დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 02/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.000550 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/09/2010 - 15/10/2010)
სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.124.000.550
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1 თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 იანვრის №24 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების, დევნილთა განსახლების და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დაბულების დამტკიცების შესახებ“.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს რ. გეწაძეს.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.რობაქიძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ქ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ერთეულის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განხორციელების ხელშეწყობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და, მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგენით.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების დაცვით, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.
6.სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბაღდათი, წერეთლის ქუჩა №9.
მუხლი 2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება.
2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში.
3. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრა და მის განხორციელებაში მონაწილეობა.
4. მოსახლეობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პირველადი სამედიცინო სანიტარიული და სხვა სახის სამედიცინო სოციალური დახმარების ღონისძიებათა ორგანიზება.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა.
6. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება, იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.
8. სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა.
10. რაიონში მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვა, ვეტერანთა სოციალური, სამართლებრივი პირობებისა და უფლებების დაცვის, დახმარებისათვის საჭირო პროგრამების შემუშავება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ ღონისძიებების შემუშავება და მათი შესრულების ორგანიზება.
11. მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, პროგრამით გათვალისწინებული გამოყოფილი ხარჯების ერთდროული დახმარებისათვის და სხვა სახის დახმარების მიზნობრივი ხარჯვა და კონტროლი. დასახმარებელი კონტინგენტის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.
12. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილება და კომპეტენცია
1. სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის შემუშავებულ პროგრამათა კოორდინაცია და კონტროლი მათ შესრულებაზე.
2. მიმდინარე საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს გამგეობის ღონისძიებათა გეგმიდან გამომდინარე ან გამგეობაში შესული განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე, სწავლობს მოქალაქეთა მდგომარეობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. თვეში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში) ატარებს სამსახურის სხდომებს და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იწვევს დარგის ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მუხლი 5. სამსახური ვალდებულია
1. კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
2. ანგარიში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს თავისი საქმიანობის შესახებ.
3. უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6. სამსახურის უფროსი
სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები