დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/03/1953 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 07/10/2005 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/10/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 490030000.03.030.000558 |
№2613. კონვენცია
ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ
ხელშემკვრელი მხარეები,
სურთ რა განახორციელონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით მითითებული მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის პრინციპი,
აღიარებენ რა, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვაში უშუალოდ ან თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით და თავის ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის თანასწორი ხელმისაწვდომობის უფლების გამოყენებით, აგრეთვე სურთ რა გაათანაბრონ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დადგენილებების შესაბამისად, მამაკაცებისა და ქალების მდგომარეობა პოლიტიკური უფლებების ქონისა და სარგებლობის მიმართ,
გადაწყვიტეს რა დადონ ამ მიზნით კონვენცია,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
ქალებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ყველა არჩევნებში, მამაკაცების თანასწორი პირობებით, რაიმე დისკრიმინაციის გარეშე .
მუხლი II
ქალები შეიძლება არჩეულ იქნენ, მამაკაცების თანასწორი პირობებით, რაიმე დისკრიმინაციის გარეშე ეროვნული კანონით დადგენილ ყველა დაწესებულებაში, რომლებიც საჯარო არჩევნებს მოითხოვს.
მუხლი III
ქალებს ეკუთვნით, მამაკაცების თანასწორი პირობებით, უფლება დაიკავონ თანამდებობა საზოგადოებრივ–სახელმწიფო სამსახურში და შეასრულონ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ყველა საზოგადოებრივ–სახელმწიფო ფუნქცია.
მუხლი IV
1. მოცემულ კონვენციას შეუძლია ხელი მოაწეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერმა წევრმა, აგრეთვე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ, რომელმაც მიიღო გენერალური ასამბლეის მიწვევა.
2. მოცემული კონვენცია რატიფიცირებას ექვემდებარება და სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი V
1. მოცემულ კონვენციას შეუძლია მიუერთდეს მეოთხე მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.
2. მიერთება ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის მიერთების შესახებ დეკლარაციის გადაცემის გზით.
მუხლი VI
1. მოცემული კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან, რაც შესანახად გადაეცემა მეექვსე სარატიფიკაციო სიგელი ან დეკლარაცია მიერთების შესახებ.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის რატიფიკაციას ან მიუერთდება მას მეექვსე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დეკლარაციის შესანახად გადაცემის შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს მას მერე, რაც ეს სახელმწიფო შესანახად გადასცემს თავის სარატიფიკაციო სიგელს ან დეკლარაციას მიერთების შესახებ.
მუხლი VII
თუ რომელიმე სახელმწიფო შენიშვნას გამოთქვამს მოცემული კონვენციის რომელიმე მუხლთან დაკავშირებით ხელმოწერის, რატიფიკაციის ან მიერთების დროს, გენერალური მდივანი ამ შენიშვნის ტექსტს აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომელიც არის ან შეიძლება გახდეს ამ კონვენციის მონაწილე. ყოველ სახელმწიფოს, რომელიც ამ შენიშვნის წინააღმდეგია, შეუძლია ოთხმოცდაათდღიანი ვადის განმავლობაში, აღნიშნული შეტყობინების თარიღიდან (ან იმ დღიდან, როცა იგი კონვენციის მონაწილე გახდა) მოყოლებული, აცნობებს გენერალურ მდივანს, რომ შენიშვნას არ ეთანხმება. ასეთ შემთხვევაში კონვენცია ასეთ სახელმწიფოსა და შენიშვნის გამომთქმელ სახელმწიფოს შორის ძალაში არ შედის.
მუხლი VIII
1. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია მოცემული კონვენციის დენონსირება, თუ წერილობით აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ამის თაობაზე. დენონსაცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ამ შეტყობინების მიღების დღიდან ერთ წელიწადში.
2. მოცემული კონვენციის მოქმედება წყდება დენონსაციის ძალაში შესვლის დღიდან, რის შემდეგაც კონვენციაში მხარეთა რაოდენობა ექვსზე ნაკლები აღმოჩნდება.
მუხლი IX
ნებისმიერ ორ ან რამდენიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის მოცემული კონვენციის განმარტების ან გამოყენების თაობაზე წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, რომელიც მოლაპარაკების გზით ვერ გადაწყდა, ამ დავის მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნით გადასაწყვეტად გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს, თუ მხარეები მისი სხვა გზით მოწესრიგებაზე არ შეთანხმდებიან.
მუხლი X
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან ორგანიზაციის წევრები, მაგრამ ნახსენები არიან მოცემული კონვენციის მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტში, ატყობინებს:
ა) ხელმოწერებისა და მე-4 მუხლის შესაბამისად მიღბული სარატიფიკაციო სიგელების შესახებ;
ბ) მე-5 მუხლის შესაბამისად მიღებული მიერთების შესახებ დეკლარაციების თაობაზე;
გ) მე-6 მუხლის შესაბამისად მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
დ) მე-7 მუხლის შესაბამისად მიღებული ცნობებისა და შეტყობინებების შესახებ;
ე) მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტის შესაბამისად მიღებული დენონსაციის შესახებ შეტყობინებათა თაობაზე;
ვ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კონვენციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
მუხლი XI
1. მოცემული კონვენცია, რომლის ინგლისური, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია, დაცულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივში.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს უგზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან ორგანიზაციის წევრები, მაგრამ ნახსენები არიან მუხლის 1-ლ პუნქტში.
ამის დასტურად ქვემორე ხელის მომწერებმა, შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს მოცემულ კონვენციას, რომელიც ხელმოსაწერად ნიუ–იორკში გაიხსნა ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი წლის ოცდათერთმეტ მარტს.
დოკუმენტის კომენტარები