საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №606 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობისა და თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №606 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობისა და თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
სარეგისტრაციო კოდი 330.050.000.05.002.001.
  • Word
549
05/10/1998
სსმ, 2, 26/10/1998
330.050.000.05.002.001.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №606 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობისა და თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №549                   

 1998 წლის 5 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №606 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობისა და თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

„თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის გადაუდებელ და პერსპექტიულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №606 ბრძანებულების შესრულების მიზნით თბილისის მეტროპოლიტენის მშენებარე საბურთალოს ხაზზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს დამტკიცებული გრაფიკის გარკვეული წინგასწრებით, რაც საშუალებას იძლევა მიმდინარე წელს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროპოლიტენის სადგურ „ვ.გოცირიძედან“ მშენებარე სადგურ „უნივერსიტეტამდე“ გაიხსნას მიწისზედა ტრანსპორტის მოძრაობა. თავიდან იქნას აცილებული ღია მეთოდით მშენებარე გვირაბთან ახლომდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ავარიასაშიში მდგომარეობა.

ამასთან 1998 წლის ბრძანებულებით გათვალისწინებული 1.2 მლნ ლარის ნაცვლად ცენტრალური ბიუჯეტიდან პირველ კვარტალში გამოიყო მხოლოდ 0.8 მლნ ლარი. არ გამოუყვიათ 0.5 მლნ ლარი „რუსთაველი 2 – ვაზისუბნის“ ხაზზე სახიფათო მდგომარეობაში მყოფი გამონამუშევრების მოვლა-შენახვისა და ავარიასაწინააღმდეგო მინიმალური მოცულობის სამუშაოების შესასრულებლად. ფერხდება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა.

მრავალი წლის განმავლობაში მეტროპოლიტენის მშენებლობის გაჭიანურებისა და ფუჭი ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულებამ, გადაანგარიშებულ ხარჯთა ნუსხის მიხედვით 1998 წლის 1 იანვრისთვის შეადგინა 28 მლნ ლარი, რამაც გამოიწვია დამატებითი სახსრების გამოყოფის აუცილებლობა.

თბილისის მეტროპოლიტენის მშენებარე საბურთალოს ხაზის 2000 წელს საექსპლუატაციოდ გადაცემის უზრუნველსაყოფად:

1. მიღებულ იქნეს ცნობად სახაზინო საწარმო „თბილმეტრომშენის“ (ბ.სონღულაშვილი) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაფინანსებით გათვალისწინებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობა იანვარ-სექტემბერში მთლიანად შესრულებულია.

დაუშვებლად ჩაითვალოს მეტროპოლიტენის მშენებლობის შეჩერება.

2. ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის საკითხთა დროულად გადაწყვეტის მიზნით შეიქმნას მშენებლობის საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ივანე ზოდელავა – ქ.თბილისის მერი, კომისიის თავმჯდომარე;

გურამ გაბუნია – მუნიციპალური საწარმო „თბილმეტროპოლიტენის“ უფროსი;

ბიძინა სონღულაშვილი – სახაზინო საწარმო „თბილმეტრომშენის“ გენერალური დირექტორი;

მიხეილ უკლება – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი;

მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი;

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

იოსებ ხარატიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

3. კომისიამ:

ა) მიმდინარე წელს მეტროპოლიტენის მშენებლობის გასაგრძელებლად მოიძიოს აუცილებლად შესასრულებელი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების საჭირო დაფინანსების წყაროები;

ბ) ყოველ ნახევარ წელიწადში საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს ინფორმაცია ქ.თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ;

გ) დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შეისწავლოს თბილისის მეტროპოლიტენის შესაძლო პრივატიზაციის საკითხი საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ქ.თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობისათვის გათვალისწინებულია 1.0 მლნ ლარი.

5. ქ. თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) ქ.თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობისათვის 1999 წლის ქალაქის ბიუჯეტში გაითვალისწინოს 8.0 მლნ ლარი.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი):

ა) წარმოადგინოს წინადადება ქ.თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის სარეზერვო ფონდიდან შესაძლო თანხების გამოყოფის შესახებ;

ბ) უზრუნველყოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული 3.0 მლნ ლარის შეუფერხებლად გაცემა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ დამტკიცებული გრაფიკით.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის გადაუდებელ და პერსპექტიულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №606 ბრძანებულების მე-5 და მე-6 პუნქტები, გარდა მე-5 პუნქტში გათვალისწინებული „რუსთაველი 2 – ვაზისუბნის“ ხაზის გამონამუშევრების მოვლა-შენახვითი და ავარიასაწინააღმდეგო სამუშაოების მინიმალური მოცულობით შესასრულებლად ყოველწლიურად 0.5 მლნ ლარის გამოყოფისა.

ე. შევარდნაძე