დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების განკარგვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 05/05/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №171
2000 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი წესით განკარგვისათვის შერჩეულ მიწის ნაკვეთებზე სამუშაოთა დაფინანსების საკითხების მოწესრიგების მიზნით:
1. დადგინდეს, რომ კონკურსის ან აუქციონის წესით განკარგვისათვის შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების წინასწარ შესწავლასა და დასკვნების მომზადებას უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები შესაბამის ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკურსის ან აუქციონის წესით განკარგვის პირობების გამოცხადებისას მიწის ნაკვეთის საწყის ფასში ცალკე სტრიქონად აღნიშნონ მათ გამოსაკვლევად და დასკვნის მოსამზადებლად ფაქტობრივად გაწეული ხარჯების რაოდენობა, რომელიც კონკურსში ან აუქციონში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა უნდა აანაზღაუროს მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის დოკუმენტის მიღებისთანავე.
3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის მიღებიდან ორ საბანკო დღეში ურიცხავენ მას შემსრულებელ ორგანიზაციებს.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის წინასწარი შესწავლისა და დასკვნების მომზადებისათვის ხარჯებს გაიღებს მიწის ნაკვეთის მიღებით დაინტერესებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ მიზნით აფორმებს ხელშეკრულებას შესაბამის ორგანიზაციებთან.
5. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარმა სამეცნიერო-საწარმოო სამმართველომ, როგორც შეზღუდული კონკურენციის სუბიექტებმა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ერთ თვეში უზრუნველყონ კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი წესით განკარგვისათვის გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოკვლევისა და დასკვნის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების ტარიფების დამტკიცება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები