დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 130111, 13/01/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016012 |
ოქმი თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“,
ხელმძღვანელობენ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების სურვილით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ახალი ევროპისთვის პარიზის ქარტიის და ეუთოს სხვა დოკუმენტაციის პრინციპების, ასევე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად,
გამოთქვამენ რა თანამშრომლობის ახალი ფორმების მხარდაჭერის სურვილს, ურთიერთხელსაყრელიანობის პრინციპზე დაყრდნობით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით,
მაღალ შეფასებას აძლევენ რა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სხვადასხვა დონეზე გამართული პოლიტიკური დიალოგისა და კონსულტაციების როლს ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს წელიწადში ერთხელ მაინც, მონაცვლეობით ორივე ქვეყანაში, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე რეგიონულ და სხვა საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს.
მხარეები გაცვლიან მოსაზრებებს, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების საშუალებით.
მხარეები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და დიპლომატიური არხების მეშვეობით, წინასწარ განსაზღვრავენ 1-ლი მუხლის 1-ლ პარაგრაფში მითითებული კონსულტაციების ჩატარების დროს, ადგილს, დღის წესრიგს და წარმომადგენლების დონეს, ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით.
მუხლი 2
მხარეები აცხადებენ თანხმობას შექმნან სამუშაო ჯგუფები ან საჭიროების შესაბამისად გამართონ ექსპერტთა შეხვედრები, განსაკურებული მნიშვნელობის მქონე საკითხების განხილვის მიზნით, რაც ემსახურება წინამდებარე ოქმის იმპლემენტაციას.
მუხლი 3
კონსულტაციები, შეხვედრები და მოსაზრებათა გაცვლა, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებული იქნება შემდეგ საკითხებზე:
– ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის დაწყება, გადაუჭრელი საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტა მეგობრულ ატმოსფეროში;
– სამინისტროების მიერ იმ პროცედურათა დაწყების შესაძლებლობის განხილვა, რომლებიც ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის საერთო ინტერესის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმებას;
– რეგიონსა და ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს;
– თანამშრომლობა რეგიონისთვის საერთო ინტერესის მქონე იმ პროექტების იდენტიფიცირების, წარდგენის და იმპლემენტაციის მიზნით, რომლებიც ხორციელდება ევროკავშირთან თანამშრომლობით, სტაბილურობის პაქტისა და სხვა რეგიონული ინიციატივების ფარგლებში;
– საერთო ინტერესის სხვა საკითხები.
მუხლი 4
მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებენ საქმიანობას თავიანთ ქვეყნებში მოქმედ სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით და წაახალისებენ საარქივო მასალებისა და ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების გაცვლას.
მუხლი 5
წინამდებარე ოქმში შესწორებები შეიძლება შევიდეს მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით, იმ მიმდინარე პრობლემების გადაჭრისა და ინტერესთა დაკმაყოფილების მიზნით, რომლებიც შედის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების კომპეტენციაში.
წინამდებარე ოქმში შესწორებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მხარეთა საერთო თანხმობით, რომლებიც ფორმდება ცალკეული ოქმების სახით და ძალაში შევა იმავე პროცედურების დაცვით, როგორითაც წინამდებარე ოქმი.
წინამდებარე ოქმი გაფორმდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს.
თითოეულ მხარეს შეუძლია მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ოქმს მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების საშუალებით 6 (ექვსი) თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით.
შესრულებულია 2010 წლის 1 დეკემბერს, ორ დედნად, ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს საგარეო ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო
საქმეთა სამინისტროს სახელით საქმეთა სამინისტროს სახელით
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები