2001 წლის 4 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების ახალი თარიღის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
2001 წლის 4 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების ახალი თარიღის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/2001
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 04/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 010190020.13.007.004999
  • Word
5/2001
03/10/2001
სსმ, 106, 04/10/2001
010190020.13.007.004999
2001 წლის 4 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების ახალი თარიღის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.004.999

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება N 5/2001

2001 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2001 წლის 4 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების ახალი თარიღის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 აგვისტოს განკარგულებით საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე –2 პუნქტისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად 2001 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები. საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომელიც ამოქმედდა 2001 წლის 22 აგვისტოს. კოდექსმა თვისობრივად ახლებურად განსაზღვრა საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების პროცედურები და ვადები. კოდექსით განსაზღვრულმა მეტად შემჭიდროებულმა ვადებმა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება. გარკვეული გაუგებრობები გამოიწვია კოდექსის მთელმა რიგმა ხარვეზებმა, კერძოდ მუხლების ბუნდოვანმა ფორმულირებებმა, მოუწესრიგებელმა საკითხებმა და რაც ყველაზე არსებითია – არ იქნა განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისიის ფორმირების წესი – იგი დელეგირებულ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიაზე. საარჩევნო კოდექსით გამოწვეულ შემაფერხებელ გარემოებებს დაემატა ისიც, რომ კომისიის სხდომების ჩაუტარებლობის გამო, შეუძლებელი გახდა კომისიის მიერ არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად ვერ მოხერხდა არჩევნების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

შეუსრულებელი დარჩა საარჩევნო კოდექსის 44-ე მუხლის მე –2 პუნქტიც არჩევნების ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე. ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებით მნიშვნელოვნად გაიზარდა არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო ფინანსური ხარჯები, რომელიც გათვალისწინებული არ იყო საარჩევნო კოდექსის მიღების დროს და რომლის წყაროც ამ დროისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძებნილი არ არის. ეს თანხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე საარჩევნო კოდექსის შესაბამისად უნდა ჩარიცხულიყო 5 ოქტომბრამდე, რაც დღემდე უზრუნველყოფილი არ არის. შესაბამისად არ მომხდარა თანხის გამოყოფა და საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფა. ფინანსური სახსრების უქონლობა შეუძლებელს ხდის არჩევნების ტექნიკურ უზრუნველყოფას, რადგან დარჩენილ ვადაში შეუძლებელია სახელმწიფო შეკვეთების განხორციელება ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში, რომლის შესაბამისადაც, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უნდა მოხდეს მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებების განხორციელება.

ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო თანხა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაანგარიშებით შეადგენს 5 მილიონ ლარს და რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.

გარკვეულ გაუგებრობას ქმნის საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომელიც არსებითად ცვლის მოქმედი საარჩევნო კოდექსის ნახევარზე მეტს. ასეთ პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება საარჩევნო კომისიების ნორმალური ფუნქციონირება, მით უფრო მაშინ, როცა ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა კოდექსით დადგენილი სამართლებრივი სტატუსი და ანაზღაურება ამ თავითვე იწვევს კომისიის თავმჯდომარეთა და წევრთა მიერ თავიანთი მოვალეობების განხორციელებაზე უარის თქმას, ხოლო კოდექსის დადგენილი ახალი კომისიების ფორმირება ჭიანურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე მთელი რიგი სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დადგენილ ვადაში ჩატარება. ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს მთელი რიგი პოლიტიკური ორგანიზაციების მოსაზრებებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებს არჩევნების გადავადების თაობაზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის შესამუშავებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები დაინიშნოს 2002 წლის 20 ოქტომბერს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე

ჯუმბერ ლომინაძე

კომისიის მდივანი

მამუკა კოპალეიშვილი