საქართვლოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ

  • Word
საქართვლოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/08/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 06/08/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 480.000.000.05.002.002.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
359
04/08/2002
სსმ, 79, 06/08/2002
480.000.000.05.002.002.
საქართვლოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/08/2002 - 16/01/2014)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №359

2002 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ

1. დამტკიცდეს „საქართველოში საზღვარგარეთის სა­ხელ­მწი­ფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესე­ბულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ“ თანდართული დებუ­ლება.

2. ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2002 წლის 1 სექტემბრიდან.

ე. შევარდნაძე

საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

აღნიშნული დებულება განსაზღვრავს საქართველოში საზღვარ­გარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნის, სა­კონ­სულო დაწესებულებათა მეთაურებისა და საკონსულო დაწესებუ­ლებების მუშაკთა ფუნქციების შესასრულებლად დაშვების წესებს.

    მუხლი 2

აღნიშნული დებულების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე იმ საკონსულო დაწესებულებებზე, რომელთაც მეთაურობს საპატიო სა­კონ­სულო თანამდებობის პირი, იმდენად, რამდენადაც ეს გამომ­დინარეობს კონტექსტიდან.

    მუხლი 3

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვ­ნელობა:

ა) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;

ბ) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო დაწესებულებას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად;

გ) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პიროვნებას, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს, როგორც ასეთმა;

დ) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკონსულო დაწესებულებების მეთაურს, რომელსაც დავა­ლებული აქვს შეასრულოს საკონსულო ფუნქციები;

ე) „საკონსულოს მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომე­ლიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს ასრულებს საკონ­სულო დაწესებულებებში;

ვ) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს საკონსულო დაწესებულების მომსახურების მო­ვა­ლეობას;

ზ) „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ ნიშნავს საკონსულოს თანამდებობის პირებს, საკონსულოს მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;

თ) „საკონსულო პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, აგრეთვე საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;

ი) „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ კერძო სამსახურშია საკონსულო დაწესებულების მუშაკთან;

კ) „ეგზეკვატურა“ _ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხმობა, საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების დაწყების თაობაზე;

ლ) „საკონსულო პატენტი“ _ დოკუმენტი, რომელიც გაიცემა წარმდგენი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ადასტურებს საკონსულო დაწესებულების მეთაურად პირის დანიშვნას, განსაზღვრავს საკონსულო ოლქის ფარგლებსა და საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელს.

თავი II

 საკონსულო დაწესებულების გახსნა

    მუხლი 4

საქართველოში უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულე­ბები იხსნება საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოს შორის შე­თან­­ხმების საფუძველზე.

    მუხლი 5

საკონსულო დაწესებულება გახსნილად მიიჩნევა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმდგენი სახელმწიფოსათვის გაგზავ­ნილი თანხმობის შემდეგ.

თავი III

საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნა და დაშვება ფუნქციების შესასრულებლად

    მუხლი 6

საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა ხდება „საკონ­სულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენ­ციის, საქართველოს ორმხრივი საკონსულო შეთანხმებისა და მოცე­მული დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 7

საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, წარმდგენი სახელმწიფო საქართველოს საგა­რეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის საკონსულო დაწესებულების მე­თა­ურად ამა თუ იმ პირის დანიშვნის თაობაზე შესაბამის ნოტას, რო­მელ­საც ერთვის საკონსულოს მეთაურის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები.

    მუხლი 8

გადაწყვეტილებას საქართველოში უცხო სახელმწიფოს საკონსუ­ლო დაწესებულების მეთაურის დაშვების თაობაზე ბრძანებით იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 9

საკონსულო დაწესებულების მეთაურად პირის დანიშვნაზე საგა­რეო საქმეთა სამინისტროსგან თანხმობის მიღების შემდეგ წარმდგენი სახელმწიფო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომა­ტიური ან სხვა არხებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა ანალო­გიურ დოკუმენტს საკონსულო მეთაურის დასანიშნად. ამ დოკუმენტში აღინიშნება საკონსულო დაწესებულების მეთაურის სრული სახელი, გვარი, მისი მოქალაქეობა, საკონსულო დაწესებულების კლასი, საკონ­სულო ოლქი და ადგილსამყოფელი.

    მუხლი 10

1. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავი­სი ფუნქციების შესრულებას მხოლოდ ეგზეკვატურის გაცემის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ეგზეკვატურის ფორმას ადგენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მას ხელს აწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი, საკონსულო დეპარ­ტამენტის დირექტორი და ის მოწმდება გერბიანი ბეჭდით.

3. საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საკონსულო დაწესებულების მეთაურს შესაძლებელია მიეცეს თანხმობა დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები ეგზეკვატურის გაცემამდე.

4. საკონსულო თანამდებობის პირებს, გარდა საკონსულო დაწე­სებულების მეთაურისა, შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მათი და­ნი­შ­ვნის შეტყობინების შემდეგ.

5. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და მომსახურე პერ­სონალის მუშაკებს შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ.

6. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქ­ციების განხორციელების შემთხვევაში, დიპლომატიური წარმო­მადგენ­ლობის იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონ­სულო ფუნქციების შესრულება, უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამი­ნისტროს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად დიპლომატიური პერსო­ნალის წევრისგან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საკონსულო პატენტი და, შესაბამისად, გაიცეს ეგზეკვატურა:

ა) გამომდინარე ნაცვალგების პრინციპიდან;

ბ) საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვე­ტილების შემთხვევაში.

    მუხლი 11

საკონსულო დაწესებულების გახსნასა და საკონსულო დაწესე­ბულების მეთაურის მიერ, თუნდაც დროებით, თავისი ოფიციალური ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრალურ ხელისუფლებასა და საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულებამ და მეთაურმა შეძლოს დაკისრებული ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 12

თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ ძალუძს თავისი ფუნქციების შესრულება, და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებით დადგენილი წესის თანახმად მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრება საქართველოში აკრედიტებულ წარმდგენი სახელმწიფოს სხვა საკონსულო თანამდებობის პირს, საკონსულო მოსამსახურეს ან წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსო­ნალის წევრს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 13

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ:

ა) საკონსულო პერსონალის მუშაკთა დანიშვნის, შემდეგ საკონ­სულო დაწესებულებაში მათი ჩასვლის, საბოლოოდ გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტისა და ყველა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონ­სულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;

ბ) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო პერსონალის მუშაკის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში, იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის წევრი;

გ) იმ საკონსულო დაწესებულების მუშაკების ან კერძო შინამუ­შაკების დაქირავებისა თუ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში ან გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა.

2. შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს შეძლებისდაგვარად დროულად.

    მუხლი 14

1. საქართველოში აკრედიტებული საკონსულო დაწესებულების თანამშრომლობაზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირე­ბისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, გაიცემა მათი პი­რა­დობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრე­დიტაციო ბარათები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ბარათები გაიცემა უსასყიდლოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.