დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2080 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24(31), 26/07/1999 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.000.580 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, თუ მისი წლიური შემოსავალი 3 000 ლარზე ნაკლებია, ხოლო ერთ- და ორშვილიან პირს საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50%-ით”.
2. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ” და „ლ” ქვეპუნქტები:
„კ) ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების (ენერგოდამზოგი ნათურები) წარმოებით და რეალიზაციით მიღებული მოგება;
ლ) მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო საწარმოების მოგება”.
3. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. თუ მაღალმთიანი რეგიონი მდებარეობს 1500 მეტრის ზევით და მის ტერიტორიაზე გადის მაგისტრალური გაზსადენი, ამ რაიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის სუბსიდირება ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე”.
4. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ” ქვეპუნქტი:
„კ) მაღალმთიანი რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოებისა და მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირთა ქონება”.
5. 158-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ” და „ს” ქვეპუნქტები:
„რ) ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების (ენერგოდამზოგი ნათურები) წარმოებისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთები;
ს) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი, ხოლო სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მიწის გადასახადი უმცირდებათ 50%-ით”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 ივნისი.
№2080–IIს
დოკუმენტის კომენტარები