ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 703
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1(8), 21/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.260.110.05.002.001.
  • Word
703
21/12/1998
სსმ, 1(8), 21/01/1999
010.260.110.05.002.001.
ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №703

1998 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულება.

ე. შევარდნაძე

ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულება

მერიის დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის საქმიანობას, უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და მუშაობის ორგანიზაციას; აწესრიგებს მერიის ურთიერთობას ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსთან – საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან, დარგობრივ სამსახურებთან, საწარმოებთან და ორგანიზაციებთან.

კარი I

ზოგადი დებულებანი

თავი I

ადგილობრივი მმართველობა

    მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება

1. ადგილობრივი მმართველობა არის სახელმწიფო მმართველობის სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი და სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების მიერ დელეგირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ინტერესების დაცვას.

2. ქალაქებში ადგილობრივი მმართველობის ორგანოა მერია, რომელიც იმავდროულად ასრულებს ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას.

    მუხლი 2. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

1. ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, ეს დებულება, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები – მერიები თავის საქმიანობას წარმართავენ საქართველოს კანონებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და ამ დებულების საფუძველზე.

    მუხლი 3. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. მერიები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, ადამიანთა უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით.

2. ადგილობრივი მმართველობა ეფუძნება მართვის დეკონცენტრაციას. მერიები კანონით განსაზღვრულ კომპეტენციებს ახორციელებენ ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საფუძველზე სუბსიდიარობისა და დელეგირების პრინციპების შესაბამისად.

3. მერიების უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ და ამ დებულებით.

    მუხლი 4. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ტერიტორიული საფუძვლები

1. მერიის უფლებამოსილება ხორციელდება ქალაქის მთელ ტერიტორიაზე.

2. ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები, მათი დადგენისა და შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 5. ადგილობრივი მმართველობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში მერიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, სამთავრობო დაწესებულებების, ქალაქის საკრებულოს და ქალაქის მერის აქტების შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანთა უფლებებისა და კანონიერების დაცვის კონტროლი და კოორდინაცია;

გ) ქალაქის ბიუჯეტის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენა და განხორციელება; ქალაქის საკუთრების აღრიცხვა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ენერგო-, გაზის, წყალმომარაგებისა და სამელიორაციო სისტემების ორგანიზაცია; მათი შენახვა და განვითარება; ქალაქის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა; ბუნებათსარგებლობისა და მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა;

დ) გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სანიტარიულ-ეპიდემიური და ვეტერინარული ღონისძიებების გატარება; ბუნების დაცვის განსაკუთრებული ზონების განსაზღვრა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა და განკარგვა; კომუნალური მეურნეობის წარმართვა;

ვ) ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენა და განხორციელება;

ე) მოსახლეობის სოციალური დაცვა და დასაქმება; განათლების, სკოლამდელი დაწესებულებების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზება;

ვ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაცია; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციის მომზადება და ჩატარება; ადგილობრივი რესურსების ხარჯზე საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა შესრულება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელშეწყობა სამხედრო-სასწავლო შეკრებების, სამხედრო მომზადების ორგანიზაციისა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში.

თავი II

ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები

    მუხლი 6. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსური ბაზა

1. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსურ ბაზას შეადგენს: საქალაქო მეურნეობა; ქალაქის ბუნებრივი რესურსები, ქალაქის ადგილობრივი საკუთრება; ქალაქის ბიუჯეტის სახსრები და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგებლობაში არსებული სხვა ფინანსები.

2. ქალაქის ბუნებრივ რესურსებს შეადგენს ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა და მისი წიაღი, წყალი და მცენარეული საფარი, რომელიც არ არის გადაცემული კერძო საკუთრებაში. ქალაქის მმართველობის ორგანოების გამგებლობაში შეიძლება იყოს ქალაქის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქის საჭიროებისათვის გადაცემულია ქალაქის მმართველობის ორგანოების მფლობელობაში.

    მუხლი 7. საქალაქო მეურნეობა

1. საქალაქო მეურნეობა მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან ქალაქის საკუთრებაში მყოფ საწარმოებს და ორგანიზაციებს, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები კოორდინაციას უწევენ ადგილობრივ მეურნეობაში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, ხელს უწყობენ მათ ფუნქციონირებას.

    მუხლი 8. ადგილობრივი მმართველობის საკუთრება

1. ადგილობრივი მმართველობის საკუთრება არის სახელმწიფო საკუთრების ფორმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ადგილობრივი მმართველობის ორგანო.

2. სახელმწიფო ცენტრალური და ქალაქის საკუთრების ობიექტების გამიჯვნა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო საკუთრების იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც გადაეცემა ქალაქის მმართველობის ორგანოს საკუთრებაში და/ან რომელთა მართვაც მერიის კომპეტენციაშია, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით.

4. ადგილობრივი მმართველობის საკუთრების შექმნის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“.

    მუხლი 9. ქალაქის ბიუჯეტი

1. ქალაქის ბიუჯეტი არის ქალაქის ფულადი სახსრების მობილიზაციისა და მისი გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა.

2. ქალაქის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების ბიუჯეტისგან.

3. ქალაქის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, დადგენილი წესით დამტკიცებული გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული სახელმწიფო გადასახადებიდან მიღებული ანარიცხები და მიზნობრივი ტრანსფერტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დამოუკიდებლად ადგენს ქალაქის საკრებულო.

4. ქალაქის ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს დებულებით.

კარი II

ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები

თავი I

ქალაქის მერია

    მუხლი 10. ქალაქის მერია

ქალაქის მერია არის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო, რომელიც იმავდროულად ასრულებს ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს. ქალაქის მერია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტას, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ინტერესების დაცვას, საკრებულოსა და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის – ქალაქის მართვას.

    მუხლი 11. ქალაქის მერიის შემადგენლობა

1. მერია შედგება: ქალაქის მერის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, აპარატის უფროსისა და ქალაქის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. მერიის შემადგენლობა განისაზღვრება 7-15 წევრით.

2. მერიის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას ამ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს მერი.

3. მერის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და ქალაქის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. აპარატის უფროსს საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

    მუხლი 12. ქალაქის მერიის უფლებამოსილებანი

1. ქალაქის მერიის კომპეტენციაშია:

ა) ქალაქის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება;

ბ) საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოსათვის წინადადებების წარდგენა ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი ოდენობის დადგენის შესახებ; სხვა ადგილობრივი საფინანსო საკითხების გადაწყვეტა;

გ) ქალაქის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტების შემუშავება, საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის განხორციელება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა და განკარგვა; კომუნალური მეურნეობის წარმართვა;

ე) ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენა და განხორციელება;

ვ) ქალაქის საკუთრების ობიექტების, საქართველოს კანონებითა და მის საფუძველზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტა;

ზ) ქალაქის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა;

თ) მერის წინადადებით ქალაქის ადგილობრივი სამსახურების შექმნა და გაუქმება;

ი) საკრებულოსათვის წინადადებათა მომზადება ბუნების დაცვის განსაკუთრებული ზონების განსაზღვრის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ;

კ) მერისათვის თანხმობის მიცემა ისეთი ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებების დადებაზე, რომელთა ღირებულებაც აღემატება 5000 ლარს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და მერის აქტებით განსაზღვრული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

2. მერია, მერის ინიციატივით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით მერის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზეც.

თავი II

ქალაქის მერი და მისი მოადგილეები

    მუხლი 13. ქალაქის მერი

1. ქალაქის მერი არის ქალაქის ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მეთაური.

2. ქალაქის მერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ქალაქის მერი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე.

    მუხლი 14. მერის ზოგადი კომპეტენცია

მერი:

ა) იწვევს და თავმჯდომარეობს მერიის სხდომებს; განსაზღვრავს მერიის სხდომის დღის წესრიგს; წარმართავს მერიის საქმიანობას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერიის წევრებს: თავის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, ქალაქის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს; ანაწილებს ფუნქციებს მერიის წევრებს შორის;

გ) საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის უფროსს; აპარატის უფროსის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს; აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებსა და ექსპერტებთან;

დ) ამ დებულებით განსაზღვრული წესით ამტკიცებს მერიის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას; ამტკიცებს ქალაქის ადგილობრივი სამსახურების დებულებებს;

ე) იღებს მერიის ან მერიის ცალკეულ წევრთა გადადგომას; უფლებამოსილია მერიის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება მერიის ახალი წევრის დამტკიცებამდე ან ახალი მერიის შექმნამდე;

ვ) პერიოდულად ისმენს მერიის წევრებისა და ქალაქის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ქალაქის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა აქტები;

თ) უფლებამოსილია თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შექმნას კომისიები, საბჭოები და სხვა საკონსულტაციო ორგანოები; დაამტკიცოს მათი სამოქმედო დებულებები;

ი) უფლებამოსილია მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით; საკრებულოს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს დამატებითი საკითხები;

კ) უფლება აქვს საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნა-გათავისუფლების თანხმობას;

მ) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაქვემდებარებულ სახაზინო და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა ხელმძღვანელებს;

ნ) ხელს აწერს ქალაქის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს და მოქმედებს ქალაქის სახელით ოფიციალური ურთიერთობისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციას;

ო) უზრუნველყოფს საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მერიისა და საკრებულოს აქტების შესრულებას;

პ) ხელს აწერს მერიის დადგენილებებს და ფინანსურ დოკუმენტებს; თავისი კომპეტენციის ფორგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;

ჟ) ყოველწლიურად წარუდგენს საკრებულოს გაწეული მუშაობის ანგარიშს;

რ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;

ს) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე.

    მუხლი 15. მერის კომპეტენცია ეკონომიკურ სფეროში

ეკონომიკის სფეროში მერის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ბიუჯეტის პროექტის მომზადების ხელმძღვანელობა და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა, წინადადებების მომზადება და საკრებულოსათვის წარდგენა „ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და ოდენობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; საგადასახადო სამსახურებთან ერთად საქალაქო და სახელმწიფო გადასახდელების ამოღების კოორდინაცია; საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა;

ბ) ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კოორდინაცია, ამ სფეროში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების აქტების აღსრულების კონტროლი; საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

გ) ზედამხედველობა ქალაქის საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის, აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, შეფასების საკითხებისა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისადმი, საკრებულოსათვის წინადადებების წარდგენა ქალაქის ქონების ფლობის, სარგებლობის, განკარგვის, შექმნის, შეძენისა და გასხვისების წესის თაობაზე; საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ობიექტების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის, კომუნალური მეურნეობის საკითხების ხელმძღვანელობა;

ე) ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენისა და განხორციელების ზედამხედველობა;

ვ) ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა; საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ზ) ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მეწარმეობის ხელშეწყობის პოლიტიკის განსაზღვრა და საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

თ) ქალაქის სახაზინო და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა მართვა; საკრებულოსათვის წინადადებათა წარდგენა საწარმოთა შექმნის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;

ი) ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების მომზადების კოორდინაცია, მათი განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ამ მიზნით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებსა და მეწარმეებთან თანამშრომლობის ორგანიზება;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 16. მერის კომპეტენცია სოციალურ სფეროში

სოციალურ სფეროში მერის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგის, ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის ხელმძღვანელობა;

ბ) ქალაქის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

გ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საქალაქო პროგრამების პროექტების მომზადება და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებულ პროგრამათა შესრულების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა; ქალაქის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის ობიექტების მოვლა-პატრონობა;

ე) შესაბამის სახელმწიფო სამსახურებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამათა შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;

ვ) ქალაქის სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;

ზ) შრომის ბაზრის ანალიზის, მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების, დასაქმების საქალაქო პროგრამათა შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;

თ) სოციალურ სფეროში სხვადასხვა სოციალური ფენების ინტერესთა ანალიზის, საზოგადოებრივ ინიციატივათა შესწავლის და მათი ხელშეწყობის, სხვადასხვა სოციალური ფონდების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ორგანიზება;

ი) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 17. მერის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში

კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში მერის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი და შესაბამის ორგანოთა მიერ ქალაქის ტერიტორიაზე გატარებულ ღონისძიებათა შესახებ პერიოდული ანგარიშის მოსმენა;

ბ) ქალაქის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების ნორმატიული აქტების, ქალაქის საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი; ამ მიზნით ქალაქის ტერიტორიაზე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გამოთხოვა და თავის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღება;

გ) ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებებისა და კანონიერების დაცვის საკითხების კონტროლი; მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

დ) ქალაქის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელობა; მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების კონტროლი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობისა და ტრანსპორტის მობილიზაციის უზრუნველყოფა; ადგილობრივი რეზერვებით საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა შესრულება;

ვ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობა; ოპერატიულ ღონისძიებათა გატარება მოსახლეობისა და მატერიალურ ფასეულობათა გადასარჩენად;

ზ) საკრებულოსათვის წინადადებების წარდგენა ქალაქის ტერიტორიაზე სანიტარიული ნორმების განსაზღვრის, სანიტარიულ-ეპიდემიური, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 18. მერის უფლებამოსილება საკრებულოში

1. საკრებულოში ქალაქის მერი უფლებამოსილია:

ა) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების როგორც ღია, ისე დახურულ სხდომებში;

ბ) დააყენოს წინადადება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში დამატებითი საკითხების შეტანის შესახებ;

დ) საკრებულოში დასამტკიცებლად შეიტანოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

ე) ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი საკრებულოში;

ვ) რიგგარეშე გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ან მოახდინოს საკრებულოში მისი მუდმივი წარმომადგენელის, მერიის წევრის ან სხვა თანამდებობის პირის ამ უფლების დელეგირება;

ზ) საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი ხელახლა განსახილველად;

თ) საკრებულოს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში;

ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. მერის მიერ დაყენებული საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილება პირველ რიგში.

    მუხლი 19. მერის გადადგომა

1. მერს აქვს გადადგომის უფლება. თავის უფლებამოსილებას იგი იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. მერი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალაქის ახალი მერის დანიშვნამდე.

3. მერის თანამდებობიდან გადადგომა ან თანამდებობიდან გათავისუფლება იწვევს მერიის გადადგომას. მერიის წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ მერიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

    მუხლი 20. მერის პირველი მოადგილე

1. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის ეკონომიკურ საქმიანობას, წარმართავს ეკონომიკური რეფორმების ღონისძიებათა კომპლექსურ განხორციელებას; მერის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით ასრულებს მის უფლებამოსილებას.

2. მერის პირველი მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

    მუხლი 21. ქალაქის მერის მოადგილეები

1. მერის მოადგილეები მერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად:

ა) ხელმძღვანელობენ მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს;

ბ) ამზადებენ და მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;

გ) სფეროების მიხედვით კოორდინაციას უწევენ ქალაქის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურების საქმიანობას;

დ) შესაბამისი დარგების მიხედვით ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ მერის, საკრებულოს და მერიის გადაწყვეტილებების შესრულებას;

ე) ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს.

2. ქალაქის მერის მოადგილეები ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე.

თავი III

ქალაქის ადგილობრივი სამსახურები

    მუხლი 22. ქალაქის ადგილობრივი სამსახურები

1. ქალაქის ადგილობრივი სამსახურები არიან ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური სფეროების მართვის მიზნით შექმნილი დარგობრივი მმართველობის ორგანოები, რომელთა დაფინანსებაც ხორციელდება ქალაქის ბიუჯეტიდან.

2. ქალაქის ადგილობრივი სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მერი.

3. ქალაქის ადგილობრივ სამსახურებს მერის წინადადებით ქმნის და აუქმებს ქალაქის მერია.

    მუხლი 23. ქალაქის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები

ქალაქის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები უზრუნველყოფენ:

ა) საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას; ქალაქის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ბიუჯეტის შესაბამისად თანხების მიზნობრივად ხარჯვის კონტროლს, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადებას, შესაბამის საგადასახადო სამსახურთან ერთად ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადების ამოღების კოორდინაციას;

ბ) ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას; ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის კოორდინაციას, რისთვისაც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, წინადადებებს და ცალკეულ პროექტებს ეკონომიკის სისტემური და სტრუქტურული გარდაქმნების თაობაზე; ახორციელებენ ზედამხედველობას ეკონომიკური რეფორმების სფეროში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოს, მერისა და მერიის აქტების აღსრულებისადმი;

გ) საქალაქო ქონების მართვას, რისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ საქალაქო ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას და შეფასებას; შეიმუშავებენ წინადადებებს ქონების შეძენის, შექმნის ან მისი გასხვისების და პრივატიზაციის საკითხების შესახებ; ამ ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლს, ამ სფეროში მერიისა და მერის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი განხორციელების ზედამხედველობას;

დ) ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავებასა და მათი გატარების ორგანიზებას, რისთვისაც შეიმუშავებენ ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკას; წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას მეწარმეობის განვითარების, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი რეგულირებისა და ლიცენზირების საკითხების თაობაზე;

ე) შესაბამისი ინფორმაციის დაგროვების, მეწარმეებთან უშუალო კონტაქტების საფუძველზე ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების ანალიზს, შესაბამის წინადადებების შემუშავებას და მერიისა და მეწარმეების თანამშრომლობის ხელშეწყობას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

    მუხლი 24. ქალაქის სოციალური სფეროს ადგილობრივი სამსახურები

ქალაქის სოციალური სფეროს ადგილობრივი სამსახურები უზრუნველყოფენ:

ა) ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვასა და მისი განხორციელების ორგანიზებას, რისთვისაც აანალიზებენ სოციალურ სფეროში მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და ფენების ინტერესებს, ხელს უწყობენ მათ თანამშრომლობასა და საზოგადოებრივ ინიციატივას, სხვადასხვა სოციალური ფონდების ჩამოყალიბებას;

ბ) სოციალური მონიტორინგის წარმოებას, რისთვისაც მოიპოვებენ, ამუშავებენ და აანალიზებენ ინფორმაციას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ, აღრიცხავენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, აკონტროლებენ სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობას, მისი კორექციის მიზნით საკრებულოსა და მერიისათვის შეიმუშავებენ შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

გ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავებას, რისთვისაც ამზადებენ ქალაქის სოციალური ინფრასტრუქტურის (განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის ობიექტების) რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების პროგრამებს, ცალკეულ პროექტებს, კოორდინაციასა და კონტროლს უწევენ მათ შესრულებას;

დ) ჰუმანიტარულ პროგრამათა კოორდინაციას, რისთვისაც შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებენ ჰუმანიტარული დახმარების ადგილობრივ პროგრამებს, კოორდინაციას უწევენ მათ განხორციელებას, შეიმუშავებენ სოციალური რეაბილიტაციის კონკრეტულ პროექტებს, აკონტროლებენ ამ სფეროში საკრებულოს, მერისა და მერიის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ე) შრომის ბაზრის ანალიზს, მოსახლეობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, დასაქმების სახელმწიფო და საქალაქო პროგრამების განხორციელების კოორდინაციას, საზოგადოებრივ სამუშაო ადგილთა აღრიცხვას და უმუშევართა დასაქმებისთვის ხელის შეწყობას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

    მუხლი 25. საქალაქო ინფრასტრუქტურის, მიწათსარგებლობისა და კომუნალური სფეროს სამსახურები

1. საქალაქო ინფრასტრუქტურის, მიწათსარგებლობისა და კომუნალური სფეროს სამსახურები უზრუნველყოფენ:

ა) ქალაქის ადგილობრივი მეურნეობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების და განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; სახაზინო საწარმოთა შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და მათ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას; ამ სფეროში მერიის გადაწყვეტილებათა შესრულების კოორდინაციასა და კონტროლს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნასა და განკარგვას; კომუნალური საკითხების გადაწყვეტას;

გ) ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენასა და განხორციელებას;

დ) მიწათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვას; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხების გადაწყვეტას; საკრებულოსა და მერიისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ე) საქალაქო ინფრასტრუქტურის (ტრანსპორტი, ქალაქის შიდა სარგებლობის გზები და სხვა კომუნიკაციები და ა.შ.) მართვას; საკრებულოსა და მერიისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

    მუხლი 26. აპარატი

1. აპარატი ახორციელებს საკრებულოს, მერიისა და ქალაქის ადგილობრივი სამსახურების საინფორმაციო, ტექნიკურ, იურიდიულ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი.

3. აპარატი უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, მერიისა და ქალაქის ადგილობრივი სამსახურების ინფორმაციულ მომსახურებას; საკრებულოსა და მერიაში შემოსული და გასული ინფორმაციის აღრიცხვას, სელექციას, სისტემატიზაციას და მანქანურ დამუშავებას; ქალაქის ადგილობრივი სამსახურების მიერ დავალებათა და გადაწყვეტილებათა დროული შესრულების ინფორმაციულ კონტროლს;

ბ) საკრებულოს, მერიისა და ქალაქის ადგილობრივი სამსახურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას, ოფიციალურ კორესპონდენციათა რეგისტრაციას, შესაბამის სამსახურებში მათ დაგზავნას, საკრებულოსა და მერიის სხდომის, აგრეთვე თათბირის ოქმების წარმოებას და მათ შენახვას;

გ) საკრებულოს, მერიის და ქალაქის ადგილობრივი სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ოფიციალური დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, საკრებულოს, მერიისა და ქალაქის ადგილობრივი სამსახურების იურიდიულ მომსახურებას, მათი კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებისას; საკრებულოსა და მერიის წევრებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევას; საკრებულოს, მერიისა და მერის გადაწყვეტილებათა შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.

4. აპარატისა და მისი განყოფილებების უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება ამ დებულებითა და აპარატის დებულებით, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მერი.

5. აპარატის სტრუქტურას, აპარატის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

კარი III

მერიის რეგლამენტი

თავი I

მერიის მუშაობის დაგეგმარება და საერთო ორგანიზაცია

    მუხლი 27. საქალაქო ღონისძიებათა გეგმები

მერიის მუშაობის ორგანიზაციულ-დოკუმენტური საფუძველია საქალაქო ღონისძიებათა გეგმები, რომელთაც მერის მითითებების, ქალაქის განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების, აგრეთვე მერიას დაქვემდებარებული ორგანოების სამუშაო გეგმებიდან გამომდინარე შეიმუშავებს აპარატი.

    მუხლი 28. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების ამოცანები

საქალაქო ღონისძიებათა გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტას, ეკონომიკური რეფორმების გატარებას, ადგილობრივი მმართველობის სისტემის დემოკრატიზაციას, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა საქალაქო პროგრამების განხორციელებას.

    მუხლი 29. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შემუშავების ორგანიზაცია

1. საქალაქო ღონისძიებათა ერთთვიან, კვარტალურ და წლიურ გეგმებს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეიმუშავებს აპარატი.

2. საქალაქო ღონისძიებათა გეგმის მომზადების წესი, ეტაპები, ვადები და მათი შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება ამ დებულებით, მერის განკარგულების საფუძველზე.

3. საქალაქო ღონისძიებათა კალენდარული გეგმების შესამუშავებლად დასაგეგმარებელი პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ქალაქის ადგილობრივი სამსახურები აპარატს წარუდგენენ საკუთარ სამუშაო გეგმებს.

4. აპარატი განაზოგადებს წარმოდგენილ სამუშაო გეგმებს, ამზადებს საქალაქო ღონისძიებათა გეგმის პროექტს, განმარტებით ბარათს, ათანხმებს პროექტს მერთან და შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები და დამატებები.

    მუხლი 30. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების დამტკიცება

1. საქალაქო ღონისძიებათა გეგმის პროექტს აპარატის უფროსი დასაგეგმარებელი პერიოდის დაწყებამდე სულ ცოტა ორი დღით ადრე დასამტკიცებლად წარუდგენს მერს.

2. საქალაქო ღონისძიებათა გეგმა გამოიცემა მერის ბრძანებით და ეგზავნებათ შესაბამის დაქვემდებარებულ ორგანოებს.

    მუხლი 31. პასუხისმგებლობა საქალაქო ღონისძიებათა გეგმების მომზადებისა და განხორციელებისათვის

საერთო პასუხისმგებლობა საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შედგენისა და მათი განხორციელებისათვის ეკისრებათ აპარატის უფროსს და მერიის წევრებს.

    მუხლი 32. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლი

1. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესრულებას ფუნქციების განაწილების შესაბამისად აკონტროლებენ მერიის წევრები.

2. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი.

3. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესასრულებლად ქალაქის ადგილობრივი სამსახურების საქმიანობა და მუშაობის შედეგები ყოველკვირეულად განიხილება მერიის სხდომებზე ან მერის სამუშაო თათბირებზე.

    მუხლი 33. მერის სამუშაო გეგმა

მერის ყოველკვირეული სამუშაო გეგმის შედგენას მერის მითითებების საფუძველზე უზრუნველყოფს აპარატი.

თავი II

მერიის სხდომის ორგანიზაცია

    მუხლი 34. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება

1. მერიის სხდომაზე საკითხები, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესაბამისად.

2. მერიის წევრები, მერიის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და ქალაქის ადგილობრივი სამსახურები თავიანთ წინადადებებს მერიის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წარუდგენენ აპარატის ხელმძღვანელს მომდევნო კვარტალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე და მიუთითებენ განხილვის ვადას.

3. აპარატი შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს მერიის სხდომებზე განსახილველ საკითხთა წლიური და კვარტალური ნუსხის პროექტებს, აზუსტებს საკითხის განხილვის ვადებს და წარუდგენს მერს.

4. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის პროექტს ამტკიცებს მერია მერის წარდგინებით.

5. აპარატი აკონტროლებს მერიის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხის შესრულების მდგომარეობას და ყოველი თვის ბოლოს წარუდგენს მერს შესაბამის ინფორმაციას.

    მუხლი 35. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება

1. მერიის სხდომაზე განსახილველი საკითხები, როგორც წესი, წარმოდგენილ უნდა იქნეს მერიის დადგენილების პროექტის ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს მოხსენებითი ბარათი საკითხის არსისა და შემოთავაზებული პროექტის მიღების აუცილებლობის დასაბუთებით.

2. აპარატს და საკითხის შემომტან პირს ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მერიის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი პროექტის ხარისხის, თანდართული მასალების უტყუარობისა და სისრულისათვის.

3. მოხსენებითი ბარათი ხელმოწერილი უნდა იყოს, ხოლო დადგენილების პროექტი და მათი დანართები – ვიზირებული სამსახურების (განყოფილებების) იმ ხელმძღვანელთა მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს საკითხი განსახილველად. აგრეთვე, უნდა შეთანხმდეს იმ სამსახურებთან (განყოფილებებთან) რომელთაც შეეხებათ (ევალებათ) ეს დადგენილება. ყველა ხელმოწერა უნდა იყოს გაშიფრული და დათარიღებული.

4. მერიის სხდომაზე განსახილველ პროექტებს თან უნდა ერთვოდეს აპარატის შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული 1-1,5 გვერდიანი საინფორმაციო-ანალიზური ცნობა (ანოტაცია) და თავსართი საცნობარო ფურცელი (პასპორტი).

5. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტები თანდართულ მასალებთან ერთად უნდა ჩაბარდეს აპარატის უფროსს სხდომამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე.

    მუხლი 36. მერიის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი

1. მერიის სხდომას ამზადებს და სხდომაზე მოწვეულებს რეგისტრაციაში ატარებს აპარატი, რომელიც ადგენს მერიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს და თანდართულ მასალებთან ერთად სხდომამდე სამი დღით ადრე წარუდგენს მერს.

2. მერიის სხდომაზე წარსადგენი დადგენილების პროექტები, როგორც წესი, წინასწარ უნდა განიხილონ მერიის შესაბამისმა განყოფილებებმა და სამსახურებმა.

3. მერიის სხდომაზე დამატებითი საკითხები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მერის მიერ ან მისი თანხმობით.

4. მერია არ განიხილავს საკითხს, თუ შესრულებული არ არის იმავე საკითხზე ადრე მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ყოველი ახალი გადაწყვეტილება ერთსა და იმავე საკითხზე მიიღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაუთვალისწინებელ გარემოებათა წარმოქმნისას.

    მუხლი 37. მერიის სხდომები

1. მერიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს მერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით მერის პირველი მოადგილე.

2. მერიის მორიგი სხდომა მოიწვევა ყოველკვირეულად სამშაბათობით, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული მერის დავალებით. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მერის ინიციატივით.

3. მერიის სხდომებს ესწრებიან მერიის წევრები. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მერიის წევრთა ნახევარი მაინც.

4. როგორც წესი, მერიის სხდომები დახურულია. სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. მერის მოწვევით სხდომას შეიძლება დაესწრონ აგრეთვე სხვა პირები.

5. მერიის სხდომაზე განსახილველი საკითხის გამო, როგორც წესი, მომხსენებელს ეძლევა რეგლამენტი 15 წუთამდე, თანამომხსენებელსა და კამათში გამომსვლელთ 5 წუთამდე, ცნობისათვის – 3 წუთამდე.

6. მერიის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე მერიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში მერს აქვს უპირატესი ხმის უფლება. სხდომაზე საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოწვეული კომპეტენტური პირები მონაწილეობენ შესაბამისი საკითხების განხილვაში და ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.

7. მერიის სხდომების გაფორმებულ გადაწყვეტილებებს, აპარატის უფროსის ვიზირების შემდგომ, ხელს აწერს მერი.

თავი III

მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გაფორმების წესი

    მუხლი 38. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები

1. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტებია:

ა) ნორმატიული აქტები: მერიის დადგენილება და მერის ბრძანება;

ბ) ინდივიდუალური აქტები: მერიის დადგენილება და მერის განკარგულება;

2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ და ამ დებულებით.

3. მერის ბრძანება გამოიცემა მერის მიერ მერიის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, ხოლო განკარგულება – ერთპიროვნულად.

4. მერიის დადგენილება მიიღება მერიის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად. დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა მერიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.

5. მერიისა და მერის ნორმატიული აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.

    მუხლი 39. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების ინიციირება

მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები შემუშავდება:

ა) მერის ინიციატივით;

ბ) მერიის წევრის ინიციატივით;

გ) ქალაქის ადგილობრივი სამსახურის ინიციატივით;

დ) საკრებულოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

ე) საქალაქო ღონისძიებათა გეგმის საფუძველზე.

    მუხლი 40. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზაცია

1. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტებს ამზადებს აპარატი ან ქალაქის შესაბამისი ადგილობრივი სამსახური.

2. სამართლებრივი აქტების პროექტები მერსა და მერიას წარედგინებათ შესაბამისად მერისა და მერიის კომპეტენციებში შემავალ სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე.

3. მერიის სხდომაზე მერიის სამართლებრივი აქტების შეტანის მიზანშეწონილობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს მერთან, რაც დასტურდება პროექტზე მერის სათანადო ვიზით.

4. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტი უნდა შეთანხმდეს ყველა იმ ორგანიზაციასთან, სამსახურთან, დაწესებულებასთან, აგრეთვე თანამდებობის პირთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. პროექტის შემთანხმებელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს პროექტის წარმომდგენი (ინიციატორი).

5. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით.

6. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტებს თან უნდა ერთვოდეს შეთანხმების ფურცელი. შეთანხმების ფურცელში აისახება პროექტის შემომტანი, პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი და მისი თანამდებობა, შემთანხმებელი პირები და მათი თანამდებობები.

7. პროექტის შეთანხმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ დღეს. შეთანხმების დასტური, შეუთანხმებლობა, აგრეთვე შეთანხმების ვადის დარღვევის ახსნა-განმარტება უნდა აისახოს შეთანხმების ფურცელში.

8. პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტს შეთანხმების ფურცელთან და თანდართულ სხვა მასალებთან (წერილები, დასკვნები და სხვ.) ერთად წარუდგენს აპარატს, რომელიც ხუთ დღეში შეისწავლის პროექტის შინაარსს, მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, შესრულების ხარისხს და უზრუნველყოფს შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებას.

    მუხლი 41. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების გაფორმება

1. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე.

2. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.

3. მერისა და მერიის სამართლებრივ აქტებში მითითებულ უნდა იქნეს:

ა) შემსრულებელი სამსახურების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ზუსტი სახელწოდებები, მათი ხელმძღვანელების გვარები;

ბ) შესრულების ვადები;

გ) მითითებები შესრულების კონტროლის თაობაზე;

დ) ის სამართლებრივი აქტი (აქტები), რომლის საფუძველზეც გამოიცემა (მიიღება) დოკუმენტი;

ე) მითითებები სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.

4. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები შეიცავს საკონსტიტუციო და საგანმკარგულებლო ნაწილებს. საკონსტიტუციო ნაწილში გადმოიცემა დოკუმენტის გამოცემის (მიღების) მოტივები, მიზნები და ამოცანები. დოკუმენტს შეიძლება არ გააჩნდეს საკონსტიტუციო ნაწილი. საგანმკარგულებლო ნაწილი იყოფა არაბული ციფრებით უწყვეტად დანომრილ პუნქტებად (საჭიროებისას, აგრეთვე ანბანურად დანომრილ ქვეპუნქტებად) და გამოიცემა ბრძანებითი ფორმით. საგანმკარგულებლო ნაწილი იწყება შესაბამისად სიტყვებით: „ვბრძანებ“ ან „ქალაქის მერია ადგენს“.

5. მერისა და მერიის სამართლებრივ აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო.

6. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტებით სხვა დოკუმენტების (დებულების, ინსტრუქციის, გეგმის, ფორმის, კოლეგიალური ორგანოს შემადგენლობის და სხვ.) დამტკიცების ან საგანმკარგულებლო დოკუმენტზე სხვა დოკუმენტების თანდართვისას, თანდართული დოკუმენტები დოკუმენტში აღინიშნება როგორც დანართები. დანართს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის განმსაზღვრელი სათაური და მითითება საგანმკარგულებლო დოკუმენტის კუთვნილებაზე.

7. მერისა და მერიის სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმით შემდგომი გამოყენების თაობაზე.

    მუხლი 42. პასუხისმგებლობა მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისათვის

მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების შინაარსსა და შესრულების ხარისხისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება პროექტის შემომტანს (ინიციატორს).

    მუხლი 43. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების გამოცემა (მიღება)

1. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტს ამზადებს აპარატი. მერის მიერ ან მერიის სხდომაზე პროექტის შესახებ შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში პროექტი უბრუნდება აპარატს დამატებით დასამუშავებლად. პროექტის დამატებითი დამუშავება წარმოებს სამი დღის ან შესაბამისად მერის, მერიის მიერ დადგენილ ვადაში.

2. მერისა და მერიის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს მერი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. სამართლებრივი აქტის რეკვიზიტში „ხელმოწერა“ აღინიშნება მითითება ხელისმომწერი პირის თანამდებობაზე.

3. ხელმოწერილი სამართლებრივი აქტები გადაეცემა აპარატის უფროსს, რომელიც სამ დღეში უზრუნველყოფს მათ სათანადოდ გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით), ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას.

    მუხლი 44. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა

1. მერისა და მერიის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ აქტში სხვა ვადა არ არის მითითებული.

2. მერისა და მერიის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული.

3. მერიის დადგენილებები და მერის ბრძანებები სავალდებულოა შესასრულებლად დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის.

4. მერიის ინდივიდუალური აქტები, მერის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული განკარგულებები სავალდებულოა შესასრულებლად ამ აქტებით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

    მუხლი 45. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლი

მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლს, აპარატის დებულებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს აპარატის შესაბამისი განყოფილება.

თავი IV

თათბირების გამართვის ორგანიზაცია

    მუხლი 46. თათბირების მომზადება და გამართვა

1. მერიაში თათბირებს იწვევს და თავმჯდომარეობს მერი ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე.

2. თათბირებზე მოიწვევა მონაწილეთა მინიმალურად საჭირო რაოდენობა, ამასთან, მკაცრად განისაზღვრება თათბირის ხანგრძლივობა.

3. თათბირზე პირთა მოწვევის ორგანიზაცია ევალება აპარატის უფროსს. მოსაწვევ პირთა სიას მერს წინასწარ უთანხმებს აპარატის უფროსი შესაბამისი სამსახურებისა და განყოფილებების წარდგინების საფუძველზე.

4. თათბირის გამართვის შესახებ მის მონაწილეებს ატყობინებს აპარატი.

5. გადაწყვეტილებას თათბირის გამართვის ადგილის შესახებ მერთან შეთანხმებით იღებს აპარატის უფროსი, რომელმაც თათბირის სათანადოდ ორგანიზაციის მიზნით, აპარატის მეშვეობით დროულად უნდა გააფრთხილოს ყველა საჭირო სამსახური.

    მუხლი 47. მერიის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი

1. მერიაში ყოველი კვირის ორშაბათს იმართება მერიის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი. თათბირის მსვლელობისას ყველა პასუხისმგებელი მუშაკი უნდა იმყოფებოდეს თავის სამუშაო ადგილზე.

2. თათბირის ხანგრძლივობა განისაზღვრება არა უმეტეს 60 წუთისა.

3. თათბირზე პირველ რიგში ინფორმაციით გამოდის აპარატის უფროსი, რომელიც თათბირის მონაწილეებს აცნობს წინა თათბირზე მიღებული დავალებების შესრულების მდგომარეობას.

    მუხლი 48. მერიის სხდომების და თათბირების ოქმების გაფორმება

1. მერიის სხდომების და თათბირების ოქმებს სპეციალური ფორმით ბლანკებზე აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს აპარატი. ოქმებს ხელს აწერენ მერი და აპარატის უფროსი.

2. აპარატი, მერიის სხდომებზე უშენიშვნოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს აფორმებს იმავე ან მეორე დღეს.

3. მერიის სხდომის და თათბირის ოქმი ფორმდება და ინახება აპარატის შესაბამის განყოფილებაში, რომელიც აკონტროლებს საოქმო დავალებათა შესრულებას.

4. მერიის სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) სხდომის დღის წესრიგი;

ბ) სხდომაზე მოწვეულ პირთა ვინაობა და თანამდებობა;

გ) სხდომაზე წარდგენილი მოხსენებები (ოქმის დანართის სახით);

დ) კამათში გამომსვლელთა მოთხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსაკუთრებული აზრი;

ე) კენჭისყრაზე დასმული საკითხების დასახელება;

ვ) კენჭისყრათა შედეგები;

ზ) მერიის მიერ მიღებული დადგენილებები.

5. მერიის თათბირის ოქმში შეიტანება:

ა) თათბირის გამართვის დრო;

ბ) თათბირის მონაწილეთა შემადგენლობა;

გ) თათბირზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;

დ) დავალებების შინაარსი;

ე) დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.

6. მერიის სხდომებისა და თათბირების ოქმები ინომრება კალენდარული წლის მიხედვით. მერიის სხდომების ხელმოწერილი პირი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, ხოლო ოქმის ორიგინალი ინახება მერიის აპარატში.

7. თათბირების ოქმები საჭიროებისამებრ ეგზავნებათ მერიის წევრებს და აპარატის ქვედანაყოფების უფროსებს. საჭიროებისამებრ მათ ეგზავნებათ აგრეთვე ამონაწერი მერიის სხდომის ოქმიდან, თუ იგი შეეხება მათ უშუალო საქმიანობას. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ აგრეთვე შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით. მერიის გადაწყვეტილებები ეგზავნებათ იმ ადრესატებს, რომლებსაც განსაზღვრავენ მერიის შესაბამისი ქვედანაყოფები.

8. მერიის სხდომებისა და თათბირების ოქმებს დანიშნულებისამებრ აგზავნის აპარატი.

    მუხლი 49. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების, პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა

1. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტის შესადგენი სამუშაოების ორგანიზაციას მერის დავალებით ახორციელებს ქალაქის ეკონომიკური და საფინანსო სამსახური. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადება იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სულ ცოტა რვა თვით ადრე.

2. ქალაქის ადგილობრივი სამსახურები და ქვედანაყოფები შესაბამისი დარგების მიხედვით შეიმუშავებენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ძირითად მიმართულებებს და უზრუნველყოფენ ბიუჯეტის პროექტის შედგენისათვის საჭირო ყველა ინფორმაციის შეგროვებას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან და საწარმოებიდან.

3. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული დონის ანალიზს, რაც გულისხმობს ქალაქის დაქვემდებარებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, შრომითი და სხვა რესურსების, სოციალური ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი (მათ შორის კომუნალური) მომსახურების ობიექტების აღწერას, მათი მოთხოვნილების შეფასებასა და გამოყენების შესაძლებლობათა განსაზღვრას;

ბ) ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს;

გ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებიდან გამომდინარე შესაბამისი დარგების მიხედვით კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმას და მათ ფინანსურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

4. ქალაქის ბიუჯეტის პროექტი დგება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე. ბიუჯეტის პროექტის შედგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასა და ბიუჯეტის პროექტებს ეკონომიკური სამსახური უთანხმებს ქალაქის ყველა სხვა სამსახურს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სულ ცოტა ხუთი თვით ადრე წარუდგენს მერიის სხდომას განსახილველად.

6. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების სადავო საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს მერიის სხდომა. პროექტების საბოლოო რედაქციას ხელს აწერს მერი და საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ორმოცდახუთი დღით ადრე წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად.

7. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენს ქალაქის ეკონომიკური სამსახური.

8. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ქალაქის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან სამ თვეში.

კარი IV

მერიის საქმისწარმოების წესი

    მუხლი 50. მერიის საქმისწარმოების ზოგადი წესი

1. მერის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების პროექტები კონფიდენციალურია და აპარატის თანამშრომლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლისა და მათში ასახული ინფორმაციის დაცვისათვის.

2. დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.

3. დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისათვის შეიძლება მხოლოდ ქვედანაყოფის უფროსის ნებართვით.

4. მერიაში შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხდება სამსახურებრივ შენობაში.

5. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის სამსახურებრივი ინფორმაციის გადაცემა ხდება აპარატის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.

6. შვებულების, მივლინების ან ავადმყოფობის შემთხვევაში თანამშრომელი მასზე რიცხულ დოკუმენტებს ქვედანაყოფის უფროსის მითითებით გადასცემს სხვა თანამშრომელს. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს ქვედანაყოფის უფროსს.

7. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების წესის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვედანაყოფის უფროსებს. მათ მოვალეობაში შედის უზრუნველყონ:

ა) ქვედანაყოფში შემოსული და ადგილებზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა მერიის საინფორმაციო ცენტრში;

ბ) ქვედანაყოფის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;

გ) საქმისწარმოებისათვის საჭირო მასალებით ქვედანაყოფის თანამშრომელთა მომარაგება;

დ) ქვედანაყოფიდან გასული ინფორმაციის გადაგზავნა მერიის საინფორმაციო ცენტრში;

ე) ქვედანაყოფის თანამშრომელთათვის საქმისწარმოების შინაგანაწესის გაცნობა.

8. მერიაში საქმისწარმოების სისტემის ორგანიზაცია, ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის წესის დაცვის ზედამხედველობა, საინფორმაციო, მეთოდური და ტექნიკური მომსახურება და მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა საინფორმაციო ბანკის შექმნა ხორციელდება აპარატის მეშვეობით. საქმისწარმოების სისტემის ორგანიზაციისათვის პასუხისმგებელია აპარატის უფროსი.

    მუხლი 51. მერიაში შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია), განაწილება, დამუშავება და გადაგზავნა

1. მერია წერილობით ოფიციალურ კორესპონდენციას იღებს შესაბამისი საფოსტო განყოფილებიდან. კორესპონდენციის და სხვა ინფორმაციის მიღებას ახორციელებს აგრეთვე მერიის საინფორმაციო ცენტრი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. აპარატი უზრუნველყოფს ფოსტით შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის მიღებას და აღრიცხვას. მიღებული ინფორმაციის კოდიფიცირებას ახორციელებს საინფორმაციო ცენტრი.

3. არასამუშაო საათებში კორესპონდენციის და სხვა ოპერატიული ინფორმაციის მიღებას ახორციელებს მერიის მორიგე, რომელიც ვალდებულია მეორე დილის არა უგვიანეს 10 საათამდე გადასცეს კორესპონდენცია აპარატის შესაბამის განყოფილებას, ხოლო სხვა ინფორმაცია საინფორმაციო ცენტრს. თუ ოპერატიული ინფორმაცია სასწრაფოა, მორიგე მოქმედებს სამსახურებრივი ინსტრუქციის შესაბამისად.

4. აპარატში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის კონვერტის გახსნისას უნდა შემოწმდეს ადრესატის სისწორე, პაკეტის სიმრთელე. ამის შემდგომ დოკუმენტის პირველ გვერდზე, მარჯვენა კუთხეში დაესმება შტამპი რეგისტრაციის ნომრითა და შემოსვლის თარიღით.

5. გახსნილი კონვერტის მიღების შემთხვევაში დგება აქტი სამ პირად. ერთი პირი ერთვის დოკუმენტს, მეორე ეგზავნება ავტორს, მესამე რჩება აპარატის შესაბამის განყოფილებაში.

6. არასწორი მისამართით გამოგზავნილი კონვერტი უბრუნდება ავტორს.

7. პაკეტები წარწერით – „პირადად“ აღირიცხება კონვერტზე აღნიშნული მონაცემებით და ადრესატს გადაეცემა გაუხსნელად.

8. მერიაში მიღებული დოკუმენტი რეგისტრირდება მიღებისთანავე. ოფიციალური კორესპონდენციის მოძრაობის მიმართულება ავტომატიზებულია და ხორციელდება მერიის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.

9. ფოსტით მიღებული ოფიციალური კორესპონდენცია აპარატში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა ადრესატს, რაც ფიქსირდება მერიის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერში.

10. ელექტრონული ფოსტით მიღებული კორესპონდენცია ან სხვა ინფორმაცია ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერში, რეგისტრირდება აპარატის შესაბამის განყოფილებაში ზემოთ აღნიშნული წესით და გადაეცემა ადრესატს.

11. არ რეგისტრირდება სტატისტიკური კრებულები, წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და სხვა პერიოდული გამოცემები, სარეკლამო ცნობები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები.

12. მერიის ან მერის სახელზე მოსული კორესპონდენცია, ან სხვა ინფორმაცია რეგისტრაციის და კომპიუტერში დაფიქსირების შემდგომ აპარატის მეშვეობით და მერის ანდა აპარატის უფროსის რეზოლუციის საფუძველზე დამუშავებისა და წინადადებებისათვის ეგზავნებათ ქალაქის შესაბამის ადგილობრივ სამსახურებს და ქვედანაყოფებს.

13. კორესპონდენციის ან ინფორმაციის დამუშავების შემდეგ ქალაქის ადგილობრივი სამსახური (ქვედანაყოფი) ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს. გადაწყვეტილების პროექტი დასამუშავებელი კორესპონდენციის მიხედვით შეიძლება იყოს: მერის ბრძანების ან განკარგულების პროექტი, მერიის დადგენილების პროექტი ან შესაბამისი სამსახურის ოფიციალური პასუხი შემოსულ კორესპონდენციაზე.

14. გადაწყვეტილების პროექტი ქალაქის ადგილობრივი სამსახურის ან ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ვიზირების შემდგომ ეგზავნება აპარატის იურიდიულ სამსახურს (განყოფილებას). იურიდიული სამსახურის (განყოფილების) უფროსის ვიზირების შემდეგ საინფორმაციო ცენტრში ხდება სამსახურის მიერ მომზადებული პროექტის ფიქსირება. მომზადებული პროექტების ნუსხას საინფორმაციო ცენტრის უფროსი ყოველი სამუშაო დღის ბოლოს 17 საათამდე წარუდგენს აპარატის უფროსს. აპარატის უფროსი შესაბამის დამუშავებულ პროექტებს ვიზირების შემდეგ ხელმოსაწერად წარუდგენს მერს ან მასთან შეთანხმებით შეაქვს მერიის სხდომის დღის წესრიგში.

15. მერის ან მერიის სახელით გასულ ოფიციალურ დოკუმენტებს ქალაქის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის, აპარატის იურიდიული სამსახურის (განყოფილების) უფროსის, აპარატის უფროსის და საჭიროების შემთხვევაში მერიის სხდომაზე განხილვის შემდეგ, ხელს აწერს მერი.

16. ქალაქის ადგილობრივი სამსახურის სახელით გასულ ოფიციალურ დოკუმენტებს იურიდიული სამსახურის უფროსის ვიზირების შემდეგ ხელს აწერს შესაბამისი სამსახურის (ქვედანაყოფის) უფროსი და აპარატის უფროსი.

17. მერის, მერიის და ქალაქის ადგილობრივი სამსახურის სახელით გადასაგზავნი დოკუმენტი იბეჭდება მერიის სპეციალურ ბლანკზე. გადასაგზავნი დოკუმენტის ფიქსირება ხდება საინფორმაციო ცენტრში და ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი ბარდება აპარატს. აპარატის შესაბამისი განყოფილება ახდენს გადასაგზავნი დოკუმენტის რეგისტრაციას და უზრუნველყოფს მის გადაგზავნას დანიშნულებისამებრ.

18. გაგზავნილი დოკუმენტის ასლი საინფორმაციო ცენტრში ფიქსირების შემდეგ შესანახად უბრუნდება შესაბამის სამსახურს.

19. ელექტრონული ფოსტით დოკუმენტის გადაგზავნას უზრუნველყოფს საინფორმაციო ცენტრი.

    მუხლი 52. დავალებათა გაფორმება, დოკუმენტებისა და დავალებების შესრულების კონტროლი

1. შემოსულ დოკუმენტებზე ქალაქის ადგილობრივ სამსახურებს დავალებებს რეზოლუციის სახით აძლევს მერი ან მისი პირველი მოადგილე.

2. ქალაქის ადგილობრივი სამსახურების უფროსები რეზოლუციის სახით დოკუმენტის შესასრულებლად დავალებებს აძლევენ მხოლოდ თავიანთი ქვედანაყოფების თანამშრომლებს.

3. მერის დავალებათა პროექტებს ამზადებენ მერის მოადგილეები.

4. დავალებას პროექტზე, თუ მასალა ორ ნაბეჭდ გვერდზე მეტია, უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია.

5. დავალების პროექტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას სამსახურის (ქვედანაყოფის) უფროსზე, დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს. მითითებული უნდა იყოს დავალების შესრულების ვადა. დავალების პროექტს უკეთდება ავტორების ვიზები.

6. დავალების ვიზირებული პროექტი გადაეცემა საინფორმაციო ცენტრს ან აპარატის უფროსს.

7. აპარატის უფროსის ან მერის ხელმოწერილი დავალება შესაბამის დოკუმენტთან ერთად უბრუნდება საინფორმაციო ცენტრს რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის. თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმენტზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი დავალებაზე ხელმოწერის დღე.

8. ადრესატებს ეგზავნებათ დავალებისა და შესაბამისი დოკუმენტების ასლები, დედანი ინახება აპარატში.

9. დავალების ასლი გადაეცემა იმ პირს, ვინც მოამზადა დავალების პროექტი, აგრეთვე იმ ორგანიზაციას (მოქალაქეს), ვის მომართვაზეც გაიცა დავალება.

10. საკონტროლო დავალებების ასლები ეგზავნება აპარატის უფროსს.

11. დავალებების და დოკუმენტების შესრულების კონტროლს ახორციელებენ აპარატის უფროსი, მერის მოადგილეები და შესაბამისი ქვედანაყოფების უფროსები.

12. ქვედანაყოფის უფროსი პირადად განსაზღვრავს შემსრულებელ პირს და აკონტროლებს მოცემული დავალების შესრულების მიმდინარეობას.

13. თუ მერის ან აპარატის უფროსის დავალება გაიცემა რამდენიმე ქვედანაყოფზე, შესრულების კოორდინაციას ახორციელებს ის პირი, ვინც დავალებაში პირველი წერია.

14. წინასწარი განხილვისა და მერისთვის ან მისი მოადგილეებისთვის მოსახსენებლად გადაცემულ დოკუმენტებზე წინადადებების მომზადების ვადა განისაზღვრება 1-დან 3 დღემდე; თუ დავალება მოითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას – 10 დღემდე; სხვა დავალებათა შესრულების ვადა შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით განისაზღვრება საკითხის არსიდან გამომდინარე.

15. თუ დავალების შესრულების ვადის გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ ვადის გასვლამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე უნდა მოხსენდეს აპარატის უფროსს ან უშუალოდ მერს. ვადის გაგრძელება უნდა დაფიქსირდეს.

16. მერიის საინფორმაციო ცენტრის უფროსი ორ კვირაში ერთხელ ამზადებს წერილობით მოხსენებას აპარატის უფროსის სახელზე ადგილობრივი სამსახურების (ქვედანაყოფების) მიერ მიმდინარე დავალებათა შესრულების თაობაზე. აპარატის უფროსი, მერიის ან მერის მოთხოვნით, ამზადებს სპეციალურ ანგარიშს სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 53. მოქალაქეთა წერილების განხილვა და მიღების ორგანიზაცია

1. მერიაში შემოსულ მოქალაქეთა წერილებს რეგისტრაციის შემდეგ აფიქსირებს საინფორმაციო ცენტრი.

2. აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა წერილების გადაცემას შესაბამისი სამსახურებისათვის (ქვედანაყოფებისათვის) რეზოლუციის პროექტთა მოსამზადებლად. მოქალაქეთა წერილების ასლები წინადადებებთან ერთად, განხილვის შემდეგ კი წერილები მათი განხილვის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად უბრუნდება აპარატს.

3. მოქალაქეთა წერილების გადაცემა აპარატის ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში შეიძლება მხოლოდ აპარატის უფროსის ნებართვით, ხოლო ერთი სამსახურიდან მეორეში – მერის ნებართვით.

4. ის წერილები, რომელთა მოხსენებაც მერიის წევრთათვის არ არის საჭირო, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით ეგზავნება მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციას. ამასთან, წერილი არ შეიძლება გადაეგზავნოს იმ ორგანიზაციას ან თანამდებობის პირს, რომელთა მიმართაც ამ წერილით აღძრულია საჩივარი.

5. მოქალაქეთა წერილების გადაგზავნა ხდება სპეციალურ ბლანკზე გაფორმებული თანმხლები წერილით, რომელსაც ხელს აწერს აპარატის უფროსი.

6. რომელიმე ორგანიზაციიდან თანმხლები წერილით გადმოგზავნილი მოქალაქის წერილი განიხილება იგივე წესით.

7. წერილი, რომელიც არ მოითხოვს დამატებით შესწავლას, განიხილება 15 დღეში, ხოლო სხვა შემთხვევაში – ერთ თვეში.

8. წერილი შესრულებულად ითვლება, თუ განხილულია მასში დასმული ყველა საკითხი და მოქალაქეს პასუხი გაეცა ზეპირად ან წერილობით.

9. მერიაში მოქალაქეთა მიღებას ორგანიზებას უწევს აპარატი ყოველდღე, უქმე დღეების გარდა. მოქალაქეთა მიღება ექვემდებარება აღრიცხვას. მიღებისას მოქალაქის მიერ დატოვებული წერილობითი თხოვნა, წინადადება ან საჩივარი განიხილება ჩვეულებრივი წესით.

10. საინფორმაციო ცენტრი კვარტალში ერთხელ აანალიზებს შემოსულ წერილებს რაოდენობრივად და თემატურად, ამზადებს შესაბამის მოხსენებას და წარუდგენს აპარატის უფროსს.

    მუხლი 54. მერიის ბეჭდის და შტამპების გამოყენება

1. მერიას აქვს გერბიანი ბეჭედი, რომელიც გამოიყენება მერის ბრძანებების, განკარგულებების, მერიის დადგენილების, მერიის სხდომის ოქმების, აგრეთვე მერიის ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერის დასადასტურებლად. მერიის ბეჭედი ინახება აპარატის უფროსთან.

2. ფინანსურ დოკუმენტებს გერბიანი ბეჭედი დაესმება მხოლოდ ბუღალტრის და მერის ხელმოწერის შემდეგ.

3. გერბიანი ბეჭდის დასმისას ანაბეჭდმა უნდა მოიცვას დოკუმენტის ხელმომწერი პირის თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვის ნაწილი.

4. მერიაში გამოყენებული შტამპების დამზადება ხდება აპარატის უფროსის მითითებით. შტამპების რეგისტრაციას და დარიგებას ორგანიზაციას უწევს აპარატის უფროსი.

5. შესაბამისი ქვედანაყოფების უფროსებს შტამპები ურიგდებათ ხელმოწერით. ისინი პასუხისმგებელი არიან მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის.

კარი V

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 55. მერების შესახებ

„მმართველობის ადგილობრივი ორგანოების (რაიონების, ქალაქების) გამგეობათა თავმჯდომარეების დანიშვნის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს 1992 წლის 24 დეკემბრის კანონის საფუძველზე დანიშნულმა ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, მერებმა განახორციელონ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით დადგენილი მერის უფლებამოსილებანი.