დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4106-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 167, 22/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010050.09.001.016026 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს 2011–2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2011–2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. 2011–2013 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 6 პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2011–2013 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
3. 2011–2013 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად არის ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4106–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები