დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 310111, 31/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016038 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1
2011 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის № 5 ბრძანების (სსმ III, 18.02.2010, №19, მუხ. 216) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობის წესს.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას, რომელიც გაიცემა სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობაში ავტომატურად ენიჭება სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულების კატეგორია.
მუხლი 2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობის უფლების მიმნიჭებელი ორგანო
1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლებას სხვა დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების შემდეგ ანიჭებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), გარდა საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, იღებს სამინისტრო, გარდა საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისას სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 3. სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის მიზნები
სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:
ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისას;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის და სხვა ექსტრემალური სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხისას;
დ) წიაღით სარგებლობისას;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისას (რეაბილიტაციისას).
მუხლი 4. სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობის თაობაზე საკითხის დასმა
1. სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
2. სამინისტრო წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ საბუთებს შესათანხმებლად უგზავნის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოებს.
3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ორგანოებიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში სამინისტრო სრულ დოკუმენტაციას ამ წესის მე-3 მუხლის „ა”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შემთხვევაში, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო მათგან დადებითი პასუხის შემთხვევაში იწყებს განცხადებისა და მასთან დაკავშირებით შემოსული დოკუმენტაციის განხილვის პროცედურას.
4. ამ წესის მე-3 მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს წინადადების საფუძველზე.
მუხლი 5. სახელმწიფო ტყის ფონდში სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებისათვის წარსადგენი დოკუმენტები
1. ამ წესის მე-3 მუხლის „ა”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შემთხვევაში, განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს თანდართული საბუთების ნუსხას:
ა) სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობის აუცილებლობის მოტივაციას, სპეციალური ტყითსარგებლობის მიზანსა და ვადებს;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერს, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლს. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულს ასლს;
გ) სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზს UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ;
დ) დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლს, რომლის მიხედვით განსაზღვრული საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებელი ან/და საჭიროა სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობის განხორციელება;
ე) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთებას;
ვ) ინფორმაციას სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცული სახეობების არსებობის შესახებ.
2. ამ წესის მე-3 მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს წინადადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობის აუცილებლობის დასაბუთება;
ბ) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება;
გ) ინფორმაცია სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცული სახეობების არსებობის შესახებ;
დ) ამ წესის მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა ერთოდეს ინფორმაცია მოსაჭრელი ხეების რაოდენობაზე სახეობების მიხედვით.
3. ამ წესის მე-3 მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას დამატებით უნდა ერთოდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ასლი.
4. ამ წესის მე-3 მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას დამატებით უნდა ერთოდეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 6. სახელმწიფო ტყის ფონდში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო, რაზედაც გამოიცემა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო დაინტერესებულ პირთან (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა) აფორმებს სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის ხელშეკრულებას და მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს სპეციალური ტყითსარგებლობისათვის შერჩეულ ტერიტორიას.
3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების ვადის გასვლის (ან შეწყვეტის) შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე, სპეციალური ტყითსარგებლობისათვის შერჩეულ ტერიტორიას მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს უფლებამოსილ ორგანოს.
4. სპეციალური დანიშნულების ტყითსარგებლობისას ხე-ტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში, ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება დაინტერესებული მხარის, ხოლო მისი გამოყოფა – ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ.
5. ამ წესის მე-3 მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემის შემდეგ ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო ახორციელებს სპეციალურ ტყითსარგებლობას და მოჭრილ მერქნულ რესურსს აღრიცხავს და მიღება-ჩაბარების აქტით, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით, გადასცემს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სატყეო სააგენტოს, ხოლო თუ სპეციალური ტყითმოსარგებლე თვით სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – სატყეო სააგენტოა, იგი აღრიცხავს მოჭრილ მერქნულ რესურსს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მის რეალიზაციას.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები