დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამსახურებრივი ავტომანქანების სანომრე ნიშნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 17/04/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №175
2002 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
სამსახურებრივი ავტომანქანების სანომრე ნიშნების შესახებ
„ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის №95 ბრძანებულებისა და „ზოგიერთ ანტიკორუფციულ ღონისძიებათა შესახებ“ 2001 წლის 27 ივლისის №758 განკარგულების მოთხოვნათა შესრულების, სანომრე ნიშნების გაცემის წესის შემუშავებისა და პრივილეგირებული სანომრე ნიშნების ხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების მიზნით:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი):
ა) სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად:
ა.ა.) 1 ივლისამდე უზრუნველყოს AAA სერიის სანომრე ნიშნების ხმარებიდან ამოღება;
ა.ბ.) 2003 წლის 1 ივლისამდე ეტაპობრივად განახორციელოს ეგრეთ წოდებული „პრივილეგირებული“ სერიის სანომრე ნიშნების მიმოქცევიდან ამოღების ღონისძიებები;
ბ) ხმარებიდან ამოღებული სანომრე ნიშნების სანაცვლოდ გასცეს ახალი, რეგისტრაციის დროს მიმოქცევაში მყოფი რიგითი სანომრე ნიშნები, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი უწყების ავტომანქანებისათვის არ გაიცეს ერთი და იმავე სერიის ნომრები;
გ) ერთ თვეში წარმოადგინოს „ავტომანქანების სანომრე ნიშნების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ავტოტრანსპორტის რეგისტრაციისა და მათთვის სანომრე ნიშნების გაცემის ერთიანი პრაქტიკა, ამასთან, განისაზღვროს საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სამართალდაცვის სტრუქტურების სპეციალური დანიშნულების ავტომანქანების საგანგებო შემთხვევაში გადაადგილების წესი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) ორ კვირაში წარმოადგინოს წინადადებები დიპლომატიური სანომრე ნიშნების გაცემის წესთან დაკავშირებით ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოსამზადებელ ნორმატიულ აქტში გასათვალისწინებლად.
3. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) იუსტიციის სამინისტროსა (რ. გილიგაშვილი) და ფინანსთა სამინისტროსთან (ზ. ნოღაიდელი) ერთად სამ თვეში მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის წესის შესახებ“.
4. ავტომანქანების სანომრე ნიშნების შესაცვლელი თანხა გაღებულ იქნეს სამინისტროებისა და უწყებების მიერ საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებებიდან.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები