ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტებზე გენერალური შეთანხმების მესამე ოქმი

  • Word
ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტებზე გენერალური შეთანხმების მესამე ოქმი
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/1959
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 14/09/2010
ძალაში შესვლის თარიღი 25/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000804
  • Word
-
06/03/1959
გაურკვეველი, -, 14/09/2010
480610000.03.030.000804
ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტებზე გენერალური შეთანხმების მესამე ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტებზე

გენერალური შეთანხმების მესამე ოქმი

სტრასბურგი, 6.III.1959

ქვემორე ხელმომწერი მთავრობები, არიან რა ევროპის საბჭოს წევრები, ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმების ხელმომწერნი ან აღნიშნული შეთანხმების მონაწილეები და ამავე დროს ადგილნაცვალი პირების და ჭარბი მოსახლეობის შედეგად განსახლების ევროპის საბჭოს ფონდის წევრები[1] ;

ითვალისწინებენ რა ზემოხსენებული ფონდის ხელშეკრულების მუხლების I და IX(g) მუხლებს;

ითვალისწინებენ რა ევროპის საბჭოს სტატუსის მე-40 მუხლს;

სურთ რა განსაზღვრონ განსახლების ფონდის ქონების, აქტივებისა და ოპერაციების სამართლებრივი რეჟიმი და ფონდის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი სტატუსი;

ითვალისწინებენ რა, რომ აუცილებელია ხელი შეუწყონ ფონდის საწესდებო მიზნების რეალიზაციას იმ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაბეგვრის მაქსიმალურად შესაძლებელი შემცირებით, რომელსაც ზეგავლენა აქვს ფონდის ოპერაციებზე და საბოლოოდ გადასახდელია იმ პირების მიერ, რომლებიც იღებენ ფონდის მიერ გამოყოფილ კრედიტებს,

სურთ რა შეავსონ ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტებზე გენერალური შეთანხმება განსახლების ფონდთან დაკავშირებით,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

ნაწილი I. ხელშეკრულების მუხლები, სამართალსუბიექტობა, უფლებაუნარიანობა

    მუხლი 1

ევროპის საბჭოს განსახლების ფონდის ხელშეკრულების მუხლები, რომელიც დამტკიცებულია მინისტრთა კომიტეტის (59)9 რეზოლუციით ან შესწორებულია ხსენებული კომიტეტის ან მმართველი საბჭოს მიერ, რომელიც მოქმედებს ხელშეკრულების მუხლების IX(h) მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში, წარმოადგენს წინამდებარე ოქმის შემადგენელ ნაწილს.

ევროპის საბჭოს განსახლების ფონდს გააჩნია სამართალსუბიექტობა და, კერძოდ, უფლებამოსიელბა:

i. დადოს კონტრაქტები;

ii. შეიძინოს და განკარგოს უძრავი და მოძრავი ქონება;

iii. წამოიწყოს სამართალწარმოება;

iv. განახორციელოს მის საწესდებო მიზნებთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება.

განსახლების ფონდის ოპერაციები, აქტები და კონტრაქტები რეგულირდება წინამდებარე ოქმით, ფონდის ხელშეკრულების მუხლების და აღნიშნული ფონდის ხელშეკრულების მუხლების შესაბამისად მიღებული წესებით. ამასთან, შესაძლებელია ეროვნული სამართლის გამოყენებაც ცალკეულ შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ფონდი პირდაპირ უნდა იყოს თანახმა ამაზე და ეს სამართალი არ უნდა არღვევდეს ოქმს ან ხსენებული ხელშეკრულების მუხლებს.

 

ნაწილი II. სასამართლოები, ქონება, აქტივები, საქმიანობები

    მუხლი 2

ფონდის წევრი სახელმწიფოს ან იმ სახელმწიფოს ნებისმიერ კომპეტენტურ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც ფონდმა დადო კონტრაქტი ან მოახდინა კრედიტის გაცემა, შეუძლია განიხილოს საქმეები, რომლებშიც ფონდი გამოდის როგორც მოპასუხე.

მიუხედავად ამისა:

i. დაუშვებელია საქმის აღძვრა ასეთ სასამართლოებში ფონდის წინააღმდეგ წევრის ან იმ პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ ან საქმეებს აღძრავენ წევრის სახელით, ასევე ფონდის მიერ წევრების ან ხსენებული პირების წინააღმდეგ;

ii. ფონდის მიერ წევრთან ან სხვა დებიტორთან, რომელიც დამტკიცებულია ამ წევრის მიერ, ნებისმიერი სესხის ან გარანტიის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარე დავები მოგვარებული უნდა იქნეს არბიტრაჟის მეშვეობით, აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. დავები, რომლებიც გამომდინარეობენ ფონდის მიერ დადებული კრედიტის ან საგარანტიო კონტრაქტიდან, მოგვარდება არბიტრაჟის პროცედურით, რომელიც გათვალისწინებულია ფონდის ხელშეკრულების მუხლების X მუხლის I.d ნაწილის მიხედვით შემუშავებული სესხის გაცემის შესახებ წესებით.

    მუხლი 3

ფონდის ქონება და აქტივები, მათი მდებარეობის ან მფლობელობის მიუხედავად, სარგებლობენ იმუნიტეტით კონფისკაციის, დაყადაღების ან ჩამორთმევის ნებისმიერი ფორმისაგან, ფონდის წინააღმდეგ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის გასაჩივრებაც შეუძლებელია სამართლებრივი დაცვის ჩვეულებრივი საშუალებებით.

სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება სააღსრულებო სამართალწარმოების წესით, როდესაც ეს გადაწყვეტილებები გამოტანილია მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული არბიტრაჟის მიერ ფონდის წევრის ტერიტორიაზე, ხდება თითოეულ სახელმწიფოში განსაზღვრული სამართლებრივი არხებით და სააღსრულებო პროცედურების შეთანხმების შემდეგ იმ სახელმწიფოსთან, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება; ამ შეთანხმების მიზნებისათვის არ მოითხოვება რაიმე შემოწმება იმის გარდა, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ავთენტური და შეესაბამებოდეს ფონდის სესხის გაცემის შესახებ წესებით გათვალისწინებულ კომპეტენციებისა და პროცედურების შესახებ ნორმებს და იგი წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს შესაბამის ქვეყანაში მიღებულ საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებასთან. თითოეული ხელმომწერი მისი სარატიფიკაციო სიგელის შესანახად ჩაბარების დროს აცნობებს სხვა ხელმომწერებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეშვეობით, თუ რომელი ორგანო არის კომპეტენტური მისი კანონმდებლობის მიხედვით ამ ფორმალობის შესრულებაზე.

    მუხლი 4

ფონდის ქონება და აქტივები, მიუხედავად მათი მდებარეობისა ან მფლობელობისა, სარგებლობენ იმუნიტეტით ჩხრეკისაგან, რეკვიზიციისაგან, კონფისკაციისაგან, ექსპროპრიაციისაგან ან აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ქმედებით ნებისმიერი ჩამორთმევისაგან.

შენობები და ნაგებობები, რომლებიც გამოიყენებიან ფონდის საქმიანობებისათვის, ასევე მისი არქივები, ხელშეუხებელია.

    მუხლი 5

იმ ზომით, რა ზომითაც ეს აუცილებელია მისი საწესდებო მიზნების მიღწევისათვის, ფონდს შეუძლია:

a) ჰქონდეს ნებისმიერი სახის ვალუტა და ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში;

b) თავისუფლად გადარიცხოს მისი სახსრები საბანკო არხების მეშვეობით ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ნებისმიერი ქვეყნის შიგნით და მოახდინოს ვალუტის კონვერტაცია ნებისმიერ სხვა ვალუტაში.

ამ მუხლის შესაბამისად მისი უფლებების განხორციელებისას ფონდი სათანადოდ გაითვალისწონებს მის მიმართ ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მთავრობის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ წარდგინებას.

    მუხლი 6

ფონდის ქონება და აქტივები თავისუფლდება შეზღუდვებისაგან, რეგულირებისაგან, კონტროლისაგან და ნებისმიერი სახის მორატორიუმისაგან.

    მუხლი 7

განსახლების ფონდი და მისი აქტივები, შემოსავალი და სხვა ქონება თავისუფლდება ყველა პირდაპირი გადასახადისაგან.

განსახლების ფონდი თავისუფლდება ყველა გადასახადისაგან ფონდის წევრების ტერიტორიებზე ფონდის მიერ გაცემულ იმ კრედიტებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე და გარიგებებზე, რომლისაგანაც მიღებული შემოსავალი, ფონდის მიზნების თანახმად გამოყენებული უნდა იქნეს ლტოლვილთა და ჭარბი მოსახლეობის საჭიროების დასაკმაყოფილებლად ან რომლებიც ეხება მისი საწესდებო მიზნების შესაბამისად ფონდის მიერ გაცემულ ან უზრუნველყოფილ კრედიტებს.

ფონდი არ თავისუფლდება რაიმე გადასახადისგან, მოსაკრებლისაგან ან ბაჟისგან, რომლებიც წარმოადგენენ კომუნალური მომსახურების საფასურს.

წევრი სახელმწიფოები, შესაძლებლობის შემთხვევაში, მიიღებენ ზომებს:

a) ფონდის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებიდან ან გაცემული კრედიტიდან მიღებული პროცენტის საშემოსავლო გადასახადისაგან ფონდის გასათავისუფლებლად;

b) აქციზური მოსაკრებლების ან გადასახადების გასაუქმებლად ან უკან დასაბრუნებლად, რომლებიც წარმოადგენენ მოძრავი ან უძრავი ქონებისათვის გადასახდელი საფასურის ან გაწეული მომსახურების საფასურის ნაწილს, როდესაც ფონდი ოფიციალური მიზნებისათვის, ახორციელებს მნიშვნელოვან შესყიდვებს ან აწარმოებს მომსახურების შესყიდვას, რომელთა მთლიანი ფასი შეიცავს ასეთ აქციზურ მოსაკრებლებს ან გადასახადებს.

დაუშვებელია ნებისმიერი სახის გადასახადის დაწესება ფონდის მიერ გაცემულ ან გარანტირებულ ფასიან ქაღალდზე ან აქციაზე (ან მისგან გამომდინარე რაიმე დივიდენდზე ან პროცენტზე), მიუხედავად იმისა, თუ ვის მფლობელობაშია ისინი:

a) თუკი ეს არის დისკრიმინაცია ასეთი ფასიანი ქაღალდის ან ობლიგაციის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გაცემულია ან გარანტირებულია ფონდის მიერ; ან

b) თუკი ასეთი გადასახადის ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ადგილი ან ვალუტა, სადაც ან რომელშიც ფასიანი ქაღალდი ან ობლიგაცია გაცემულია, გარანტირებულია, შესაძლებელია გადახდა ან გადახდილია, ან ფონდის ან მისი რომელიმე განყოფილების შტაბბინის ადგილსამყოფელი,  ან ფონდის საქმიანობის განხორციელების ადგილი

    მუხლი 8

ფონდი თავისუფლდება ყველა საბაჟო გადასახადისგან და იმ საგნების იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული აკრძალვისა და შეზღუდვისაგან, რომლებიც საჭიროა ოფიციალური გამოყენებისათვის, თუკი ასეთი აკრძალვის ან შეზღუდვის შემოღება არ ხდება საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მოსაზრებებით. ბაჟისგან გათავისუფლებული საგნები არ უნდა იქნენ გამოყენებულნი სხვაგვარად იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა მათი იმპორტირება, იმ პირობების გარდა, რომლებიც დამტკიცებულნი არიან ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ.

 

ნაწილი III. ორგანოები

    მუხლი 9

ფონდის ხელშეკრულების მუხლების VIII მუხლში მოხსენიებული ორგანოები თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ოფიციალური კავშირის მხრივ სარგებლობენ იმაზე არანაკლებ უპირატესი რეჟიმით, რომელიც უზრუნველყოფილია ნებისმიერი სხვა მთავრობის დიპლომატიური მისიის წევრებისთვის. დაუშვებელია ცენზურის გამოყენება ფონდის ორგანოების ოფიციალური კორესპონდენციის და სხვა ოფიციალური კომუნიკაციების მიმართ.

    მუხლი 10

მმართველი საბჭოს, ადმინისტრაციული საბჭოსა და აუდიტორული საბჭოს წევრები სარგებლობენ იმუნიტეტით სამართალწარმოებისაგან მათი უფლებამოსილებების ფარგლებში წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვების ან მათ მიერ შესრულებული ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით. ისინი აგრძელებენ იმუნიტეტით სარგებლობას მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც. ამასთან, მათ ენიჭებათ იგივე იმუნიტეტები საიმიგრაციო და უცხოელის რეგისტრაციის შეზღუდვებისგან და იგივე სავალუტო და სამგზავრო შეღავათები, რომლებიც ენიჭებათ ფონდის წევრ სხვა მთავრობათა შესაბამისი რანგის წარმომადგენლებს. მათი მოვალეობების განხორციელებისას გაწეული ხარჯების დასაფარავად მათთვის გადახდილი თანხა თავისუფლდება დაბეგვრისაგან.

    მუხლი 11

მე-10 მუხლში მოხსენიებულ პირებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა მათი პირადი სარგებლობისათვის, არამედ იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელება. შესაბამისად, წევრს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ მას აკისრია მოვალეობა მოუხსნას იმუნიტეტი მის წარმომადგენელს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც, მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და როდესაც, მისი მოხსნა შეიძლება იმ მიზნისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლისთვისაც მოხდა მისი მინიჭება.

    მუხლი 12

a) მე-10 და მე-11 მუხლების დებულებები არ შეიძლება მოხმობილნი იქნენ წარმომადგენლის მიერ სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ, რომელსაც ის წარმოადგენს ან წარმოადგენდა;

b) მე-10, მე-11 და მე-12a მუხლები თანაბრად გამოიყენება წარმომადგენელთა მოადგილეების, მრჩევლების, ტექნიკური ექსპერტების და დელეგაციათა მდივნების მიმართ.

 

ნაწილი IV. თანამდებობის პირები

    მუხლი 13

ფონდის მმართველს და თანამდებობის პირებს ენიჭებათ ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტებზე შეთანხმების მე-18 მუხლში განსაზღვრული პრივილეგიები და იმუნიტეტები.

მმართველი განსაზღვრავს თანამდებობის იმ პირთა კატეგორიებს, რომელთა მიმართაც ხდება ზემოაღნიშნული მუხლის დებულებების გამოყენება.

ევროპის საბჭოს პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე შეთანხმების მე-17 მუხლში მოხსენიებული კომუნიკაციები განხორციელდება საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მმართველისა და ზემოაღნიშნულ პუნქტში მოხსენიებული თანამდებობების პირების მიმართ.

გენერალურ მდივანს, მმართველთან კონსულტაციების შემდეგ, აქვს უფლება და მოვალეობა მოუხსნას იმუნიტეტი ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იგი მიიჩნევს, რომ იმუნიტეტმა შეიძლება დააბრკოლოს მართლმსაჯულების განხორციელება და მისი მოხსნა შეიძლება ფონდის დამაკმაყოფილებელი მუშაობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. მმართველის შემთხვევაში, ფონდის მმართველი საბჭო იქნება უფლებამოსილი მოუხსნას იმუნიტეტი.

 

ნაწილი V. შეთანხმების გამოყენება

    მუხლი 14

ფონდის წევრი სახელმწიფოების მთავრობები ვალდებულებას იღებენ განსაზღვრონ ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს ამ სახელმწიფოების მიერ განსახლების ფონდის წინაშე აღებულ საწესდებო ვალდებულებათა შესასრულებლად. ისინი ვალდებულებას იღებენ ასევე დროულად განსაზღვრონ ეს ორგანო, იმისათვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ შეასრულონ ყველა ვალდებულება, რომელსაც ისინი აიღებენ როგორც მსესხებელნი ან გარანტორები განსახლების ფონდის ხელშეკრულების მუხლების VI მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

    მუხლი 15

ფონდს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოსთან შეუძლია დადოს სპეციალური შეთანხმებები წინამდებარე ოქმის დებულებების დეტალიზებული გამოყენების შესახებ, რომლებიც ავსებენ ხსენებულ დებულებებს ან განსხვავდება მე-13 მუხლის დებულებებისაგან. მას ასევე შეუძლია დადოს შეთანხმებები ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის ფონდის წევრი, რომლითაც მოხდა წინამდებარე ოქმის დებულებების გამოყენების მოდიფიცირება შესაბამისი სახელმწიფოს მიმართებით.

 

ნაწილი VI. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 16

წინამდებარე ოქმი რატიფიცირება და სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. იგი ძალაში შედის დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც სამი ხელმომწერი, რომლებზედაც მოდის ფონდის აქტივების არანაკლებ მესამედი, შესანახად ჩააბარებენ სარატიფიკაციო სიგელებს. ფონდის სხვა წევრების მიმართ იგი ძალაში შედის მათი სარატიფიკაციო სიგელის შესანახად ჩაბარების თარიღიდან.

ამასთან, წინა პუნქტის შესაბამისად, ამ ოქმის ძალაში შესვლამდე, ხელმომწერები თანხმდებიან, რომ იმისათვის, რათა არ შეფერხდეს ფონდის დამაკმაყოფილებელი მუშაობა, წინასწარ გამოიყენონ ოქმი 1958 წლის 1 სექტემბრიდან ან უკიდურეს შემთხვევაში, ხელმოწერის მომენტიდან, იმ ზომით, რითაც ეს შესაბამისობაში იქნება მათ კონსტიტუციურ ნორმებთან.

    მუხლი 17

ნებისმიერ მთავრობას, რომელიც გახდება განსახლების ფონდის წევრი, წინამდებარე ოქმის ხელმოწერის შემდეგ შეუძლია შეუერთდეს მას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეერთების სიგელის შესანახად ჩაბარების შემდეგ. ასეთი შეერთება ძალაში შედის სიგელის შესანახად ჩაბარების თარიღიდან, თუკი ეს ხდება ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ და ოქმის ძალაში შესვლის თარიღიდან, თუკი შეერთება ხდება ამ თარიღამდე.

ნებისმიერ მთავრობას, რომელმაც შესანახად ჩააბარა შეერთების სიგელი, ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღამდე, დაუყოვნებლივ მოახდენს მის წინასწარ გამოყენებას იმ ზომით, რითაც ეს შესაბამისობაში იქნება მის კონსტიტუციურ ნორმებთან.

ამის დასტურად, ქვემორე სრულუფლებიანმა ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია სტრასბურგში, 1959 წლის მარტის მე-6 დღეს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე; ორივე ტექსტი არის თანაბრად ავთენტური, შედგენილი თითო ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ თითოეულ ხელმომწერს და მიერთებულ სახელმწიფოს.



[1] 1999 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, რაც ძალაში შევიდა მმართველი საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება დაწესებულების სახელის შეცვლის შესახებ, „ევროპის საბჭოს განსახლების ფონდი” უნდა იკითხებოდეს როგორც „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი”.