დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 162, 13/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016035 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/12/2010 - 10/07/2015)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №121/ ნ
2010 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-15 მუხლის „ს” ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
დანართი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების სისტემას.
მუხლი 2. კრედიტების განაწილება
1. კრედიტი გამოხატავს ცალკეული სასწავლო კურსით/მოდულით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ასათვისებლად პროფესიული სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას (დატვირთვას).
2. კრედიტების განაწილება ხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებს/მოდულებს შორის. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საერთო დატვირთვა მოიცავს თეორიის და პრაქტიკის კომპონენტს. პრაქტიკის კომპონენტი არის საერთო დატვირთვის არანაკლებ 40%.
3. კრედიტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებს შორის უნდა იძლეოდეს სასწავლო კურსით/მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგის მიღწევის შესაძლებლობას.
მუხლი 3. პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა)
1. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25-30 ასტრონომიული საათის განმავლობაში.
2. კრედიტის მისაღებად პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა თეორიის კომპონენტის ფარგლებში უნდა მოიცავდეს ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობასა და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში – პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდის ჩაბარებას.
მუხლი 4. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება
1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
2. შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 –60%;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება ;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) შუალედურ შეფასებას;
ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
5. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.
მუხლი 5. გარდამავალი დებულება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ყველა დაწესებულება 2011 წლიდან უნდა გადავიდეს ამ წესით განსაზღვრულ საკრედიტო სისტემაზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები