დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4033-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 030111, 03/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010010000.01.001.016002 |
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ხანგრძლივი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები დგინდება ორგანული კანონით. მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენილი ზღვრების დარღვევისა და განსაკუთრებული აუცილებლობის დროს ზღვრებისაგან გადაცდენის შემთხვევები, ასევე პარამეტრების ზღვრებთან დაბრუნების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება ორგანული კანონით.“.
2. 94-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.
5. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4033–რს
დოკუმენტის კომენტარები