დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 07/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.110.016012 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2010 წლის 22 ოქტომბრის №101 სამართლებრივი შენიშვნის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №13 დადგენილებაში „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” კერძოდ:
ა) შეიცვალოს დებულების მე–5 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საკრებულოს უფლებამოსილება
1. საკრებულოს უფლებამოსილება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო ადმინისტრირების, საფინანსო-ეკონომიკურ, სოციალურ, კეთილმოწყობის და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის, სივრცითი დაგეგმარების, აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროებში.
3. საერთო ადმინისტრირების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტი), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;
დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა გამგებლის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;
ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;
ი) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე;
ლ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;
მ) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;
პ) საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება;
ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის დადგენა;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;
ე) საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;
ვ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;
ზ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა;
თ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა;
ი) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;
კ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ნ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულებაც აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ო) ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;
პ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
5. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
გ) გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;
დ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა;
გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;
ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
8. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის წესების დადგენა და შესაბამისი ნებართვების გაცემა, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
9. თვითმმართველი ერთეულის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;
ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
დ) დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
10. აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საინფორმაციო სისტემის, ქსელის, ბაზის, მონაცემთა ბანკების გამოყენების წესების დადგენა;
ბ) ადგილობრივი ქონებისა და დოკუმენტების აღრიცხვის წესების დადგენა;
გ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.”.
ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-12 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
გ) შეიცვალოს დებულების 107-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 107. საკრებულოს სხდომის ოქმი
1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი. საკრებულოს წევრს, აგრეთვე საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომის შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნები სხდომის ოქმის შესახებ შეიძლება შემოტანილ იქნეს ოქმის გაცნობისათვის განკუთვნილ პერიოდში. სხდომის ოქმის სისწორეზე გამოთქმული შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც, თუ დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას, იძლევა დავალებას სხდომის ოქმის შესაბამისად შესწორების შესახებ. თუ დაწესებული ვადის განმავლობაში შენიშვნები არ იქნა გამოთქმული ან შენიშვნების შესაბამისად მოხდა სხდომის ოქმის შესწორება და დამატებითი შენიშვნა არ იქნა შემოტანილი, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს სხდომის ოქმს. თუ საკრებულოს თავმჯდომარე არ გაიზიარებს გამოთქმულ შენიშვნებს, შენიშვნის ავტორს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი განცხადებით საკრებულოს სხდომას, რომელიც მოცემულ საკითხზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
2. სხდომის ოქმში შეიტანება:
ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ოქმის რიგითი ნომერი;
გ) საკრებულოს წევრთა სრული, სიითი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა;
დ)სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;
ე) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით;
ვ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;
ზ) კენჭისყრის შედეგები;
თ) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ დებულებით დადგენილი წესით.“.
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე დ. თოფურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები