დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 370 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 162, 13/12/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.016101 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №370
2010 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაში შედის ასევე ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასტუმროებზე მშენებლობის ნებართვის გაცემა.“.
2. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებითა და „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით გათვალისწინებული ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტები, გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა;“.
3. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) „ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროები;
ნ) საქართველოს რადიო-სარელეო სისტემის ანძები.“.
4. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 89. მშენებლობის ეტაპის დასრულება
1. სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმი სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.
2. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერენ დამკვეთი და მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერს ასევე სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი.
3. II, III და IV კლასებს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს, ხოლო V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს და მხოლოდ ამ ორგანოებში რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.
4. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოქმის შემდგენელს. ოქმის შეუდგენლობა ან ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა გამოიწვევს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. ეს მუხლი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და II კლასს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე, გარდა ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობებისა.“.
5. 891 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმები, რომლებიც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოში არ იყო წარდგენილი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოში წარდგენის შემდეგ ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონედ.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები