დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სამხედრო პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4115-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 27/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.016118 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნები და ამოცანები.“.
2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამხედრო პოლიცია დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებზე, და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით.“.
3. მე-17–მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი და მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.
3. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“ განისაზღვრება სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები.
მუხლი 18. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი
1. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი შეიძლება იყოს:
ა) სამოქალაქო პირი;
ბ) სამხედრო მოსამსახურე;
გ) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე.
2. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
3. სამხედრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის სახესა და ატრიბუტიკას, აგრეთვე სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა იმ კატეგორიას, რომელსაც ეკისრება სამსახურებრივი ფორმისა და ატრიბუტიკის ტარების ვალდებულება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტარების წესი მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს თავისი ვინაობისა და უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
5. სამხედრო პოლიციის გამომძიებელი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას დამოუკიდებელია.
6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სპეციალური წოდების ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სამხედრო პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სპეციალური წოდების ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სამხედრო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის/დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
მუხლი 19. სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ მიღებისა და სამხედრო პოლიციიდან დათხოვნის წესი
1. სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, რომელსაც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (სამხედრო პოლიციის გამომძიებელს აგრეთვე უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება).
2. სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისათვის დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;
დ) პირი, რომელიც სასამართლო წესით ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად არის აღიარებული.
3. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს სამხედრო პოლიციიდან დაითხოვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 20. სამხედრო პოლიციის თანამშრომლის წახალისება და პასუხისმგებლობა
სამხედრო პოლიციის თანამშრომლის წახალისებისა და პასუხისმგებლობის ფორმები განისაზღვრება „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4115-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები