დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1098 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.08.002.016131 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1098
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ. №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-4 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უცხო ქვეყნის მოქალაქე მიუთითებს სააგენტოსთან კომუნიკაციის მისთვის მისაღებ ფორმას: ელექტრონულ ფოსტას ან შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებას. კომუნიკაციის სასურველ ფორმაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით.“;
ბ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41.
1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
3. მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.
5. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
6. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
10. განმცხადებლის ვინაობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მე-4 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული წესით მომსახურებაზე.
11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს მე-4 მუხლის 11 და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.“;
გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას ადგენს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია (შემდეგში – კომისია).”;
დ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-54 პუნქტები:
„51. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას კომისიის წევრები ადგენენ საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე.
52. კომისიის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის ერთი წევრი ინიშნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.
53. კომისიის საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
54. კომისია უფლებამოსილია ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, იმსჯელოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე. მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრისას კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებითა და კომისიის საქმიანობის დადგენილი წესებით.”;
ე) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5, 51 და 54 პუნქტების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან ერთ კვირაში, სააგენტო ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე.”;
ზ) მე-7 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. სააგენტოს მიერ სამსახურისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დასკვნის წარდგენისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.“.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 20 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები