დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2314 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36(34), 29/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.000.658 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 436-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა.
3. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შეტანილ საზედამხედველო პროტესტებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:
„6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ საქმეებს განიხილავს 408-ე მუხლით დადგენილი წესით, კოლეგიურად – სამი მოსამართლის მონაწილეობით. იმ საქმეებზე შეტანილი საჩივრები, რომლებიც განსაკუთრებით რთულია, ასევე განხილულია უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეების განხილვაში მონაწილეთა მიმართ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ზედამხედველობის წესით საქმეთა განხილვისას შეუძლია საქმე არ გადასცეს ხელახლა განსახილველად და მიიღოს გადაწყვეტილება 411-ე მუხლის შესაბამისად. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2314-რს
დოკუმენტის კომენტარები