საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ

  • Word
საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7(14), 19/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.001.000
  • Word
58
14/02/1999
სსმ, 7(14), 19/02/1999
300.280.000.05.002.001.000
საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №58

1999 წლის  14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამა, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ივლისის №403 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიის“ შემადგენელი ნაწილი.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის განხორციელება.

 ე. შევარდნაძე

საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამა

 

I. შესავალი

საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამა შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის, ეკონომიკური რეფორმების მე-2 ეტაპის პროგრამის და საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში 1998-2000 წლისათვის პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის, საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ენერგოსისტემის გარდაქმნის კრედიტის მიღებასთან დაკავშირებული შეთანხმების შესაბამისად და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ძირითადი მიმართულებების შემადგენელი ნაწილია.

დღეს საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული კრიზისის პირობებში გენერაციის ობიექტების მთლიანი რეაბილიტაციისათვის, უცხოელი ექსპერტების გაანგარიშებით, ეტაპობრივად 2015 წლამდე საჭიროა 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტური ინვესტიციები. გამანაწილებელი კომპანიების ბაზისური რეაბილიტაციისათვის 235 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო საერთაშორისო სტანდარტებზე ასაყვანად კი 1 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტური ინვესტიციები, რის გარეშეც შეუძლებელია საფასურის ამოღების, ტექნიკური ფუნქციონირების, მომსახურების დონის გაუმჯობესება და საერთოდ კრიზისის დაძლევა. სათანადო რეაბილიტაციის განხორციელება კი ქვეყანაში არსებული ფულადი სახსრების გამოყენებით არარეალურია, ხოლო დონორი ორგანიზაციების დახმარება არ არის საკმარისი განაწილების სისტემისა და გენერაციის ყველა ობიექტის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის. ამიტომ, საჭირო გახდა წინამდებარე პროგრამის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს რეაბილიტაცია-განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ელექტროენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის ვადებს და ამ პროცესის ორგანიზებისათვის გასატარებელ ღონისძიებებს, რამაც ელექტროენერგეტიკის სექტორი უნდა აიყვანოს თვისობრივად ახალ საფეხურზე, რაც შესაძლებელს გახდის ცნობილი საერთაშორისო კომპანიების სექტორის რეაბილიტაციაში მონაწილეობას, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ელექტროენერგიის მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფას.

 

II. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის განხორციელების მექანიზმი

ენერგეტიკის სფეროში პრივატიზების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველოს ელექტროენერგიის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ელექტროენერგეტიკის კომპანიების ბაზაზე მოქმედი კანონმდებლობით დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების აქციათა საკონტროლო პაკეტების პრივატიზება კონკურსის წესით. ამჟამად ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ელექტროენერგეტიკული ობიექტების პრივატიზების მიზნით შექმნილმა მუდმივმოქმედმა საკონკურსო კომისიამ უკვე განახორციელა სააქციო საზოგადოება თელასის აქციათა საკონტროლო პაკეტის (75 პროცენტი) პრივატიზება. გაფორმებულ და ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება გამარჯვებულ ამერიკულ კომპანია AES SILK ROAD HOLDINGS B.V. (“AES“) და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის.

პარალელურად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად და საინვესტიციო ბანკ „მერილ ლინჩის“ დახმარებით დაიწყო მუშაობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების პრივატიზების ორგანიზებისათვის შესაბამისი რაიონული ენერგოკომპანიების აქციათა პაკეტების დაჯგუფების გზით და 1999 წლის 1 მარტამდე მოხდება შეთავაზება მყიდველთათვის აქციათა ერთიანი საკონტროლო პაკეტის (ქონების) გრძელვადიანი, არანაკლებ 25 წლით მართვის უფლებით / იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე და/ან პრივატიზების მიზნით. აქციათა პაკეტების პრივატიზების შემთხვევაში იგი განხორციელდება კონკურსის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით. სხვა მოთხოვნებთან ერთად კონკურსის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად განისაზღვროს მყიდველის მიერ არგუმენტირებული ფისკალური პირობებისა და საჭირო ინვესტიციების განხორციელების გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების რეაბილიტაციისათვის, ხოლო პირდაპირი მიყიდვის წესის გამოყენება განხორციელდება წარმოდგენილი წინადადებების შეფასების საფუძველზე. ამასთან, კონკურსის გზით პრივატიზების შემთხვევაში, კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად განიხილოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამანაწილებელი ელექტრული ქსელების აქციათა პაკეტების რესტრუქტურიზების საკითხი. საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქციების პრივატიზების ფორმის შესახებ წინადადებებს შეიმუშავებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 15 აპრილის №142 განკარგულებით ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია.

საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 1999 წლის 1 მარტამდე განიხილოს ელექტროენერგიის ტარიფების ხანგრძლივვადიანი პერსპექტივის დაფიქსირების საკითხი და ამასთან, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად 1999 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №421 ბრძანებულებით გათვალისწინებული საბითუმო ბაზრის შექმნისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება და ამავე ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (სებ) ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების შესახებ“ დებულებით განსახორციელებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად საინვესტიციო ბანკის „მერილ ლინჩის“ დახმარებით 1999 წლის 1 მარტამდე განახორციელოს გენერაციის საწარმოების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების: „ტყიბულჰესის“, „შაორჰესის“, „ხრამი-1“-ის, „რიონჰესის“, „გუმათის“, აგრეთვე სააქციო საზოგადოება „თბილისის თბოქსელის“, სააქციო საზოგადოება „თბილსრესის“ და ჯერ სააქციო საზოგადოებად არდაფუძნებული ჰიდროელექტროსადგურების: ორთაჭალისა (მისი ქონების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირების შემთხვევაში) და ზაჰესის აქციათა საკონტროლო პაკეტის (ქონების) გრძელვადიანი, არანაკლებ 25 წლით მართვის უფლებით / იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე ან პრივატიზების მიზნით შეთავაზება პოტენციურ ინვესტორებისათვის, ხოლო სააქციო საზოგადოებების „ლაჯანურჰესის“, „ხრამი-2“-ის და „ვარციხის კასკადის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (ქონების) გრძელვადიანი, არანაკლებ 25 წლით მართვის უფლებით/იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე ან პრივატიზების მიზნით შეთავაზება პოტენციური ინვესტორებისათვის განხორციელდეს იმ დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ, რომლებიც აფინანსებენ აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების სარეაბილიტაციო პროექტებს. აქციათა ნაწილი კი შეიძლება გაიყიდოს სპეციალიზებული აუქციონის წესით, სადაც შესაძლებელი იქნება აქციების შეძენის ყველა მსურველის მონაწილეობა.

შემოთავაზებული წინადადებების მახასიათებლიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 15 აპრილის №142 განკარგულებით ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია წინადადებებს შეიმუშავებს ზემოაღნიშნული სააქციო საზოგადოებების აქციათა საკონტროლო (50 პროცენტზე მეტი) პაკეტების (ქონების) პრივატიზების ან გრძელვადიანი, არანაკლებ 25 წლით, მართვის უფლებით/იჯარით შეთავაზების შესახებ. აქციათა პაკეტების პრივატიზების შემთხვევაში იგი განხორციელდება კონკურსის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე. სხვა მოთხოვნებთან ერთად კონკურსის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად განისაზღვროს მყიდველის მიერ არგუმენტირებული ფისკალური პირობებისა და საჭირო ინვესტიციების განხორციელების გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციისათვის. ამასთან, 1999 წლის 1 აპრილამდე განხორციელდეს „ზაჰესისა“ და „ორთაჭალის“ (მისი ქონების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირების შემთხვევაში) ჰიდროელექტროსადგურების ბაზაზე სააქციო საზოგადოებების დაფუძნება.

პრიორიტეტულად განისაზღვროს ელექტროენერგიის განაწილების საწარმოთა და სააქციო საზოგადოება თბილსრესის აქციათა საკონტროლო პაკეტის (ქონების) გრძელვადიანი, არანაკლებ 25 წლით მართვის უფლებით/იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე გადაცემა და/ან პრივატიზება.

საინვესტიციო ბანკი „მერილ ლინჩი“ უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილი სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტების გასაყიდად ან მართვის უფლებით გადასაცემად საინფორმაციო მემორანდუმების მომზადებას და მოიზიდავს სტრატეგიულ ინვესტორებს. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პოტენციური ინვესტორის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს საჭირო ინვესტიციების განხორციელების მექანიზმი, გრაფიკი და საფინანსო გარანტიები.

 

III. საინფორმაციო უზრუნველყოფა და საჯაროობა

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ „საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის“ განმარტების მიზნით, მოსახლეობის ფართო ფენებს სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია პრივატიზებასთან დაკავში­რებულ საკითხებზე. საინვესტიციო ბანკ „მერილ ლინჩთან“ ერთად მომზადდეს საინფორმაციო, სარეკლამო და მეთოდური მასალები, რომლებიც დაეგზავნებათ ინვესტორებს, საქართველოს საელჩოებს საზღვარგარეთის ქვეყნებში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებს საქართველოში და გავრცელდება ინტერნეტის ქსელით.