შეთანხმება საქართველოსა და შვედეთს შორის 2010-2013 წლებში განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოსა და შვედეთს შორის 2010-2013 წლებში განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 020211, 02/02/2011
ძალაში შესვლის თარიღი 14/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016016
  • Word
0
14/12/2010
ვებგვერდი, 020211, 02/02/2011
480610000.03.030.016016
შეთანხმება საქართველოსა და შვედეთს შორის 2010-2013 წლებში განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოსა და შვედეთს შორის

2010-2013 წლებში განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ

 

საქართველო, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და შვედეთი, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ, შეთანხმდნენ ითანამშრომლონ, რათა შექმნან დემოკრატიული პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო, რომელიც აიღებს ვალდებულებას, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, უზრუნველყონ ქვეყნის მოსახლეობის განვითარების მყარი საფუძველი.

    მუხლი 1. შეთანხმების გამოყენების არე და მიზნები

შვედეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება მიზნად ისახავს:

დემოკრატიული პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს შექმნას, რომელიც აიღებს ვალდებულებას, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის განვითარების მყარი საფუძველი.

წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარება, რომელსაც შვედეთი საქართველოს გაუწევს, ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობას და ისეთი შეთანხმების შესრულებაში დახმარებას, რომლითაც შეიძლება შეიცვალოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, მაგალითად, ასოცირებული შეთანხმება.

საერთო პოლიტიკა მხარეთა შორის მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

- გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის საჭიროება;

- დახმარების გაძლიერებული კოორდინაცია;

- გენდერული თანასწორობა

    მუხლი 2. შვედეთის მიერ გაწეული დახმარება

შევედეთი უზრუნველყოფს შვედეთსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნით თანამშრომლობის 2010-2013 წლების სტრატეგიის შესრულებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებს. რესურსების გამოყოფა განხორციელდება გრანტების სახით, შვედეთსა და საქართველოს შესაბამის უწყებას შორის ან შვედეთსა და განვითარების მიზნით თანამშრომლობის პროექტზე/პროგრამებზე მომუშავე მრავალმხრივ ორგანიზაციებს შორის დადებული კონკრეტული შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება განვითარებისთვის სესხები და გარანტიები.

საქართველო აღიარებს, რომ შვედეთის მიერ გაწეული დახმარება ასევე ვრცელდება იმ პარტნიორებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ სამთავრობო სექტორს, რათა მოხდეს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლში მოცემული სექტორების საერთო დემოკრატიული განვითარება. აღნიშნული დახმარება არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებით.

    მუხლი 3. შვედეთის მიერ გაწეული დახმარების გამოყენება

თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს:

დემოკრატიული მმართველობის განვითარება და ადამიანის უფლებათა დაცვა

საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის სპეციფიკური მიზნები შემდეგია:

დემოკრატიული სტრუქტურების გაძლიერება; განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებათა დაცვასა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ექცევა;

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობების გაუმჯობესება, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობის ამაღლება;

იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

გარემოს დაცვა

საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის სპეციფიკური მიზნები შემდეგია:

- გარკვეულ ქალაქებში წყლის მომარაგების, ჩამდინარე წყლებისა და ნარჩენების მართვის უზრუნველყოფა;

- ცენტრალური და ადგილობრივი ინსტიტუტების მიერ მყარი ნარჩენების ეფექტური და გარემოსდაცვითი კუთხით სწორი მართვა.

ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება

საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის სპეციფიკური მიზნები შემდეგია:

- მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება და შესრულება;

- უნარების გაძლიერება, სულ მცირე ერთი სექტორის ფარგლებში, ახალ სავაჭრო წესებთან და ნორმებთან თანდათანობით ადაპტაციის მიზნით;

მხარეები ყოველწლიურად მიმოიხილავენ განვითარების მიზნით თანამშრომლობის მოქმედ და დაგეგმილ პროგრამებს, რომლის დროსაც შვედეთი და საქართველო შეამოწმებენ შვედეთის მიერ გაწეული დახმარების გამოყენებას, პროგრამების/პროექტების შესრულებისას მიღწეულ პროგრესს და გამართავენ დიალოგებს 1-ლი მუხლით გათვალისწინებული ძირითადი საკითხების შესახებ.

    მუხლი 4. სხვა შეთანხმებებთან მიმართება

მხაარეთა შორის განვითარების მიზნით თანამშრომლობის პირობები ასევე განისაზღვრება შემდეგი შეთანხმებებით:

- შეთანხმება შვედეთსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნით თანამშრომლობის ზოგადი დებულებებისა და პირობების შესახებ, 2006 წლის 13 დეკემბერი;

- განვითარებისთვის თანამშრომლობის პროექტების/პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული სპეციფიკური შეთანხმებები;

- ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეტანილია ზემოაღნიშნულ შეთანხმებებში ან შეთანხმებებში, რომლითაც შეცვლიან ზემოაღნიშნულ შეთანხმებებს.

    მუხლი 5. დავების მოგვარება

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საქართველოსა და შვედეთს შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტება, გამოყენება და განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების გზით.

    მუხლი 6. ხელშეკრულების ძალაში შესვლა, ცვლილება და შეწყვეტა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყვეტილ იქნას ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა არ იმოქმედებს მხარეთა შორის ძალაში მყოფი სხვა სპეციფიკური შეთანხმებების მოქმედებაზე.

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შეთანხმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები ხელმისაწვდომს გახდიან ამ შეთანხმებას იმ ინსტიტუტებისათვის და ორგანიზაციებისთვის, რომლებისთვისაც აუცილებელია შეთანხმების შინაარსის ცოდნა ან რომლებიც მოითხოვენ მის ხელმისაწვდომობას.

შესრულებულია თბილისში, 2010 წლის 14 დეკემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ინგლისურ და ქართულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ათენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მხრიდან:

შვედეთის მხრიდან:   

_____________________

_________________________

კახა ბაინდურაშვილი

დიანა იანსე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში