მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ

  • Word
მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 06/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.002.
  • Word
553
29/12/2002
სსმ, 2, 06/01/2003
330.130.000.05.002.002.
მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №553

2002 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

მშენებლობაში ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ

მშენებლობისა და სარემონტო (შემდგომში – მშენებლობის) სამუშაოებში სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის ახალი საწარმოო ურთიერთობის შესაბამისობაში მოყვანისა და საერთაშორისო ნორმებთან სინქრონიზაციის მიზნით, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობის შემცირების უზრუნველსაყოფად:

1. მიღებულ იქნეს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება მშენებლობაში ახალ სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიულ ბაზაზე ეტაპობრივად გადასვლის შესახებ.

2. სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზა, რომელიც ატარებს ტექნიკურ, მეთოდურ ხასიათს და არ მოიცავს მშენებლობაში გაწეული საქმიანობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრას, სავალდებულოა ყველა სახის მშენებლობაზე საკუთრების ფორმისა და დაფინანსების წყაროების მიუხედავად.

3. მშენებლობის სამუშაოებზე ახალი ნორმატიული ბაზის საფუძველზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვების გამოყენება განხორციელდეს თანდათანობით, იმ ანგარიშით, რომ დარგის მთლიანი მოცულობა მოიცვას ხარჯთაღრიცხვების ახალმა სისტემამ 2003 წლის ბოლომდე.

4. მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შესაქმნელად მაქსიმალურად იქნეს გავალისწინებული საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკური პირობები.

5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას შესაძლებლობის ფარგლებში განიხილონ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ შემუშავებული მშენებლობაში ახალი ნორმატიულ-ტექნიკური, მეთოდური, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დაფინანსების საკითხი.

6. ეთხოვოს დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღონ მშენებლობაში ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის სამუშაოებში.

7. ნება დაერთოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიღებული სპეციალური სახსრები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ ჩაირიცხება სახელმწიფო ხაზინაში ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის გახსნილ სპეციალური (არასაბიუჯეტო) სახსრების ანგარიშზე, გამოიყენოს ზემოაღნიშნული ნორმატივების შექმნასთან დაკავშირებული სახსრების ანაზღაურების, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და მოხელეთა წახალისებისათვის.

ე. შევარდნაძე