ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, , 14/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.004435
18
13/07/2010
სსმ, , 14/07/2010
010250020.35.105.004435
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2010 წლის 13 ივლისი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულება წარმოდგენილი რედაქციით, დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 ნოემბრის №6 დადგენილება (გაზეთი „ზუგდიდი“, №19(11139), 19 დეკემბერი 2006 წელი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში.

4. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                   ლ. კონჯარია

 

 

დანართი №1

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულება

 

თავი I. ზოგადი დებულებები

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხთა კომისია (შემდგომ „კომისია“) შექმნილია საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

 

თავი II. კომისიის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი

მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

1. სარევიზიო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და წევრების დამტკიცება

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

2. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

3. სარევიზიო კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ინიციირების წესით ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) განიხილავს და ბიუროს წარუდგენს დასკვნებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

გ) აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარმოდგენილ ანგარიშზე, საკრებულოს წარუდგენს დასკვნას;

დ) კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ინფორმაციებს, ახსნა-განმარტებებს და მოხსენებებს;

ე) ამოწმებს ადგილობრივი შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვიანობას, ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას;

ვ) ამზადებს და საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის შედეგების შესახებ;

ზ) ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საფინანსო საქმიანობის დოკუმენტალურ რევიზიას და ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერების შემოწმებას;

თ) განიხილავს და რეაგირებას ახდენს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებზე და საჩივარზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში;

ი) კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს თავის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.

მუხლი 5. კომისიის პირველი სხდომის მოწვევა

1. სარევიზიო კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის პირველი სხდომა შეიმუშავებს კომისიის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.

მუხლი 6. კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ვალდებულებები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

2. სარევიზიო კომისია მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ამზადებს და განიხილავს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს.

 

თავი III. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 7. კომისიის თავმჯდომარე:

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხებზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს, ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;

ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ვ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად,

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

მუხლი 8. კომისიის წევრი

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარი უფლებებით მონაწილეობდეს კომისიის სხდომებში;

ბ) გამოთქვას საკუთარი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაიკავოს კომისიის წევრთა უმრავლესობისაგან განსხვავებული პოზიცია და კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) კომისიის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან საკუთარი ინიციატივით;

ე) კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, როცა იგი აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება კომისიის წევრისათვის შეუსაბამო თანამდებობაზე.

2. კომისიის წევრი ვალდებულია

ა) დაიცვას საკრებულოსა და კომისიის დებულებები;

ბ) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

გ) შეასრულოს კომისიის თავმჯდომარის მითითებები და დავალებები.

მუხლი 9. კომისიის სხდომების მუშაობის წესი

1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.

4. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის განხილვისთანავე საჭირო ხმების ნახევრისა. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

6. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

7. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

8. კომისიის სხდომის შესახებ იწერება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 10. კომისიის სხდომაზე საკითხების განხილვის წესი

1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული საკითხები კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა შესახებ, მოქალაქეთა საძივრები, განცხადებები, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საკრებულოსადმი დაქვემდებარებული თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები.

2. კომისია იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს.

3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

4. რამდენიმე კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეთა შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. კომისია ითვალისწინებს ერთობლივ სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებს, მოსაზრებებს, შენიშვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს დადგენილი წესით.

მუხლი 11. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმის წარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი;

 

თავი V. დასკვნითი ნაწილი

მუხლი 12. დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. დებულების შეცვლა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.