საქართველოს იუსტიციის საბჭოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოების (შემდგომში „იუსტიის საბჭო") წევრთა და მათი აპარატების მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის საბჭოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოების (შემდგომში „იუსტიის საბჭო") წევრთა და მათი აპარატების მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 06/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 12/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
76
01/03/2001
სსმ, 20, 06/03/2001
010.210.060.05.002.001.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოების (შემდგომში „იუსტიის საბჭო") წევრთა და მათი აპარატების მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2001 - 08/05/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №76

2001 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და აპარატის მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და აპარატის მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ“.

ე. შევარდნაძე

დებულება                                                                                                                საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და აპარატის მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ

    მუხლი 1

ეს დებულება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეთათვის სპეციალური წოდების შერჩევისა და მინიჭების წესს.

    მუხლი 2

საქართველოს იუსტიციის საბჭოს სპეციალური წოდებებია:

უმცროსი იურისტი;

III კლასის იურისტი;

II კლასის იურისტი;

I კლასის იურისტი;

იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

იუსტიციის მრჩეველი;

იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

    მუხლი 3

1. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს, გარდა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, თანამდებობაზე გამწესებასთან ერთად მიენიჭება იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს იმ წევრს, რომელსაც თანამდებობაზე გამწესების დროს მინიჭებული ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი წოდება, უნარჩუნდება ან მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება.

    მუხლი 4

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება.

    მუხლი 5

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით და წესით.

    მუხლი 6

იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს იუსტიციის საბჭოში მუშაობის დაწყებამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, მიენიჭებათ შესაბამისი რანგის სპეციალური წოდება.

    მუხლი 7

იმ პირებს, რომლებიც ადრე მუშაობდნენ საქართველოს იუსტიციის საბჭოში და მათ ხელახლა იღებენ სამსახურში, შეიძლება მიენიჭოთ სპეციალური წოდება ერთი საფეხურით ზევით, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

    მუხლი 8

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წინაშე მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელის წარდგენას ახდენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი.

    მუხლი 9

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის მომდევნო წოდების მისანიჭებლად გაფორმებულ წარდგინებაში უნდა აღინიშნოს წარდგენილი პირის სააღრიცხვო მონაცემები – ნამსახურობის ნუსხა, უკანასკნელი ატესტაციის დასკვნა და წოდების მინიჭების საფუძველი.

    მუხლი 10

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეს სპეციალური წოდება ვადამდე შეიძლება მიენიჭოს ატესტაციის შედეგების მიხედვით ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

    მუხლი 11

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წინაშე სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანსა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს.

    მუხლი 12

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად გაფორმებულ წარდგინებაში ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს წარდგენილი პირის დახასიათება, სამეცნიერო ხარისხი (თუ ასეთი აქვს), მინიჭებულ წოდებაში ყოფნის ვადა და წოდების ვადამდე მისანიჭებლად წარდგენის ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

    მუხლი 13

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეს შეიძლება ჩამოერთვას მინიჭებული სპეციალური წოდება სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისათვის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

    მუხლი 14

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის სპეციალური წოდების ჩამორთმევის საკითხის დაყენების უფლება აქვთ ამ დებულების მე-11 მუხლში მითითებულ პირებს.