ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 14/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.004433
16
13/07/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 14/07/2010
010250020.35.105.004433
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2010 წლის 13 ივლისი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულება წარმოდგენილი რედაქციით დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 ნოემბრის №7 დადგენილება (გაზეთი „ზუგდიდი“, №19 (11139), 19 დეკემბერი 2006 წელი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში.

4. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                   ლ. კონჯარია

 

 

 

 დანართი №1

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამანდატო და იურიდიული საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებლოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

 

თავი II. კომისიის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი

მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

1. სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.

მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და წევრების დამტკიცება

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი წესით.

2. სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობით ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

3. სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნათა დაცვას;

ბ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ;

გ) შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

დ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციულ წარმომადგენლობას;

ე) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას;

ვ) საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას;

ზ) საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციებს, ითვლის და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ი) საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ;

კ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაოთა აღწერილობებისა და ანგარიშგების შედგენის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;

ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;

მ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

მუხლი 5. კომისიის პირველი სხდომის მოწვევა

1. სარევიზიო კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის პირველი სხდომა შეიმუშავებს კომისიის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.

 

თავი III. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრის ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

მუხლი 7. კომისიის წევრი

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარი უფლებებით მონაწილეობდეს კომისიი სხდომებში;

ბ) გამოთქვას საკუთარი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაიკავოს კომისიის წევრთა უმრავლესობისაგან განსხვავებული პოეზიცია და კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) კომისიის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან საკუთარი ინიციატივით;

ე) კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება როცა იგი აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება კომისიის წევრისათვის შეუსაბამო თანამდებობაზე.

2. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საკრებულოსა და კომისიის დებულებები;

ბ) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

გ) შეასრულოს კომისიის თავმჯდომარის მითითებები და დავალებები.

მუხლი 8. კომისიის სხდომების მუშაობის წესი

1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.

4. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება და კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის განხილვისთანავე საჭირო ხმების ნახევრისა. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანი სთაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

6. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

7. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

8. კომისიის სხდომის შესახებ იწერება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 9. კომისიის სხდომაზე საკითხების განხილვის წესი

1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული საკითხები კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა შესახებ, მოქალაქეთა საჩივრები, განცხადებები, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საკრებულოსადმი დაქვემდებარებული თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები.

2. კომისია იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს.

3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

4. რამდენიმე კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეთა შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. კომისია ითვალისწინებს ერთობლივ სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებს, მოსაზრებებს, შენიშვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს დადგენილი წესით.

მუხლი 10. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

 

თავი V. დასკვნითი ნაწილი

მუხლი 11. დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. დებულების შეცვლა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.