მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის შემცირებისა და გაგრძელების წესის შესახებ

  • Word
მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის შემცირებისა და გაგრძელების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 708
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2(9), 28/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.140.020.05.002.001.
  • Word
708
23/12/1998
სსმ, 2(9), 28/01/1999
010.140.020.05.002.001.
მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის შემცირებისა და გაგრძელების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 708

1998 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის შემცირებისა და გაგრძელების წესის შესახებ

„მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება მიგრანტთა ბარათის მოქმედების ვადის შემცირებისა და გაგრძელების წესის შესახებ.

2. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ამოქმედდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო საკონტროლო-გამტარ პუნქტებში მიგრანტთა ინსპექტირების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ე. შევარდნაძე

დებულება

მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის შემცირებისა და გაგრძელების წესის შესახებ

თავი I

უცხოელი მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის შემცირება და გაგრძელება იმ შემთხვევაში, როცა მას აქვს საქართველოში შემოსვლის ან შემოსვლა-გასვლის ვიზა

    მუხლი 1. მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადა“

მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადა“ უნდა შეესაბამებოდეს ვიზის ვადას და აკონკრეტებდეს მას.

მაგალითად, თუ ერთჯერად ვიზაში აღნიშნულია: „გაცემის თარიღი“ 01.01.1998, „მოქმედების ვადა“ - 01.04.1998, „ყოფნის ვადა“ 15 დღე, „ვიზის ტიპი“ - E/ONE, ნიშნავს, რომ ვიზის გამოყენების პერიოდი განსაზღვრულია სამი თვით, 1 იანვრიდან 1 აპრილამდე, 15 დღით ყოფნისა და ქვეყანაში ერთხელ შემოსვლის უფლებით („E“) აღნიშნავს შემოსვლას, „ONE“ კი შემოსვლის რაოდენობას), ე.ი. თუ მიგრანტი საქართველოში ჩამოვიდა 10.01.98-ში, ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრება 25.01.98-მდე.

    მუხლი 2. მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადა“ ერთჯერადი ვიზის დროს

მიგრანტის ბარათში მითითებული „ყოფნის ვადა“ არის ბარათის „მოქმედების ვადა“ და იგი არ უნდა აღემატებოდეს ვიზის „მოქმედების ვადას“.

მაგალითად, თუ ვიზის „მოქმედების ვადა“ განსაზღვრულია სამი თვით 01.01.98-დან – 01.04.98-მდე, „ყოფნის ვადა“ - 15 დღე, „ვიზის ტიპი“ – E- EX/ONE (სადაც, E-EX აღნიშნავს შემოსვლა-გასვლას და ONE კი შემოსვლა-გასვლის ჯერადობას), ხოლო მიგრანტი ჩამოვიდა 20.03.98-ში, მაშინ მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადა“ განისაზღვრება არა 15 დღით (როგორც აღნიშნულია ვიზაში), არამედ მხოლოდ 12 დღით, ვინაიდან ვიზის „მოქმედების ვადა“ განსაზღვრულია მხოლოდ 01.04.98-მდე. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში ვიზა ითვლება ძალადაკარგულად.

    მუხლი 3. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადა მრავალჯერადი ვიზის დროს

მიგრანტის ბარათში მიგრანტის მიერ მითითებული „ყოფნის ვადა“ არის ბარათის „მოქმედების ვადა“ და იგი არ უნდა აღემატებოდეს ვიზის „მოქმედების ვადას“.

მაგალითად, მრავალჯერადი ვიზის „მოქმედების ვადა“ განსაზღვრულია 3 თვით, 01.01.98-დან – 01.04.98-მდე, ე.ი. მიგრანტს აქვს ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მრავალჯერადი ჩამოსვლის უფლება და თითოეულ ჩამოსვლაზე მის მიერ ბარათში მითითებული ყოფნის ვადა არის ვიზის „ყოფნის ვადა“, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვიზის 01.04.98-მდე „მოქმედების ვადას“.

    მუხლი 4. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის გაგრძელება

1. მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადა“ შეიძლება გაგრძელდეს ვიზის „მოქმედების ვადის“ გაგრძელების საფუძველზე (გარდა შრომისანაზღაურებიანი საქმიანობის ან ცოდნის მიღების მიზნით ჩამოსული მიგრანტებისა) მასში განსაზღვრული ვადის შესაბამისად. გადაწყვეტილებას ვიზის „მოქმედების ვადის“ გაგრძელების თაობაზე იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც აღინიშნება მიგრანტის ბარათის „ბ“ ნაწილში და ინფორმაცია სამ დღეში მიეწოდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტს (შემდგომში – მკდ).

2. შრომისანაზღაურებიანი საქმიანობის ან ცოდნის ან იმიგრანტის, ლტოლვილის, თავშესაფრის სტატუსის მიღების ან ქვეყნის ტრანზიტით გავლის მსურველი მიგრანტის ვიზის „მოქმედების ვადა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიძლება გააგრძელოს მიგრანტის ბარათში მკდ-ს მიერ მე-7 მუხლში მითითებული პირობის დაზუსტების შემდეგ.

    მუხლი 5. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის შეწყვეტა

1. მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადა“ შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ვიზის „მოქმედების ვადის“ შეწყვეტის შემდეგ. ვიზის „მოქმედების ვადის“ შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მკდ-ს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს (შემდგომში – შსს ბიურო) მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სასწავლო ან შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში (მიგრანტს ვადაზე ადრე შეუწყდა სასწავლო ან სამუშაო კონტრაქტი, ან მიგრანტი ეწევა უკანონო საქმიანობას, წარმოადგინა ყალბი კონტრაქტი და ა.შ.).

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებულ გადაწყვეტილებას ვიზის „მოქმედების ვადის“ შეწყვეტის თაობაზე აღნიშნავს მიგრანტის ბარათის „ბ“ ნაწილში და აღნიშნულ ინფორმაციას სამ დღეში აწვდის მკდ-ს შემდგომი რეაგირებისათვის.

თავი II

უცხოელი მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადის“ შემცირება და გაგრძელება იმ შემთხვევაში, როცა იგი არ საჭიროებს ვიზას

    მუხლი 6. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადა

ბარათის „მოქმედების ვადა“ არის მიგრანტის მიერ ბარათში („ა“ ნაწილის პირველ გვერდზე) მითითებული „ყოფნისა და საქმიანობის ვადა“, თუ იგი:

ა) არ აღემატება ერთ წელიწადს;

ბ) არ გულისხმობს მე-7 მუხლში აღნიშნულს.

    მუხლი 7. ბარათის მოქმედების ვადა მიგრანტისათვის, რომელსაც სურს შრომისანაზღაურებიანი საქმიანობა, ცოდნის ან იმიგრანტის, ლტოლვილის, თავშესაფრის სტატუსის მიღება ან ქვეყნის ტრანზიტით გავლა

ბარათის „მოქმედების ვადა“ მიგრანტისათვის, რომელსაც სურს:

1. შრომისანაზღაურებიანი საქმიანობა ან ცოდნის მიღება (სწავლა):

ა) საქართველოში მომწვევი ორგანიზაციის ერთ წლამდე კონტრაქტის ხელზე ქონის შემთხვევაში – კონტრაქტის ვადით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობების არარსებობის შემთხვევაში, მიგრანტის მიერ აუცილებელ მოთხოვნათა მიღწევისათვის – ორ თვემდე.

2. იმიგრანტის, ლტოლვილის ან თავშესაფრის სტატუსის მიღება:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტის საფუძველზე – ერთ თვემდე;

ბ) „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის უწყებებში მიგრანტის მიერ აუცილებელ მოთხოვნათა დაზუსტებისათვის – სამ თვემდე.

3. ტერიტორიის ტრანზიტით გავლა:

ტრანზიტით გავლის პროცედურა განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით, 3 დღემდე ვადით.

    მუხლი 8. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის გაგრძელება და შეწყვეტა

1. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მიგრანტებს ბარათის „მოქმედების ვადა“ უგრძელდებათ 1 წლამდე დარჩენილი დროით, შესაბამის ორგანოში მიმართვის შემდეგ.

2. მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ მიგრანტებს ბარათის „მოქმედების ვადა“ კიდევ ერთ წლამდე უგრძელდებათ, თუ იგი განსაზღვრულია კონტრაქტში, შესაბამის ორგანოში მიმართვის შემდეგ.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მიგრანტებს ბარათის „მოქმედების ვადა“ უგრძელდებათ, უწყებათა მომართვის თანახმად, შესაბამის ორგანოში მიმართვის შემდეგ.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მიგრანტებს ბარათის „მოქმედების ვადა“ უგრძელდებათ კიდევ სამ დღემდე, შესაბამის ორგანოში მიმართვის შემდეგ.

5. ბარათის „მოქმედების ვადის“ შეწყვეტა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტი არ დაიცავს ბარათის „მოქმედების ვადებს“ და პირობებს.

6. საქართველოში ყოფნისა და საქმიანობისას უცხოელს ბარათის „მოქმედების ვადა“ შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს მკდ-ს ან მკდ-ს და შსს ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილებით (მიგრანტების მიერ შრომის კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის ან ბარათში გაუთვალისწინებელი, განსაკუთრებით შრომისანაზღაურებიანი, საქმიანობის დაწყების შემთხვევაში).

    მუხლი 9. მიგრანტის ბარათის მოქმედების ვადის განმსაზღვრელი და გამგრძელებელი ორგანოები

1. ამ წესით ბარათის „მოქმედების ვადას“ განსაზღვრავს საქართველოში შემოსვლის და ყოფნის დროს მიგრანტთა ინსპექტირებისას მკდ.

2. მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრული ბარათის „მოქმედების ვადას“ აგრძელებს და შესაბამის მოქმედებას ახორციელებს შსს ბიურო. იგი აღინიშნება ბარათის „ბ“ ნაწილის მე-2 გვერდზე და ინფორმაცია სამ დღეში ეცნობება მკდ-ს.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ბარათების „მოქმედების ვადას“ აგრძელებს მკდ.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ბარათის „მოქმედების ვადას“ აგრძელებს მკდ:

ა) იმიგრანტის სტატუსის მაძიებლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების აღნიშნულზე თანხმობის პირობით;

ბ) ლტოლვილის ან თავშესაფრის სტატუსის მაძიებელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურების აღნიშნულზე თანხმობის პირობით.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული ბარათის „მოქმედების ვადას“ აგრძელებს მკდ ან შსს ბიურო. შსს ბიურო აღნიშნულს ოპერატიულად აცნობებს მკდ-ს.

 

თავი III

საქართველოში მუდმივად მცხოვრებთა მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადა“

საქართველოში მუდმივად მცხოვრებთა მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადა“ არის მის მიერ საქართველოდან გასვლისას ბარათში გაცხადებული საზღვარგარეთ „ყოფნისა და საქმიანობის ვადა“ და იგი ინსპექტირებისას შემცირებას ან გაგრძელებას არ ექვემდებარება.

თავი IV. მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადის“ და საქმიანობის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

მიგრანტის ბარათის „მოქმედების ვადის“ და საქმიანობის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.