დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 518 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.180.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №518
2000 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის შესახებ” ბიშკეკის 1992 წლის 9 ოქტომბრის შეთანხმებიდან რუსეთის ფედერაციის გამოსვლის გამო და 2000 წლის 5 დეკემბრიდან ამ სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით:
1. 2000 წლის 5 დეკემბრიდან საქართველოს მოხსნილი აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამ დღიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ სრული მოცულობით ამოქმედდეს „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონისა და უცხოელთა შესახებ საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
2. ნება დაერთოთ საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს 2001 წლის 1 მარტამდე საქართველოდან გაემგზავრონ იმ დოკუმენტებით, რომლებითაც ისინი შემოვიდნენ საქართველოში რაიმე დამატებითი ფორმალობის გარეშე.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის ვიზების გასაცემად დაწესებული თანხების გადახდევინებისას იხელმძღვანელონ ნაცვალგების პრინციპით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს ყაზბეგი-ზემოლარსის სასაზღვრო-გამტარ პუნქტში საკონსულო-სავიზო პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხთა გადაწყვეტა.
5. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში ორგანიზაციულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა მომზადებისა და განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახსრების გამოყოფა ქ.მოსკოვში საგარეო საქმეთა და, აუცილებლობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მისავლინებლად.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე) და იუსტიციის სამინსტრომ (მ. სააკაშვილი) განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოს მოქალაქის პასპორტებით უმოკლეს ვადაში უზრუნველსაყოფად.
7. საქართველოს მოქალაქეთათვის უცხო სახელმწიფოებში გამგზავრებისათვის აუცილებელი ვიზების მიღების პროცესის შესამსუბუქებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამართოს მოლაპარაკება იმ სახელმწიფოთა მთავრობებთან, რომელთა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ადგილსამყოფელი არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობებში გადატანის შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები