დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ჯანდარის ტბაზე ჰიდრობიონტთა აღწარმოებისა და განვითარების თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-საცდელი, სამეცნიერო-კვლევითი ბიოსადგურის შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 464 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 09/08/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 14/08/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №464
1998 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
ჯანდარის ტბაზე ჰიდრობიონტთა აღწარმოებისა და განვითარების თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-საცდელი, სამეცნიერო-კვლევითი ბიოსადგურის შექმნის შესახებ
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრობიოლოგიის, ტოქსიკოლოგიის, უჯრედული ბიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სფეროში დაკავებული სტუდენტების, ასპირანტებისა და მეცნიერი თანამშრომლების პრაქტიკული და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეუფერხებელი შესრულების, აგრეთვე ჯანდარის ტბის წყლის ბიოლოგიური სრულფასოვნობის მონიტორინგისა და ჰიდრობიონტთა აღწარმოებისა და განვითარების მიზნით:
1. მიღებულ იქნეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინადადება შეთანხმებული საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ჯანდარის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტბის წყლის ბიოლოგიური სრულფასოვნობის დიაგნოსტიკისა და ჰიდრობიონტთა აღწარმოებისა და განვითარების სასწავლო-საცდელი, სამეცნიერო-კვლევითი ბიოლოგიური სადგურის შექმნის შესახებ.
2. გარდაბნის რაიონის გამგეობამ (ლ. ჯაფარიძე), მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შეარჩიონ და არსებული წესის შესაბამისად გააფორმონ ტბის მიმდებარე მიწებიდან ბიოსადგურის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის გამოყოფა ორი ჰექტარის ფარგლებში.
3. ტბაზე დაყენებული ცდებისა და საკვლევ-საცდელი სამუშაოების მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ტბაზე დაწესებული ჰიდროლოგიური რეჟიმის დაცვისა და რეგულირებისათვის.
4. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით სასწავლო და სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის მიეცეს ჯანდარის ტბის წყლის ბიოლოგიური სრულფასოვნობის დიაგნოსტირებისა და ჰიდრობიონტთა აღწარმოებისა და განვითარების მოკვლევის უფლება თევზის რეწვის გარეშე.
5. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიმუშაოს ჯანდარის ტბაზე საჭირო სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პროგრამა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საცდელ-საკვლევი სამუშაოების კონკრეტული პირობები „მიწების მელიორაციისა და მელიორირებული ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეუთანხმოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს.
აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის 10 საშტატო ერთეულისა და შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დახმარება აღმოუჩინოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღნიშნული ბიოსადგურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამასთან, მკაცრად იქნეს დაცული სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის ყველა მოთხოვნა.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები