კონვენცია სპეციალურ მისიათა შესახებ

  • Word
კონვენცია სპეციალურ მისიათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/1969
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 03/08/2005
ძალაში შესვლის თარიღი 22/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000552
  • Word
-
16/12/1969
გაურკვეველი, -, 03/08/2005
480610000.03.030.000552
კონვენცია სპეციალურ მისიათა შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

სპეცილურ მისიათა შესახებ

წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,

მიუთითებენ რა, რომ სპეციალურ მისიებზე ყოველთვის ვრცელდებოდა სპეციალური რეჟიმი;

მხედველობაში მიღებენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და მისი წესდების პრინციპებს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების და ასევე სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების შესახებ;

მიუთითებენ რა, რომ სპეციალურ მისიათა მნიშვნელობა აღიარებულ იქნე გაერთიანებული ერების დიპლომატიურ ურთიერთობათა და იმუნიტეტთა შესახებ კონფერენციის მსვლელობისას და კონფერენციის მიერ 1961 წლის 10 აპრილს მიღებულ I რეზოლუციაში;

მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების კონფერენციამ დიპლომატიური ურთიერთობებისა და იმუნიტეტების შესახებ მიიღო ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1961 წლის 18 აპრილს;

მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების კონფერენციამ საკონსულო ურთიერთობათა შესახებ მიიღო ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1963 წლის 24 აპრილს;

რწმენას გამოთქვამენ რა, რომ საერთაშორისო კონვენცია სპეციალურ მისიათა შესახებ შეავსებს ამ ორ კონვენციას და ხელს შეუწყობს ერთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებას, მათ კონსტიტუციურ და სოციალურ სისტემებში არსებული განსხვავებების მიუხედავად;

შეგნებული აქვთ რა, რომ სპეციალურ მისიებთან დაკავშირებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება ემსახურება არა ცალკეულ პირთა მიერ სარგებლის მიღებას, არამედ იმ სპეციალური მისიების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად შესრულებას, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სახელმწიფოების სახელით;

ადასტურებენ რა, რომ ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ არ რეგულირდება წინამდებარე კონვენციის დებულებებით, უნდა გადაწყდეს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების საფუძველზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

a) „სპეციალური მისია“ არის დროებითი მისია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოსა და რომელიც წარიგზავნება ერთი სახელმწიფოდან მეორეში ამ უკანასკნელის თანხმობით, სპეციალურ საკითხთა განხილვის ან სპეციალურ დავალებათა განხორციელების მიზნით;

b) „მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისია“ არის დიპლომატიური მისია იმ მნიშვნელობით, რაც მას მინიჭებული აქვს ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;

c) „საკონსულო დაწესებულება“ არის ნებისმიერი გენერალური საკონსულო, საკონსულო და ვიცესაკონსულო ან საკონსულო სააგენტო;

d) „საკონსულო მისიის მეთაური“ არის წარმგზავნი სახელმწიფოს ამ მოვალეობათა განხორციელების მიზნით დანიშნული პირი;

e) „წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში“ არის ნებისმიერი პირი, რომელსაც წარმგზავნი სახელმწიფო ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებას;

f) „სპეციალური მისიის წევრები“ არიან სპეციალური მისიის მეთაური, სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები და სპეციალური მისიის პერსონალის წევრები;

g) „სპეციალური მისიის პერსონალის წევრები“ არიან სპეციალური მისიის დიპლომატიური პერსონალის წევრები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრები და მომსახურე პერსონალის წევრები;

h) „დიპლომატიური პერსონალის წევრები“ არიან სპეციალური მისიის წევრები, რომელთაც გააჩნიათ დიპლომატიური სტატუსი სპეციალური მისიის მიზნებისათვის;

i) „ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრები“ არიან სპეციალური მისიის პერსონალის წევრები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სპეციალური მისიის ადმინისტრაციულ და ტექნიკური მომსახურების სამსახურში;

j) „მომსახურე პერსონალის წევრები“ არიან სპეციალური მისიის პერსონალის წევრები, რომლებიც დაქირავებულნი არიან მისიის მიერ სამეურნეო ან სხვა ანალოგიური სახის სამუშაოს შესრულების მიზნით;

k) „პირადი პერსონალი“ არიან პიერები, რომლებიც მხოლოდ სპეციალური მისიის წევრთა პირად სამსახურში არიან.

    მუხლი 2. სპეციალური მისიის წარგზავნა

სახელმწიფოს შეუძლია წარგზავნოს სპეციალური მისია და სხვა სახელმწიფოში ამ უკანასკნელის მიერ დიპლომატიური ან სხვაგვარად შეთანხმებული ან ორივე მხარისათვის მისაღები არხების საშუალებით წინასწარ გადაცემული თანხმობის საფუძველზე.

    მუხლი 3. სპეციალური მისიის ფუნქციები

სპეციალური მისიის ფუნქციები უნდა განისაზღვროს წარმგზავნი და მიმღები სახელმწიფოს ურთიერთთანხმობით.

    მუხლი 4. სპეციალური მისიის წარგზავნა ორ ან მეტ სახელმწიფოში

სახელმწიფომ, რომელსაც სურს წარგზავნოს ერთი და იგივე სპეციალური მისია ორ ან მეტ სახელმწიფოში, აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს თითოეულ სახელმწიფოს, რათა მოიპოვოს ამ სახელმწიფოთა თანხმობა.

    მუხლი 5. ორი ან მეტი სახელმწიფოს მიერ ერთობლივი სპეციალური მისიის წარგზავნა

იმ შემთხვევაში, თუ ორ ან მეტ სახელმწიფოს სურს წარგზავნოს ერთობლივი სპეციალური მისია სხვა სახელმწიფოში, მათ ამის თაობაზე უნდა აცნობონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, რათა მიიღონ ამ სახელმწიფოს თანხმობა.

    მუხლი 6. სპეციალური მისიის წარგზავნა ორი ან მეტი სახელმწიფოს მიერ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების გადაწყვეტის მიზნით

ორ ან მეტ სახელმწიფოთაგან თითოეულს შეუძლია ერთსა და იმავე დროს წარგზავნოს სპეციალური მისია სხვა სახელმწიფოში ამ სახელმწიფოს მიერ მე-2 მუხლის შესაბამისად გაცემული თანხმობის საფუძველზე, რათა ამ სახელმწიფოთა შეთანხმებით, ერთობლივად გადაწყვიტონ ის საკითხები, რომლებიც შეადგენს საერთო ინტერესის საგანს.

    მუხლი 7. დიპლომატიურ ან საკონსულო ურთიერთობათა არ არსებობა

სპეციალური მისიის წარგზავნის ან მიღებისათვის დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობების არსებობა არ წარმოადგენს აუცილებლობას.

    მუხლი 8. სპეციალურ მისიათა წევრების დანიშვნა

მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების დებულებათა შესაბამისად, წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს სპეციალურ მისიათა წევრები, მას შემდეგ, რაც ადგილსამყოფელ სახელმწიფოს გადასცემს აუცილებელ ინფორმაციას სპეციალური მისიის მოცულობასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ პირთა სახელებსა და პირად მონაცემებს, რომელთა დანიშვნაც მას სურს. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია უარი განაცხადოს სპეციალური მისიის მიღებაზე, თუ ამ მისიის წევრთა რაოდენობა მისთვის მისაღები არ არის, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული პირობებისა და კონკრეტული სპეციალური მისიის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. მას შეუძლია ასევე, მიზეზის მიუთითებლად უარი განაცხადოს სპეციალური მისიის ნებისმიერი წევრის მიღებაზე.

    მუხლი 9. სპეციალური მისიის შემადგელობა

1. სპეციალური მისია შედგება წარმგზავნი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელისაგან, რომელთაგან წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს მეთაური. სპეციალური მისია შეიძლება ასევე შეიცავდეს დიპლომატიურ პერსონალს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და მომსახურე პერსონალს.

2. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური მისიის შემადგენლობაში შედიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისიის ან საკონსულო დაწესებულებების წევრები, ისინი, წინამდებარე კონვენციის საფუძველზე მინიჭებულ იმუნიტეტებსა და პრივილეგიებთან ერთად, შეინარჩუნებენ იმ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებსაც, რომლებიც მათ ეკუთვნით, როგორც მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისიის ან საკონსულო დაწესებულების წევრებს.

    მუხლი 10. სპეციალური მისიის წევრთა მოქალაქოება

1. წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრები, როგორც წესი, წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეები უნდა იყვნენ.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არ შეიძლება დანიშნულ იქნენ სპეციალურ მისიაში, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომელიც შეიძლება გაუქმებულ იქნეს ნებისმიერ დროს.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება მესამე სახელმწიფოს იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც იმავდროულად არ არიან წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქენი.

    მუხლი 11. შეტყობინება (ნოტიფიკაცია)

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სახელმწიფოს სხვა შესაბამის ორგანოს, ორივე სახელმწიფოს შეთანხმებით, უნდა გადაეცეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

a) სპეციალური მისიის შემადგენლობა და ამ შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები;

b) მისიის წევრთა ჩასვლა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი საბოლოოდ უკან გამომგზავრება და მისიაში მათი ფუნქციების დასრულება.

c) მისიის წევრის თანმხლები პირის ჩასვლა და უკან დაბრუნება;

d) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს რეზიდენტ პირთა დაქირავება მისიის წევრობის ან კერძო პერსონალის სახით და მათი სამსახურიდან დათხოვნა.

e) სპეციალური მისიის მეთაურის, ან ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში, მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წარმომადგენლის ნებისმიერი შემცვლელი პირის დანიშვნა;

f) სპეციალურ მისიის მიერ დაკავებული შენობებისა და საცხოვრებელი ბინების ადგილმდებარეობა, რომლებიც 30-ე, 36-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად ხელშეუხებელია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ასეთი შენობების და საცხოვრებელი ბინების დადგენის მიზნით.

2. შესაძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს წინასწარ.

    მუხლი 12. „NON GRATA“ ან მიუღებლად გამოცხადებული პირები

1. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე შეატყობინოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ წარმგზავნი სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში ან მისი დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი არის „NON GRATA“ პირი, ან რომ მისიის დიპლომატიური პერსოანლის ნებისმიერი სხვა წევრი მიუღებელია მისთვის. ასეთ შემთხვევაში წარმგზავნმა სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად უნდა გამოიწვიოს ეს პირი ან შეუწყვიტოს მას მისიაში მუშაობის უფლებამოსილება. პირი შეიძლება გამოცხადებულ იქნეს „NON GRATA“-დ ან მიჩნეულ იქნეს მიუღებლად ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ჩასვლამდე.

2. თუკი წარმგზავნი სახელმწიფო უარს აცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ან გონივრულ ვადაში ვერ ასრულებს მათ, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია უარი განაცხადოს შესაბამისი პირის, როგორც სპეციალური მისიის წევრის აღიარებაზე.

    მუხლი 13. სპეციალური მისიის ფუნქციონირების დაწყება

1. სპეციალური მისიის ფუნქციონირება უნდა დაიწყოს მისიის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებისმიერ სხვა შესაბამის ორგანოსთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებისთანავე.

2. სპეციალური მისიის ფუნქციონირების დაწყება არ არის დამოკიდებული წარმგზავნი სახელმწიფოს მუდმივი დიპლომატიური მისიის მიერ ამ მისიის წარდგენაზე, უფლებამოსილების ან რწმუნებულებათა სიგელების გადაცემაზე.

    მუხლი 14. სპეციალური მისიის სახელით მოქმედებს უფლებამოსილება

1. სპეციალური მისიის მეთაური, ან თუ წარმგზავნ სახელმწიფოს არ ჰყავს დანიშნული მეთაური, წარმგზავნი სახელმწიფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი დანიშნული ამ უკანასკენლის მიერ, უფლებამოსილია იმოქმედოს სპეციალური მისიის სახელით და გაუგზავნოს შეტყობინებები ადგილსამყოფელ სახელმწიფოს. სპეციალურ მისიასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უგზავნის მისიის მეთაურს, ხოლო ასეთის არ არსებობისას, ზემოთ მითითებულ წარმომადგენელს უშუალოდ ან მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისიის მეშვეობით.

2. მიუხედავად ზემოთქმულისა, წარმგზავნ სახელმწიფოს, სპეციალური მისიის მეთაურს ან მისი არარსებობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ წარმომადგენელს შეუძლია სპეციალური მისიის წევრს მიანიჭოს სპეციალური მისიის მეთაურის ან ზემოხსენებული წარმომადგენლის ფუნქციების შესრულების ან მისიის სახელით მოქმედების უფლებამოსილება.

    მუხლი 15. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანო, რომელთანაც წარიმართება ოფიციალური საქმიანობა

ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ყველა სახის ოფიციალურ ურთიერთობას სპეციალური მისია აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა შესაბამის ორგანოსთან ერთად ან მათი მეშვეობით.

    მუხლი 16. რიგითობასთან დაკავშირებული წესები

1. იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ერთმანეთს ხვდებიან ორი ან მეტი სპეციალური მისია, სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, რიგითობა მისიებს შორის განისაზღვრება სახელმწიფოების დასახელებათა ანბანური რიგით, იმ სახელმწიფოს პროტოკოლის მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეც ტარდება ამ მისიათა შეხვედრა.

2. რიგითობა ორ ან მეტ მისიას შორის, რომლებიც ერთმაენთს ხვდებიან ოფიციალური ან ფორმალური ხასიათის ღონისძიებებზე, განისაზღვრება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პროტოკოლით.

3. ერთი და იგივე სპეციალური მისიის წევრებს შორის რიგითობის წესი მითითებული იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ან იმ მესამე სახელმწიფოსათვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომლის ტერიტორიაზეც ერთმანეთს ხვდება ორი ან მეტი სპეციალური მისია.

    მუხლი 17. სპეციალური მისიის ადგილსამყოფელი

1. სპეციალური მისიის ადგილსამყოფელი განისაზღვრება დაინტერესებულ სახელმწიფოთა შეთანხმებით.

2. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში სპეციალური მისიის ადგილსამყოფელი იქნება იქ, სადაც ადგილსამყოფელ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროა განლაგებული.

3. თუ სპეციალური მისია ახორციელებს თავის ფუნქციებს სხვადასხვა ადგილას, დაინტერესებული სახელმწიფოები შესაძლოა შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მისიას ჰქონდეს ერთზე მეტი ადგილსამყოფელი, რომელთაგან მათ შეუძლიათ აირჩიონ ერთი ძირითადი ადგილსამყოფელი.

    მუხლი 18. სპეციალური მისიების შეხვედრა მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე

1. ორი ან მეტი სახელმწიფოს სპეციალური მისიები შეიძლება შეიკრიბონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამ მესამე სახელმწიფოს მკაფიოდ ფორმულირებული თანხმობის მიღების შემდეგ, რომელიც იტოვებს მისი გაუქმების უფლებას.

2. თანხმობას გაცემასთან ერთად, მესამე სახელმწიფოს შეუძლია დათქვას ის პირობები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს წარმგზავნი სახელმწიფოების მიერ.

3. მესამე სახელმწიფო წარმგზავნი სახელმწიფოების მიმართ სარგებლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებებითა და ვალდებულებებით, რომლებსაც იგი განსაზღვრავს თანხმობის გაცემის შემთხვევაში.

    მუხლი 19. სპეციალური მისიის უფლება, გამოიყენოს წარმგზავნი სახელმწიფოს დროშა და ემბლემა

1. სპეციალურ მისიას აქვს უფლება დაამაგროს წარმგზავნი სახელმწიფოს დროშა და ემბლემა მისიის მიერ დაკავებულ შენობაზე და მის მიერ ოფიციალური მიზნით გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

2. ამ მუხლში მითითებული უფლებების გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და ჩვეულებითი ნორმები.

    მუხლი 20. სპეციალური მისიის ფუნქციონირების დასრულება

1. სპეციალური მისიის ფუნქციონირება შეწყდება, inter alia, შემდეგ შემთხვევებში.

a) დაინტერესებულ სახელმწიფოთა შეთანხმებით;

b) სპეციალური მისიის მიერ თავისი მიზნის ამოწურვის შემდეგ;

c) სპეციალური მისიისათვის განკუთვნილი ვადის ამოწურვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვადა სპეციალურად არის გაგრძელებული;

d) წარმგზავნი ქვეყნის შეტყობინების საფუძველზე იმის შესახებ, რომ იგი მოქმედებას უწყვეტს სპეციალურ მისიას ან უკან იწვევს მას;

e) წარმგზავნი ქვეყნის შეტყობინების საფუძველზე იმის შესახებ, რომ იგი სპეციალურ მისიის საქმიანობას განიხილავს როგორც დასრულებულს.

2. დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტა წარმზავნ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის არ გამოიწვევს ამ დროისათვის მოქმედ სპეციალურ მისიათა ფუნქციონირების შეწყვეტას.

    მუხლი 21. სახელმწიფოს მეთაურისა და მაღალი რანგის პირების სტატუსი

1. წარმგზავნი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობს სპეციალურ მისიას, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში სარგებლობს ისეთივე უპირატესობით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ენიჭებათ სახელმწიფოთა მეთაურებს ოფიციალური ვიზიტების დროს.

2. მთავრობის მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრი და მაღალი რანგის სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობენ წარმგზავნი ქვეყნის სპეციალურ მისიაში, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში ამ კონვენციით მინიჭებული პრივილეგიების გარდა, სარგებლობენ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული სხვა უპირატესობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.

    მუხლი 22. საერთო პირობებით

ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სპეციალური მისია მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო პირობებით, სპეციალური მისიის მიზნების გათვალისწინებით.

    მუხლი 23. შენობები და საცხოვრებელი ბინები

ადგილსამყოფელი სახელმწიფო, მოთხოვნის შემთხვევაში, დახმარებას გაუწევს სპეციალურ მისიას საჭირო შენობებითა და მისი წევრებისათვის შესაფერისი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფაში.

    მუხლი 24. სპეციალური მისიების შენობათა გათავისუფლება გადასახადებისაგან

1. სპეციალური მისიის მიერ განხორციელებული ფუნქციების ხასიათისა და ხანგრძლივობის შესაბამისად, წარმგზავნი სახელმწიფო და მისიის სახელით მოქმედი სპეციალური მისიის წევრები განთავისუფლებული არიან სპეციალური მისიის მიერ დაკავებულ შენობებთან დაკავშირებული ყველა სახის ეროვნული, რეგიონული და მუნიციპალური მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან, გარდა კონკრებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებსა და გადასახადებზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა გადაიხადონ იმ პირებმა, რომელთაც კონტრაქტი აქვთ დადებული წარმგზავნ სახელმწიფოსთან ან სპეციალური მისიის წევრებთან.

    მუხლი 25. შენობების ხელშეუხებლობა

1. ამ კონვენციის შესაბამისად, შენობა რომელშიც განლაგებულია სპეციალური მისია, ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ შეუძლიათ შენობაში შესვლა სპეციალური მისიის მეთაურის თანხმობის გარეშე, ან საჭიროების შემთხვევაში, წარმგზავნი სახელმწიფოს იმ მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობის გარეშე, რომელიც აკრედიტებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. ამგვარი თანხმობა გაცემულად ჩაითვლება ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურებების შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია სერიოზული საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას და თუ შეუძლებელია სპეციალური მისიის მეთაურის ან, საჭიროების შემთხვევაში, მუდმივი წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობის მიღება.

2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს აკისრია სპეციალური ვალდებულება მიიღოს ყველა ზომა სპეციალური მისიის შენობების დაცვის მიზნით ყოველგვარი შეჭრის ან ზიანის მიყენებისაგან და ასევე უზრუნველყოს სპეციალური მისიის უსაფრთხოება და მისი ღირსება.

3. სპეციალური მისიის შენობა, ინვენტარი დ სხვა სახის ქონება, რომელიც გამოიყენება სპეციალური მისიის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების პროცესში და ასევე სპეციალური მისიის სატრანსპოროტო საშუალებები სარგებლობენ იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზირების, კონფისკაციის ან ამოღებისაგან.

    მუხლი 26. არქივებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა

სპეციალური მისიის არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა გააჩნდეთ თვალსაჩინო განმასხვავებელი ნიშნები.

    მუხლი 27. გადაადგილების თავისუფლება

იმ ზონებთან დაკავშირებით მოქმედი კანონებისა და ნორმების დაცვით, რომლებში შესვლაც აკრძალულია ან რეგულირდება ეროვნული უშიშროების ინტერესების გათვალისწინებით, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სპეციალური მისიის ყველა წარმომადგენლის გადაადგილების თავისუფლება და მოგზაურობა მის ტერიტორიაზე იმ ფარგლებში, რაც საჭიროა სპეციალური მისიის ფუნქციების შესასრულებლად.

    მუხლი 28. კომუნიკაციის თავისუფლება

1. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სპეციალური მისიის შეუზღუდავი ურთიერთობა ყველა სახის ოფიციალური მიზნებისათვის. წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობასთან, მის დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და სხვა სპეციალურ მისიებთან ან ამავე მისიის ცალკეულ განყოფილებებთან ურთიერთობისათვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, სპეციალურ მისიას შეუძლია გამოიყენოს ყველა საშუალება, კურიერებისა და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით. ამასთან, სპეციალურ მისიას შეუძლია დააყენოს რადიოგადამცემი საშუალებები მხოლოდ ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით.

2. სპეციალური მისიის ოფიციალური კორესპონდენცია არის ხელშეუხებელი. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულიხმება სპეციალურ მისიასა და მის ფუნქციებთან დაკავშირებული ყველა სახის კორესპონდენცია.

3. სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, სპეციალურ მისიას შეუძლია ისარგებლოს წარმგზავნი სახელმწიფოს მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის საკომუნიკაციო საშუალებებით, დიპლომატიური ფოსტისა და საკურიერო მომსახურების ჩათვლით.

4. სპეციალური მისიის ფოსტა არ ექვემდებარება არც გახსნას და არც დაკავებას.

5. გზავნილს, რომლისგანაც შედგება სპეციალური მისიის ფოსტა, უნდა გააჩნდეს თვალსაჩინო განმასხვავებელი ნიშნები, და იგი უნდა შეიცავდეს მხოლოდ დოკუმენტაციას და სპეციალური მისიის ოფიციალური გამოყენებისთვის გამიზნულ ნივთებს.

6. სპეციალური მისიის კურიერი, რომელსაც თან აქვს თავისი სტატუსისა და საფოსტო გზავნილების რაოდენობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, სარგებლობს მიმღები სახელმწიფოს დაცვით თავისი მოვალეობის შესრულების დროს. იგი ასევე სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება დაპატიმრებასა და დაკავებას.

7. წარმგზავნ სახლმწიფოს ან სპეციალურ მისიას შეუძლია დანიშნოს სპეციალური მისიის ad hoc კურიერები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები გამოიყენება ასეთ შემთხვევებშიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ad hoc კურიერის მიმართ ზემოაღნიშნული იმუნიტეტები წყვეტს მოქმედებას მის მიერ ფოსტის დანიშნულების ადგილზე ჩაბარების მომენტში.

8. სპეციალური მისიის ფოსტა შეიძლება ჩაჰბარდეს იმ გემის ან თვითმფრინავის კაპიტანს, რომელიც უნდა შევიდეს ან დაეშვას საამისოდ განკუთვნილ პორტში ან აეროპორტში. კაპიტანი უნდა ფლობდეს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია საფოსტო გზავნილების რაოდენობა. ამასთან, კაპიტანი არ ითვლება სპეციალური მისიის კურიერად. შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით, სპეციალურ მისიას შეუძლია გააგზავნოს ერთ-ერთი თავისი წარმომადგენელი გემის ან თვითმფრინავის კაპიტნისაგან საფოსტო გზავნილის მისაღებად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

    მუხლი 29. პირადი ხელშეუხებლობა

წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში და ასევე დიპლომატიური პერსონალის წევრები სარგებლობენ ხელშეუხებლობით. ისინი არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას ან დაკავებას არანაირი ფორმით. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია შესაფერისი პატივით მოეპყრას მათ და ყველა ღონე იხმაროს მათი სიცოცხლის, თავისუფლების და ღირსების რაიმე სახით ხელყოფის თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 30. პირადი დაწესებულების ხელშეუხებლობა

1. წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური პერსონალის წევრების საცხოვრებელი ბინები სპეციალურ მისიაში სარგებლობს იმავე ხარისხის დიპლომატიური ხელშეუხებლობითა და დაცვით, როგორითაც სპეციალური მისიის შენობა.

2. ერთიანი ხელშეუხებლობით სარგებლობს ასევე მათი საბუთები, კორესპონდენცია და ქონება, გარდა 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 31. სასამართლო იმუნიტეტი

1. წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სარგებლობენ სისხლისსამართლებრივი დევნის იმუნიტეტით.

2. ისინი ასევე სარგებლობენ სამოქალაქო და ადმინისტრაციული დევნის იმუნიტეტით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

a) თუ შეტანილია ქონებრივი სარჩელი, რომელიც ეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოპასუხე ფლობს ამ ქონებას წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით მისიის მიზნებისათვის;

b) თუ შეტანილია სარჩელი, რომელიც ეხება მემკვიდრეობას, სადაც მოპასუხე გამოდის ანდერძის აღმსრულებლის, სამკვიდრო ქონების ადმინისტრატორის, მემკვიდრის ან ლეგატარის როლში და მოქმედებს არა წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით, არამედ, როგორც კერძო პირი;

c) თუ შეტანილია სარჩელი, რომელიც ეხება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოპასუხის მიერ თავისი ოფიციალური ფუნქციების მიღმა განხორციელებულ ნებისმიერ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას;

d) თუ შეტანილია სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც გამოწვეულია მოპასუხის მიერ არა სამსახურებრივი მიზნით გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებით.

3. წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება მოწმის სახით.

4. არანაირი სააღსრულებლო ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლების ან მისი დიპლომატიური პერსონალის წევრების მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის a,b,c და d ქვეპუნქტებით, ამასთან, ეს ზომები არ უნდა ლახავდეს პიროვნებისა და მისი საცხოვრებლის ხელშეუხებლობას.

5. სასამართლო იმუნიტეტი არ ათავისუფლებს სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრებს წარმგზავნი სახელმწიფოს იურისდიქციისაგან.

    მუხლი 32. სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობისაგან გათავისუფლება

1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებზე სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრებზე არ ვრცელდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის ნომრები, ამ პირთა მიერ წარმგზავნი სახელმწიფოსათვის გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გამონაკლისი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრების პირად სამსახურში, თუ:

a) ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, ან მუდმივად არ ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე;

b) მათზე ვრცელდება სოციალური უზრუნველყოფის ის ნორმები, რომელიც მოქმედებს წარმგზავნ ან მესამე სახელმწიფოში.

3. წარმგზავნ სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალი, რომლებსაც სამსახურში აჰყავთ ისეთი პირები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი, ვალდებულნი არიან შეასრულონ ის მოვალეობები, რომლებსაც დამქირავებლებს აკისრებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის ნორმები.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი წესი, არ გამორიცხავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას, თუ ასეთი რამ დაშვებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოს მიერ.

5. ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში დადებულ იმ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც დაიდო უფრო ადრე და ასევე ხელს არ უშლის ამგვრი შეთანხმებების დადებას მომავალში.

    მუხლი 33. გათავისუფლება გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან

წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი, ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური მოსაკრებლისა და გადასახადებისაგან გარდა;

a) ირიბი გადასახადებისა, რომლებიც შედის საქონლისა თუ მომსახურების ფასში;

b) მოსაკრებლებისა და იმ უძრავ ქონებაზე დაწესებული გადასახადებისა, რომელიც მდებარეობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი მას ფლობს წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით მისიის მიზნების განსახორციელებლად;

c) მემკვიდრეობით მიღებული უძრავი და მოძრავი ქონების გადასახადებისა, რომელსაც აწესებს ადგილსამყოფელი სახელმწიფო 44-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით;

d) იმ პირად შემოსავალზე დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლებისა, რომლის წყაროც ადგილსამყოფელ სახელმწიფოშია, ასევე იმ ინვესტიციებთან დაკავშირებული გადასახადებისა, რომლებიც განხორციელდა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განლაგებულ კომერციულ საწარმოებში;

e) იმ მოაკრებლებისა, რომლებიც დაწესებულია მომსახურების კონკრეტულ სახეებზე;

f) სააღრიცხვო და სარეგისტრაციო მოსაკრებლებისა, ასევე იპოთეკური და გერბის გადასახადებისა, 24-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

    მუხლი 34. პირადი მომსახურებისაგან გათავისუფლება

ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალი გაათავისუფლოს ყოველგვარი პირადი და სახელმწიფო ვალდებულებისაგან, მიუხედავად მისი ხასიათისა, აგრეთვე სამხედრო ვალდებულებისაგან, როგორიც არის რეკვიზიცია, კონტრიბუცია და ჯარის ბინაში ჩაყენება.

    მუხლი 35. ბაჟისა და საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, მის მიერ მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, იძლევა ნებართვას, რათა მის ტერიტორიაზე შემოტანილ იქნეს და ასევე განთავისუფლდეს გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და მსგავსი მომსახურების მოსაკრებლისა:

a) სპეციალური მისიის ოფიციალური მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები;

b) სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრების პირადი სარგებლობის განკუთვნილი საგნები.

2. სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრების პირადი ბარგი არ ექვემდებარება შემოწმებას, თუ არ არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ იგი შეიცავს ისეთ საგნებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის 1-ლი პუნქტით, ან ისეთ საგნებს, რომელთა იმპორტ-ექსპორტი აკრძალულია ან არ ექვემდებარება იმ სახელმწიფოს საკარანტინო წესებს. ამგვარი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ მოცემული პირის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით.

    მუხლი 36. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი

სპეციალური მისიის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი სარგებლობს 29–34-ე მუხლებით გათვალისწინებული იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით, იმ გამონაკლისით, რომ 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი დევნის იმუნტეტი არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობების მიღმა ჩადენილ ქმედებ ებზე. აღნიშნული პირები სარგებლობენ აგრეთვე 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტში ხსენებული იმუნიტეტით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველი შესვლისას შეტანილ ნივთებთან დაკავშირებით.

    მუხლი 37. მომსახურე პერსონალი

სპეციალური მისიის მომსახურე პერსონალი სარგებლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო იმუნიტეტით მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით. ისინი თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან და მოსაკრებლებისაგან იმ შემოსავალზე, რომელსაც იღებენ მისიაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის და მათზე არ ვრცელდება სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობა, რაც გათვალისწინებულია 32-ე მუხლით.

    მუხლი 38. პირადი მომსახურე პერსონალი

სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლების მომსახურე პერსონალი თავისუფლდება გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან იმ შემოსავალზე, რომელსაც იღებენ მისიაში გაწეული მომსახურებისათვის. სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ისინი სარგებლობენ იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში. თუმცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია თავისი იურისდიქცია ამ პირებზე გაავრცელოს ისეთი ფორმით, რომ უხეშად არ ჩაერიოს სპეციალურ მისიის საქმიანობაში.

    მუხლი 39. ოჯახის წევრები

1. სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლების და მისი დიპლომატიური პერსონალის ოჯახის წევრები, თუ ისინი იმყოფებიან მისიის წევრებთან ერთად, სარგებლობენ 29–35 მუხლებით გათვალისწინებული იმუნიტეტებით, იმ პირობით, რომ ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირები.

2. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ოჯახის წევრები, თუ ისინი იმყოფებიან ამ პერსოანლთან ერთად, სარგებლობენ 36-ე მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტებით, იმ პირობით, რომ ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირები.

    მუხლი 40. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირები

1. გარდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დამატებითი პრივილეგიებისა და იმუნიტეტებისა, წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიებში და მისი დიპლომატიური შემადგენლობის წევრები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები არიან, სარგებლობენ ხელშეუხებლობითა და სასამართლო იმუნიტეტით მხოლოდ თავიანთი ოფიციალური ფუნქციების დროს ჩადენილი ქმედებებთან დაკავშირებით.

2. სპეციალური მისიის სხვა წევრები და პირადი მომსახურე პერსონალი, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირები არიან, სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში. თუმცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია თავისი იურისდიქცია ამ პირებზე გაავრცელოს ისეთი ფორმით, რომ არ მოხდეს სპეციალური მისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა.

    მუხლი 41. იმუნიტეტის მოხსნა

1. წარმგზავნმა სახელმწიფომ შეიძლება გაუუქმოს სასამართლო იმუნიტეტი სპეციალურ მისიაში მყოფ წარმომადგენლებს, მისი დიპლომატიური შემადგენლობის წევრებს და სხვა პირებს, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით 36–40 მუხლების თანახმად.

2. იმუნიტეტის მოხსნა ყოველთვის მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული.

3. მოცემული მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ნებისმიერი პირის მიერ სასამართლო საქმის აღძვრის შემთხვევაში, ამ პირს არა აქვს უფლება ისარგებლოს სასამართლო იმუნიტეტით მთვარ სარჩელთან დაკავშირებით შეტანილი შეგებებული სარჩელის შემთხვევაში.

4. სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო იმუნიტეტის მოხსნა არ გულისხმობს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული იმუნიტეტის მოხსნას, რომლისთვისც საჭიროა ცალკე პროცედურა.

    მუხლი 42. გადაადგილება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით

1. თუ წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში ან მისი დიპლომატიური შემადგენლობის წევრი გადაკვეთს მესამე სახელმწიფოს ან იმყოფება მის ტერიტორიაზე, თავისი ფუნქციების შესრულების დაწყების ან წარმგზავნ სახელმწიფოში დაბრუნების მიზნით, მესამე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ხელშეუხებლობა და სხვაგვარი იუმუნიტეტი, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო მისი გადაყვანის ან დაბრუნების მიზნით. იგივე უნდა გავრცელდეს მისი ოჯახის წევრებზეც, რომლებიც სარგებლობენ პრივილეგიებით ან იმუნიტეტებით და იმყოფებიან ამ პუნქტში ნახსენებ პირთან ერთად, ან მოგზაურობენ მასთან ერთად ან მის გარეშე, რათა შეხვდნენ მას ან დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში განხილულის მსგავის გარემოებების დროს, მესამე სახელმწიფომ არ უნდა შეუშალოს ხელი ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ან სპეციალური მისიის მომსახურე პერსონალის, ან მათი ოჯახის წევრების გავლას თავის ტერიტორიაზე.

3. მესამე სახელმწიფოებმა ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა ოფიციალური შეტყობინებები, კოდირებული ან დაშიფრული ინფორმაციის ჩათვლით, უნდა უზრუნველყონ ისეთივე თავისუფლებითა და დაცვით, რომლის უზრუნველყოფაც სავალდებულოა ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის წინამდებარე კონვენციის შესაბამისად. ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებების თანახმად, ამ სახელმწიფოებმა, სპეციალური მისიის კურიერები და ბარგი, მათი ტრანზიტული ტრანსპორტირების დროს, უნდა უზრუნველყონ ისეთივე ხელშეუხებლობითა და დაცვით, როგორითაც წინამდებარე კონვენციის თანახმად უზრუნველყოფს ადგილსამყოფელი სახელმწიფო.

4. მესამე სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს თავისი ვალდებულებები ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ პირთა მიმართ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წინასწარ არის ინფორმირებული, სავიზო განაცხადის ან შეტყობინებების გზით, სპეციალური მისიის წევრების, მათი ოჯახების წევრების ან კურიერების ტრანზიტული გადასვლის შესახებ და თუ ამ მხრივ არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა.

5. ამ მუხლის პირველ, მე-2 დ ამე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მესამე სახელმწიფოს ვალდებულებები ვრცელდება ასევე ამავე პუნქტებში მითითებულ პირებზე, სპეციალური მისიის ოფიციალურ შეტყობინებებსა და ბარგზე, იმ შემთხევაში, თუ მესამე სახელმწიფო ტერიტორიის გამოყენება განპირობებულია ფორსმაჟორული სიტუაციით.

    მუხლი 43. პრივილეგიების და იმუნიტეტების ხანგრძლივობა

1. სპეციალური მისიის ყოველ წევრს შეუძლია ისარგებლოს მისთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტიდან, სპეციალურ მისიაში მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, ან თუ ის უკვე იმყოფება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ან სხვა შესაბამისი ორგანოსათვის მისი დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიწოდების მომენტიდან.

2. სპეციალური მისიის წევრის ფუნქციების დასრულების შემთხვევაში, მისი პრივილეგიები და იმუნიტეტები ჩვეულებრივ წყდება ამ წევრის მიერ ამ სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების მომენტიდან, ან ამ მიზნით დადგენილი გონივრული ვადის გასვლისთანავე. შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, სპეციალური მისიის წევრს ეს პრივილეგიები და იმუნიტეტები შეუნარჩუნდება აღნიშნული ვადის ამოწურვამდე. იმუნიტეტი არ წყვედს მოქმედებას იმ ქმედებათა მიმართ, რომლებიც მისიის წევრმა განახორციელა თავისი ფუნქციების შესრულების დროს.

3. სპეციალური მისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრები აგრძელებენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას იმ ვადის ამოწურვამდე, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა დატოვონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორია.

    მუხლი 44. სპეციალური მისიის წევრის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრება გარდაცვალების შემთხვევაში

1. სპეციალური მისიის წევრის ან მისი თანმხლები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი პირი არ იყო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივი საცხოვრებლის მქონე პირი, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია გასცს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გატანის ნებართვა, გარდა იმ ქონებისა, რომელიც შეძენილია ამ ქვეყანაში და რომლის ექსპორტიც აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისთვის.

2. მემკვიდრეობის გადასახადები არ უნდა დაწესდეს იმ მოძრავ ქონებაზე, რომლის არსებობაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განპირობებულია მხოლოდ გარდაცვლილის, როგორც სპეციალური მისიის წევრის ან როგორც სპეციალური მისიის წევრის ოჯახის წევრის ყოფნით ამ სახელმწიფოში.

    მუხლი 45. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების და სპეციალური მისიის არქივების გამოტანის პირობები

1. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, თუნდაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქვეყნის უმოკლეს ვადაში დატოვების შესაძლებლობა უნდა მისცეს იმ პირებს, რომლებიც სარგბლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებიტ, გარდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეებისა და ასეთი პირების ოჯახის წევრებისა. საჭიროების შემთხვევაში, მათთვის ან მათი ქონების გადასატანად გამოყოფილი უნდა იქნეს აუცილებელი სატრანსპორტო საშუალებები.

2. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წარმგზავნი სახელმწიფოს სპეციალური მისიის არქივის გატანა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან.

    მუხლი 46. სპეციალური მისიის ფუნქციონირების შეწყვეტის შედეგები

1. სპეციალური მისიის ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია სათანადო პატივით მოექცეს და დაიცვას სპეციალური მისიის შენობა, ვიდრე ეს შენობა ეკუთვნის სპეციალურ მისიას. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ასევე ვალდებულია დაიცვას სპეციალური მისიის ქონება და არქივები. წარმგზავნმა სახელმწიფომ ქონება და არქივები უნდა დაიბრუნოს გონივრულ ვადაში.

2. წარმგზავნ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობების არარსებობის ან გაწყვეტის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური მისიის ფუნქციონირება დასრულდა, წარმგზავნ სახელმწიფოს, შეიარაღებული, კონფლიქტის მიუხედავად, შეუძლია სპეციალური მისიის ქონება და არქივები შესანახად გადასცეს იმ მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის.

    მუხლი 47. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულება და სპეციალური მისიების შენობათა გამოყენება

1. მინიჭებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეუზღუდავად, წინამდებარე კონვენციის თანახმად, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით აღჭურვილი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები. ისინი ასევე ვალდებულნი არიან არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

2. წინამდებარე კონვენციის, ზოგადი საერთაშორისო სამართლის, ან წარმგზავნ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებს შორის არსებული სპეციალური შეთანხმებების თანახმად, სპეციალური მისიის შენობები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური მისიის ფუნქციების შეუსაბამოდ.

    მუხლი 48. პროფესიული და კომერციული საქმიანობა

წარმგზავნი სახელმწიფოს სპეციალური მისიის წარმომადგენლები და მისი დიპლომატიური კორპუსის წევრები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ უნდ ეწეოდნენ შემოსავლიან პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას.

    მუხლი 49. დისკრიმინაციის დაუშვებლობა

1. წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებისას დაუშვებელია სახელმწიფოთა შორის ნებისმიერი სახის დისკირიმინაცია.

2. თუმცა დისკრიმინაციად არ იქნება მიჩნეული, თუ:

ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფო შეზღუდულად იყენებს წინამდებარე კონვენციის რომელიმე დებულებას, იმის გამო, რომ ეს დებულება ასევე შეზღუდულად გამოიყენება წარმგზავნ სახელმწიფოში მისი სპეციალური მისიის მიმართ;

ბ) სახელმწიფოები მიღებული წესის ან შეთანხმების საფუძველზე, შეცვლიან თავიანთი სპეციალური მისიებებისათვის მინიჭებული შეღავათების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მოცულობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ცვლილება არ იქნება შეთანხმებული სხვა სახელმწიფოსთან, იმ პირობით, რომ ცვლილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე კონვენციის მიზანს და საგანს და არ უნდა ზღუდავდეს მესამე სახელმწიფოთათვის მინიჭებული უფლებების გამოყენებას ან მათი ვალდებულებების შესრულებას.

    მუხლი 50. ხელმოწერა

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის, სპეციალიზებულ დაწესებულებათა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, საერთაშორისო სამართლის სტატუსის წევრების და ყველა იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, რათა გახდნენ წინამდებარე კონვენციის წევრები 1970 წლის 31 დეკემბრამდე, გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში.

    მუხლი 51. რატიფიკაცია

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება გაეროს გენერალურ მდივანთან.

    მუხლი 52. მიერთება

წინამდებარე კონვენცია ღია რჩება მისაერთებლად იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც 50-ე მუხლშია აღნიშნული. მიერთების აქტები დეპონირდება გაეროს გენერალურ მდივანთან.

    მუხლი 53. ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ აქტის გაეროს გენერალური მდივნისათვის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.

2. თითოეული იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს კონვენციის რატიფიკაციას ან მიუერთდება მას ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ აქტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.

    მუხლი 54. დეპოზიტორის შეტყობინება

გაეროს გენერალური მდივანი იმ სახელმწიფოებს, რომლებიც 50-ე მუხლშია მითითებული აცნობებს:

ა) კონვენციის 50-ე, 51-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისა და სარატიფიკაციო სიგელების ან მიერთების აქტების დეპონირების თაობაზე;

ბ) 53-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს.

    მუხლი 55. ტექსტის ავთენტურობა

წინამდებარე კონვენციის ორიგინალი, რომლის ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად აუთენტურია, დეპონირდება გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელიც გაუგზავნის დამოწმებულ ასლებს 50-ე მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.

ზემოთქმულის დასტურად, შესაბამის მთავრობათა მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს კონვენციას. კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა ნიუ-იორკში 1969 წლის 16 დეკემბერს .