკომუნიკაციო საშუალებები

ნაწილი 9. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ოფიციალური კომუნიკაციისათვის მისი თითოეული წევრის ტერიტორიაზე სარგებლობს იმაზე არანაკლები მოპყრობით, რომელიც ენიჭებათ ამ წევრი სახელმწიფოს მთავრობის მიერ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს მთავრობას, მისი დიპლომატიური მისიების ჩათვლით, ფოსტის, დეპეშის, ტელეგრამების, რადიოგრამების, ტელეფოტოების, სატელეფონო და კავშირის სხვა საშუალებებთან დაკავშირებით, პრიორიტეტებთან, ტარიფებთან და გადასახადებთან, ასევე პრესისათვის ინფორმაციის და რადიოსათვის გადაცემისათვის დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ კორესპონდენციაზე და სხვა ოფიციალურ კუმუნიკაციებზე დაუშვებელია რაიმე ცენზურის დაწესება.

ნაწილი 10. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს კოდები და გაგზავნოს და მიიღოს მისი კორესპონდენცია კურიერის ან ვალიზების საშუალებით, რომლებიც სარგებლობენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რითაც დიპლომატიური კურიერები და ვალიზები.

    მუხლი IV. წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელები

ნაწილი 11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითად და დამხმარე ორგანოებში და გაერთიანებული ერების ორგანიზაცის მიერ მოწვეულ კონფერენციებზე წევრი სახელმწიფოების წარმომადგნელები, მათი ფუნქციების შესრულებისას და შეხვედრის ადგილამდე და უკან მგზავრობისას, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:

a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან და მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან, ასევე იმუნიტეტით ყველანაირი სასამართლო პროცესისაგან მათ მიერ წარმომადგენლის სტატუსით გაკეთებულ ნებისმიერ ნათქვამთან, დაწერილთან ან მოქმედებასთან დაკავშირებით;

b) საბუთების და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

c) უფლებით, გამოიყენონ კოდები და მიიღონ საბუთები ან კორესპონდენცია კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით;

d) თვითონ და მათი მეუღლეები თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან, უცხოელთა რეგისტრაციის ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვალდებულებებისაგან იმ სახელმწიფოში, სადაც იმყოფებიან ან რომელსაც გაივლიან მათი ფუნქციების შესრულებისას;

e) იმავე შეღავათებით ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობების წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს;

f) იმუნიტეტებით და შეღავათებით პირად ბარგთან დაკავშირებით, დიპლომატიური წარმომადგენლების მსგავსად; და ასევე

g) სხვა პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით, რომლებიც არ არის შეუსაბამობაში ზემოთ აღნიშნულთან, რითაც სარგებლობენ დიპლომატიური წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ მათ არ ექნებათ უფლება, მოითხოვონ გათავისუფლება საბაჟო გადასახადისაგან შემოტანილ საქონელთან დაკავშირებით (მათი პირადი ბარგის გარდა), ან აქციზისაგან ან ბრუნვის გადახდისაგან.

ნაწილი 12. იმისათვის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითად და დამხმარე ორგანოებში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციებზე წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოფილ იქნეს სიტყვის და მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების სრული თავისუფლება, სასამართლო პროცესისაგან იმუნიტეტი მათ მიერ მათი მოვალეობების შესრულებისას წარმოთქმული, დაწერილი ან ნებისმიერ მოქმედებასთან დაკავშირებით, კვლავ გავრცელდება მათზე, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პირები აღარ არიან წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.

ნაწილი 13. როდესაც გადასახადების დაწესება დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, დროის პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითად და დამხმარე ორგანოებში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები იმყოფებიან რომელიმე სახელმწიფოში მათი მოვალეობების შესასრულებლად, არ ითვლება ცხოვრების პერიოდში.

ნაწილი 14. წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა როგორც ცალკეული პირებისათვის პირადი გამორჩენისათვის, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან დაკავშირებით მათი ფუნქციების განხორციელების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ წევრ სახელმწიფოს გააჩნია არა მხოლოდ უფლება, არამედ, ასევე, ვალდებულება, მოუხსნას იმუნიტეტი მის წარმომადგენელს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც წევრი სახელმწიფოს აზრით იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და მისი მოხსნა შესაძლებელია იმ მიზნის შეულახავად, რა მიზნისათვისაც იქნა ეს იმუნიტეტი მინიჭებული.

ნაწილი 15.  მე-11, მე-12 და მე-13 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს ორგანოებს შორის, რომლის მოქალაქეც არის ის, ან რომლის წარმომადგენელიც იყო ან არის იგი.

ნაწილი 16. ამ მუხლში გამოთქმა „წარმომადგენლები“ მიიჩნევა, რომ მოიცავს ყველა დელეგატს, დელეგატების მოადგილეებს, მრჩევლებს, ტექნიკურ ექსპერტებს და დელეგაციების მდივნებს.

    მუხლი V. თანამდებობის პირები

ნაწილი 17. გენერალური მდივანი განსაზღვრავს თანამდებობის პირების კატეგორიებს, რომლებზეც გავრცელდება ამ მუხლის და VII მუხლის დებულებები. იგი ამ კატეგორიებს წარუდგენს გენერალურ ასამბლეას, რის შემდეგაც ეს კატეგორიები ეცნობება ყველა წევრი სახელმწიფოს მთავრობას. ამ კატეგორიებში შეტანილი თანამდებობის პირების გვარები დროდადრო უნდა ეცნობოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს.

ნაწილი 18. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამდებობის პირები:

a) სარგებლობენ იმუნიტეტით სასამართლო პროცესისაგან მათ მიერ წარმოთქმულთან ან დაწერილთან დაკავშირებით ან ყველა ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელებულია მათ მიერ, როგორც თანამდებობის პირების მიერ;

b) თავისუფლდებიან გადასახადებისაგან ხელფასთან და გასამრჯელოსთან დაკავშირებით, რომელსაც მათ უხდის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია:

c) თავისუფლდებიან სახელმწიფო სამხედრო ვალდებულებებისაგან;

d) თავისუფლდებიან, მათ მეუღლეებთან და ნათესავებთან ერთად, რომლებიც იმყოფებიან მათ კმაყოფაზე, საემიგრაციო შეზღუდვებისაგან და უცხოელთა რეგისტრაციისაგან;

e) ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით სარგებლობენ იმავე შეღავათებით, რომლებიც ენიჭებათ შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს, რომლებიც შედიან შესაბამისი მთავრობის დიპლომატიური მისიების შემადგენლობაში;

f) საერთაშორისო კრიზისების დროს მეუღლეებთან და მათ კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად სარგებლობენ რეპატრიაციის იმავე შეღავათებით, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლები;

g) თანამდებობის პირველად დაკავებისას უფლება აქვთ დაუბეგრავად შემოიტანონ თავიანთი ავეჯი და ქონება შესაბამის ქვეყანაში.

ნაწილი 19. მე-18 ნაწილში მითითებულ იმუნიტეტებთან და პრივილეგიებთან ერთად, გენერალურ მდივანს და გენერალური მდივნის ყველა თანაშემწეს, მათ მეუღლეებს და მცირეწლოვან შვილებს ენიჭებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები და შეღავათები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ენიჭებათა დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

ნაწილი 20. თანამდებობის პირებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერესებში და არა პირადი გამორჩენისათვის. გენერალურ მდივანს გააჩნია უფლება და ვალდებულება, მოუხსნას იმუნიტეტი ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც, მისი აზრით, იმუნიტეტი აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას და იმუნიტეტის მოხსნა შესაძლებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად. გენერალური მდივნის შემთხვევაში, იმუნიტეტის მოხსნის უფლება აქვს უშიშროების საბჭოს.

ნაწილი 21. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუდმივად თანამშრომლობს წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების აღსრულებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ამ მუხლში ნახსენები პრივილეგიების, იმუნიტეტების და შეღავათების ბოროტად გამოყენების აღკვეთას.

    მუხლი VI. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტები მივლინებებში

ნაწილი 22. ექსპერტები (გარდა თანამდებობის პირებისა, რომლებსაც ეხება V მუხლი), რომლებიც იმყოფებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მივლინებებში, ენიჭებათ ისეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც აუცილებელია მათი მივლინების განმავლობაში მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის, მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის დროის ჩათვლით. კერძოდ, მათ ენიჭებათ:

a) იმუნტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან და მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან;

b) იმუნიტეტი ყველანაირი სასამართლო პროცესისაგან მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნათქვამთან ან დაწერილთან და მოქმედებასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესისაგან იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პირები აღარ იმყოფებიან მივლინებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით;

c) ყველა საბუთის და დოკუმენტის ხელშეუხებლობა;

d) ეუფლება გამოიყენონ კოდები და მიიღონ საბუთები და კორესპონდენცია კურიერების და ვალიზების მეშვეობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მათი კავშირის მიზნებისათვის;

e) ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით იგივე შეღავათები, რომლებიც ენიჭებათ უცხო მთავრობების წარმომადგენლებს დროებით ოფიციალური მივლინებებისას;

f) იგივე იმუნიტეტები და შეღავათები მათ პირად ბარგთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

ნაწილი 23. ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერესებში და არა პირადი გამორჩენისათვის. გენერალურ მდივანს აქვს უფლება და ვალდებულება, ნებისმიერ ექსპერტს მოუხსნას იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც, მისი აზრით, იმუნიტეტი შეაფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას და მისი მოხსნა შესაძლებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

    მუხლი VII. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საშვი

ნაწილი 24. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უფლება აქვს, მის თანამდებობის პირებზე გასცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საშვი. ეს საშვები წევრი სახელმწიფოების ორგანოების მიერ 25 ნაწილის დებულებების გათვალისწინებით, აღიარებული და მიღებული უნდა იქნეს, როგოც მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი.

ნაწილი 25. ვიზის განაცხადები (სადაც მოითხოვება) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საშვის მფლობელებისათვის, როდესაც ახლავს მოწმობა, რომ ისინი მოგზაურობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმეებზე, უნდა იქნეს განხილული, რაც შეიძლება სწრაფად. დამატებით, ამ პირებს, უნდა მიენიჭოთ შეღავათები სწრაფი გადაადგილებისათვის.

ნაწილი 26. 25-ე ნაწილში მითითებული შეღავათების მსგავსი შეღავათები უნდა მიენიჭოთ ექსპერტებს და სხვა პირებს, რომლებიც, თუმცა არ ფლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საშვს, მაგრამ გააჩნიათ მოწმობა, რომ ისინი მოგზაურობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმეებზე.

ნაწილი 27. გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის თანაშემწე და დირექტორები, რომლებიც მგზავრობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საშვით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმეებზე, უნდა მიენიჭოთ იგივე შეღავათები, რომლებიც ენიჭებათ დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

ნაწილი 28. ამ მუხლის დებულებები შესაძლებელია გავრცელდეს სპეციალიზებული დაწესებულებების შესაბამის თანამდებობის პირებზე, იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს წესდების 63-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის შესახებ შეთანხმებები.

    მუხლი VIII. დავების მოგვარება

ნაწილი 29. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიღებს დებულებებს, რათა სათანადო გზით იქნეს მოგვარებული:

a) დავები, რომლებიც წარმოიშობა კონტრაქტებისაგან ან კერძო სამართლებრივი ხასიათის დავებისაგან, რომლის მხარეც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია;

b) დავები, რომელიც მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რომელიმე თანამდებობის პირს, რომელიც მისი ოფიციალური თანამდებობის ძალით სარგებლობს იმუნიტეტით, თუ იმუნიტეტი არ იქნა მოხსნილი გენერალური მდივნის მიერ.

ნაწილი 30. ყველა უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა გადაეცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ მოგვარების სხვა საშუალებებზე. იმ შემთხვევაში, თუ უთანხმოება, ერთი მხრივ, წარმოიშობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, წევრ სახელმწიფოს შორის, მოითხოვება საკონსულტაციო მოსაზრება წესდების 96-ე მუხლის და სასამართლოს სტატუტის 65-ე მუხლის თანახმად. სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა მხარეებისათვის გადამწყვეტია.

დასკვნითი დებულებები

ნაწილი 31. წინამდებარე კონვენცია შესაერთებლად წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითოეულ წევრ სახელმწიფოს.

ნაწილი 32. შეერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დოკუმენტის დეპონირებით და კონვენცია თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან მიმართებაში ძალაში შედის შეერთების დოკუმენტის დეპონირების დღეს.

ნაწილი 33. გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითოეულ წევრ სახელმწიფოს აცნობებს თითოეული შეერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.

ნაწილი 34. ივარაუდება, რომ რომელიმე წევრი სახელმწიფოს სახელით შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ამ წევრ სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, მისი კანონმდებლობის მიხედვით შეასრულოს წინამდებარე კონვენციის პირობები.

ნაწილი 35. წინამდებარე კონვენცია ინარჩუნებს ძალას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს შორის, რომელმაც მოახდინა შეერთების დოკუმენტის დეპონირება მანამ, სანამ ეს წევრი სახელმწიფო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, ან სანამ გენერალური ასამბლეა არ დაამტკიცებს გადასინჯულ საერთო კონვენციას და ეს წევრი სახელმწიფო გახდება ამ გადასინჯული კონვენციის მონაწილე.

ნაწილი 36. გენერალურ მდივანს შეუძლია ნებისმიერ წევრ სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოებთან დადოს დამატებითი შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებენ წინამდებარე კონვენციის დებულებებს, რამდენადაც ეს ეხება შესაბამის წევრ სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს. ამგვარი დამატებითი შეთანხმება თითოეულ შემთხვევაში ექვემდებარება გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებას.