დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ინსტრუქცია „ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური |
მიღების თარიღი | 31/01/1994 |
დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 13/10/1994 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.013.000.025 |
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია
1994 წლის 31 იანვარი
ინსტრუქცია №8
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადს გადაიხდიან „ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის 1993 წლის 24 დეკემბერს მიღებული კანონის შესაბამისად.
2. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადით /დაბეგვრის ობიექტია/ იბეგრება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი სახის ქონება:
საცხოვრებელი სახლები, ბინები, აგარაკები, გარაჟები, სხვა შენობები, სადგომები და ნაგებობები შემდგომში – შენობა-ნაგებობები ავტომობილები, მოტორიანი ნავები, იახტები, კატარღები, მოტომარხილები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები (შემდგომში სატრანსპორტო საშუალებანი).
3. ქონების გადასახადის გადამხდელები არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი, უცხოელი მოქალაქენი და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთა კერძო საკუთრებაშია საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამ გადასახადით დასაბეგრი ობიექტები:
საცხოვრებელი სახლები, ბინები, აგარაკები, გარაჟები, სხვა შენობები, სადგომები და ნაგებობები /შემდგომში - შენობა-ნაგებობები/, ავტომობილები, მოტორიანი ნავები, იახტები, კატარღები, მოტომარხილები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები (შემდგომში სატრანსპორტო საშუალებანი}.
4. ქონების გადასახადი გამოიანგარიშება საგადასახადო ორგანოების მიერ დასაბეგრი ობიექტის ადგილმდებარეობის /რეგისტრაციის/ მიხედვით და გამოეწერებათ საგადასახადო უწყება, რომელიც ბარდება გადასახადი გადამხდელს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ადგილას საგადასახადო უწყება ეგზავნება ახალ საცხოვრებელ ადგილზე ან პირს, რომელიც უფლებამოსილია ქონების მესაკუთრის მიერ მართოს მისი ქონება.
შენობებისათვის, რომელთაც არ ჰყავთ მესაკუთრე, ანდა რომელთა მესაკუთრე უცნობია და საგადასახადო ინსპექციის მიერ აყვანილია აღრიცხვაზე როგორც უპატრონო, აღნიშნული გადასახადი არ გადაიხდევინება.
შენობები, რომლებიც ირიცხებიან რამდენიმე მოქალაქის წილობრივ საკუთრებაში, ქონების გადასახადს გადაიხდის თითოეული მფლობელი მისი წილის მიხედვით.
რამდენიმე მფლობელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გადასახადს გადაიხდის ის მფლობელი, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული ეს სატრანსპორტო საშუალება.
შენობა-ნაგებობების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახადის გადახდა ხდება იმისგან დამოუკიდებლად, არის თუ არა ეს ქონება ექსპლუატაციაში.
5. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში დასაბეგრი ობიექტის ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის) მიხედვით.
II. საგადასახადო შეღავათები
6. შენობა-ნაგებობების გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) პენსიონერები - შენობა-ნაგებობების მესაკუთრენი;
ბ) ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები, მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები;
სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს მიეკუთვნება ცოლი, შვილები, მშობლები და სამხედრო სამსახურში გაწვევამდე მასთან მცხოვრები ნათესავები. შეღავათი სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს მიენიჭებათ იმ შემთხვევებშიც, როდესაც არმიაში გაწვევამდე ის არ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად სხვა ადგილზე სწავლასთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეღავათი მიენიჭებათ სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ყოფნის მთელი დროისთვის დაწყებული იმ თვიდან, რომელშიც სამხედრო მოსამსახურე გაწვეულია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში შენობა- ნაგებობების მფლობელთა გადასახადი დაირიცხება დაწყებული დათხოვნის მომდევნო თვიდან.
შეღავათის მისანიჭებლად საფუძველია სამხედრო მოსამსახურის მიერ წარმოდგენილი სამხედრო ნაწილის მოწმობები, რომლებიც ძალაშია სამხედრო სამსახურის გავლის მთელი დროისთვის;
გ)მეორე მსოფლიო ომისა და სხვა საბრძოლო ოპერაციების მონაწილე და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას დაინვალიდებული პირები და მათი ოჯახის წევრები, შეღავათის მისანიჭებლად საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი მოწმობები;
დ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი სოფელ ადგილას არსებული შენობა- ნაგებობებისთვის.
7. სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ხელით სამართავი ავტომობილებისა და მოტოეტლების მფლობელი ინვალიდები;
ბ)მოტორიანი ნავების მფლობელები, რომელთა მოტორის სიმძლავრე არ აღემატება 10 ცხენის ძალას.
8. ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ დააწესონ შეღავათები ცალკეული კატეგორიის გადამხდელებისათვის.
9. იმ შემთხვევაშ,ი თუ გადამხდელებს შენობა- ნაგებობების გადასახადზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების გადასახადზე შეღავათის უფლება აღმოუცენდათ წლის განმავლობაში, ისინი გათავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისაგან დაწყებული იმ თვიდან, რომელშაც აღმოცენდა უფლება შეღავათზე, თუნდაც ეს უფლება აღმოცენებული იყოს გადახის უკანასკნელი ვადის გასვლის შემდეგ. წლის განმავლობაში შეღავათის უფლების დაკარგვისას გადასახადით დაბეგვრა წარმოებს დაწყებული იმ თვიდა,ნ რომელიც მოსდევს ამ უფლების დაკარგვას.
10. უცხო სახელმწიფოებში ანალოგიურ ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს ამ კანონით დაწესებულ განაკვეთებზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი განაკვეთებით გადასახადის გადახდევინებისას, ეს უფრო მაღალი ან უფრო დაბალი განაკვეთები გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკაში შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეთა გადასახადით დაბეგვრისას.
11. კანონი ფიზიკურ პირთა ქონების შესახებ არ ეხება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებს, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელ დიპლომატურ და საკონსულო წარმომადგენლობებს, საგადასახადო პრივილეგიების მხრივ მათთან გათანაბრებულ უცხოელ სახელმწიფოთა დაწესებულებებს, ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
12. მესაკუთრენი, რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად ეკუთვნით გადასახადში შეღავათი, საგადასახადო ორგანოებში წარადგენენ შეღავათის უფლების დამადასტურებელ საბუთს.
III. შენობა-ნაგებობების გადასახადის განაკვეთები და გამოანგარიშების წესი
13. შენობა-ნაგებობების გადასახადს იხდიან ყოველწლიურად მათი საინვენტარიზაციო ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით.
14. შენობა- ნაგებობების გადასახადი გამოიანგარიშება ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით საინვენტარიზაციო ღირებულების შესახებ კომუნალურ მეურნეობის ორგანოთა მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო მისი არ არსებობისას იმ შეფასებით, რაც გამოიყენება ამ შენობათა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის გადასახდელთა გამოანგარიშებისათვის, ინდექსაციის გათვალისწინებით.
ვინაიდან საეზოვო შენობები, შეღობილობანი და სხვა დამხმარე ნაგებობანი, რომლებიც მომსახურებას უწევენ შენობას (ფარდული, ღობე და სხვა), ძირითად შენობასთან ერთად წარმოადგენენ ერთ საინვენტარო ობიექტს, შენობის გადასახადის გამოანგარიშება წარმოებს შენობის მთლიანი ღირებულებიდან, დამხმარე ნაგებობათა ღირებულების ჩათვლით.
15. გადასახადის გამოსაანგარიშებლად აუცილებელი მონაცემები საგადასახადო ორგანოებს მიეცემათ უფასოდ და შეთანხმებულ ვადებში.
16. კალენდარულ წლის განმავლობაში ერთი მფლობელიდან მეორეზე შენობა-ნაგებობების გასხვისებისას(/ყიდვა გაყიდვა, გაცვლა, ჩუქება) პირვანდელ მფლობელს გადასახადი წარედგინება წლის1 იანვრიდან იმ თვემდე, როდესაც მან დაკარგა უფლება შენობის საკუთრებაზე, ხოლო ახალ მფლობელს გადასახადი წარედგინება იმ თვიდან, რომელშიც ამ უკანასკნელს მიენიჭა საკუთრების უფლება.
17. მემკვიდრეობით გადასული შენობა- ნაგებობებისათვის მემკვიდრეები გადასახადს იხდიან მემკვიდრეობის მიღების დღიდან, თანახმად სამოქალაქო სამართლის კოდექსისა სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საგადასახადო ორგანოები მემკვიდრეს საგადასახადო უწყებას ჩააბარებენ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის შემდეგ. გადასახადი გამოანგარიშებული უნდა იყოს სამკვიდროს გახსნის დღიდან მთელი განვლილი პერიოდისათვის.
18. ახლად აგებული შენობა-ნაგებობების გადასახადს იხდიან მათი აშენების ან შეძენის მომდევნო თვიდან. თუ რესპუბლიკის მოქალაქეებმა და ზემოთ აღნიშნულ სხვა პირებმა, რომელთაც აქვთ შენობები /განსაკუთრებით სააგარაკო ადგილებში), წლის განმავლობაში ამ შენობათა ადგილმყოფელობის ადგილებზე ააგეს ახალი დამხმარე შენობები /გარაჟები, ფარდულები/ ან აწარმოეს მიშენება, დაშენება ძირითად შენობებთან, მაშინ ასეთ შენობებისათვის, გადასახადი გადაიხდევინება მომდევნო თვიდან, რომელიც მოსდევს მათ აგებას, მიშენებას ან დაშენებას.
19. შენობა-ნაგებობათა განადგურების, აღების ან მთლიანად დანგრევის შემთხვევაში გადასახადის გადახდა შეწყდება იმ თვიდან, როდესაც ისნი გაანადგურეს, აიღეს ან მთლიანად დაანგრიეს. გადასახადის გადახდის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს კომუნალური ორგანოების მიერ გაცემული ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი.
IV. სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის განაკვეთები და გამოანგარიშების წესი
20. სატრანსპორტო საშუალებების გადასახადს იხდიან ძრავის სიმძლავრის მიხედვით, თითოეულ ცხენის ძალაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის 0,2 პროცენტის ოდენობით.
21. სატრანსპორტო საშუალებების გადასახადი გამოიანგარიშება იმ წლის 1 იანვრის მონაცემების საფუძველზე, რომლისთვისაც ხდება გადასახაის დარიცხვა და რომელსაც საგადასახადო ორგანოებს ყოველწლიურად წარუდგენენ იმ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოები.
22. ახლად შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების გადასახადს გადაიხდის ის მფლობელი, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული ეს სატრანსპორტო საშუალება.
23. სატრანსპორტო საშუალებების განადგურების ან მთლიანად დაშლის, დანგრევის შემთხვევაში გადასახადის გადახდა შეწყდება იმ თვიდან, როდესაც ისინი გაანადგურეს ან მთლიანად დაშალეს, დაანგრიეს. გადასახადის გადახდის შეწყვეტის საფუძველს წარმოადენს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გაცემული ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი.
24.კალენდარული წლის განმავლობაში ერთი მფლობელიდან მეორეზე სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას, პირვანდელ მფლობელს გადასახადი წარედგინება წლის 1 იანვრიდან იმ თვემდე, როდესაც მან დაკარგა აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება, ხოლო ახალ მფლობელს გადასახადი წარედგინება იმ თვიდან, რომელშიც ამ უკანასკნელს მიენიჭა საკუთრების უფლება.
25. გადასახადის გამოსაანგარიშებლად აუცილებელი მონაცემები საგადასახადო ორგანოებს მიეცემათ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოების მიერ უფასოდ და შეთანხმებულ ვადებში.
V. ქონების გადასახადის გადახდის წესი და ვადები
26. ქონების გადასახადის დარიცხვის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ მთლიანი მონაცემების მიღება გადამხდელთა აღსარიცხავად და გადასახადის გამოსაანგარიშებლად.
27. გადასახადის გადახდის შესახებ საგადასახადო ორგანოები საგადასახადო უწყებებს გადამხდელებს აბარებენ ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 მარტისა.
28. შენობა-ნაგებობების გადასახადის გადახდა წარმოებს ორ ვადაში 15 ივნისამდე და 15 ოქტომბრამდე.
სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის გადახდა ხდება მათ რეგისტრაციამდე, ხელმეორე რეგისტრაციამდე ან ყოველწლიურ ტექნიკურ დათვალიერებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.
29. პირები, რომლებიც დროულად არ იყვნენ დაბეგრილნი, გადასახადით დაიბეგრებიან არაუმეტეს ვიდრე წინა სამი წლისათვის, ამავე პერიოდისათვის გადაისინჯება არასწორად წარმოებული დაბეგვრა, ამ შემთხვევებში ქონების გადასახადის დამატებით დარიცხული თანხა გადაიხდება შემდეგ ვადებში:
თანხები, რომლებიც დამატებით გადასახდელია მიმდინარე წლისათვის თანაბარ ნაწილებად წლის ბოლომდე დარჩენილ ვადებში, მაგრამ იმ ანგარიშით, რომ შესაბამისი თანხის გადახდისათვის ვადა იყოს არანაკლებ 15 დღისა. თანხები, რომლებიც დარიცხულია მიმდინარე წლის თვის გადახდის ყველა ვადების გასვლის შემდეგ ანდა წინამდებარე წლისათვის - თანაბარ ნაწილებად ორ ვადაში, თანხის დარიცხვიდან ერთი თვის შემდეგ /უწყებების ჩაბარების შემდეგ/ და ერთი თვის შემდეგ გადახდის პირველ ვადის გასვლის შემდეგ.
ასეთივე ვადები წესდება მიმდინარე წლის გადასახდელთა გადაანგარიშებისას და თანხის დამატებით დარიცხვისას, შენობის ღირებულების არასწორად განსაზღვრისას განაკვეთების არასწორად მიყენებისას და სხვა მიზეზით.
30. ადრე დარიცხული თანხები დასაშვებია შემცირდეს ან გაუქმდეს შეღავათებზე უფლებების აღმოცენებით და სხვა მიზეზით, ამ შემთხვევაში მომდევნო წლისათვის გამოანგარიშებული თანხის შემცირებისას, დაბეგვრის გადასინჯვისას ან შენობა-ნაგებობების მფლობელთა გადასახადში გადამხდელთათვის წლის დასაწყისიდან შეღავათის უფლების აღმოცენებისას, გადასახადის თანხები, რომლებიც ექვემდებარება ჩამოწერას, შემცირდება და გამოირიცხება თანაბარ ნაწილებად გადახდის ყველა ვადების მიხედვით. თუ გადასახადის თანხა შემცირების დღისათვის გადახდილია ყველა განვლილი ვადების მიხედვით, მაშინ ამ ვადებისათვის ჩამოსაწერი თანხები გამოირიცხება გადასახადის მორიგი ვადიდან. საურავი ამ ვადების მიხედვით შემცირდება იმ წილით, რომლითაც შემცირებულია გადასახდელთა პირვანდელი თანხა, ხოლო ზედმეტად გადახდილი საურავი ჩაითვლება მორიგი ვადის გადასახადის დასაფარავად.
პირვანდელი გამოანგარიშებული თანხების შემცირების დროისათვის თუ განვლილია გადახდის ყველა ვადა და გადასახადი მთლიანად არის გადახდილი, ზედმეტად გადახდილი თანხა უბრუნდება გადამხდელს, ხოლო გადამხდელზე სხვა გადასახადებში ნარჩენების არსებობისას ჩაითვლება ამ ნარჩენის დასაფარავად.
გასული წლების არასწორად გამოანგარიშებული გადასახადი გადამხდელს უკან უბრუნდება იგივე წესით არაუმეტეს ბოლო სამი წლისა.
31. გადასახადის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადამხდელს გადახდება საურავი ნარჩენი თანხის 0,3 პროცენტის ოდენობით.
32. შენობა- ნაგებობების მფლობელთა გადასახადის გადახდის სისწორის კონტროლი ეკისრებათ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებს.
სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის დროულად და სრულად გადახდის კონტროლს ახორციელებენ ის ორგანოები, რომლებიც ახდენენ მათ რეგისტრაციას, ხელმეორე რეგისტრაციას ან ყოველწლიურ ტექნიკურ დათვალიერებას. ამ ორგანოებს ევალებათ მოსთხოვონ მფლობელებს გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ამ საბუთის წარმოუდგენლად არ მოახდინონ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია, ხელმეორე რეგისტრაცია ან ტექნიკური დათვალიერება.
33. გადასახადის გადაუხდელობის და თავის არიდების შემთხვევაში მოქალაქეების მიმართ გამოიყენება არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
VI. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებულ მოქალაქეთა აღრიცხვის წესი
34. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადით დაბეგვრის დაქვემდებარებულ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა, უცხოელი ფიზიკური პირების და მოქალაქეობის არამქონე პირების აღრიცხვა, იმ პირთა გამოვლენა, რომლებსაც ამ გადასახადში აქვთ შეღავათის უფლება, აგრეთვე გადასახადის გამოანგარიშება წარმოებს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მიერ ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით. საგადასახადო აღრიცხვა იწყება I იანვარს და მოქალაქეებზე საგადასახადო უწყებების ჩაბარების ჩათვლით მთავრდება 1 მარტამდე.
35. გადასახდელთა გამოსაანგარიშებლად საგადასახადო ინსპექტორებს უნდა ჰქონდეთ შემოწმებული მონაცემები შენობა-ნაგებობების მფლობელის, შენობის შეფასების, შეღავათზე მფლობელის უფლების შესახებ, ამ მიზნით შენობა- ნაგებობების შეფასების შესახებ გამოიყენება კომუნალური მეურნეობის ორგანოთა ცნობები, რომელიც მიღებულია საგადასახადო აღრიცხვის გატარების დროს. შენობა-
ნაგებობების შეფასების შესახებ კომუნალურ მეურნეობის ორგანოში ცნობების არ არსებობისას გამოიყენება სადაზღვევო შეფასება, რომელიც აქვთ სახდაზღვევის ორგანოებს მიმდინარე წლის 1 იანვრისათვის.
სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის გამოანგარიშება ხდება იმ მონაცემების საფუძველზე, რომელსაც საგადასახადო ორგანოებს ყოვეწლიურად წარუდგენენ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოები.
36. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა, უცხოელ ფიზიკურ პირთა და მოქალაქეობის არამქონე პირთა საგადასახადო აღრიცხვის შედეგები სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების მიერ აისახება საგადასახადო აღრიცხვის წიგნებში.
აღნიშნულ პირებზე საგადასახადო აღრიცხვის წიგნებში გამოანგარიშებული ქონების გადასახადის დარიცხვა ხდება გადამხდელთა პირად ანგარიშებში.
37. საგადასახადო ორგანოების თანამდებობის პირთა მოქმედების გასაჩივრება ხდება საგადასახადო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით.
38. ინსტრუქცია ძალაშია I995 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე ვ. დავითური
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. ერქომაიშვილი
იურიდიული განყოფილების უფროსი /ი. წიკლაური/
დოკუმენტის კომენტარები