წერილების გაცვლა ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსის და პერსონალის შესახებ

  • Word
წერილების გაცვლა ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსის და პერსონალის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 310111, 31/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 16/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016010
  • Word
0
16/09/2010
სსმ, 310111, 31/12/2010
480610000.03.030.016010
წერილების გაცვლა ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსის და პერსონალის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

                                                                                                                                            პროექტი

 

წერილების გაცვლა

ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსის და პერსონალის შესახებ

 

გაგზავნილი წერილი

 

ბატონო [მინისტრი]

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრი სახელმწიფოების მიერ ბუქარესტის და სტრასბურგის/კელეს სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით  მიღებული გადაწყვეტილებების უფრო ეფექტიანად შესრულებისა და მიმდინარე პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კერძოდ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების შესასრულებლად, რომ „მაქსიმალურად გაიზარდოს (ნატოს) რეკომენდაციები, დახმარება და მხარდაჭერა” საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში და „გაძლიერდეს საინფორმაციო და სამეკავშირეო ოფისი საქართველოში”, რასაც მიესალმნენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები და მთავრობები სტრასბურგის/კელეს სამიტზე; 

საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობათა კიდევ უფრო გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობისთვის;

საქართველოს თხოვნის საფუძველზე, რომ შეიქმნას ნატო-საქართველოს სამეკავშირეო ოფისი თბილისში, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ შემდეგი ღონისძიებების გატარება საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნისა და დაფუძნების და მისი ფუნქციონირებისთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით:

1.  ნატოს სამეკავშირეო ოფისს სრულად მიენიჭება ის პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, რომლებიც ეკვივალენტურია საქართველოში დაფუძნებული  დიპლომატიური მისიისთვის გარანტირებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათებისა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

2. რამდენადაც ამ წერილის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ეს ჯერ კიდევ არ არის მინიჭებული, ნატოს სამეკავშირეო ოფისის მოძრავი ქონება, რომელიც იმპორტირებულია საქართველოში, ექსპორტირებულია საქართველოდან, ან შესყიდულია საქართველოში, თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახადისგან, მოსაკრებლებისგან, ტარიფებისგან, კომპენსაციისა და სხვა გადასახადებისგან.

3. გარდა ამისა, და რამდენადაც ამ წერილის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ეს ჯერ არ არის მინიჭებული, ნატოს პროექტების, პროგრამების და თანამშრომლობითი საქმიანობის, მათ შორის, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საქართველოს ტერიტორიაზე სათანადოდ განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ნატოს პერსონალის მიერ შესაძლოა გაფორმდეს ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული პროექტების, პროგრამებისა და საქმიანობის განსახორციელებლად.

4. ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ფუნქციების განსახორციელებლად დანიშნულ სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს და ნატოს სხვა პერსონალს, საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების გარდა, და მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს სრულად მიენიჭება ის პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, რომლებიც ეკვივალენტურია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური აგენტისთვის გარანტირებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათებისა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

5. ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ფუნქციების განსახორციელებლად დანიშნული  სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და ნატოს სხვა პერსონალი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების გარდა, თავისუფლდებიან გადასახადებისგან და მათ შეუძლიათ შეზღუდვების და იმპორტის გადასახადის გარეშე განახორციელონ საქონლის იმპორტი როგორც პირადი,  ისე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების საჭიროებებისთვის, რამდენადაც ამ წერილის მე-4 უნქტის შესაბამისად ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ჯერ კიდევ არ არის მინიჭებული.

6.1. სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფუნქციებს, და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები, ისარგებლებენ იმ პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რომლებიც ეკვივალენტურია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის გარანტირებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათებისა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებების შესაბამისად.

6.2. ნატოს ექსპერტები, რომლებიც დაქირავებულნი არიან ნატოს მიერ, მივლინებულნი ან წარგზავნილნი არიან ნატოში და დროებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ამოცანების და ფუნქციების განსახორციელებლად, ადგილობრივად დაქირავებული პერსონალის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში ისარგებლებენ 6.1. პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით. 

7. ადგილობრივი პერსონალის წევრები, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფუნქციებს და არიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები, დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობას.  ისინი ისარგებლებენ იმუნიტეტით სასამართლო  პროცესისგან მათ მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროს ზეპირად წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და ყველა სახის განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით.

8. საქართველოში ჩასვლისას, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელზე, ნატოს მიერ მივლინებულ სხვა პერსონალზე და ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალზე, საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების გარდა, მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებზე გაიცემა დიპლომატიურ საიდენტიფიკაციო ბარათებ ან ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის საიდენტიფიკაციო ბარათებ, რომლებსაც გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს შესაძლო სავიზო მოთხოვნების შესრულებას. ნატოს სამეკავშირეო ოფისის სატრანსპორტო საშუალებებისა და ამ წერილის მე-4 პუნქტში მოხსენიებულ პირთა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაიცემა სტანდარტული დიპლომატიური სანომრე ნიშნები.

9. საქართველოს მთავრობა, მის მიერ დელეგირებული ორგანოების მეშვეობით, ხელს შეუწყობს სავიზო და საბაჟო მოთხოვნების შესრულებას ნატოს პერსონალისთვის, ამ წერილის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულის გარდა. მათი ოფიციალური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო აღჭურვილობა შეიძლება თავისუფლად იქნეს იმპორტირებული საქართველოს ტერიტორიაზე და რეექსპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეშვეობით.

10. სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე მოქმედი  პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მიუხედავად, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ნატოს მიერ მივლინებული სხვა პერსონალი, თანამდებობის პირები და ექსპერტები დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას. ნატოს პერსონალი და თანამდებობის პირები არ ჩაერთვებიან საქართველოში ნებისმიერი ფორმის პროფესიულ და კომერციულ საქმიანობაში.

11. საქართველოს მთავრობა უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საჭირო საოფისე ფართს. საოფისე ფართი ნატოს სამეკავშირეო ოფისს უნდა გადაეცეს დროულად. მიმდინარე ხარჯები, კომუნალური მომსახურებისა  (ელექტროენერგია, გათბობა, წყალი) და ოფისის დასუფთავების  ხარჯები დაიფარება ნატოს მიერ.

12. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფართი არ იქნება გამოყენებული იმგვარად, რაც არ შეესაბამება ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ნატოს მიერ მივლინებული სხვა პერსონალის და თანამდებობის პირების ფუნქციებს.

13. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს ნატოს სამეკავშირეო ოფისის და მისი შენობების, მისი პერსონალის, თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების ადეკვატური უშიშროება და უსაფრთხოება.

14. ნატო და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები შეთანხმდებიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის საოფისე ფართის უსაფრთხოების ნებისმიერ დამატებით ღონისძიებაზე.

15. ნატოს სამეკავშირეო ოფისს უფლება აქვს გამოიყენოს ნატოს დროშა და ნატოს ემბლემა. ნატო და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები გამართავენ ერთმანეთთან კონსულტაციებს აღნიშნული სიმბოლიკის განთავსების შესახებ.

16. საქართველოსა და ნატოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, მის პროგრამებთან და თანამშრომლობით  საქმიანობასთან, მათ შორის, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება დიპლომატიური საშუალებებით.

17. საქართველოსა და ნატოს შეუძლიათ, წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, წარმოადგინონ შესწორებები ან მოდიფიკაციები წინამდებარე შეთანხმებაში და მოითხოვონ ამ შეთავაზებული შესწორებების ან მოდიფიკაციების განხილვა. ასეთი შესწორებები და მოდიფიკაციები ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორც ეს შეთანხმება.

18. შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის მიერ, შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეწყვეტა ძალაში შევა შესაბამისი მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 3 (სამი) თვის შემდეგ. ამის შემდეგ შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას და ძალაში დარჩება მხოლოდ იმ გადაუწყვეტელი პრეტენზიების მიმართ, რომლებიც  წარმოიშვა შეთანხმების შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღამდე.

19. ეს შეთანხმება არ ცვლის ან ასწორებს და არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ცვლიდეს ან ასწორებდეს ნატოსა და საქართველოს შორის საქართველოში ნატო/ პარტნიორობა მშვიდობისათვის მეკავშირე ოფიცრის შესახებ 2005 წლის 31 იანვრის და 2 თებერვლის წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დებულებებს.

მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ ეს წერილი თქვენს პასუხთან ერთად, რომელშიც გამოხატული იქნება თანხმობა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოადგენდეს ნატოსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებას. ის ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს ნატოს, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა შიდა პროცედურა დასრულებულია.

 

[ხელმოწერილი უნდა იქნეს გენერალური მდივნის მიერ]

 

მისი აღმატებულება

. . .

თბილისი, საქართველო