დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 07/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.000632
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
24/08/2010
სსმ, 22, 07/09/2010
010250020.35.152.000632
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/09/2010 - 16/07/2014)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.152.000.632

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. წყარუაშვილი

დანართი №1

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

    მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ;

დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის, თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენის შესახებ;

ზ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;

თ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ.

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;

ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

    მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები

1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.

2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.

3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.

4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

ა) ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

ბ) ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი.

6. ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ა“ – „ვ“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

7. ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ – „კ“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

    მუხლი 5. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები

1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან.

2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.